ბს-987(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ნ-ემ 17.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. №04-1819/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება. მოსარჩელემ 26.12.2019წ. საქალაქო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ დაასახელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2021წ. განჩინებით, თ. ნ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა გ. ჩ-ა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2021წ. გადაწყვეტილებით, გ. ჩ-ას (თ. ნ-ეის უფლებამონაცვლის) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. №04-1819/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასა და დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. 1997 წლიდან მოსარჩელის მიერ ქირის გარეშე იმ ფართში ცხოვრების ფაქტი, რომელიც ამჟამად მოქალაქე გ. შ-ის საკუთრებაა, არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მისი ინტერესის პრიორიტეტულობას. დროებით, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად გ. ჩ-ას ოჯახის მინიჭებული აქვს 7 ქულა. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 ოქმით დასტურდება, რომ ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6 და მეტი ქულა. გ. ჩ-ასთან მიმართებით მიუხედავად მინიჭებული 7 ქულისა, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით სხვა პირის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითმა სარგებლობამ გამორიცხა მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროება. აღნიშნული საკითხი მოპასუხის მიერ არგუმენტირებულად ვერ იქნა დასაბუთებული. აპელანტი უთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისების ფიქტიურობაზე, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 14.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ბინა თ. ნ-ემ გაასხვისა გ. შათირიშვილზე მძიმე ეკონომიკური მდგომარების გამო და ამჟამინდელი მდგომარეობითაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელიც ითხოვს შეძენილი ბინის გათავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემას. მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მინიჭებული ქულის (7 ქულა) და იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი შედგებოდა სოციალური შემწეობის მიმღები პენსიონერებისაგან, აწ გარდაცვლილი თ. ნ-ე წარმოადგენდა შშმ პირს და აღენიშნებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მიერ ბინის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად და მკურნალობის მიზნით გაწეულ ხარჯად. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრისით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მას ფაქტობრივად გააჩნია სხვა უძრავი ქონება, უსაფუძვლოა.
თ. ნ-ეის უფლებამონაცვლედ გ. ჩ-ას ცნობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2021წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ აპელანტის შუამდგომლობებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. განჩინება უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ კერძო საჩივრით მოპასუხე სააგენტოს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მოკლებულია აღნიშნული განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით მსჯელობის შესაძლებლობას და აპელანტის შუამდგომლობა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი, რაც შესაძლებელია გასაჩივრდეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ჩ-ას თ. ნ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობის მიუხედავად, სახელმწიფოს გ. ჩ-ას, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის მიმართ, მისთვის მინიჭებული ქულიდან გამომდინარე, ეკისრებოდა ამ უკანასკნელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხზე მსჯელობის ვალდებულება, რაც არ განახორციელა, ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ნ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხდება მეუღლესთან - გ. ჩ-ასთან ერთად წარადგინა და წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7 ქულა, საიდანაც 2 ქულა მიენიჭა შმმ პირის კრიტერიუმის გამო. სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე თ. ნ-ე გარდაიცვალა, შესაბამისად, მინიჭებული 2 ქულა ფაქტიურად გაუქმდა და დარჩენილ ქულათა ოდენობა აღარ იყო საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და 14.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, ამასთან, მოსარჩელე ადასტურებს ბინაში ცხოვრების ფაქტს 1997 წლიდან დღემდე ქირის გადახდის გარეშე. მოსარჩელეს გააჩნდა საცხოვრებელი, რომელიც გაასხვისა იმ მიზნით, რომ სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობა ჰქონოდა. პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დააგროვეს ფართის მისაღებად საკამრისი ქულა და მათი საცხოვრებლად უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსახილველ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა უფლებამონაცვლეობა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ უფლებამონაცლეობა დაუშვებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა შუამდგომლობა, რასაც კასატორი არ ეთანხმება. კასატორმა ასევე მაგალითების სახით მიუთითა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დევნილი ოჯახები, ქულის ხელოვნურად მომატების მიზნით, ფიქტიურად ასხვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საქმის მასალებში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 სხდომის ოქმის თანახმად, ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა თ. ნ-ეის ოჯახს, რომელიც შედგება ორი წევრისაგან და შეფასებულია 7 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა იმ საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო, რომელიც თავად გაასხვისა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.11.2019წ. №04-1819/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) თ. ნ-ეს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმის მასალებში დაცული 03.09.2013წ. გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თ. ნ-ე იყო ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ-ში, კორ. ...-ში მდებარე ბ. 45-ის მესაკუთრე. 17.07.2017წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული ბინის მესაკუთრეს, 14.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს გ. შ-ი. ამდენად, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის დროისათვის (18.12.2017წ.) აღნიშნული ბინა მოსარჩელის ან საქმეზე უფლებამონაცვლედ ჩაბმული პირის - გ. ჩ-ას (მოსარჩელის მეუღლის) საკუთრებას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ. ნ-ე, ასევე მისი მეუღლე - გ. ჩ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები, თ. ნ-ე 18.12.2017წ. განცხადებით მეუღლესთან ერთად ითხოვდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, ამასთან, კასატორი არ მიუთითებს, რომ გ. ჩ-ა არ არის საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლებაზე უფლებამოსილი პირი. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ზემოთ მითითებულ ბინაში ცხოვრების ფაქტი 1997 წლიდან დღემდე ქირის გადახდის გარეშე, უსაფუძვლოა, აღნიშნული მითითებები არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)).
საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმისა შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ ბინის გასხვისება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და 14.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლის თანახმად თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მითითებული ნორმის დათქმიდან გამომდინარე თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე - რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლობის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში მხარეები ვერ ერკვევიან რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (სუს 17.06.2015წ. განჩინება, საქმე №ას-487-461-2015). მტკიცების ტვირთი თვლათმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (სუს 08.04.2021წ. განჩინება, საქმე №ას-1382-2020). სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 14.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად არ არის ცნობილი, ამასთან, კასატორი ამ ხელშეკრულებას მიიჩნევს თვალთმაქცურ გარიგებად, თუმცა არ მიუთითებს „მეორე“ გარიგებაზე, რომლის დაფარვაც მხარეებს სურდათ, რაც აღნიშნული მოსაზრებას კიდევ უფრო მეტად ხდის უსაფუძვლოს. გარიგების ფიქტიურობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია, ამდენად, მხოლოდ ზოგადი მითითებები და მაგალითები იმის შესახებ, რომ დევნილი პირების მიერ ბინები სხვისდება ქულების ხელოვნურად მომატების მიზნით, ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დევნილის ოჯახმა დაკარგა ორი ქულა (შშმპ კატეგორია) თ. ნ-ეის გარდაცვალების გამო, ხოლო დარჩენილი ქულები საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სადავო აქტის კანონიერებას არ ადასტურებს. გასაჩივრებული აქტი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა არა ქულების არასაკმარისი რაოდენობის გამო, არამედ სადავო გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ ბინაში. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს დღეის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალური კრიტერიუმის“ (დანართი 8) „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 1994 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, ენიჭება 1,5 ქულა. საქმის მასალებით თ. ნ-ეის უფლებამონაცვლე გ. ჩ-ა დაიბადა ...წ.. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის 10.10.2019წ. №39 ოქმის თანახმად, ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით განხორციელდა იმ განცხადებების მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და მეტი ქულა, ხოლო თ. ნ-ეის ოჯახს შეფასების შედეგად მიენიჭა 7 ქულა, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია ქულების არასაკმარისი რაოდენობის თაობაზე არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
კასატორმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა უფლებამონაცვლეობა, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა შუამდგომლობა, რასაც კასატორი არ ეთანხმება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება პირის დევნილის სტატუსს, შესაბამისად დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის წევრს აქვს ასეთი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ნ-ეის უფლებამონაცვლე გ. ჩ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (ს.ფ. 22), ამასთან, თ. ნ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში 18.12.2017წ. წარდგენილი განცხადებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა მეუღლესთან - გ. ჩ-ასთან ერთად (ს.ფ. 106-107). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს თავად კასატორიც არ უარყოფს. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 419-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა გამორიცხავს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება (განუხილევლად დატოვების თაობაზე) საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კერძო საჩივართან დაკავშირებით დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს მხარის მიერ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი