საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-919(კ-21) 15 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. ს-ი, გ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ს-იმა და გ. ს-იმა 2020 წლის 10 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის MES 5 19 01674206 და MES 6 19 01674207 წერილების, 2020 წლის 9 იანვრის MES 9 20 00013004 და 2020 წლის 21 იანვრის MES 4 20 00058488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ს-ისა და გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის MES 6 19 01674207 და MES 5 19 01674206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 9 იანვრის MES 9 20 00013004 და 2020 წლის 21 იანვრის MES 4 20 00058488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთა განაცხადების არსებითად განხილვისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეების განცხადებებთან დაკავშირებით. გ. და მ. ს-იების სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის MES 5 19 01674206 და MES 6 19 01674207 სადავო წერილები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. კასატორი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო წერილები არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის და ისინი რაიმე სამართლებრივი შედეგის წარმომშობი არ არის. კასატორის განმარტებით, დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგი მოსარჩელეების მიმართ დადგა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 9 დეკემბრის №1613 ბრძანებით, რომლის დანართით დამტკიცდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებული იმ სტუდენტების სია, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა - 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი გადაეცა 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. მოსარჩელეები სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტების სიაში ვერ მოხვდნენ, ვინაიდან სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ...ში არსებულ საჯარო სკოლაში არ უსწავლიათ ბოლო 3 წელი. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ...ში არსებულ საჯარო სკოლაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსარჩელეების სწავლის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ს-ისა და გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის №MES 6 19 01674207 და №MES 5 19 01674206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე, ამავე სამინისტროს 2020 წლის 9 იანვრის №MES 9 20 00013004 და 2020 წლის 21 იანვრის №MES 4 20 00058488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეების განცხადებებთან დაკავშირებით. მ. ს-ისა და გ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. მოწინააღმდეგე მხარეებს - მ. ს-ისა და გ. ს-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ სადავო აქტების - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის №MES 5 19 01674206 და №MES 6 19 01674207 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, 2020 წლის 9 იანვრის №MES 9 20 00013004 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის №MES 4 20 00058488 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სამინისტროსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების ნაწილში.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 აგვისტოს მიიღო №401 დადგენილება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“.
მითითებული დადგენილებით (1.1 და 1.2 მუხლები), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყო 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ხოლო აღნიშნული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის - 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ, 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ, 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ და 2018 წლის 24 ოქტომბრის №45/ნ ბრძანებების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლში მოცემულია სტუდენტთა იმ კატეგორიის ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება გადაცემოდათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემოდა 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ხოლო მეორე მხრივ, ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და გრანტის ვერ მოპოვება ან ნაწილობრივ მოპოვება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2019 წლის 13 ნოემბრის №MES51901548990 წერილით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ გ. ს-ი (პ/ნ ...) და მ. ს-ი (პ/ნ ...) 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაირიცხნენ სსიპ ...ის საჯარო სკოლის მე-10 კლასში და აქვე დაასრულეს ზოგადი განათლების სრული კურსი. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2016 წლის 11 ნოემბრის №2-161 და №2-162 ბრძანებები, რომელთა თანახმად, გ. ს-ი და მ. ს-ი ჩაირიცხნენ სსიპ ...ის საჯარო სკოლის მე-10 კლასში.
საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2019 წლის 12 დეკემბრის №MES41901705741 და №MES41901705679 ცნობებით დადგენილია, რომ მ. ს-ი და გ. ს-ი ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016-2017, 2017-2018 და 2018-2019 სასწავლო წლებში სწავლობდნენ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში და დაამთავრეს ზოგადი განათლების სრული კურსი.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მ. ს-ი ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ...ის ფაკულტეტზე, ხოლო გ. ს-ი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ...ის ფაკულტეტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელეებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსების მიზნით, მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ამასთან, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი განეკუთვნებოდნენ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილებით (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტით) განსაზღვრულ სტუდენტთა კატეგორიას, კერძოდ, ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის №MES 5 19 01674206 და №MES 6 19 01674207 სადავო წერილებით განმცხადებლებს ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილება ითვალისწინებდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამავე წერილებით მ. და გ. ს-იებს ასევე ეცნობათ, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 2019 წლის 22 ნოემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ დადასტურდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არსებულ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში მოსარჩელეების სწავლის ფაქტი. შესაბამისად, ისინი არ განეკუთვნებოდნენ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში, შეფასების საგანს წარმოადგენს, დასტურდება თუ არა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ...ში არსებულ საჯარო სკოლაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსარჩელეების სწავლის ფაქტი, რის საფუძველზეც უნდა შეფასდეს, განეკუთვნება თუ არა მოსარჩელეთა კანდიდატები საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღი, კერძოდ, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. ამავე მუხლით ასევე გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული დანაწესისგან განსხვავებული რეგულირების ჩამონათვალი. ამავე კანონის მე-2 მუხლის ღ5 პუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა განიმარტება როგორც მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 22 ნოემბრის №MES31901598821 წერილზე დანართის სახით წარდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მ. ს-ი და გ. ს-ი აფხაზეთის №... საჯარო სკოლიდან, მობილობის საფუძველზე, 2016 წლის 9 ნოემბერს გადავიდნენ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში.
საკასაციო პალატა, სადავო საკითხთან მიმართებით მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში ჩაირიცხნენ 2016 წლის 11 ნოემბერს (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 22 ნოემბრის №MES31901598821 წერილის თანახმად) და არა სასწავლო წლის დაწყებისთანავე - 2016 წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება შეფასდეს, რომ მოსარჩელეებმა არ გაიარეს სრული სასწავლო წელი (2016-2017). აღნიშნული პოზიციის განსამტკიცებლად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ არაერთ დოკუმენტზე, კერძოდ, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2019 წლის 13 ნოემბრის №MES51901548990 წერილით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ გ. ს-ი და მ. ს-ი 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაირიცხნენ სსიპ ...ის საჯარო სკოლის მე-10 კლასში და აქვე დაასრულეს ზოგადი განათლების სრული კურსი. ამასთან, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2019 წლის 12 დეკემბრის №MES41901705741 და №MES41901705679 ცნობებით დასტურდება, რომ მ. ს-ი და გ. ს-ი ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016–2017, 2017–2018 და 2018–2019 სასწავლო წლებში სწავლობდნენ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში და დაამთავრეს ზოგადი განათლების სრული კურსი. ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში კი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მოსარჩელეების სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსარჩელეების სწავლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოსარჩელეები სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში ჩაირიცხნენ 2016 სასწავლო წლის პირველივე სემესტრში და სრულად ექვსივე სემესტრი (2016-2017, 2017-2018, 2018-2019 წლებში) გაიარეს და დახურეს სწორედ ...ის საჯარო სკოლაში, რის საფუძველზეც მიიღეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ბოლო სამი წელი სრულად სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სადავო აქტებში მითითებული გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ გამოკვლეული არ არის, სახელდობრ, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ განცხადებებში მითითებული გარემოებები და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის კომპლექსურად გაანალიზებული, ასევე, შეფასების მიღმაა დატოვებული სამინისტროში სხვადასხვა ორგანოს მიერ წარდგენილი ინფორმაციები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსარჩელეების სწავლის ფაქტთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სამინისტროს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საკასაციო პალატა სადავო წერილების სახესთან მიმართებით კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის №MES 6 19 01674207 და №MES 5 19 01674206 წერილები შეიცავენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართებულად მიუთითა რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო სადავო წერილების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 6 დეკემბრის №MES 6 19 01674207 და №MES 5 19 01674206 წერილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებაზე. წერილები აკმაყოფილებენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ნიშანს (ელემენტს), რამდენადაც წერილებში ასახულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ანუ იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოს და მოქალაქეს შორის ურთიერთობას. ამგვარად, სახეზეა ინდივიდთა უფლების მზღუდავი ადმინისტრაციული აქტები, რომლებმაც გამოიწვიეს დაინტერესებულ პირთა მიმართ გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომა, რაც მხარეს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებამოსილებით აღჭურავს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 9 დეკემბრის №1613 ბრძანებით მოსარჩელეების მიმართ დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგის დადგომასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით განისაზღვრა მხოლოდ იმ პირთა წრე, რომელთა განცხადებები დაკმაყოფილდა. დასახელებული ბრძანებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება მიენიჭათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამდენად, მითითებულ ბრძანებაში მოსარჩელეთა მოთხოვნასთან დაკავშირებით არანაირი დასაბუთება არ არის მოცემული, თუ რის საფუძველზე, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა სამინისტრომ მოსარჩელეთა მოთხოვნა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეთა მიერ ვერ გახდებოდა სადავოდ, ვინაიდან ზემოაღნიშნული ბრძანებით მოსარჩელეების სამართლებრივი ინტერესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. სტურუა
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე