№ბს-1151(3კ-21) 14 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 2 მარტს და 2022 წლის 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომებზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად, შეამოწმა ლ. შ-ის (მესამე პირი (სასკ -16.2)), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისარქიტექტურის სამსახურის (მოპასუხეები) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ს-ი (მოსარჩელე)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 4 დეკემბერს ლ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. შ-ი.
2018 წლის 27 თებერვალს ლ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №4 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ლ. შ-ი.
2018 წლის 20 სექტემბერს ლ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.3 მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ს-ი- წ-ე, ბ. შ-ა, ბ. ა-ნ, გ. შ-ი, გ. ა-ე, დ. მ-ე, დ. გ-ა, ე. ბ-ლ, ვ. ს-ე, ზ. ა-ე, თ. ნ-ი, თ. გ-ი, კ. ნ-ი, ლ. რ-ე, ლ. გ-ა, ლ. დ-ი, ლ. ლ-ე, ლ. თ-ე, მ. ნ-ე, მ. ხ-ი, მ. კ-ე, მ. პ-ი, მ. ქ-ე, მ. ყ-ი, მზ. ყ-ი, მ. ი-ი, ნ. კ-ა, ნ. ა-ე, ნ. ქ-ე, ნ. თ-ე, ნ. ნ-ი, ნ. ფ-ი, ნ. ღ-ე, ო. შ-ი, რ. ს-ე, რ. გ-ე, ქ. კ-ი, ხ. გ-ი, ჰ. მ. ჯ-ს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის სხდომაზე ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №4 ბრძანების უკანონოდ აღიარების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. თ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. შ-იმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ლ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით, ლ. ს-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპროექტო ნაგებობა მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საკადასტრო ერთეულში იმგვარად, რომ აღიქმებოდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნაწილად და მისი ფუნდამენტი იყო დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთან. ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებისა და სასამართლოს მიერ განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგად გაკეთებული შეფასების საფუძველზე, დასტურდებოდა, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ჰქონდათ საფუძველი დაედგინათ, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ლ. შ-ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება, არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.
არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იყო საპროექტო ნაგებობის სიძველისა და მისი დაზიანების შესახებ. 2016 წლის 27 სექტემბრის №2855611 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-...-ში (ძეგლი) არსებული შენობის სარეაბილიტაციო, გასამაგრებელი სამუშაოების არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, შენობის საძირკვლებში თითქმის ყველგან შეინიშნებოდა წყლის გაჟონვის ნიშნები, რაც რთული გრუნტის პირობებში, სეისმურ შეშფოთებებთან ერთად, აზიანებდა შენობას, იწვევდა საძირკვლების არათანაბარ ჯდენას, კედლების დაბზარვას, რაც საბოლოოდ შენობას ექსპლუატაციისათვის უვარგისს ხდიდა. ასეთ პირობებში, შენობაზე სხვენის დაშენების პროექტის განხორციელების შესახებ კონსტრუქციული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის უსაფრთხოებაზე მსჯელობა მხოლოდ იმ პირობებში, თუ შესაბამის დასკვნაში დეტალურად იქნებოდა აღწერილი და შეფასებული შენობის მდგომარეობა და ასევე, დეტალურად იქნებოდა განხილული საპროექტო სამუშაოების მოსალოდნელი ზემოქმედება შენობაზე. წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნები კი მსგავსი სახის დასაბუთებას არ შეიცავდა. ყოველ ჯერზე გამეორებული იყო ა. მ-ის დასკვნა, რომელიც ზოგადად უთითებდა, რომ მსუბუქი კონსტრუქციებით მანსარდის დაშენება არ წარმოადგენდა საფრთხეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ლ. შ-იმა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ტერიტორიების მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური უფლებამოსილი და ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვისა და იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნიდან გამომდინარე. ამ საკითხების შეფასებისას, სამსახური ეყრდნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნას. საბჭო წარმოადგენს იმ სათათბირო ორგანოს, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სპეციალური ცოდნა და რომელიც უფლებამოსილია განიხილოს დედაქალაქის ისტორიულ-კულტურულ ნაწილში სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მოცემულ შემთხვევაში, შეთანხმებული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან შესაბამისობა შეფასებულია აღნიშნული საბჭოს მიერ დადებითად. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების საწინააღმდეგოდ საქმეში რაიმე მტკიცებულება არ მოიპოვება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი მერია მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პოზიცია შეთანხმებული პროექტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან წინააღმდეგობის თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-...-ში არსებული მდებარე მრავალბინიანი შენობის გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით, გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №38-011730061 წერილით დგინდება, რომ თბილისში, ...ის ქ. №...-...-ში მდებარე შენობის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპისთვის ა(ა)იპ "...ში" მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის (ფორმა №2) მომზადება. ამდენად, დადასტურდა საპროექტო შენობის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების ფაქტი და შესრულებულად უნდა იქნას მიჩნეული შენობის აუცილებელი გამაგრების პირობაც.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000893918 დასკვნით, შეფასებულია თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში ორსართულიან შენობაზე ერთი სართულის დაშენების მიზანშეწონილობა, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტი ცალსახად არ უთითებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ,,დაშენების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება“.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მიუთითებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო არის ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება, შეაფასოს, ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი, განიხილოს წარმოდგენილი პროექტი ვიზუალურ- მხატვრული იერსახის კუთხით, იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია ძეგლის ასეთი სახით განვითარება და მისი განხორციელება ხომ არ უქმნის საფრთხეს ძეგლის ავთენტურობას ან/და მის ვიზუალს. საბჭოს დებულების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოც კი, გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით და არა ერთხმად, შესაბამისად, გაურკვეველია, ერთი კონკრეტული ხელოვნებათმცოდნის პირადი მოსაზრება რატომ არის უპირატესად გასათვალისწინებელი, როდესაც საქმეში დევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადებითი შეფასება მიეცა ქ . თბილისში, ...ის ქ №...-ში რსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, როგორც პირველადი, ასევე კორექტირებული სახით.
საქმეში წარმოდგენილია არაერთი დასკვნა შენობის კოსტრუქციული მდგრადობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოები და მითუფრო მსუბუქი კოსნტრუქციით დაშენება, არ გამოიწვევს შენობის მდგრადობის გაუარესებას.
საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ 2014 წლის საინჟინრო გეოლოგიური პირობების გამოკვლევის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საინჟინრო გეოლოგიური სირთულის მიხედვით, საკვლევი მოედანი მიეკუთვნება პირველ (მარტივ) კატეგორიას, იგი წარმოადგენს სწორ ადგილს, რომელზე განთავსებული შენობის მდგომარეობისათვის საფრთხის შემცველი გეოლოგიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის. საქმეში ასევე წარმოდგენილია კონსტრუქტორ ა. მ-ის კონსტრუქციული დასკვნა, რომლის მიხედვით, საპროექტო შენობაზე მანსარდის მოწყობა დასაშვებია ხის მსუბუქი კონსტრუქციებით. ამასთან, აღსანიშნავია შპს „...ის“ მიერ 2017 წელს განხორციელებული კვლევა განსახილველი პროექტის შენობის საძირკველების მზიდუნარიანობაზე გავლენასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ექსპერტი აღნიშნავს, რომ შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ გაზრდილი დატვირთვები არ ახდენს გავლენას შენობის საძირკველის მზიდუნარიანობაზე. კასატორი ასევე მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ, შპს „...ის“ და შპს „...ის“ დასკვნებზე, რომელთა მიხედვითაც, შენობის მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.
კასატორი ლ. შ-ის პოზიციის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სადავო აქტების გამოცემისას გათვალისწინებული არ ყოფილა, პროექტის განხორციელება რამდენად ემსახურებოდა ძეგლის კვლევის ან რეაბილიტაციის მიზანს. მოცემულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 22 ივნისის და 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებებით დადებითი დასკვნები გაიცა კასატორის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე. შესაბამისად სრულიად ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია რის საფუძველზე უგულებელყვეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნები და დაეყრდნენ ცალკეული ხელოვნებათმცოდნის კერძო მოსაზრებას, რომელსაც სადავო საკითხზე განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა და არც ჰქონია ამგვარი უფლებამოსილება.
სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვინაიდან საპროექტო შენობა-ნაგებობაზე სრულად არ განხორციელებულა გაძლიერება-გამაგრებითი სამუშაოები, დაშენების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება. საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ მისი დასკვნა ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდს. დაზუსტებით ვერ იტყოდა, რომ შენობის დაზიანებები გამოწვეული იყო კასატორის მიერ წარმოებული სამუშაოებით.
შპს „...ის“ 2014 წლის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევის ანგარიში, რომელშიც მითითებულია, რომ საინჟინრო-გეოლოგიური სირთულის მიხედვით საკვლევი მოედანი განეკუთვნება პირველ, მარტივ კატეგორიას. იგი წარმოადგენს სწორ ადგილს, რომელზეც შენობის მდგრადობისთვის საფრთხის შემცველი გეოლოგიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ა. მ-ის კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, საპროექტო შენობაზე მანსარდის მოწყობა დასაშვებია ხის მსუბუქი კონსტრუქციებით.
შპს „...ის“ 2017 წლის კვლევის მიხედვით, შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე გავლენასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ გაზრდილი დატვირთვები არ ახდენს გავლენას შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე. კონსტრუქციული ნაწილი ექსპერტ ჯ-ის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე შესრულებულად და მიეცა დადებითი რეკომენდაცია.
შპს „...ის“ 2018 წლის 25 ნოემბრის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, 2017 წელს ჩატარდა არსებული შენობის გაძლიერებითი ხასიათის საინჟინრო ღონისძიებები, რომლის შემდეგაც სარდაფის კედლებზე დეფორმაციები არ ფიქსირდება. შპს „...ის“ 2019 წლის 19 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ...ის №...-ში მდებარე შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა მისი კონსტრუქციების ლოკალური დაზიანებების მიუხედავად, შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. შენობაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის და გაცემული ნებართვის საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოებს შენობაზე უარყოფითი ზემოქმედება არ მოუხდენია. დაშენების სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ექსპერტის მოსაზრებით დაუშვებელია, ხანდაზმული შენობის კონსტრუქციების მზიდუნარიანობის შესაძლო დასუსტებისა და მათში რღვევების წარმოქმნის გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ განხორციელებულ დაშენებას (რომელიც უკვე შესრულებული და დამთავრებულია) უარყოფითი ზეგავლენა შენობაზე არ მოუხდენია. უფრო მეტიც, გაცილებით საფრთხის შემცველია მისი დემონტაჟი და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის კონსტრუქციების მზიდუნარიანობის დასუსტება, რღვევების წარმოქმნა და საფრთხე შეუქმნას მის შემდგომ ექსპლუატაციას.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მან კეთილსინდისიერად მოიპოვა ნებართვა, რომლის აღსასრულებლადაც ბანკიდან გამოიტანა სესხი და დაასრულა რეკონსტრუქცია. გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერებით და შემდგომ ბათილად ცნობით, მას ყოველდღიური მატერიალური ზიანი ადგება. ამასთან, მოსარჩელე ლ. ს-ის საკუთრებაშია ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობა, ხოლო აპელანტის საკუთრებაში - ...ის ქუჩა №...-ში. ეს ორი დამოუკიდებელი ნაგებობაა და აპელანტის მიერ თავის საკუთრებაზე განხორციელებული რეკონსტრუქცია ვერანაირ თეორიულ საფრთხესაც კი ვერ შეუქმნის მოსარჩელის ნაგებობას, რაც გამორიცხავს მის იურიდიულ ინტერესს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ლ. შ-ის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2022 წლის 2 მარტს და 2022 წლის 13 აპრილს.
2022 წლის 16 მარტს, კასატორმა ლ. შ-იმა წარმოადგინა 2022 წლის 14 მარტის საექსპერტო დასკვნა, ქ. თბილისში ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობა №1/3-ის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანების (...ის ქუჩა №...-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის მოწონებისა და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში), სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებისა (...ის ქუჩა №4-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის მოწონების, უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 10 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გ. ჩ-ემ №AR1494401 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ლ. შ-ის კუთვნილ, №... და №... საკადასტრო კოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით ხდებოდა არსებული მანსარდის გაფართოება და ფასადის რესტავრაცია; პროექტი ითვალისწინებდა ნაგებობის სახურავზე არსებული 108,61 კვ.მ. მანსარდის რეკონსტრუქციასა დადამატებით 114,25 კვ.მ. მანსარდის დაშენებას; არსებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის ერთ ნაწილში მოწყობილი იყო მანსარდის სართული, ეწყობოდა მთლიანი მანსარდი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №ს-ი-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისიდან - 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება 2017 წლის 25 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ის წარმომადგენელმა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა №... და №...-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და ესაჭიროებოდა გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი არ განხორციელებულა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანებით, ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2017 წლის 25 სექტემბრის №19/01172683413-01 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 4 ივნისს გ. ჩ-ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1605984 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემა მოითხოვა.
წარდგენილი პროექტი ობიექტის ნომენკლატურით ითვალისწინებდა ქ.თბილისში, ვ.აბაშიძის ქუჩ №...-ში მდებარე სასტუმრო „ო...ზე“ (III კლასი) სარეაბილიტაციო სამუშაოებს (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება), II კლასი, შეთანხმებული პროექტის ცვლილებას, მშენებლობის ნებართვის მიღებას. პროექტი ითვალისწინებდა მესაკუთრის ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფი სასტუმრო „ო...ს“ რეკონსტრუქციასაც. სასტუმრო ფუნქციონირებდა I, II სართულზე და მანსარდზე განთავსებული აპარტამენტებით. წარდგენილი პროექტით ხდებოდა, ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფი სხვენის ფართის მიერთება მანსარდის ფართთან და მისი რეკონსტრუქცია სასტუმრო ნომრების და სათავსების დამატებით. პროექტი ითვალისწინებდა: I სართულის ვესტიბიულის გაფართოება-მოწესრიგებას ტიხრების მოხსნის ხარჯზე; ადრე ფუნქციონირებად სასტუმროს I, II, მანსარდის სართულში არასაჭირო ტიხრების, კედლების მოხსნას და ახლის მოწყობას; ამ სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო პროექტის შესაბამისად იატაკების, სანკვანძების, შიდა ლესვითი, ელექტროობის, შიდა სამღებრო და სხვა საჭირო სამუშოების წარმოებას. ადრე დამტკიცებული პროექტის მიხედვით (AR1494401, ბრძანება №3358248 – 28/06.2017) დაშლა-შენების სამუშაოთა ნაწილის შესრულება დაწყებული იყო. ხელოვნებათმცოდნე ქ. დ-ას 2014 წლის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდებოდა მანსარდის და სხვენის ფართების გაერთიანება, მთლიანი სივრცის ახლიდან დაგეგმარება ერთიანი არქიტექტურული კონსტრუქციული გადაწყვეტის ფარგლებში, ერთნაირი საფასადე მასალის და კარ-ფანჯრის გამოყენებით, რითაც მიიღწეოდა რეკომენდირებული ერთიანი საფასადო იერსახე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №4077735) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებით გ. ჩ-ეის 2018 წლის 4 ივნისის №AR1605984 განცხადება დაკმაყოფილდა, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში (უძრავი ძეგლი) არსებულ შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივლისიდან - 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდი.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება, 2018 წლის 27 ივლისს №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ის წარმომადგენელმა ბ. რ-იმა, რომელმაც ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობა მოთხოვა. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისში, ...ის ქუჩა №... და №...-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი სრულად არ განხორციელებულა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნის შესაბამისად, შენობაზე დაშენების გაგრძელება დაუშვებელი იყო, რაც მიუთითებდა, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა სრულყოფილად. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენების გაგრძელებას შეიძლება გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა და მზიდუნარიანობა სეისმური ნორმებიდან გამომდინარე შესუსტებული იყო და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი იყო. საჩივრის ავტორმა ასვე მიუთითა, რომ ლ. შ-ის №AR1605984 განცხადებას არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი იმაზე მითითებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა ძეგლზე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას, არსებობდა წინააღმდეგობა კონსტრუქციულ დასკვნასა და ლევან სამხარაულის სახელობისსასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნას შორის, ასევე, ერთმანეთს არ შეესაბამებოდა პროექტი და მისი კონსტრუქციული ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებული არ ყოფილა, არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა. სადავო აქტით მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ლ. შ-იმა თვითნებურად გააუქმა სახანძრო საევაკუაციო კიბე და სახურავზე ასასვლელი. მშენებლობის ნებართვა გაიცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე. საქმეზე წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, დასაშვები იყო მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციებით მშენებლობა, თუმცა მშენებლობისას გამოყენებული იყო რკინა-ბეტონის მასალა და ძველი ცეცხლგამძლე აგური.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №381 ბრძანებით, შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანების მოქმედება, ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანებით ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, ლ. შ-ის კუთვნილი ქონება მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკადასტრო ერთეულზე, სადავო მშენებლობის ნებართვები გაცემულია უძრავ ძეგლზე, მისამართი - თბილისი, ...ის №....
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, ფოტო-სურათებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას იმის თაობაზე, რომ საპროექტო ტერიტორია (...ის №...) და მოსარჩელე ლ. ს-ის საცხოვრებელი სახლი (...ის №...) ერთამენთთან არსებითად არიან დაკავშირებულნი, წარმოადგნენ მომიჯნავე/დაკავშირებულ შენობებს, ...ის №...-ში მდებარე შენობა კუთხით მიდგმულია №... შენობაზე და წარმოადგენს მის გაგრძელებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალოდ გავლენას ახდენენ ლ. ს-ის კანონიერ ინტერესზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე, ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.
სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებაში უპირველესად მოიაზრება არსებულ მატერიალურ კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება. სახელმწიფოს ევალება, გონივრულ ფარგლებში მიმართოს საკუთარი რესურსები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაზიანება და მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული მისი თავდაპირველი მდგომარეობა, რაც მის მნიშვნელობასა და ღირებულებას განაპირობებს(საქართველოს მოქალაქეები – მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება№2/6/1216, 2018 წლის 27 ივლისი).
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების დაცვასა და გამოყენებას.
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე დელეგირების უფლება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირება ემსახურება უფლებამოსილებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუხლი 17.1).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ძეგლთა დაცვის კანონმდებლობა არის უნიკალური რეგულირების საგნის მქონე კანონმდებლობის დამოუკიდებელი შტო, ამასთანავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია მულტიდისციპლინური, კომპლექსური დარგია, რომელიც მოიცავს საკუთრივ ძეგლთა დაცვის სფეროს, აგრეთვე სამეზობლო, სამშენებლო და სამართლის სხვა სფეროებს, რომელთა დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის №ბს-129(კ-19) განჩინება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო დაკომპლექტებულია, პარიტეტის პრინციპზე, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. საბჭო აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებით - განიხილოს ნებართვის გაცემის საკითხები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, თუმცა საბჭო თავის მხრივ არის სათათბირო ორგანო და მისი გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის(საბჭოს დებულება მუხლი 1.2.; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე, მუხლი 7.7). საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სსიპ ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, რომელმაც, საბჭოს დასკვნის მხედველობაში მიღებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისა და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი ამოსავალი წერტილია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რომ დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის №ბს-129(კ-19) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, „კულტურული ძეგლი შესაძლოა იყოს არასტანდარტული აგებულების მქონე ობიექტი, რამაც ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენის (ძეგლის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია) შემთხვევაში შესაძლოა განაპირობოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისაგან განდგომა. უკეთუ რესტავრაცია მოიცავს ძეგლში ცვლილების შეტანას ახალი ფართის წარმოქმნით, დამატებითი ახალი ფართის წარმოქმნა უნდა განხორციელდეს სამშენებლო ნორმების და რეგულაციების მხედველობაში მიღებით…„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 26.2 მუხლი ითვალისწინებს ახალი ფართის წარმოშობის შესაძლებლობას, თუმცა ახალი ფართის შექმნისას ძეგლთა დაცვის რეგულირებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამშენებლო ნორმები, თავის მხრივ სამშენებლო ნორმების გამოყენება ასეთ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ძეგლის ღირებულების შემცირება…საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 4.4 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას… ახალი ფართის წარმოშობისა და ძეგლის გაბარიტების ცვლილების შემთხვევაში, უნდა მოხდეს დამატებული ნაწილის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, მაცხოვრებელთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული დაშენებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველგვარი წესებისა და ნორმების უგულვებელყოფა.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი ფართის წარმოშობისა და ძეგლის გაბარიტების არსებითად ცვლილების პირობებში, დაუშვებელია უძრავ ძეგლზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მხოლოდ კულტურული მიზანშეწონილობის საფუძველზე და არსებული სამშენებლო ნორმების უგულებელყოფით, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული წარმოშობს საფრთხეს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის, ისე მასში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №000983718 დასკვნის (შესრულებული ექსპერტ გ. მ-ეის მიერ) მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-...-ში მდებარე შენობების (საკადასტრო კოდი №...) ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა: ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობის (საკადასტრო კოდი №.../2) საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად სეისმურ ნორმებთან გარკვეული შეუსაბამობებისა, იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან I-II ხარისხის დაზიანებები ფიქსირდებოდა მხოლოდ მზიდ კედლებში შენობის ერთ მხარეს, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობასთან მიჯრის 3 მ-იან ზონაში სხვადასხვა მიმართულებების ბზარების სახით და კედლების დანესტიანების ნიშნებით. რაც შეეხება ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობას (საკადასტრო კოდი №.../1), მასში ფიქსირდებოდა II-III ხარისხი დაზიანებები და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობები. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებული იყო შენობის გაძლიერება-რეკონსტრუქცია, მისი დაუსრულებლობის გამო შენობის ტექნიკური მდგომარეობა მაინც არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დაზიანებები ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობაზე (საკადასტრო კოდი №.../1) გამოწვეული იყო როგორც შენობის სიძველით (ექსპლუატაციის ხანმედეგობით), ისე დაშენების დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობის და ისეთი სამუშაოების შესრულების შედეგად, რომლებიც იწვევდა ძლიერ ვიბრაციულ დატვირთვებს. დაზიანებების გამომწვევი მიზეზი შესაძლებელი ყოფილიყო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებიც, მაგრამ ამ უკანასკნელი მიზეზით შენობებზე დაზიანებების მისაყენებლად საჭირო იყო მაპროვოცირებელი ხასიათის ფიზიკური ზემოქმედება როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე სეისმიური დატვირთვების სახით. 2. დაშენების გაგრძელებას შესაძლოა, გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება, იმის გამო, რომ მისი მდგრადობა და მზიდუნარიანობა სეისმიური ნორმებიდან გამომდინარე იყო შესუსტებული და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია იყო საფრთხის შემცველი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ივნისის №003826018 დასკვნის (შესრულებული ექსპერტ ა. რ-ის მიერ) მიხედვით: „ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შენობაზე არსებული დაზიანებები II-III ხარისხისაა და ძირითადად გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ დაშენების შედეგად, დაზიანებულ და მნიშვნელოვანი ასაკობრივი ცვეთის მქონე კედლებზე დამატებითი დატვირთვების წარმოქმნით. დაშენების დასრულება გამოიწვევს ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას. მოქმედი სეისმური ნორმების მიხედვით აგურის შენობების სართულიანობა შეზღუდულია სამ სართულამდე. აქედან გამომდინარე სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დაშენების შესაძლებლობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევებით და გაანგარიშებით. საკვლევი შენობის საძირკვლებსა და კედლებზე შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების (საძირკვლების გაგანიერება, კედლების გარსაკრში ჩასმა, ღიობების მოჩარჩოება და სხვა) შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთი სართულის დაშენება. ამავე დროს კაპიტალურობის ჯგუფის მიხედვით საკვლევი შენობა III ჯგუფისა და მისი გამოსადეგობის ვადა შეადგენს 100 წელს, რაც პრაქტიკულად ამოწურულია. შენობის ნაწილზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება არასაკმარისია და აუცილებელია მთელ შენობაზე გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, მიუხედავად იმისა განხორციელდება თუ არა დაშენება“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების ერთობლიობით, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებული ადგილზე დათვალიერების შედეგად გაკეთებული დასკვნების საფუძველზე, სარწმუნოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ...ის №... შენობის მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი და დაწყებული მშენებლობის გაგრძელება და დასრულება საფრთხეს უქმნიდა მის მდგრადობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში, კასატორის - ლ. შ-ის მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები ვერ აქარწყლებენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, რადგან ისინი ცალსახად ვერ ასაბუთებენ, რომ მშენებლობის გაგრძელება, დასრულება და ექსპლუატაცია საფრთხეს არ შეუქმნის და უარყოფითად არ აისახება შენობა-ნაგებობების მდგრადობაზე.
ძეგლის მდგრადობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაზიარების საფუძველს იძლევა ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტო-მასალა და მტკიცებულებები, რომლებზეც ცხადად ჩანს შენობაში გაჩენილი ბზარები თუ სხვადასხვა სახის დეფორმაციები.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებენ მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესებს და არ არსებობდა მათი გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნები დასაბუთებული და საფუძვლიანია და სახეზეა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ კასატორ ლ. შ-ის აქვს კანონიერი ნდობა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება სადავო აქტების ბათილად ცნობის გამომრიცხავი გარემოება, ვინაიდან, იგი უპირისპირდება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას, ასევე სხვა პირთა, მათ შორის, მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. „იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.
კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს ლ. შ-ის კასაციის მოტივებს, სადავო აქტების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საფუძვლით, მათი ბათილად ცნობის დაუშვებლობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ, ვინაიდან, რეალური საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და მოსარჩელის ინტერესს - უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სარჩელის დაკმაყოფილება, სადავო მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობა, თავის მხრივ შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის საფუძველს წარმოშობს, თუმცა აღნიშნული პროცესი სცდება განსახილველი დავის ფარგლებს და ექცევა მშენებლობის დამკვეთისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, რაც საქმეში დაცული მტკიცებულებების შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ სიფრთხილესა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო, კასატორ ლ. შ-ის მიერ 2022 წლის 16 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ 2022 წლის 14 მარტის საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არ არსებობს მოცემული დასკვნის, საკასაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მოიპოვოს/მიიღოს დამატებითი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებითი მტკიცებულების მიღების შესაძლებლობას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივრებზე ი/მ დ. ე-ეს (ლ. შ-ი) 18/11/2021 წ. საგადასახადო დავალება №0-ით, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 18/12/2021 წ. საგადახდო მოთხოვნა №01762-ით, გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. ი/მ დ. ე-ეს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18/11/2021 წ. საგადასახადო დავალება №0-ით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18/12/2021წ. საგადახდო მოთხოვნა №01762-ით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა