ბს-1094(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. რ-ამ 18.01.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. 12.07.2019წ. დაზუსტებული სარჩელით სასამართლოს მიმართეს ი. რ-ამ და ს. ჯ-ამ და მოითხოვეს მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 14.12.2015წ. №144 ოქმის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2016წ. №611 ბრძანების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.12.2018წ. №04/69674 წერილის ბათილად ცნობა, ასევე ი. რ-ას ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გაცემის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2019წ. გადაწყვეტილებით ი. რ-ას და ს. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 14.12.2015წ. №144 ოქმი ი. რ-ას და ს. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2016წ. №611 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე ი. რ-ას და ს. ჯ-ას ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.12.2018წ. №04/69674 წერილი ი. რ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. რ-ას ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2020წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ი. რ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ს. ჯ-ა (დაბ. ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი). მათი რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, ...ის დასახლება, სასტუმრო „...ი“ (დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილი). სასტუმრო „...ი“ წარმოადგენდა ნგრევად ობიექტს, ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნებოდა მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება, შენობის ტექნიკური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფლებელი და აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, სასტუმრო „...ში“ განსახლებული დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ქ. თბილისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში. ამავდროულად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. მოსარჩელე ი. რ-ა არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ძმის დაქორწინების შემდეგ იძულებული იყო, დროებით, რამდენიმე თვით, ქირით ეცხოვრა სხვა მისამართზე, შემდეგ საცხოვრებლად ისევ რეგისტრაციის ადგილზე - ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, სასტუმრო „...ში“ დაბრუნდა. საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მოწმეებმა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, სასტუმრო „...ში“ მცხოვრებმა დევნილმა პირებმა (ა. თ-ი, ე. კ-ი, მ. ს-ე) დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ი. რ-ა 1993 წლიდან სასტუმრო „...ში“ მუდმივად ცხოვრობდა. საქმეში დაცული ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით იგივე ფაქტი დაადასტურეს სასტუმრო „...ში“ მცხოვრებმა დევნილმა პირებმა - ს. თ-ამ, ლ. წ-იმა და ჯ. ვ-ამ. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა აღწერა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხორციელდა 26.11.2013წ. (სადაც მითითებულია, რომ ი. რ-ა ქალაქშია, ცხოვრობს ქირით), ხოლო აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 14.12.2015წ. საოქმო გადწყვეტილებითა (ოქმი №144) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2016წ. №611 ბრძანებით. საქმის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში - ყოფილ სასტუმრო „...ში“. წინამდებარე საქმის მასალებით არ დასტურდება, აგრეთვე, მოსარჩელეთათვის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ოფიციალურად გაცნობა-გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა, ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება გასაჩივრებული აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის სასტუმრო „...ში“ ცხოვრება. მოსარჩელემ 19.04.2016წ. შეავსო განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, სადაც ოჯახის წევრად მითითებულია ს. ჯ-ა. განცხადების დამუშავების შედეგად მან წინასწარი შეფასებით მოიპოვა 1,5 ქულა, რომელიც არ არის საკმარისი 1 ოთახიანი ბინის მისაღებად, ვინაიდან თბილისში განსახლებისათვის დევნილთა საკითხების შემწავლელი კომისიის მიერ 05.12.2016წ. №122 კომისიის სხდომის ოქმის თანახმად დადგინდა პრიორიტეტული ქულა ოთახების რაოდენობის მიხედვით, კერძოდ, კომისიის სხდომაზე განხილული იქნებოდა მხოლოდ იმ ოჯახის ფართით უზრუნველყოფის საკითხი, რომელსაც წინასწარი შეფასებით მოპოვებული ჰქონდა 6,5 ქულა, ხოლო უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახთა საკითხი კომისიაზე არ განიხილებოდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
კასატორმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია თითქმის 5 წელი. მიუხედავად ამისა სასამართლომ სადავო აქტი არ მიიჩნია ხანდაზმულად და სხვა აქტებთან ერთად 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა. მოცემულ შემთხვევაში გასულია კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები და სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. მოსარჩელეები სადავო მისამართზე ფაქტობრივად მაცხოვრებლებს არ წარმოადგენდნენ. აღნიშნული გარემოება იყო იმის საფუძველი, რომ მიმდინარე ეტაპზე მათი განსახლების საკითხი დადებითად არ გადაწყვეტილიყო. კასატორმა მიუთითა ზოგად შემთხვევებზე, როდესაც დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ბინის სწრაფად უზრუნველყოფისა და ქულების ხელოვნურად მომატების მიზნით უთითებენ მცდარ ინფორმაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ი. რ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილის მოწმობებში მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, სამგორი, ...ის დას., ...ის სასტუმრო. დროებითი საცხოვრებელი ადგილის (სასტუმრო „...ი“, მე-4 სართული) მიხედვით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 26.11.2013წ. აღწერის თანახმად №411 ოთახში მითითებულ პირებს შორის არიან ი. რ-ა და ს. ჯ-ა (დაბ. ...წ.), ი. რ-ას სახელის გასწვრივ მითითებულია, რომ „ქალაქშია, ცხოვრობს ქირით“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლოვილთა სამინისტროს 02.06.2015წ. წერილის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო დასკვნის საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე „...ის სასტუმროს“ შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება და შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 14.12.2015წ. №144 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, „სასტუმრო ...ში“ მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ამავე ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ ლ. დ-ას, ი. რ-ას და ს. ჯ-ას, აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლოლვილთა მინისტრის 03.02.2016წ. №611 ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში ლ. დ-ას (ი. რ-ას, ს. ჯ-ას) ოჯახს ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.12.2018წ. №04/69674 წერილის თანახმად, სააგენტომ განიხილა 18.12.2018წ. განცხადება ი. რ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე წერილით ი. რ-ას განემარტა, რომ ქ. თბილისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე 2015 წელს უარი ეთქვა ნგრევად ობიექტში (ყოფილი ...ის სასტუმრო) ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 4.8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობდნენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს მიერ აღწერის განხორციელებისას მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ადგილზე არ დახვდათ და ქირით ცხოვრობდა სხვა მისამართზე, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ,), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასტუმრო „...ში“ განსახლებულ დევნილთა აღწერა განხორციელდა 26.11.2013წ., ხოლო დევნილთა საკითხების შესწავლელმა კომისიამ საკითხი განიხილა თითქმის ორი წლის შემდეგ - 14.12.2015წ. და სადავო აქტით მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 03.02.2016წ., შესაბამისად, დასაბუთებული არ არის გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროისათვის ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, ასევე ამ საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი. განსახილველ შემთვევაში დგინდება, რომ ი. რ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ ყოფილა უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. საქმეზე დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმეებმა - ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, სასტუმრო „...ში“ მცხოვრებმა დევნილმა პირებმა (ა. თ-ი, ე. კ-ი, მ. ს-ე) დაადასტურეს მოსარჩელის ი. რ-ას მიერ სასტუმრო „...ში“ 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ამასთანავე, დადგენილია, რომ 26.11.2013წ. აღწერაში მითითებული პირები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით, კერძოდ, 31.08.2018წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბ. 50-ზე, რომლის საერთო ფართია 49,15 კვ.მ., რეგისტრირებულია რ. რ-ას, ნ. რ-ას და ს. რ-ას თანასაკუთრების უფლება. საქმის მასალებით დასაბუთებული არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად არ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „...ში“. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ობიექტი (სასტუმრო „...ი“) შეფასდა, როგორც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის ფართად, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახი შეფასდა ქულათა იმ რაოდენობით, რაც საკმარისი არ იყო დევნილის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. 19.04.2016წ. განცხადებით ი. რ-ამ არასრულწლოვან შვილთან ერთად მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, 13.04.2018წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების მიხედვით, ი. რ-ას ოჯახი, რომელმაც განცხადება წარადგინა შვილთან ერთად, შეფასდა 1,5 ქულით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016წ. №122 სხდომის ოქმის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე, არასაკმარისი ქულების გამო უარი ეთქვა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის 12.02.2019წ. სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ი. რ-ას ოჯახის ქ. თბილისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე არ განხილულა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს არა კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულებიდან გამომდინარე დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანების (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) №4 დანართითა („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) და №5 დანართით („სოციალური კრიტერიუმი“) გათვალისწინებული კრიტერიუმების გარეშე პრიორიტეტის მინიჭება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) ცხოვრების გამო, ამასთანავე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნება არა ქულათა არასაკმარის რაოდენობას საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად, არამედ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრებას. ამდენად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია განსახილველ დავის საგანთან არარელევანტურია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დასაბუთებას მოკლებულია კასატორის პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 58.1 მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. საქმის მასალებში დაცული დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის 30.05.2019წ. სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2016წ. №611 ბრძანება, რომელიც ი. რ-ას ოჯახს გაეგზავნა 09.02.2016წ., საქართველოს ფოსტის მიერ არ ჩაბარებია. ამდენად, თავად კასატორიც არ მიუთითებს სადავო აქტის მოსარჩელის მიერ ოფიციალურად გაცნობის თარიღზე, არამედ პირიქით მიუთითებს, რომ სადავო აქტი მოსარჩელეს არ ჩაბარდა, შესაბამისად, კასატორის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ არის დასაბუთებული და გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი