საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-821(კ-21) 17 მარტი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. დ-იმა 2020 წლის 31 ივლისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და თ. დ-ის ნაწილში ამავე კომისიის 2020 წლის 3 ივნისის №10 ოქმისა და 2020 წლის 4 ივნისის №10 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, 943 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის აღირებასაც ის ითხოვს, წარმოადგენს წლების მანძილზე ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას და აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არ ესაზღვრება არავის საკუთრება თუ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, გარდა თვით განმცხადებლის მიწის ნაკვეთებისა. სადავო მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნაკადული, ხოლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან თ. დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ტერიტორიაზე სავალი გზის არარსებობა არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, მათ შორის მოწმეთა - დ. და გ. დ-იების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით, რომლებშიც მიუთითებენ, რომ მოსარჩელეს წლების მანძილზე თვითნებურად ეკავა და ფლობდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და მოცემულ ტერიტორიას არ ჰყავდა მომჩივანი ან სხვა დაინტერესებული პირი. კასატორი ასევე მიუთითებს ქალაქ ბორჯომის მიწათსარგებლობის გენ-გეგმაზე, სიტუაციურ და საკადასტრო-აზომვით ნახაზებზე, რომლებშიც არ არის ასახული გზა. რაც შეეხება 2003 წლის გენ-გეგმას, რასაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას, საქმეში წარმოდგენილია ასლის სახით, რაც მის რეალურ არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ამასთანავე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მეორე საფუძველი იყო მომიჯნავე მიწის მესაკუთრეთა თანხმობების არარსებობა, თუმცა ასეთი პირები საქმეში მესამე პირებად არ იქნენ ჩართული. შესაბამისად, დასტურდება, რომ არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და არც სასამართლოებმა არ გამოიყენეს საქმის არსებითი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები და საკითხი გადაწყვიტეს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. დ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თ. დ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, მიმდებარე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზის არარსებობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე, უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.). საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი. სწორედ ამ საფუძვლით ეთქვა უარი თ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საზოგადოებრივი სარგებლობის გზას.
განსახილველ შემთხვევაში, აღიარების კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი 943 კვ.მ. მიწის ნკავეთი ესაზღვრება თ. დ-ის საკუთრებაში არსებულ ... და ს/კ ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებს. უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად მოქცეულია ერთიან ღობეში, იგი თავისი კონფიგურაციით ზღუდავს/კეტავს მიმდებარედ სარგებლობაში/საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ გზას. მიმდებარე მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა კი, არ არსებობს. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აღიარების კომისიამ განიხილა თ. დ-ის განცხადება. განმცხადებელმა არ წარადგინა მოწმეთა (მეზობლების) ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები, რომელთა მიწის ნაკვეთებიც ესაზღვრება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს. კომისიამ დაადგინა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მომიჯნავე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან მისასველი გზის შემადგენელ ნაწილს. საბოლოოდ, თ. დ-ის უარი ეთქვა მომიჯნავე 943 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალებით, ე.წ. „...ის“ გენ-გეგმის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის მიხედვით, კონკრეტულ ტერიტორიაზე გზის არსებობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება და ამასვე უთითებს მოსარჩელეც, თუმცა ამ მტკიცებულებებით, ასევე კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ მომიჯნავე და მიმდებარე მიწის ნაკვეთებს არ გააჩნიათ მისასვლელი გზა, რასაც თავადვე ადასტურებს მოსარჩელე თავისი განმარტებით, რომ მესაკუთრეები მიწის ნაკვეთებით სარგებლობენ მდინარის მხრიდან მოწყობილი მისასვლელით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 945 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებით, უპირობოდ შეიზღუდება ამ უკანასკნელის მომიჯნავედ და მიმდებარედ მდებარე ნაკვეთების მესაკუთრეთა (მოსარგებლეთა) უფლებები, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოვა პირის საკუთარი ქონებით თავისუფლად და შეუფერხებლად სარგებლობის გარანტირებულ უფლებასთან.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ბორჯომის, ე.წ. „...ი“ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მომზადებულ საკადასტრო რუკაზე, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ, უფლებაასაღიარებელ 943 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, მართალია, მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, თუმცა მისი მდებარეობა და კონფიგურაცია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი ფუნქციური დატვირთვა სწორედაც რომ საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილ გზას წარმოადგენს.
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისიის მიერ სადავო მონაკვეთი მართებულად იქნა მიჩნეული საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილ გზად, რაც წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას. ამდენად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას საერთო სარგებლობის გზის არსებობის გამო, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ საკითხს. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 3 ივნისის №10 ოქმი (თ. დ-ის ნაწილში) და 2020 წლის 4 ივნისის №10 განკარგულება მიღებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. თ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. ც. ქ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს თ. დ-ის საკასაციო საჩვარზე 2021 წლის 12 ოქტომბერს №11761840491 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე