Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-5(კ-22) 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2018 წლის 16 თებერვალს ე. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 30 იანვრის №MOD 2 18 00093106 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტისათვის ე. კ-ის მიმართ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2021 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ე. კ-იმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანების - კადრების განკარგულებაში მყოფი ე. კ-ის 1993 წლის 2 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად ჩათვლის თაობაზე, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, წელთა ნამსახურობის ხელახალი დაანგარიშების მიზნით ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანება კადრების განკარგულებაში მყოფი, ე. კ-ის 1993 წლის 2 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად ჩათვლის თაობაზე. მოპასუხეს დაევალა, გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელე ე. კ-ისთვის წელთა ნამსახურობის ხელახალი დაანგარიშების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 და მე-16 მუხლებით დადგენილ პირობებს, კერძოდ, მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 14 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; გ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი. გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ე. კ-ი 1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 12 მაისის N82 ბრძანებით გვარდიის კაპიტანი ე. კ-ი დაინიშნა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამოსელის სამსახურის უფროსად 1993 წლის 3 აპრილიდან, ხოლო სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის N171 ბრძანებით კაპიტანი ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაეცა კადრების განკარგულებას. ამის შემდგომი პერიოდიდან, თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება (ჩარიცხვა, ამორიცხვა, მივლინება, წახალისება, წოდების მინიჭება, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთი ან სხვ.), რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის ფაქტს.

კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის N108 ბრძანებით შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისია, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს - განიხილოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომზადებულ სამსახურებრივ დოკუმენტებში არსებული ხარვეზები, მოიკვლიოს სამსახურის გავლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მიიღოს გადაწყვეტილება და გასცეს რეკომენდაცია ამ ხარვეზების გამოსწორების მიზნით. სწორედ ამ კომისიის მიერ იქნა განხილული და შესწავლილი მოსარჩელის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის საკითხი და დადგინდა, რომ ე. კ-ი 1992–1993 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 12 მაისის N82 ბრძანებით გვარდიის კაპიტანი ე. კ-ი დაინიშნა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამოსელის სამსახურის უფროსად 1993 წლის 3 აპრილიდან, ხოლო სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის N171 ბრძანებით კაპიტანი ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაეცა კადრების განკარგულებას. ხოლო ვინაიდან, ე. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან ვერ იქნა მოძიებული მისი (ჩარიცხვა, ამორიცხვა, მივლინება, წახალისება, წოდების მინიჭება, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთი ან სხვ.) შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელების შესახებ ცნობები, კომისიამ ე. კ-ი დათხოვნილად მიიჩნია 1993 წლის 2 სექტემბრიდან, რის საფუძველზეც გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს N2802 ბრძანება. ზემოაღნიშნული კომისიის მიერ სრულფასოვნად იქნა აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გამოკვლეული და არ დადასტურდა ე. კ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ფაქტობრივად საქმიანობის ფაქტი.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია ასევე სასამართლოს აპელირება 1980-იან წლებთან მიმართებაში და მსჯელობა მოსარჩელის ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით, რადგან დავა ეხება 1990 წლის შემდგომ პერიოდს. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1990 წლის შემდგომ პერიოდში და მოსარჩელის სამხედრო სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იწყება 1992 წლის შემდგომ პერიოდში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველ კომისიას“ რომც არ განეხილა ე. კ-ის საკითხი და არ მიეღო სადავო გადაწყვეტილება ე. კ-ი ისედაც დათხოვნილად ჩაითვლებოდა სამხედრო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომ სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელე მსახურობდა სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფში, ხოლო 1994 წლის 7 ივნისის მთავარსარდლის N13 ბრძანებით გაუქმდა სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველო და მის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთები. ამასთან, თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 17 მარტის N134 ბრძანებით სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ ჩაითვალნენ დათხოვნილად და რეზერვში ჩარიცხულად ის პირები, ვინც შეიარაღებულ ძალებში აღარ დანიშნულან თანამდებობებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანების კანონიერება, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი კაპიტანი ე. კ-ი ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად 1993 წლის 2 სექტემბრიდან. ასევე სადავოა ე. კ-ის წელთა ნამსახურობის ხელახალი დაანგარიშების მიზნით მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. კ-ის სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობაში დაბადების თარიღად მითითებულია 1944 წლის 27 თებერვალი.

1992 წლის ივლისიდან 1993 წლის სექტემბრამდე ე. კ-ი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის №171 ბრძანებით, სამხედრო პოლიციის სამმართველოს საშტატო განრიგების შეცვლის გამო, სამხედრო მოსამსახურეები განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გადავიდნენ კადრების განკარგულებაში, მათ შორის კაპიტანი ე. კ-იც.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 იანვრის №MOD 2 18 00093106 წერილით ე. კ-ის ეცნობა, რომ საარქივო მასალებში ინახება მხოლოდ სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის იანვარ-სექტემბრის ბრძანებები, კაპიტან ე. კ-ის დანიშვნისა და გადაადგილებების თაობაზე, ხოლო სხვა მონაცემები, ე. კ-ის სამხედრო სამსახურის გავლისა და დათხოვნის შესახებ, გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ და ... შემადგენლობის დეპარტამენტებში არ იძებნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. კ-ის უარი ეთქვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის №MOD 1 17 00000108 ბრძანებით შექმნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/ყოფილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი დოკუმენტების მოწესრიგების საკითხთა განმხილველი კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს №MOD 3 18 00766470 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ე. კ-ის, სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის 9 სექტემბრის №171 ბრძანების (1993 წლის პირველი სექტემბრიდან კადრების განკარგულებაში გადაცემის შესახებ), საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის ოქტომბრის №971 დადგენილების - „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დროებითი დებულების შესახებ“ პირველი თავის მე-5 მუხლის, ასევე დაბადების და პირადობის მოწმობის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში გადაცემის მომენტში შესრულებული ჰქონდა ოფიცერთა შემადგენლობისათვის დაწესებული სამხედრო სამსახურის გავლის ზღვრული ასაკი და იგი უნდა დათხოვნილიყო სამხედრო სამსახურიდან - რეზერვში 1993 წლის 2 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 ოქტომბრის №972 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დროებითი დებულების“ პირველი თავის მე-5 პუნქტისა და მე-7 თავის 42-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ზღვრული ასაკის გამო) მოთხოვნათა შესრულების მიზნით, კადრების განკარგულებაში მყოფი, კაპიტანი - ე. კ-ი ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად 1993 წლის 2 სექტემბრიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელის სამომავლო უფლება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, უკავშირდება სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა კომპენსაციის გაანგარიშება. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები. ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. შესაბამისად, კანონმდებლობა წელთა ნამსახურობის ათვლის დაწყებას უკავშირებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღის თარიღს, ხოლო ათვლის დასრულების მომენტია ის დღე, როდესაც სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან, ხოლო სამხედრო მოსამსახურის კადრში დატოვება ცალსახად ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში.

„სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელსაც თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა. ამდენად, მოსარჩელის სურვილი - გაუქმდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 5 18 00002802 ბრძანება, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი, კაპიტანი ე. კ-ი (ზღვრული ასაკის გამო) ჩაითვალა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნილად 1993 წლის 2 სექტემბრიდან, უკავშირდება სამომავლოდ მისი სოციალური უფლების რეალიზებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოსარჩელის - ე. კ-ის საქართველოს თავდაცვის სისტემაში ფაქტობრივად საქმიანობის ფაქტის დადგენა მნიშვნელოვანია მოსარჩელის სარჩელის მიზნისთვის. ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 იანვრის №MOD 2 18 00093106 წერილით ე. კ-ის ეცნობა, რომ საარქივო მასალებში ინახება მხოლოდ სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1993 წლის იანვარ-სექტემბრის ბრძანებები, კაპიტან ე. კ-ის დანიშვნისა და გადაადგილებების თაობაზე, ხოლო სხვა მონაცემები, ე. კ-ის სამხედრო სამსახურის გავლისა და დათხოვნის შესახებ, გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ და ... შემადგენლობის დეპარტამენტებში არ იძებნება ვერ გახდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით მოსარჩელისათვის გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 5 ოქტომბრის №972 დადგენილების მე-5 პუნქტის თანხმად, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისათვის დაწესებული იყო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ზღვრული ასაკი: ლეიტენანტისთვის, უფროსი ლეიტენანტისთვის, კაპიტნისა და კაპიტან-ლეიტენანტისთვის - 40 წელი. ამავე დადგენილების მე-6 პუნქტით, ოფიცრები, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურის დადგენილ ზღვრულ ასაკს, ექვემდებარებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვში დათხოვნას, ხოლო 42-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცრები დაითხოვებოდნენ სამხედრო სამსახურიდან საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვში ასაკის გამო. დადგენილია, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი სწორედ აღნიშნული მუხლი გახდა და ე. კ-ის სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნის საფუძველია კადრების განკარგულებაში გადაცემის მომენტში მის მიერ ოფიცერთა შემადგენლობისათვის დაწესებული სამხედრო სამსახურის გავლის ზღვრული ასაკის მიღწევა. საქმეში წარმოდგენილი ე. კ-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის ასლით, კი დასტურდება, რომ მოსარჩელე დაბადებულია 1944 წლის 27 თებერვალს შესაბამისად, მას 40 წელი შეუსრულდა 1984 წელს და მითითებული საფუძვლით მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა 1993 წლის 2 სექტემბერს, არამედ 1984 წლის 27 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავო აქტი, რომც არ გამოეცა, მოსარჩელე - ე. კ-ი ისედაც ჩაითვლებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილად, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებდა კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალურ ვადას, შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის გათვალისწინებით შემზღუდველი ნორმის გავრცელება ძველ სამართალურთიერთობაზე დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე