ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
№ბ-1825-7(ა-21) 13 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „...ს“ განცხადების დასაშვებობის საკითხი.
2016 წლის 20 აპრილს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის #... გადაწყვეტილების, ყადაღის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის #... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ყადაღის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის #... გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ქალაქ თბილისის პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 24 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა შპს „...მ“. განმცხადებლის მითითებით, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2018წ. №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილებიდან და საქმეში დაცული მტკიცებულებებიდან ირკვევა, სისხლის სამართლის №007251115007 საქმე, რომლის გამოც დაედო ყადაღა შპს „...ს“ მიერ შეძენილ უძრვ ქონებას, აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვით, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
განმცხადებლის მითითებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოხმობილი ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მიმდინარეობდეს გონივრულ ვადაში, თუმცა არაუმეტეს ექვსი წლისა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მათთვის უცნობია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ზუსტი თარიღი, თუმცა საქმეში დაცულია ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2015 წლის 28 ნოემბრის №1303-73586 წერილი, რომლითაც საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, 2015 წლის 28 ნოემბერს სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებული იყო. შესაბამისად, წინამდებარე განცხადების წარმოდგენის მომენტისთვის გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა.
განმცხადებლის განმარტებით, მიუხედავად სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლისა, პროკურატურა კვლავ არ ხსნის ყადაღას, რის გამოც ადგებათ გამოუსწორებელი ზიანი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 18.10.2018წ. №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილებით კასატორს - ქალაქ თბილისის პროკურატურას ხაზგასმით მიუთითა, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას წაეყენება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი, საგამოძიებო მოქმედებები (რის საფუძველზეც შეჩერებულია სადავო რეგისტრაცია) უნდა აწარმოოს გონივრულ ვადაში და გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებით არ უნდა შელახოს კერძო პირთა ინტერესები.“ განმცხადებლის მითითებით, პროკურატურამ გამოძიების უსაფუძვლო და უკანონო გაჭიანურებით ფაქტობრივად ჩამოართვა საკუთრების უფლება, არ ეძლევათ შესაძლებლობა შეძენილი უძრავი ქონებით სარგებლობის, რაც წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების ხელყოფას, რა დროსაც მათ არ აქვთ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი პროკურატურას მოსთხოვონ შეძენილი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) და აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება და ყადაღის ძალაში დატოვება წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს უდავოდ გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ამდენად, განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით პროკურატურის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვებას ითხოვს.
საკასაციო სასამართლო შპს „...ს“ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული განცხადების წარმოდგენის მომენტისთვის სისხლის სამართლის №007251115007 საქმეზე, რომლის გამოც დაედო ყადაღა შპს „...ს“ მიერ შეძენილ უძრვ ქონებას, გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. განმცხადებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელება და ყადაღის ძალაში დატოვება წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს უდავოდ გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაზე წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის #... გადაწყვეტილების, ყადაღის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის #... გადაწყვეტილების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას განმსაზღვრელი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის #... გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა, რამდენადაც მასზე იყო აგებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებები შპს „...ს“ მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებათა კანონიერების დადგენა თავდაპირველად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, ხოლო შემდგომ ყადაღის რეგისტრაციის კანონიერების შეფასებით, რასაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვა შპს „...სთვის“ სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტზე და საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისას არსებობდა არა თუ გონივრული ეჭვი მოთხოვნილი რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით, არამედ - სარეგისტრაციო სამსახურს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ ეცნობა, რომ მიმდინარებდა გამოძიება ლ. თ-ის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიწის ნაკვეთის მისაკუთრების ფაქტზე, ანუ იმ დოკუმენტების კანონიერების შემოწმების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოში მოხდა ლ. თ-იზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. შესაბამისად, მესამე პირის მოთხოვნა სადავო საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ, შპს „...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება დ. ბ-ესა (იგივე ლ. თ-ი) და შპს „...ს“ შორის, იმთავითვე ექცეოდა იმ სამართლებრივ სივრცეში, რაც დაკავშირებული იყო გამოძიებით დასადგენ გარემოებასთან და მის შედეგებთან.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის მითითება მასზედ, რომ თავისთავად გამოძიების არსებობა დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე (რაც გულისხმობდა კანონით გათვალისწინებული მიზნის უკვე არსებობას), შესაბამისად, 2015 წლის 28 ნოემბერს პროკურატურის მიერ საჯარო რეესტრის ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 დეკემბრის წერილით საგამოძიებო ორგანოს ინფორმირება, რომ ლ. თ-იის მიერ არ წარდგენილა მიღება-ჩაბარების აქტის დედანი და ამ დოკუმენტის ასლის გადაგზავნა, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 18 მარტის მიმართვა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურისადმი გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის, ცხადყოფდა იმ ფაქტს, რომ სახეზე იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით მართებულად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში გაგზავნილ №66222 წერილზე პასუხის დაბრუნებამდე.
რაც შეეხება ყადაღის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის #... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მარტის #... გადაწყვეტილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინებაზე (საქმე №12/791-16), რომლითაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ზონა თბილისი ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., მისამართი თბილისი, სოფელი ... „...“. 2016 წლის 21 მარტს ხსენებული სასამართლო აქტი წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის მიზნით; ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის პოლიციის დეპარტამეტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების განცხადება დ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის (თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ) მოთხოვნათა დაცვით, მითითებული ნორმით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად, მართებულად მიიღო გადაწყვეტილება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იყო, რის გამოც ასევე კანონიერი იყო სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ყადაღის რეგისტრაციის შესახებ.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ სახეზე იყო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით მართებულად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში გაგზავნილ №66222 წერილზე პასუხის დაბრუნებამდე; ხოლო ყადაღის რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სასამართლოს განჩინებას, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იყო.
შესაბამისად, შპს „...ს“ მიერ წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოცემული განცხადების წარმოდგენის მომენტისთვის სისხლის სამართლის №007251115007 საქმეზე, რომლის გამოც დაედო ყადაღა შპს „...ს“ მიერ შეძენილ უძრავ ქონებას, გავიდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა, არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის არც „ვ“ ქვეპუნქტით და არც სხვა ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას. საკასაციო სასამაართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სადავო აქტების კანონიერება შეაფასა იმჟამად არსებული მდგომარეობით, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, რაც რეალურად ვერ იარსებებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. შპს „...ს“ მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი (და არა ახლად გამოვლენილი) გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „...ს“ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის გამო.
ამასთან, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს განცხადებაზე ლ. ა-ის მიერ 24.12.2021წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის №ბს-443-443(კ-18) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო;
2. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს განცხადებაზე ლ. ა-ის მიერ 24.12.2021წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა