ბს-1010(კ-21) 15 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ხ-იმა 07.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილთა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 13.11.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის ოჯახის ბინის უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2021წ. გადაწყვეტილებით ე. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.11.2020წ. ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება ე. ხ-ის ოჯახის ბინით უზრუნველყოფა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე. ხ-ი და მისი შვილები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.11.2020წ. ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ე. ხ-ის ოჯახს, ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მეუღლის საკუთრების გამო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მეუღლის საკუთრების გამო მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილების მამის, ო. ს-ეის, თანაცხოვრებისა და საერთო სამეურნეო საქმიანობის წარმართვის ფაქტი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.02.2021წ. ინფორმაციით ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მინაცემთა ბაზის მიხედვით ე. ხ-ი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ე. ხ-ის არასრულწლოვანი შვილის კ. ს-ეის (დაბ. ...წ.) საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ...ის ქ. მე-... მკრ, №...-ში მდებარე 16.72 კვ.მ. ბინა, თუმცა მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ აღნიშნული ბინა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების ფარგლებში იქნა ე. ხ-ის არასრულწლოვანი შვილის საკუთრებად რეგისტრირებული. აღნიშნული ბინის ფაქტობრივ ფლობას ახორციელებს და 1985 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ნ. ხ-ი, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ ზემომითითებულ კორპუსში მცხოვრები პირები. ე. ხ-ის არასრულწლოვანი შვილის კ. ს-ეის საკუთრებად 17 კვ.მ.-მდე ფართის მქონე ბინის რეგისტრაციის ფაქტი არ გამორიცხავს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით პრიორიტეტულად უზრუნველყოფის საჭიროებას, ვინაიდან დადგენილია, რომ ე. ხ-ის და მის შვილებს ფაქტობრივად არ ეძლევათ აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან, თუნდაც არსებობდეს არასრულწლოვანი კ. ს-ეის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინის, მოსარჩელისა და მისი შვილების მიერ გამოყენების შესაძლებლობა, ზემოაღნიშნული ბინის ფართობი (16.72 კვ.მ.) იმდენად მცირეა, რომ ის ვერ იქნება მიჩნეული ოთხსულიანი ოჯახის, მათ შორის სამი არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის შესაფერის საცხოვრებლად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამაც დაუსაბუთებლად შელახა განმცხადებელთა კანონიერი ინტერესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭრიოებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. საქმეში წარმოდგენილია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება ო. ს-ეის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ე. ხ-ის არასრულწლოვანი შვილის კ. ს-ეის სახელზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად სასამართლომ სრულიად უგულებელყო სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის პოზიცია. ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ მოსარჩელეს მეუღლეს ჰქონდა საკუთრება, შესაბამისად, სააგენტომ არ ჩათვალა საჭიროდ მოსარჩელის ოჯახის სასწრაფო განსახლება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე. ხ-ის გააჩნია არა ერთი ალტერნატიული საკუთრება, სადაც მას შეუძლია ცხოვრება და ამ ეტაპზე სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე ე. ხ-ი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. №62 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1 - შპს „...“. ამავე ოქმის მიხედვით, ე. ხ-ის ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მეუღლის საკუთრების გამო. ოჯახის მისამართად მითითებულია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1, შპს „...“ (...). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 13.11.2020წ. ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.10.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №62), ე. ხ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მეუღლის საკუთრების გამო. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მეუღლეს გააჩნია საკუთრება, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. 30.06.2020წ. აღწერის ფორმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში (...ში) ვიზიტისას მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა ე. ხ-ი შვილებთან ერთად, ხოლო ო. ს-ეე შესაბამის სამსახურს ადგილზე არ დახვდა. 07.10.2020წ. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმით, ქ. ქუთაისში, ...ეს ქუჩაზე განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ამ მისამართზე ო. ს-ეე ცხოვრობს დედასთან ერთად, ხოლო მისი სამი შვილი დედასთან ერთად ცხოვრობს „...ში“. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე ე. ხ-ის და მისი არასრულწლოვანი შვილების მამის, ო. ს-ეის, თანაცხოვრებისა და საერთო სამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.02.2021წ. წერილის მიხედვით, ამავე სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით ე. ხ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით სადავო გადაწყვეტილების უარის თქმის საფუძვლად მეუღლის საკუთრებაზე მითითება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა. კასატორი ასევე მიუთითებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლის მიხედვით ქ. ქუთაისში, ...ის მე-... მ/რ-ში, №...-ში მდებარე ბ. 47-ზე (16.72კვ.მ. ფართზე) რეგისტრირებულია მოსარჩელის შვილის - კ. ს-ეის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.02.2021წ. წერილის თანახმად, კ. ს-ეის საკუთრებაში რეგისტრირებულ (საკადასტრო კოდი ...) მისამართზე რეგისტრირებულია 1 პირი - ნ. ხ-ი. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტუდება კ. ს-ეის საკუთრებაში რეგისტირებული ფართით მოსარჩელის ან მისი შვილების მიერ ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, ამასთანავე, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ (დანართი №9). აღნიშნული დანართით დადგინდა დევნილი ოჯახის რიცხოვნობის შესაბამისად ახლად აშენებული და ცარიელი შენობებისთვის მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი (მაგ. 3-4 მოსახლეზე ოროთახიანი ბინა 50-დან 60 კვ.მ.-მდე), ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შემთხვევაშიც კასატორის მიერ მითითებული ფართის ოდენობა (16,72კვ.მ.) მოსარჩელის ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით შეუსაბამოა მინიმალურ საორიენტაციო სტანდარტთან, შესაბამისად აღინიშნული პრეტენზია არ უნდა იქნეს გაზიარებული. კასატორის მოსაზრება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მისი დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა 21.04.1994წ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საქმეზე დადგენილია, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები - მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ და ნგრევად ობიექტში, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი