№ბს-699(კ-19) 14 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 მარტს ი. ტ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის მოიჯარე ი. ტ-ითან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით ი. ტ-ის სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით ი. ტ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ი. ტ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანება.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველ და მე-12 მუხლებზე, აგრეთვე ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო სამეურნეო - დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუქტზე და აღნიშნა, რომ იზიარებდა აპელანტის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული მუხლი შეიცავდა იმ აუცილებელი დოკუმენტის ჩამონათვალს, რაც უნდა დართვოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო სამეურნეო - დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განცხადებას, მათ შორის იყო საიჯარო ხელშეკრულება, საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო სამეურნეო - დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განცხადების განხილვისათვის მითითითებული დოკუმენტები ერთმანეთთან შესაბამისობაში ყოფილიყო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძვლად მითითებული იყო №42 დადგენილება. ხსენებული დადგენილებით ი. ტ-ის გამოეყო 50 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა საერთო ფართობით 21.53 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ამასთან, იჯარის ხელშეკრულებაზე თანდართული იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთების ტერიტორიის გეგმის თანახმად, ი. ტ-ის გადაეცა 16.21 ჰა სახნავი, 0,57 ჰა მდელო, 4,15 ჰა საძოვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, №42 დადგენილებაში მითითებული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ მიწის ნაკვეთებს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა განხორციელდა წალკის რაიონის გამგეობის მიერ, თუმცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის განხილვა სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. სააგენტო ვალდებული იყო შეემოწმებინა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ამის შემდეგ ემსჯელა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო სამეურნეო - დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანშეწონილობაზე. პალატის მითითებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები ადასტურებდა №42 დადგენილებასა და მის საფუძველზე გაფორმებულ №434 შეთანხმებას შორის შეუსაბამობას. განცხადების განხილვის ეტაპზე ხსენებული შეუსაბამობის გამოვლენა სააგენტოს წარმოუშობდა ვალდებულებას გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიეღო აღნიშნული გარემოება, რაც თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენდა საბოლოო გადაწყვეტილების ფორმირებაზე, იმ პირობებში, როდესაც იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებდა პირდაპირი მიყიდვისათვის დადგენილ აუცილებელ წინაპირობებს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული სადავო აქტები სრულ შესაბამისობაში იყო სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ტ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხის გადაწყვეტას. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის II თავი ადგენს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს იმ პირობებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს მოიჯარემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს ქონების სააგენტოს ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე. მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით პრივატიზებას მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ გამოხატა ნება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, მომხდარიყო იჯარით გაცემული ნაკვეთების პრივატიზება. ამ დანაწესით სარგებლობის უფლება თანაბრად მიენიჭა ყველა იმ ინდივიდს, რომლებიც აკმაყოფილებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან, როგორც დაინტერესებულმა პირმა, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რასაც მას კანონი უწესებდა და მისთვის არ უნდა დაეწესებინათ დამატებითი ბარიერი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის1 ივლისის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის №42 დადგენილებით ი. ტ-ის გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით, კერძოდ 50 ჰა (სახნავი).
წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის №42 დადგენილების საფუძველზე 2004 წლის 10 ივლისს შედგა №434 შეთანხმება წალკის რაიონის გამგეობასა და ი. ტ-ის შორის 21,53 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის შესახებ, 10 წლით, იჯარის საფასური ყოველწლიურად განისაზღვრა 386,41 ლარით. აღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირებულია წალკის რაიონის მიწის სამმართველოში. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მოიჯარაე მოიჯარეს იჯარით გადასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ნაკვეთებს) თანდართული გეგმის, ექსპლიკაციის შესაბამისად, საიჯარო ობიექტების აღწერის ოქმის საფუძველზე.
იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ტერიტორიის გეგმის მიხედვით, ექსპლიკაციით განსაზღვრულია ჯამში 21,53 ჰა, საიდანაც 16,21 არის სახნავი, 0,57 მდელო, ხოლო 4,15 საძოვარი. აღნიშნული გეგმა ხელმოწერილია მიწის რესურსების სამმართველოს უფროსის მიერ. გარდა ამისა, შეთანხმებას ერთვის საიჯარო ობიექტის აღწერის 4 ოქმი. №1 ოქმის მიხედვით, პირველი მიწის ნაკვეთია 11,21 ჰა ფართობით, სახნავი; №2 ოქმის მიხედვით, მეორე მიწის ნაკვეთია 5,0 ჰა ფართობით, სახნავი; №3 ოქმის მიხედვით, მესამე მიწის ნაკვეთია 0,57 ჰა ფართობით, სათიბი, ხოლო №4 ოქმის მიხედვით, მეოთხე მიწის ნაკვეთია 4,57 ჰა ფართობით, საძოვარი. ოთხივე ოქმი თარიღდება 2004 წლის 10 ივლისით და ხელმოწერილია შესაბამისი პირების მიერ. იჯარის თანხა გადახდილია და ი. ტ-ის დავალიანება არ გააჩნია.
წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აგვისტოს №72 დადგენილებით ი. ტ-ის გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით, კერძოდ, 5 ჰა (სახნავი) და 20 ჰა (სათიბი).
საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქვემოჩამოთვლილი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფოზე, ასევე 2004 წლის 2 ნოემბერს მათზე რეგისტრირებულია ი. ტ-ის იჯარის უფლება, კერძოდ წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში არსებულ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... - 46986.0 კვ.მ.(საძოვარი); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... - 111624.0 კვ.მ. (სახნავი); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... - 50000.0 კვ.მ.(სახნავი); სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... - 1014.0 კვ.მ.(სათიბი )და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს/კ ... - 4735.0 კვ.მ.(სათიბი). ჯამში ი. ტ-ის იჯარის უფლება რეგისტრირებულია 214 359 კვ.მ. ანუ 21,435 ჰა.
ამასთან, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 25 ივლისის №298/04 ცნობის შესაბამისად, ი. ტ-ის 2004 წლის 10 ივლისის №434 იჯარის ხელშეკრულებით სოფელ ...ს ტერიტორიაზე გაფორმებული 0,57 ჰა (სათიბი), 16,21 ჰა (სახნავი) და 4,75 ჰა (საძოვარი), ჯამში 21,32 ჰა სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ქირა სრულად აქვს გადახდილი.
2011 წლის 27 აპრილს ი. ტ-იმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრში წარადგინა №281/7 განცხადება ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მოთხოვნით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ტ-ის უარი ეთქვა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საიდენტიფიკაციო კოდებით: ..., ..., ..., ... და ... რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებაზე, იმ მოტივით, რომ წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის №42 და 30 აგვისტოს №72 დადგენილებებსა და 2004 წლის 10 ივლისის №434 შეთანხმებას შორის არსებობს შეუსაბამობები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა იგივე საფუძველზე დაყრდნობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
მითითებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების მმართველი განმარტებულია შემდეგნაირად: სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლი ადგენს ჩამონათვალს იმ სახელმწიფო ქონებისა, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესზე“, რომლის მე-9 მუხლით განსაზღვრულია გამოსყიდვის თაობაზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოსათვის მიმართვის წესი. აღნიშნული წესის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს ქონების სააგენტოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საიჯარო ხელშეკრულება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. საიჯარო ხელშეკრულების სხვა დანართების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი; ბ) საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა; საკადასტრო გეგმის არარსებობის შემთხვევაში ან თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკევთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე, რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. ტ-ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იჯარით გადაცემული აქვს 2005 წლის 30 ივლისამდე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე იჯარის უფლება რეგისტრირებული აქვს 2004 წლის 2 ნოემბერს. მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში, 2011 წლის 1 მაისამდე, მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და წარადგინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტები, კერძოდ, გამგეობის დადგენილება, საიჯარო ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის ი. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, შესაბამის დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის №42 დადგენილებასა და 2004 წლის 10 ივლისს გაფორმებულ №434 შეთანხმებას შორის არსებობს მიწის ნაკვეთის ფართობებს შორის განსხვავება, თუმცა დადგენილებისა და შეთანხმების ერთი მხარე ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოა, №434 შეთანხმების დანართს ხელს აწერენ ის პირები, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ შესაბამისი მიწების განსაზღვრასა და გამოყოფაზე, შეთანხმებაში საფუძვლად მითითებულია №42-ე დადგენილება, აღნიშნული შეთანხმება 2004 წელსვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, სადაც, საფუძვლად მითითებულია 2004 წლის №42-ე დადგენილებაც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ასევე, წალკის რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აგვისტოს №72 დადგენილება, რომლითაც ი. ტ-ის გამოეყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით, კერძოდ, 5 ჰა (სახნავი) და 20 ჰა (სათიბი), იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ტერიტორიის გეგმის მიხედვით, ი. ტ-ის სახელზე ექსპლიკაციით განსაზღვრულია ჯამში 21,53 ჰა, საჯარო რეესტრში იჯარის უფლება ი. ტ-ის რეგისტრირებული აქვს 214 359 კვ.მ. ანუ 21,43 ჰა. მიწის ნაკვეთზე, რომლის პრივატიზებასაც იგი ითხოვს. გარდა ამისა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 25 ივლისის №298/04 ცნობის შესაბამისად, ი. ტ-ის 2004 წლის 10 ივლისის №434 იჯარის ხელშეკრულებით სოფელ ...ს ტერიტორიაზე გაფორმებული 0,57 ჰა (სათიბი), 16,21 ჰა (სახნავი) და 4,75 ჰა (საძოვარი), ჯამში 21,32 ჰა, სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ქირა სრულად აქვს გადახდილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21,50 ჰა მიწის ნაკვეთზე ი. ტ-ის კანონიერ უფლებასა და ინტერესზე და იმ საკითხზე, რომ 21.43 ჰა მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ი. ტ-იმა დაიცვა კანონით დადგენილი ყველა მოთხოვნა (იჯარის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; საიჯარო ქირის სრულად გადახდა; ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილ ვადაში მიმართვა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ტ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ი. ტ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 400 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის №10/8996 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №1-1/56 ბრძანება;
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ი. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საქალაქო და საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 (100+300) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა