ბს-1062(კ-20) 30 მარტი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) - რ. გ-ი, წარმომადგენელი - თ. გ-ი (26.02.2022წ. №22021394 რწმუნებულება), თ. გე-ი (02.03.2022წ. №220214166 რწმუნებულება), ე. ს-ი (02.03.2022წ. №220214166 რწმუნებულება)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, წარმომადგენელი - ც. გ-ი (11.01.2022 № MES 9 220000010059)
დავის საგანი - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ი 1995 წელს ჩაირიცხა შპს „...ში“, რომლის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით დაამთავრა 1998 წელს. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 19.09.1998წ. გადაწყვეტილებით მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია და გაიცა დიპლომი AA №0033163. ზემოხსენებული დიპლომის საფუძველზე პირი წლების განმავლობაში ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.09.2019წ. გადაწყვეტილებით, რ. გ-ის უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 19.02.1996წ. გასცა უმაღლესი საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია, რომლითაც ნება დართო დამფუძნებლებს დაეარსებინათ ეკონომიკის, სამართლისა და კომერციული საქმიანობის ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის გლდანის რაიონული სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით (რეგისტრაციის №1ა/4-103) რეგისტრაციაში გატარდა შპს „...ი“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 02.05.2007წ. №313 ბრძანებით გაუქმდა ინსტიტუტის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/157 ლიცენზია. ცენტრმა მიუთითა, რომ AA №0033163 დიპლომის შესაბამისად რ. გ-იმა ინსტიტუტში 1995 წელს ჩააბარა, 1996 წლის 19 თებერვლამდე შპს „...ი“ არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის სტუდენტთა ჩარიცხვა და მათთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა.
რ. გ-იმა 09.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 16.09.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული განათლების უფლება, ირღვევა ინდივიდის მიერ განათლების მიღებისა და მის რეალიზაციაში ხელშეწყობის სახელმწიფოს ვალდებულება. არალიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა, დიპლომი გაცემულია იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ, რომელსაც გააჩნდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. რ. გ-იმა აღნიშნა, რომ მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მიმართ მას აქვს კანონიერი ნდობა.
შესაგებელში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო კანონიერი ნდობის არსებობა და აღნიშნა, რომ კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტს. დიპლომი გასცა უმაღლესმა სასწავლებელმა, რომელიც სადღეისოდ არ ფუნქციონირებს, ცენტრს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, ნამდვილობის დადასტურებაზე უარით არ აქვს ადგილი დიპლომის გაუქმებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2019წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.09.2019წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლომ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია დიპლომის მიმართ რ. გ-ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mürsel Eren v. Turkey) და გაიზიარა ევროპული სასამართლოს მოსაზრება რომლის თანახმად, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას კანონმდებლის მიზანს შეადგენდა მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი კანონსაწინააღმდეგო აქტებისა და მოქმედებების გაუქმებისგან. საქმეში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ, გასაჩივრებული აქტი არსებითად არ არღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ასევე არ დადგინდა დაინტერესებული მხარის მიერ უკანონო ქმედების განხორციელება. რ. გ-იმა დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება, იგი ენდობოდა შპს „...ის“ მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ზღუდავს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების უარის თქმაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.09.2019წ. გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით, აქტი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1996 წელს ...ის მიერ ლიცენზიის მიღებასთან ერთად განხორციელდა ამ უკანასკნელის სამეწარმეო რეგისტრაცია სასამართლოში, რასაც უკავშირდება სასწავლებლის დაფუძნება, ინსტიტუტის მიერ სტუდენტების მიღების უფლებამოსილების მოპოვება და სხვ.. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1995 წელს, სამართლებრივად არარსებულ სასწავლებელში სტუდენტი ვერ ჩაირიცხებოდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილ, 30.07.1996წ. გაცემულ, კოლეჯის დიპლომზე, რომლის თანახმად რ. გ-ი 1993 წელს შევიდა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯში და 1996 წელს დაამთავრა აღნიშნული კოლეჯის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 04.07.1996წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სარჩელში არსებულ მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეჯის გავლა იყო ინსტიტუტში ჩარიცხვის წინაპირობა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით დაცული აქვს (ს.ფ. 5). სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მას დაკმაყოფილებული ჰქონდა აღნიშნული წინაპირობა, პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს 04.07.1996წ. დაამთავრა კოლეჯი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ხოლო 1995 წლისთვის შპს „...ში“, სამართლის სუბიექტის სახით მისი არსებობის შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ ჩაირიცხებოდა, ვინაიდან იმ დროისთვის მას არ ჰქონდა კოლეჯის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. გ-ი 1995 წელს უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 1995 წლისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა მოპოვებული ინსტიტუტში სწავლის უფლება, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო კოლეჯის დამთავრების დრო - 1996 წელი და სადავო დიპლომის გამცემ სასწავლებელში სწავლის შესაძლო დაწყების დრო, რომელიც ვერ იქნებოდა კოლეჯში სწავლის პერიოდი, პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-იმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ ამასთანავე დამატებით გამოიკვლია ინფორმაცია, რომელიც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო სასამართლოს შეფასების საგანი და მით უფრო, მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია იმ სამართლებრივ აქტზე, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების წინაპირობად ითვალისწინებდა კოლეჯში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და რომელიც საფუძვლად დაედებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას. კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ 1995-1996 წწ. მოსარჩელე ერთდოულად სწავლობდა ორ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმთავითვე ადასტურებს აღნიშნულის დასაშვებობას კანონით, კოლეჯში სწავლა ინსტიტუტში სწავლის გაგრძელების წინაპირობას არ წარმოადგენდა. ამასთანავე კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, როდესაც ინსტიტუტების უმეტეს ნაწილში სწავლის პროცესი მიმდინარეობდა ე.წ დაუსწრებელი სწავლის მეთოდით, რომელიც არ გულისხმობდა ინსტიტუტში ინტენსიური სწავლების პროცესს.
კასატორი რ. გ-ი უთითებს „მეწარმეთა შესახებ“ 28.10.1994წ. საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტზე, რომელიც იძლევა უფლებამოსილებას მეწარმე სუბიექტმა სასამართლოში რეგისტრაციამდე განახორციელოს სამეწარმო საქმიანობა. კასატორის მოსაზრებით ინსტიტუტის მიერ რეგისტრაციამდე სამეწარმეო ხასიათის საქმიანობის განხორციელება არ იყო სადავო, სადავო იყო ის გარემოება, რომ ინსტიტუტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზიის მოპოვებამდე, შესაბამისად სასამართლოს სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა ემსჯელა. კასატორი აღნიშნავს, რომ გააჩნდა დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობა, ვინაიდან დიპლომი სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ იქნა გაცემული და ხელმოწერილი. კასატორი თვლის, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაა მნიშვნელოვანი, მით უფრო, იმ ფარგლების გათვალისწინებით, რა ფარგლებშიც ხდება კანონიერების პრინციპის შეზღუდვა, მის მიერ არალიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი მოიცავს რამდენიმე თვეს, კერძოდ 1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის თებერვლამდე, აღნიშნული პერიოდიდან სწავლის დასრულებამდე დაწესებულება სრულად ლიცენზირებულ რეჟიმში იმყოფებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ მას ჰქონდა ნდობა, ვინაიდან, არსებული განათლების სისტემა სრულად იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მიერ და მას ჰქონდა გაცემული დიპლომის შედეგების შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი. სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებები, სასამართლოს არ მიუთითებია არცერთ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავდა კანონიერ ნდობას.
კასატორის მოსაზრებით, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესი სასამართლოს აქამდე არსებული პრაქტიკა განვითარებულია იმ კუთხით, რომ პირს დიპლომის ნამდვილობაზე თანხმობას უცხადებენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაწესებულება რამდენიმე თვე ან წელი იმყოფებოდა არალიცენზირებულ რეჟიმში, არამედ მაშინაც, როდესაც სრულად არალიცენზირებული საქმიანობის პერიოდში ისწავლა პირმა და მას მიენიჭა დიპლომი (სუსგ ბს-149(კ-20), ბს-470(კ-19), ბს-102(კ-20)). კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაავალა დიპლომების ნამდვილობის დადასტურება იმ პირებისთვის, რომლებიც კასატორთან ერთად სწავლობდნენ და 1998 წელს მიიღეს დიპოლომები, ამდენად კასატორის მიმართ ირღვევა თანასწორობის პრინციპი. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონია სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც არსებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკას შეცვლიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და ამასთანავე მას ამის საფუძველი არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას და არსებითად განხილვის შედეგად ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვას, კასატორი აღნიშნავს, რომ დავა მხოლოდ რ. გ-ის არ ეხება, ამ დავაზე გადაწყვეტილების მიღება გავლენას იქონიებს სამომავლოდ არაერთი მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებზე.
16.03.2022წ. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენლებმა დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 19.02.1996წ. გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/157 ლიცენზია, რომლითაც ნება დაერთო დამფუძნებლებს (ნ. გ-ი, პ. გე-ი, თ. წ-ი, დ. ლ-ე) დაეარსებინათ თბილისში ეკონომიკის, სამართლისა და კომერციული საქმიანობის ინსტიტუტი, როგორც არასახელმწიფო საერთო უმაღლესი სასწარვლებელი. ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით (რეგისტრაციის N1ა/4-109), რეგისტრაციაში გატარდა შპს ...ი. სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათ აკრედიტაციის საბჭოს 20.01.2005წ. N1-19/39 გადაწყვეტილებით, ...ს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 02.05.2007წ. N313 ბრძანებით გაუქმდა შპს თბილისის ეკონომიკის, სამართლის და კომერციული საქმიანობის ინსტიტუტის უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/157 ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 88.1 მუხლის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ 5.1 მუხლის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებული ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს თბილისის, ეკონომიკის, სამართლისა და კომერციული საქმიანობის ინსტიტუტის მიერ 1996 წლის 19 თებერვლიდან განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. მოსარჩელის სწავლის პერიოდში ინსტიტუტი ლიცენზიას არ ფლობდა რამოდენიმე თვის განმავლობაში, კერძოდ, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ რ. გ-ის სწავლების პერიოდში ინსტიტუტი 1995 წლიდან 1996 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში საქმიანობდა ლიცენზიის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობა დაკმაყოფილებული. სააპელაციო პალატამ ეს დასკვნა დაამყარა სარჩელში მოყვანილ მოსაზრებაზე (ს.ფ. 5) იმის შესახებ, რომ კოლეჯში სწავლება იყო ინსტიტუტში სწავლების გაგრძელების წინაპირობა, აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რ. გ-იმა კოლეჯი 1996 წელს დაამთავრა, ხოლო ინსტიტუტში 1995 წელს ჩაირიცხა. აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობა დაკმაყოფილებული. სააპელაციო პალატას არ მიუთითებია იმ სამართლებრივ აქტზე, რომელიც ითვალისწინებდა კოლეჯის სწავლის კურსის დასრულებას ინსტიტუტში სწავლის გაგრძელების წინაპირობად. მხედველობაშია მისაღები, რომ კოლეჯში სწავლის დასრულება, როგორც ინსტიტუტში სწავლის გაგრძელების წინაპირობა, არ ყოფილა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული განვითარების ცენტრის მიერ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტით რ. გ-ის უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე სხვა საფუძვლით, კერძოდ, არალიცენზირებულ სასწავლებელში სწავლების გამო. უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კოლეჯის დამთავრებამდე მოსარჩელეს დამთავრებული ჰქონდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, კერძოდ, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 19.07.2021წ. გადაწყვეტილებით დადასტურებულია საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ რ. გ-ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობა, რომლითაც დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი მფლობელს აძლევს უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ნებისმიერ ფაკულტეტზე/სპეციალობაზე. 30.03.1988წ. №216833 დიპლომის თანახმად, რ. გ-იმა 1985-1988წწ. გაიარა საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის სრული კურსი - საშუალო განათლების მიღებით და 1988 წელს მას მიენიჭა IV კლასის სადგურის მორიგის კვალიფიკაცია. თავად მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 19.07.2021წ. დადასტურებით, რ. გ-ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება საბაზო პროფესიული განათლების კვალიფიკაციას, დაწყებითი პროფესიული განათლების №216833 დიპლომი მფლობელს უფლებას აძლევს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ნებისმიერ ფაკულტეტზე, სპეციალობაზე. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კოლეჯში სწავლის დასრულებამდე, ინსტიტუტში სწავლების დაწყების მომენტისთვის რ. გ-ის გააჩნდა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და მას ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობდა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წინაპირობა. პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის დასრულების შემდეგ რ. გ-იმა სწავლა კოლეჯში განაგრძო, რომლის სრული კურსი 1996 წელს დაასრულა, რ. გ-ის კოლეჯში სწავლის პერიოდში უკვე მოპოვებული ჰქონდა ინსტიტუტში სწავლების გაგრძელების უფლება. სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, აქვს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია ისარგებლოს აბიტურიენტის სტატუსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პირობის არარსებობის შესახებ.
უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ (1995წ.) კოლეჯის დამთავრება (1996წ.) არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყების პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.09.1995წ. №572 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების რეფორმის სახელმწიფო პროგრამისა და მისი რეალიზაციის გეგმის“ თანახმად (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 07.04.2006წ. №134 დადგენილებით), პროფესიული სასწავლებელი იყო სასწავლო დაწესებულება, რომელიც სასკოლო განათლების მეორე ეტაპის ანუ ძირითადი სკოლის ან სრული საშუალო განათლების დასრულების შემდეგ იძლეოდა გარკვეული პროფესიის შესწავლის შესაძლებლობას. რაც შეეხება კოლეჯს, ხსენებული ნორმატიული აქტის თანახმად, საშუალო სპეციალური სასწავლებლის - კოლეჯის დანიშნულება იყო სხვადასხვა სპეციალობებში პირველადი პროფესიული კვალიფიკაციის მიღების შემდეგ სპეციალური მომზადების გაღრმავება. ამ ტიპის სასწავლებელი, აღნიშნული პროგრამის თანახმად, ამზადებდა საშუალო სკოლის სპეციალისტებს, რომლებიც იღებდნენ სახელმწიფოს მიერ ატესტირებული სპეციალისტის ანუ უმცროსი სპეციალისტის კვალიფიკაციას. მინისტრთა კაბინეტის 19.09.1995წ. №572 დადგენილება ადგენდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კოლეჯის დამამთავრებელი კურსების პროგრამა არსებითად შეესაბამებოდა უმაღლესი სასწავლებლის გარკვეული სპეციალობების I-II კურსის სასწავლო პროგრამებს, შესაძლებელი იყო კოლეჯის დამთავრების შემდეგ პირი გამოცდების ჩაბარების შემდგომ, ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, კონკურსის წესით ჩარიცხულიყო უმაღლეს სასწავლებელში მე-3 კურსზე. აღნიშნულს ითვალისწინებდა ასევე შემდგომში მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.04.2004წ. №33 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯის წესდება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, თბილისის ეკონომიკისა და სამართლის უმაღლესი პროფესიულ სასწავლებელს (კოლეჯს) მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. კოლეჯი იყო განსაკუთრებული სტატუსის მქონე სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებდა საშუალო ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს, წესდების მე-3 მუხლი ადგენდა, რომ ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება ჰქონდა გასაუბრების წესით ჩარიცხულიყო და სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესი სასწავლებლის მე-2 ან მე-3 კურსზე შესაბამისი სპეციალობით (ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ღ1“ ქვეპუქნტის, მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას). ამდენად, კოლეჯის დამამთავრებელი სწავლების პერიოდი გათანაბრებული იყო უმაღლეს სასწავლებელში სწავლების დაწყებით პერიოდთან (კურსებთან). სააპელაციო პალატას არ უმსჯელია რ. გ-ის უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ხანგრძლივობაზე (1995 - 1998 წ.წ.), ამ მიმართებით არ დადგენილა რაიმე ფაქტობრივი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეჯის დასრულებამდე ინსტიტუტში ჩარიცხვა არ ადასტურებს უპირობოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის გლდანის რაიონული სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით, ...ი დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, ხოლო კასატორმა სასწავლებელში ჩააბარა 1995 წელს. ამდენად უდავოა ის გარემოება, რომ შპს-ს რეგისტრაციამდე მოხდა რ. გ-ის სასწავლებელში ჩარიცხვა. „მეწარმეთა შესახებ“ 28.10.1994წ. საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 08.02.2021წ. №875 კანონით) სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა, საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე პუნქტის თანახმად, თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებით წარმოშობილი ყველა ვალდებულებისთვის. ამდენად, კანონმდებლობა არ გამორიცხავდა რეგისტრაციამდე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ რეგისტრაციამდე სამეწარმეო ხასიათის საქმიანობის განხორციელება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ ყოფილა. საგულისხმოა აგრეთვე, რომ ინსტიტუტი შექმნილი იყო კოლეჯის ბაზაზე, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად გლდანის რაიონული სასამართლოს 05.02.1996წ. დადგენილებით რეგისტრირებული შპს „...ის“ იურიდიული მისამართი (ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-... მკრ., ...-ე კორპ.) ემთხვევა განათლების სამინისტროს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის მისამართს, სარეგისტრაციო მასალების მიხედვით, კოლეჯის ადმინისტრაციამ ინსტიტუტის დამფუძნებლებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახით იჯარით გადასცა კოლეჯის შენობა (საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოგვიანებით, 07.06.2000წ. შპს ...ზე დამატებით გაიცა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, რომლის ფარგლებში დაწესებულება უფლებამოსილი იყო, სხვა პროგრამებთან ერთად, განეხორციელებინა სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა). ამდენად, ინსტიტუტი შექმნილი იყო კოლეჯის ბაზაზე, ინსტიტუტში სწავლება კოლეჯში სწავლების გაგრძელების ერთიან პროცესად აღიქმებოდა მოსარჩელის მიერ. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ ცოდნის პრეზუმფცია მოქმედებს არა ყველა სამართლებრივი აქტის, არამედ კანონის მიმართ (იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.)), მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა ნორმატიული აქტის, არამედ ლიცენზიის შესახებ აქტის გაუცემლობის ცოდნაზე, შესაბამისად, დასაბუთებას საჭიროებს მოსარჩელის მიმართ ლიცენზიის არქონის შესახებ ცოდნის პრეზუმფციის არსებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხვდებიან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათ დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის რეგულაციის ფარგლებში, რადგან ასეთ დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობა ხსენებული ნორმით გათვალისწინებული უფლების განუყოფელი ნაწილია. განათლების უფლების მნიშვნელობის მიუხედავად ეს უფლება აბსოლუტური არ არის და შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლეილა საჰინი (Leyla Sahin) თურქეთის წინააღმდეგ“, §139, §141, §154, 10.11.2005წ.). ამასთანავე, შეფასების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება სათანადო მოთხოვნებთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი, ორგანომ უნდა დაასახელოს მიზეზი, რის გამოც არ ხდება ცნობა და გასცეს ინფორმაცია იმ შესაძლო ზომების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს მაძიებელმა მომავალში ცნობის მისაღწევად („ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.06.1999წ. N2142-IIს დადგენილებით) III კარი.3; III კარი.5). საქმეში დაცული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რ. გ-ი სასწავლებელში 1995 წელს ჩაირიცხა, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია სასწავლებელს 19.02.1996წ. მიენიჭა. აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში დაწესებულების დამფუძნებლები უფლებამოსილნი იყვნენ დაეარსებინათ საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებელი. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის შესაბამისად რ. გ-იმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩააბარა 1995 წელს, 1996 წლის 19 თებერვლამდე შპს „...ი“ არ იყო უფლებამოსილი მიეღო სტუდენტები და გაეწია მათთვის საგანმანათლებლო მომსახურება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 14.06.1991წ. „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“ დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 17.03.1994წ. დადგენილებით), ნებადართულ იქნა ფასიანი სასწავლებლების დაარსება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით, ფასიანი სასწავლებლების დაარსების უფლება ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ფასიანი სასწავლებლის რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო. „საქართველოს რესპუბლიკის არასახელმწიფო საერო დაწერებულების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 17.03.1994წ. დადგენილება (მე-3 პ.), „განათლების შესახებ“ 27.06.1997წ. საქართველოს კანონი, არსებითად იმეორებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 14.06.1991წ. დამტკიცებული დებულების მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არასახელმწიფო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლებრივად არარსებულ სასწავლებელში სტუდენტი ვერ ჩაირიცხებოდა. საკასაციო სასამართლო კვლავ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.09.1995წ. N572 დადგენილება ითვალისწინებდა უმაღლეს სასწავლებელში III კურსიდან სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ „საშუალო-სპეციალური სასწავლებლის (კოლეჯის) IV - V კურსების პროგრამა“ არსებითად შეესაბამებოდა „უმაღლესი სასწავლებლის გარკვეული სპეციალობის I - II კურსების პროგრამებს“ (სხვა შემთხვევაში, კოლეჯის და ინსტიტუტის პროგრამების არსებითად შეუსაბამობის დროს კოლეჯის კურსდამთავრებულს უფლება ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში საერთო წესის შესაბამისად ანუ პირველი კურსიდან). მოცემულ შემთხვევაში ინსტიტუტის ულიცენზიოდ საქმიანობის პერიოდი (1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის 19 თებერვლამდე) მოცულია რ. გ-ის მიერ კოლეჯის დამამთავრებელ კურსზე სწავლების პერიოდით, რომელთა პროგრამა მოიცავდა უმაღლეს სასწავლებელში სწავლების დაწყებითი ეტაპის პროგრამას. ამდენად, სწავლების დაწყების ეტაპზე ლიცენზიის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს დიპლომის დადასტურების შესაძლებლობას, გაცემული დიპლომის მიმართ კანონიერ ნდობას. სააპელაციო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა მოცემულ განსახილველ შემთხვევაში დიპლომის აღიარების მიზნებისათვის ინსტიტუტში მოსარჩელის სწავლების დაწყებით ეტაპზე ლიცენზიის არარსებობის მნიშვნელობაზე, ამ ფაქტორზე მითითებით დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის მართებულობაზე.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 14.09.2010წ. N89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მიხედვით „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების“ (მე-3 მუხ.) გარდა, ასევე ითვალისწინებს „ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების“ შესაძლებლობას (მე-4 მუხ.). განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ.N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-3 და მე-4 მუხლები აწესრიგებენ განსხვავებულ შემთხვევებს და თითოეულ შემთხვევაში საკითხის დაკმაყოფილებაც დამოკიდებულია სხვადასხვა წინაპირობების შემოწმებაზე. მე-3 მუხლი ითვალისწინებს საკითხის დადებითად გადაწყვეტას, როდესაც სწავლის პერიოდი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, ხოლო მე-4 მუხლი შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა სწავლის პერიოდი სახელმწიფოს მიერ აღიარებული არაა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია იმის შეფასების გარეშე, თუ რომელი მუხლით მოწესრიგებულ შემთხვევას უკავშირდება განსახილველი საქმე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 01.10.2010წ. N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 4.4 მუხლის თანახმად, უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. გ-იმა 15.08.2019წ. განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა ...ის მიერ რ. გ-ის სახელზე 1998წ. გაცემული უმაღლესი განათლების AAN0033163 დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 48-53). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 16.09.2019წ. N MES 19 01 209547 სადავო გადაწყვეტილებით ცენტრმა, „წესის“ მე-3 მუხლზე მითითებით, უარი თქვა უმაღლესი განათლების AAN0033163 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე („წესის“ მე-3 მუხ.) და არა უმაღლესი განათლების აღიარებაზე (მე-4 მუხ.), ამასთანავე, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებლი განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტს 2005 წლიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ინსტიტუტში 1995 წელს ჩაირიცხა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება რ. გ-ის ინსტიტუტში ჩარიცხვის პირობის არარსებობის შესახებ.
შპს „...ის“ არსებობის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა არასახელმწიფო საერო სასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე („საქართელოს რესპუბლიკის არასახელმწიფო საერო დაწესებულებების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 17.03.1994წ. დადგენილება). დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებულ საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ულიცენზიო რეჟიმში განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს კანონიერი ნდობის არსებობა დიპლომის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადსაღებია მსგავსი შინაარსის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკა. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დავალებას არ აბრკოლებდა დიპლომის გაცემის მომენტისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არალიცენზირებულ რეჟიმში ყოფნა (სუს 27.05.2020წ. განჩინება საქმეზე №ბს-102(კ-20), სუს 18.03.2020წ. განჩინება საქმეზე №ბს-149(კ-20)). ვინაიდან ინსტიტუტს არ გააჩნდა ლიცენზია და სადავოა მის მიერ 1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის 19 თებერვლამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, წარმოიშობა კასატორის დიპლომისადმი კანონიერი ნდობის არსებობისა და მისი დაცვის საკითხების შეფასების საჭიროება.
სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისგან (სუს 21.01.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-623-610(კ-14)). კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არ აქვს დიპლომის გაუქმებას, არ ადასტურებს რ. გ-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას, დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის მართლზომიერებას. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება) უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-1265(კ-19); სუსგ 23.04.2019წ. №ბს-470(კ-19); სუსგ 04.10.2018წ. №ბს-812(კ-18).). კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. სადავო დიპლომის საფუძველზე კასატორი ასრულებდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებას, კერძოდ ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი, უკანონო ქმედების სიმძიმე, დროის ის პერიოდი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შემდეგ გავიდა. რ. გ-ის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებით ადგილი არ აქვს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის ხელყოფას, კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა დაცული უნდა იყოს, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წესრიგი, სადაც მცირე სამართალდარღვევაც კი თანმიმდევრულად, ზედმიწევნით იდევნება, არ პასუხობს სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნებს. კანონიერების პრინციპის ერთგვარ შეზღუდვას ადგილი აქვს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის პრინციპის სახით, არამედ აგრეთვე სამოქალაქო სამართალში (მაგ.:კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის სახით), საგადასახადო სამართალში (მაგ.:კეთილსინდისიერი გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლების შემთხვევაში) და სისხლის სამართალში (მაგ.: ამნისტია, შეწყალება, უკიდურესი აუცილებლობა, აუცილებელი მოგერიება). კანონიერი ნდობის პრინციპი თავისი შინაარსით სწორედ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არსებული გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, არ იარსებებდა კანონიერი ნდობის პრინციპი უკეთუ ყველა შემთხვევა კანონიერების ფარგლებში იქნებოდა მოქცეული. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს კანონიერი ნდობის პრინციპისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, ვინაიდან ლიცენზიის გარეშე სწავლების პერიოდი სულ რამდენიმე თვეს შეადგენს (1995 წლის სექტემბრიდან 1996 წლის თებერვლამდე), სწავლების დანარჩენ პერიოდში სასწავლებელი ლიცენზირებული იყო, დიპლომის საფუძველზე წლების განმავლობაში ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას, რაც ქმნიდა გაცემული დიპლომის შედეგების გარკვეულ ლეგიტიმურ მოლოდინს. ამდენად კანონიერების პრინციპის შეზღუდვას ადგილი ჰქონდა დროის მოკლე მონაკვეთში, რაც ადასტურებს კანონიერი ნდობის დაცვისთვის უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას.
მხედველობაშია მისაღები ასევე ის დრო, რომელიც გავიდა სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ (სუსგ 03.02.2015წ. №ბს-428-423(2კ-14); სუსგ 20.01.2015წ. №ბს-367-363(კ-14)). საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიპლომი 19.09.1998წ. გაიცა, ხოლო მის დადასტურებაზე რ. გ-ის უარი 16.09.2019წ. ეთქვა. ამდენად, სადავო აქტით ფაქტობრივად უქმდება 21 წლის წინათ წარმოშობილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგი (აკადემიური ხარისხის მინიჭება), რაც გამართლებული იქნებოდა იმ პირობებში, უკეთუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება გამოიწვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას. პირის კანონიერი ნდობის დაცვა მოცემულ შემთხვევაში განპირობებულია პირის მნიშვნელოვანი პატივსდები ინტერესით, სადავო აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით კასატორს ართმევს დიპლომის პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, აუქმებს წარსულში განვლილი სწავლის შედეგებს. საქმეზე არ იკვეთება სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას გამორიცხავდა (ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.). ამდენად, დიპლომის გაცემის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ 05.03.2020წ. №ბს-470(კ-19); 04.10.2018წ. №ბს-812(კ-18)). ინსტიტუტის დამთავრების შესახებ დიპლომი დამტკიცებულია სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ, 19.09.1998წ. გადაწყვეტილებით. განათლების მიღების უფლება გულისხმობს ყოველი პირისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარების და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. იკისრა რა განათლების უფლების დაცვის ვალდებულება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანს სწავლის დასრულების შემდეგ ცოდნის ოფიციალური აღიარების შემთხვევაში მოცემულ დროში არსებულ სასწავლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის და მიღებული განათლების გამოყენების შესაძლებლობის უფლებით სარგებლობას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კიელდსენი (Kjeldsen), ბასკ მადსენი (Busk Madsen) და პედერსენი (Pedersen) დანიის წინააღმდეგ“, §52, 07.12.1976წ.). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობა არის განათლების უფლების მხოლოდ ნაწილი, ამ უფლების ეფექტურობისათვის ინდივიდს, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს, უნდა ჰქონდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების უფლება ანუ სახელმწიფოში მოქმედი წესის შესაბამისად და დადგენილი ფორმით მის მიერ დასრულებული სწავლის ოფიციალური აღიარების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელგიაში ენების შესახებ“ („Belgium lingwistic“ §B4, 23.07.1968წ.; „ლეილა საჰინი (Leyla Sahin) თურქეთის წინააღმდეგ“ §152, 10.11.2005წ.)).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ იქნა პროცედურული მოთხოვნების დაუცველად. სააპელაციო სასამართლომ 16.04.2020წ. განჩინებით დაადგინა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. სასკ-ის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონდარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დამატებით იმსჯელა ისეთ გარემოებებზე, რომლებზედაც არც ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვისას არ უმსჯელია. სააპელაციო პალატამ დამატებით იმსჯელა კოლეჯში სწავლის კურსის გავლისა და ინსტიტუტში ჩარიცხვის თარიღების შეუსაბამობაზე, ინსტიტუტში ჩარიცხვის წინაპირობის არარსებობაზე, ინსტიტუტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისა და ინსიტუტში რ. გ-ის ჩარიცხვის პერიოდებზე და სხვა გარემოებებზე. სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად მოთხოვნაზე უარის თქმის ახალ საფუძვლებზე მიუთითა, რაც თავისთავად უკავშირდებოდა საქმეზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, მათ მიმართ მოწინააღმდეგე მხარის - რ. გ-ის პოზიციის მოსმენის საჭიროებას, აღნიშნული თავის მხრივ შეუძლებელს ხდიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სასკ-ის 34-ე მუხლის 12 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე მოცემულ საქმეზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენით არსებითად ახალი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
საქმეზე რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროების გამო კასატორმა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით საქმის სააპელაციო ინსტანციაში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება. ამდენად, მოთხოვნის შემცირება მოსარჩელეს შეუძლია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე და ამისათვის მოპასუხის თანხმობა საჭირო არ არის. საკასაციო საჩივრის განხილვის პროცესში კასატორმა შეამცირა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, საკასაციო პალატის მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვა საქმის ხელახალი განხილივისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულით არ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის დანაწესი. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ კასატორის მიერ მოთხოვნის არდაზუსტების შემთხვევაშიც, საკასაციო პალატა არ იქნებოდა შეზღუდული, ეხელმძღვანელა სკ-ის 412-ე მუხლით და მიეღო განჩინება სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლები ნორმატიულად არის განსაზღვრული, მსგავსი განჩინების მიღების სავალდებულო წინაპირობად კასატორის შუამდგომლობა საპროცესო კანონმდებლობით არ არის დადგენილი. საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევა, საპროცესო ნორმების არსებით დარღვევა, სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების საკმარის საფუძველს ქმნის (სკ-ის 412. მუხ. „ა“ ქვ.პ.)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება სათანადო სამართლებრივ და პროცესუალურ საწყისებს, რის გამოც რ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2020წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი