Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-703(კ-21) 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ. შ-ა, გ. შ-ა, მ. შ-ა, შ. შ-ა, რი. შ-ა

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2016 წლის 7 მარტს რ. შ-ამ, გ. შ-ამ, მ. შ-ამ (კანონიერ წარმომადგენელი ე. ჩ-ი), შ. შ-ამ (კანონიერი წარმომადგენელი ე. ჩ-ი) და რი. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის №2016, №2017, №2018, №2019 და №2020 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება რ. შ-ასათვის, გ. შ-ასათვის, მ. შ-ასათვის, შ. შ-ასა და რი. შ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით რ. შ-ას და არასრულწლოვნების - მ. შ-ას, შ. შ-ას და გ. შ-ას სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის №2017, №2018, №2019 და №2020 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. შ-ამ, არასრულწლოვნებმა - მ. შ-ამ, შ. შ-ამ და გ. შ-ამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით რ. შ-ას, არასრულწლოვნების - მ. შ-ას, შ. შ-ას და გ. შ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ას, რი. შ-ას, გ. შ-ას, მ. შ-ას და შ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის №2016, №2017, №2018, №2019 და №2020 ბრძანებები. მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა რ. შ-ასათვის, გ. შ-ასათვის, შ. შ-ასათვის, მ. შ-ასა და რი. შ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, არ იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთა ორივე მშობლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კანონმდებელმა მიიჩნია არასრულწლოვნის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა – მეურვის საცხოვრებელი ადგილი.“ ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.“ ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის N1227-1213 (კ-11) გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. მოცემული სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რიმა და რომან შენგელიების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად 1990-იანი წლების მოვლენებამდე შესაძლოა მივიჩნიოთ მხოლოდ ერთი, მათი ერთ-ერთი მშობლის (განქორწინებული) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც ჩხოროწყუს რაიონი, მათი მამის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა, სადაც ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდნენ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის, ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.“ მოცემული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, კანონის ეს დანაწესი ეხება საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე ყველა პირს, მიუხედავად მათი ასაკისა, სრულწლოვანებისა, სქესისა, ეროვნული კუთვნილებისა თუ სხვა. შესაბამისად, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმა უნდა გავრცელდეს და ამ ნორმის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ყველა იმ პირმა, რომელიც დაბადებულია 1990-იანი წლების მოვლენებამდე, რათა მიენიჭოთ მათ დევნილის სტატუსი. რაც შეეხება ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილს (საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე), რომელსაც სასამართლო მიიჩნევს მოსარჩელეთათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლად, კასატორის მოსაზრებით, მისი გამოყენება მოცემულ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის კანონის მიზნებთან. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ეხება ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც დაბადებულია 1990-იანი წლების მოვლენებამდე, ანუ 1990-იან წლების მოვლენებამდე დაბადებული პირებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს სწორედ ამ სამართლებრივი ნორმის ფარგლებში. მოცემული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი და არა მე-2 პუნქტი და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად ჩხოროწყუს მუდმივ მაცხოვრებლებს წარმოადგენდნენ, არ დაევალებინა სამინისტროსათვის მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმასთან, რომლის თანახმადაც იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც მათ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქმეზე არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია და თავისთავად ისინი არ გამხდარან იძულებულნი დაეტოვებინათ იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის №2016, №2017, №2018, №2019 და №2020 ბრძანებების კანონიერება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის დავალება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა რ. შ-ამ და რი. შ-ამ, მათ ერთ-ერთ მშობელთან, დედასთან - მ. ქ-ასთან ერთად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიიღეს და შესაბამის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ 1996 წელს. შესაბამისად, მათი აღნიშნული სტატუსი განაპირობა ერთ-ერთი მშობლის - დედის მიერ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მიღებამ, რამდენადაც ისინი მშობლის იძულებით გადაადგილებამდე იყვნენ არასრულწლოვანნი.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №1604 ბრძანებით, მოსარჩელეების - რ. შ-ას და რი. შ-ას დედას, მ. ქ-ას ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის№3/8980-15) რ. შ-ას და რი. შ-ას დედის, მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №1604 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მ. ქ-ა კვლავ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რ. შ-ასა და რი. შ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა ეწინააღმდეგება კანონს, რადგან მათი ერთ-ერთი მშობელი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსს, ხოლო ისინი მშობლის იძულებით გადაადგილების დროს იყვნენ არასრულწლოვანნი და ამის საფუძველზე 1996 წელს მიენიჭათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

რაც შეეხება გ. შ-ას, მ. შ-ას და შ. შ-ას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ არიან რ. შ-ას შვილები. საკასაციო სასამართლოს განმატებით, არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, ჩამორთმევა და აღდგენა პირდაპირ არის დაკავშირებული მშობლ(ებ)ის სტატუსთან და საკითხი წყდება ერთობლივად. იმ პირობებში, როდესაც გ. შ-ას, მ. შ-ას და შ. შ-ას მამისთვის - რ. შ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მიჩნეულ იქნა უკანონოდ, შესაბამისად, მათ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მათ დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელეების მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმედ დაკითხულმა მ. ჯ-იმა განმარტა, რომ მ. ქ-ას ორივე შვილი, მის შვილებთან ერთად, სწავლობდა სოხუმის სკოლაში და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების დროს მ. ქ-ას თან ახლდნენ შვილებიც. ამასთან, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს - რ. და რი. შ-ას დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ 1996 წლიდან და მათი სტატუსი განაპირობა, ერთ-ერთი მშობლის - დედის მიერ დევნილის სტატუსის მიღებამ, რამდენადაც ისინი მშობლის იძულებით გადაადგილებამდე იყვნენ არასრულწლოვანნი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე