№ბს-719(2კ-20) 14 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 31 მაისს ა. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეთათვის, მისი შვილის ა. ლ-ის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, ზიანის ოდენობისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-იმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის მოცულობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში, კერძოდ დარჩენილი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს - ა. ლ-ის სიცოცხლეს. განსახილველ შემთხვევაში მოძალადისგან დაცვისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციიის უფლებამოსილი პირების მიერ არ იქნა გატარებული ისეთი ადეკვატური საპოლიციო ღონისძიება, რომელიც დაიცავდა მსხვერპლს მოძალადისგან. არსებობდა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მხრიდან მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფასა (უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (მსხვერპლის ა. ლ-ის თვითმკვლელობამდე მიყვანა და გარდაცვალება) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე გაკეთებული დასკვნების შედეგად, დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების (დაეცვა სიცოცხლის უფლება) შეუსრულებლობითა და უმოქმედობით, მოსარჩელეს (გარდაცვლილის დედას) მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
მოსარჩელის მოთხოვნასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ არსებობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პროკურატურას არ შეუსწავლია გ. კ-ას წარსული, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ მრავალჯერ მიმართა მსხვერპლმა სამართალდამცავ ორგანოს. პროკურატურას არ გამოუთხოვია ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, რისი სრული შესაძლებლობაც გააჩნდა მას. ყოველივე ეს საშუალებას მისცემდა პროკურატურას სრულად აღექვა გ. კ-ას ქმედების ბუნება და სიმძიმე, დაეკავშირებინა ბრალდებულის წარსული მოქმედებანი მიმდინარე გამოსაძიებელ ფაქტთან, სწორად განესაზღვრა საჯარო მიზანი და თუ პროკურორს არ გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია, გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო და შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თუ შეწყვეტის თაობაზე მიღებული უნდა ყოფილიყო მოგვიანებით, საკითხის სრულფასოვნად გამოძიების შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა.
მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, შვილის რამდენიმეწლიანი მძიმე ძალადობრივი ოჯახური მდგომარეობის, გარდაცვლილის ასაკის (გარდაცვლილი ა. ლ-ი იყო 25 წლის) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას დარჩა მცირეწლოვანი შვილი, გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია მორალური ზიანის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის მოპასუხეთათვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის №ბს-355-317 (კ-07) განჩინებაზე. ვინაიდან, მოცემულ განჩინებაში მსჯელობა არ ეხება ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციას - პროკურატურის დადგენილების კანონიერების შემოწმების თაობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დადგენილი გარემოებების შედეგად არ გამოიკვეთა კონკრეტული დანაშაულის ფაქტი. შესაბამისად, ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 2015 წლის 19 თებერვალს შეწყდა გამოძიება, სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. პროკურატურის აღნიშნული დადგენილება ძალაშია, რომელიც არც ზემდგომ პროკურორთან და არც სასამართლოში არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმად, პროკურატურამ არ შეისწავლა კონკრეტული გარემოება სრულიად უსაფუძვლოა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურა არ იყო საგამოძიებო ორგანო და გამოძიებას ახორციელებდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროკურატურის მხრიდან კი განხორციელდა ყველა ის მოქმედება, რაც მისთვის, როგორც გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელისთვის იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გ. კ-ას დანაშაულებრივ წარსულზე საუბარი მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, სააპელაციო პალატა ასეთი შეფასებით, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
საქმეზე გამოძიების შეწყვეტა იყო საფუძვლიანი, ვინაიდან, განხორციელებული ქმედებები არ შეიცავდა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, განხორციელდა ეფექტური საპროკურორო ზედამხედველობა და მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პროკურატურამ რაიმე არ გადაამოწმა ან/და სათანადოდ არ განახორციელა, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 16 იანვარის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან მოხდა ადმინისტრაციული ხასიათის რეაგირება, რომელსაც შემაკავებელი და აღმკვეთი ხასიათი აქვს. კერძოდ, გ. კ-ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ამასთან, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკავდა. ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, რათა თავიდან აცილებულიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით გამოირიცხა გ. კ-ას მიმართ ა. ლ-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოჯახური ძალადობისათვის, რაც განხორციელდა კონკრეტულად 2017 წლის 18 თებერვალს. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდების ფორმულირებაში დამატებითი გარემოების მითითებას, რაც უკავშირდებოდა ა. ლ-იზე გ. კ-ას მხრიდან მუდმივ ძალადობას. დღეის მდგომარეობით, უცნობია მიზეზი, თუ რატომ მოიკლა თავი ა. ლ-იმა. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს გენერალური პროკურატურის ქმედებების მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისა და მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-198-187(კ-07) და სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასამართლო წესით ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი ზიანი, არამედ ის რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა სახელმწიფო ორგანოს ქმედებით.
მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2013 წლიდან 2017 წლის 19 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“-ში მოქალაქე ა. ლ-ის მიერ განხორციელდა 16 შეტყობინება, რომლებიც შეეხებოდა მეუღლესთან გ. კ-ასთან სხვადასხვა სახის კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით დახმარებას. „112“-ში შესულ თითოეულ შეტყობინებაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, ადგილზე მისულმა შს სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა მოახდინეს ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირება და კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება, თითოეულ შეტყობინებაზე ინდივიდუალურად, აქედან თითოეულ შეტყობინებაზე შედგენილია შესაბამისი ახსნა-განმარტებები, რეაგირების ოქმები, 3 შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა, 2 შემთხვევაში მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება ასკ-ის 173-ე, 45-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო 4 შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა, თავად გააუქმა შეტყობინება, დახმარების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
2015 წლის 16 იანვარს, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ა. ლ-ის მეუღლის გ. კ-ას მიმართ და ვინაიდან, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად არ იქნა გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილებით შეწყვიტა გამოძიება, დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/2939-17) გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 და 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 115-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებაში ემყარებოდა იმ საფუძველს, რომ სახელმწიფოს მიერ უმოქმედობის შედეგად გ. კ-ამ მეუღლე ა. ლ-ი თვითმკვლელობამდე მიიყვანა და შესაბამისად, სახელმწიფოს ეს ქმედება და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვად ჩათვალა, აპელაციის ეტაპზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო გახადა სისხლის სამართლის საქმის განაჩენმა. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოება არ გაუთვალისწინებია. კასატორი უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულმა განაჩენმა გამორიცხა სახელმწიფოს მიმართ მოთხოვნის საფუძველი და მოსარჩელე ა. გ-ი აქცია მოთხოვნაზე არაუფლებამოსილ პირად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს - საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, ა. გ-ის სასარგებლოდ, მისი შვილის ა. ლ-ის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
აწ გარდაცვლილი ა. ლ-ი არის მოსარჩელე ა. გ-ის შვილი, იგი 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. კ-ასთან, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი.
ქ. თბილისის ისანი - სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2017 წლის 13 მაისის დადგენილების (დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, დოკუმენტის №0009606418) თანახმად, ა. გ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
საქმეში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 18 ივლისის MIA 3 18 01717139 წერილის თანახმად, 2013 წლიდან 2017 წლის 19 თებერვლამდე სსიპ ,,112-ში’’ მოქალაქე ა. ლ-ის მიერ ფიქსირდება შემდეგი შეტყობინებები:
2013 წლის 06 თებერვალს, 11:46 საათზე (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი ...ი №.... ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, ცოლ - ქმარს შორის იყო კონფლიქტი, გ. კ-ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელმაც მეუღლეს - ა. ლ-ის მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მასზე მუდმივად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გამოიკვეთა დანაშაული, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
2013 წლის 07 მაისს, 13:13 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №5. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლემ სცემა და არ აძლევდა ბავშვის წაყვანის უფლებას. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, მეუღლეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2013 წლის 12 ივნისს, 22:34 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №5, ბინა 28. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მეუღლესთან პრობლემა მოგვარდა და აღარ საჭიროებდა დახმარებას.
2013 წლის 28 სექტემბერს, 21:38 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, ინიციატორს და მის მეუღლეს - გ. კ-ას ჰქონდათ უთანხმოება, რომელიც წავიდა სახლიდან. ინიციატორმა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადა. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2013 წლის 03 ოქტომბერს, 03:02 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. ინიციატორის ინფორმაციით მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება.
2013 წლის 04 ოქტომბერს, 01:24 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. 1 ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ..., რომელთა გადმოცემით, მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტი ერთად თანაცხოვრების შესახებ. საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის გ. კ-ა ადმინისტრაციული წესით დააკავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
2013 წლის 10 ნოემბერს, 23:48 საათზე, მოქალაქე ა. ლ-ის მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №.... ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, მისამართზე არავინ დახვდათ. სატელეფონო საუბრით ინიციატორმა ა. ლ-იმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე აწუხებდა, რომელმაც მისამართი დატოვა და დახმარებას აღარ საჭიროებდა.
2013 წლის 08 დეკემბერს, 20:50 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. ინიციატორს გამოძახება სურდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით (მეუღლესთან). მოქალაქე ა. ლ-იმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღარ სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დახმარება, რადგან მისმა მეუღლემ დატოვა მისამართი.
2013 წლის 18 დეკემბერს, 02:13 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. გამოძახებაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... პატრულ - ინსპექტორებს ინიციატორმა განუცხადა, რომ მისი მეუღლე გ. კ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სურდა სახლი დაეტოვებინა. მოქალაქე გ. კ-ამ დატოვა სახლი. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2014 წლის 21 აპრილს, 01:32 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. ინიციატორის ინფორმაციით ყოფილი მეუღლე აწუხებდა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, მოქალაქე გ. კ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებით დატოვა მისამართი. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2014 წლის 05 ივლისს, 13:59 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 28. ინიციატორის განცხადებით მეუღლემ სცემა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავდა და შემაკავებელი ორდერი №000030 გამოიცა ინიციატორის მეუღლის მიმართ. ეკიპაჟმა ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური.
2014 წლის 06 დეკემბერს, 14:01 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 12. გამოძახებაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ..., რომელთა გადმოცემით აღნიშნულ მისამართზე ინიციატორს მეუღლესთან - გ. კ-ასთან ჰქონდა კამათი ერთად თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. ეკიპაჟმა განუმარტა, რომ განქორწინების შესახებ უნდა მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარი განაცხადეს. შეურაცხყოფა არ ყოფილა. ქალბატონი წავიდა მეუღლის ბინიდან. შედგა ოქმი ნომრის გარეშე.
2015 წლის 16 იანვარს, 14:07 საათზე (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ბინა 12. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, ა. ლ-ის და გ. კ-ას შორის იყო ოჯახური კონფლიქტი. საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის გ. კ-ა ადმინისტრაციული წესით დაკავდა. გამოიცა შემაკავებელი ორდერი №PO04104.
2015 წლის 21 ნოემბერს, 14:18 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა 12. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ..., რომელთა გადმოცემით, მეუღლეებს შორის იყო სიტყვიერი უთანხმოება. შედგა რეაგირების ოქმი.
2016 წლის 15 ოქტომბერს, 19:11 საათზე, მოქალაქე ლ. ა.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ბინა 12. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... ინიციატორს ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. შედგა რეაგირების ოქმი. მისამართზე ასევე გამოცხადდა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს I განყოფილება.
2016 წლის 16 ოქტომბერს, 18:04 საათზე (სატელეფონო ნომრიდან ...), მისამართზე: ქ.თბილისი, ...ის ...ი, კორპუსი ..., ბინა 46. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით, აღნიშნულ მისამართზე ა. ლ-იმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე გ. კ-ა აწუხებდა კარზე კაკუნით, რომელსაც პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით სურდა გასაუბრება. მოქალაქე გ. კ-ა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადგილზე აღარ დახვდათ. ინიციატორმა უარი განაცხადა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე. შედგა რეაგირების ოქმი.
2017 წლის 19 თებერვალს, 02:13 საათზე, მოქალაქე ლ-ე ნ.-ს მიერ (სატელეფონო ნომრიდან ...), დაფიქსირდა შეტყობინება სუიციდთან დაკავშირებით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ბინა 12. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი .... მათი გადმოცემით აღნიშნულ მისამართზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდათ ა. ლ-ი (პ/ნ ...), რომელმაც თავი ჩამოიხრჩო; შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა და საქმე გადაიბარა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის სამმართველოს განყოფილებამ. შედგა რეაგირების ოქმი. სასწრაფოს ბრიგადის საშედეგო ფორმის მიხედვით დადგინდა სიკვდილი სხვა და დაუზუსტებელი უცნობი მიზეზებით (კოდით (99)).
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/325-13) დამტკიცდა 2013 წლის 6 თებერვლის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო - საპატრულო სამმართველოს ისანი-სამგორის მიმართულების მეოთხე ოცეული პატრულ - ინსპექტორის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი გ. კ-ას (დაბ. ... წელს, მცხ. ქ. თბილისი, ...ი №..., ბინა №5) მიმართ, მსხვერპლი ა. ლ-ი. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადის მსხვერპლთან მის სამსახურამდე და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერები ასევე დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივლისის და 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებებით.
ამასთან, 2015 წლის 16 იანვარს მომხდარ ფაქტზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №008160115007 საქმეზე, ა. ლ-ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2015 წლის 19 თებერვალს თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა. კ-ეის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილების (სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ - დოკუმენტი № 0006117525) თანახმად, სისხლის სამართლის № 008160115007 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილებაში აღინიშნა შემდეგი საქმის ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 16 იანვარს ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., ბინა №12-ში გამოვლენილი იქნა გ. კ-ა, რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს ძალადობა განახორციელა თავის მეუღლე ა. ლ-იზე. გამოძიებთ დადგენილი გარემოებები: 2015 წლის 16 იანვარს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №008160115007 საქმეზე, ა. ლ-ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო პატრულ - ინსპექტორ გ. ლ-ეის პატაკი და შეტყობინება, იმის შესახებ, რომ 2015 წლის 16 იანვარს ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., ბინა №12-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს ა. ლ-ის მიმართ ძალადობა განახორციელა მეუღლემ გ. კ-ამ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2015 წლის 16 იანვარს, მეუღლეებს - ა. ლ-ისა და გ. კ-ას შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., ბინა №12-ში, მოხდა შელაპარაკება საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რა დროსაც გ. კ-ამ ა. ლ-ის ერთხელ, მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში, ა. ლ-ის განმარტებით, გ. კ-ას მისთვის სხვა სახის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მხოლოდ ერთხელ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. მანვე განმარტა, რომ გ. კ-ას მიერ მის მიმართ არ ხორციელდება სისტემატური შეურაცხყოფა, ძალადობა ან სხვა სახის ქმედებები, რის გამოც მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ზემოაღნიშნული დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. კ-ამ და განმარტა, რომ ა. ლ-ის, მხოლოდ ერთხელ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციაში ა. ლ-ის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არსებობაზე მითითებული არ არის. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები: საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, კერძოდ: მოწმეების ა. ლ-ის, გ. კ-ას და გ. ლ-ეის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა. ლ-ის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. გ. კ-ამ მსუბუქად გაარტყა ხელი სახის არეში ა. ლ-ის, რომელსაც აღნიშნული ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. მსგავს ფაქტს გიორგი კორძაიას მხრიდან სისტემატიური ხასიათი არ აქვს და შესაბამისად, არავის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.
დადგენილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახის ერთერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის, დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 07 აპრილის № MIA 5 17 00831983 წერილით, საქართველოს სახალხო დამცველს, მისივე №08-2/2570 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის ისანი - სამგორის პოლიციაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №004190217001 საქმეზე ა. ლ-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. ამასთან, მიეწოდა დეტალური ინფორმაცია 2013 - 2016 წლებში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ა. ლ-ის შეტყობინებების თაობაზე. ეცნობა, რომ 2015 წლის 16 იანვარს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №008160115007 საქმეზე გ. კ-ას მიერ მეუღლის ა. ლ-ის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11-126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით არ დადასტურდა გ. კ-ას მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 2015 წლის 19 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის №008160115007 საქმეზე შეწყდა გამოძიება.
საქმეში წარდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 27 დეკემბრის რეკომენდაცია №08/17745, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისადმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა ოჯახში ძალადობის შედეგად, ქალთა მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავდა შემდეგი რეკომენდაციით:
- მომხდარიყო გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გაწერილიყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების ინსტრუქცია და თითოეულ ოჯახში ძალადობის საქმეზე შემუშავებულიყო ინდივიდუალური სამუშაო გეგმა;
- გაანალიზებულიყო სსიპ 112-ის სამსახურში შესაძლო ოჯახში ძალადობის და ოჯახური კონფლიქტის შესახებ მიღებული შეტყობინებები.
ქალაქ თბილისის პროკურატურის 2018 წლის 05 ივლისის №13/01-50924 წერილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა, რომ მათი 2018 წლის 03 ივლისის შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმზე № 01003078801, საქართველოს შს სამინსიტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ, ა. ლ-ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის შემთხვევაზე არასათანადო რეაგირებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/2939-17 № 004190217001), გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა მიღებისთანავე.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილია ის ფაქტი, რომ 2017 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, გ. კ-ამ მის ყოფილ მეუღლეს - ა. ლ-ის დაზიანებები მიაყენა თავის არეში. ამავე საღამოს ა. ლ-იმა ამავე ბინის სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო. ამავე განაჩენით, გ. კ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
საკასაციო სასამართლო საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ძალადობის მსხვერპლის მხრიდან შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში (შსს სსიპ „112“) განხორციელებული 16 სატელეფონო შეტყობინებისა და გ. კ-ას მიმართ ქმედითი სისხლისამართლებრივი გამოძიების განუხორციელებლობის/სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის პირობებში (ა. ლ-ის მიმართ სახეში ხელის გარტყმის ფაქტის დადასტურების, მაგრამ მსხვერპლის მიერ შესაბამისი ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიუღწევლობის საფუძვლით - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო დევნის შეწყვეტა), შესაფასებელია დაირღვა თუ არა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოთა მხრიდან შესაბამისი ვალდებულება, ჯეროვნად დაეცვათ ა. ლ-ის სიცოცხლე და თავიდან აეცილებინათ მისი თვითმკვლელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოთა ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული ადამიანის სიცოცხლის უფლება, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით. ამასთან, პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ ახორციელებდნენ ყველა ფორმის ძალადობის პრევენციასა და მისგან დაცვას, მათ შორის, პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას, აგრეთვე, დანაშაულთა ქმედითი გამოძიების ჩატარებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფას. ამასთან, სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს აკისრიათ უმთავრესი როლი სათანადოდ შეაფასონ არსებული რისკი და მართონ იგი, რათა თავიდან აიცილონ ფატალური შემთხვევა. ამასთან, ფატალური შედეგისა და ძალადობის განმეორებითი ჩადენის რისკის შეფასება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ყველა ორგანოს კოორდინირებული მუშაობის შედეგად.
სახელმწიფოს ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს პირდაპირ ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“ (სტამბოლის კონვენცია) და მისი 49-ე-51-ე მუხლები (საქართველოს მიმართ ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან), ასევე „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია და „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW კომიტეტი) მე-19 და 35-ე რეკომენდაციები.
ამასთან, სადავო საკითხთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (Kontrova v. Slovakia, 2007), რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით იმსჯელა სახელმწიფოს ვალდებულებაზე, „შესაბამისი შეტყობინებების არსებობის პირობებში დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოძალადის წინააღმდეგ, სათანადოდ აღერიცხა ცხელ ხაზზე შესული სატელეფონო შეტყობინებები და ეცნობებინა პოლიციის შემდგომი ცვლისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ“.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებაზე „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ (Opuz v. Turkey, 2009; §§130 და §§137-49), რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმეზე პირველად დაადგინა, ოჯახში გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის, დისკრიმინაციის ფორმად მიჩნევის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ზოგადი და დისკრიმინაციული სასამართლო პასიურობა [კლიმატის შექმნა], რომელიც ხელსაყრელია ოჯახში ძალადობისთვის“ წარმოადგენს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა არ უნდა იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ საჩივრის წარდგენაზე ან მის შეტყობინებაზე, ამასთან, მოძალადის უფლებები არ უნდა იყოს მსხვერპლის სიცოცხლის უფლებასა და ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობაზე უპირატესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Tkhelidze v. Georgia 2021). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს აქვს ადეკვატური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ზოგადად ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას. თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის დადგენის მიზნით, შეფასებას საჭიროებდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღნიშნული შემაკავებელი მექანიზმის განხორციელების ფორმა, რაც გულისხმობდა ვალდებულების შესრულებას, რომ განხორციელებული ყოფილიყო პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები, რათა დაცული ყოფილიყო მომჩივნის სიცოცხლე. აღნიშნული საკითხის შესაფასებლად სტრასბურგის სასამართლომ განმსაზღვრელად მიიჩნია სამი საკითხი - არსებობდა თუ არა რეალური და მყისიერი საფრთხე იდენტიფიცირებული პირის მხრიდან, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა ცოდნოდათ თუ არა ამ საფრთხის შესახებ და ამ ორ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა გამოავლინეს თუ არა განსაკუთრებული გულისხმიერება საფრთხეზე პასუხის გაცემის დროს (§§52).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ა. ლ-იმა პოლიციას დახმარებისათვის 16-ჯერ მიმართა და გ. კ-ას მიმართ გამოიცა სამი შემაკავებელი ორდერი. ამასთან, გ. კ-ას მიმართ დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით, თუმცა მოძალადის მხრიდან მსხვერპლზე ხელის გარტყმის ფაქტი უდავოდ დადასტურდა. აგრეთვე, უდავოდ დადასტურებულია თვითმკვლელობის ღამეს გ. კ-ას მიერ ა. ლ-იზე ძალადობის ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა (შინაგან საქმეთა სამინისტრო; პროკურატურა) იცოდნენ ან უეჭველად უნდა სცოდნოდათ მოსარჩელის ქალიშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების რეალური და დაუყოვნებელი ხასიათი.
ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოების გულმოდგინების საკითხთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც სასამართლომ, სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გულისხმიერების საკითხის შეფასებასთან მიმართებაში განმარტა შემდეგი: „სასამართლო მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან. (§54)“.
„სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა კიდევ უფრო უპატიებელი ჩანს, როდესაც ფასდება იმ ფონზე, რომ ზოგადად ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, მიჩნეულია მთავარ სისტემურ პრობლემად, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალდნენ ძირითადად ქალები, რომლებიც მსხვერპლთა დაახლოებით 87%-ს შეადგენენ. რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო მონიტორინგის ორგანომ, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, დაადასტურა საზოგადოებაში არსებული ეს გამოწვევა და განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზები უკავშირდება, სხვებს შორის, დისკრიმინაციულ გენდერულ სტერეოტიპებსა და პატრიარქალურ დამოკიდებულებებს, რასაც თან ახლავს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული გულმოდგინების ნაკლებობა. შესაბამისად, პასუხისმგებელმა ეროვნულმა ხელისუფლებამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სიტუაციის სიმძიმე, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალს ეხებოდა და შესაბამისად, უნდა გამოემჟღავნებინა განსაკუთრებული გულმოდგინება და გაეზარდა სახელმწიფო დაცვა ამ ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის (შეადარეთ Identoba and Others, § 72, აგრეთვე Tërshana, §157). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მხოლოდ დასკვნის გაკეთება შეუძლია, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებების მიმართ ზოგადი და დისკრიმინაციული პასიურობა, რომლის ნათელი ილუსტრაციაა მოცემული საქმე, ქმნიდა ხელშემწყობ კლიმატს ქალთა მიმართ შემდგომი ძალადობის განხორციელებისთვის. ამრიგად, მოპასუხე სახელმწიფომ მიერ მომჩივნის შვილის დასაცავად პრევენციული ოპერატიული ღონისძიებების განუხორციელებლობამ, განურჩევლად იმისა იყო თუ არა ეს განზრახი თუ დაუდევარი მიდგომის შედეგი, ძირი გამოუთხარა კანონის წინაშე თანაბარი დაცვის მომჩივნისა და მისი ქალიშვილის უფლებას (შეადარეთ Opuz, §§ 184-202, და Talpis, §§145 and 148)“. (§§56).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომლებსაც ჰქონდათ ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან შემსუბუქების რეალური პერსპექტივა, მათთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი სხვადასხვა დამცავი ღონისძიებების აშკარა უგულვებელყოფით (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსხვერპლის დასაცავად ყველა საჭირო ღონისძიების და მექანიზმის გამოყენება, სრულყოფილი და ქმედითი გამოძიების წარმართვა; საქართველოს გენერალურ პროკურატურის მხრიდან დანაშაულის ქმედითი გამოძიების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა) ვერ გამოავლინეს განსაკუთრებული გულმოდგინება მოსარჩელის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდგომ, რამდენიმე საათში, მისი თვითმკვლელობით დასრულდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითებას, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუსაჩივრებლობის პირობებში მისთვის მორალური ზიანის დაკისრების უსაფუძვლობასთან მიმართებაში და კასატორების პოზიციას - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გ. კ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის პირობებებში,ზიანის ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებაზე (№ბს-1031(კ-20)), სადაც განიმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 24.09.2010წ. კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა სსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც მანამდე პრეიუდიციულ ძალას ანიჭებდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ცალკეულ ფაქტთან მიმართებით, ცვლილება განიცადა აგრეთვე სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტმა, რის შედეგადაც სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძველს აღარ წარმოადგენს საქმის სისხლის სამართლის წესით განხილვა. ხსენებული ცვლილებებით კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოხდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მტკიცებითი სტანდარტების ურთიერთგამიჯვნა. საპროცესო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოება არაა დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმის შედეგებზე პრეიუდიციული ძალით, ისევე როგორც სისხლის სამართალწარმოება - სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის შედეგზე. ამასთან, პრეიუდიციული ძალის არ ქონა არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებისა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლოს არ ერთმევა უფლებამოსილება იმსჯელოს განაჩენზე, მისი არსებობის შემთხვევაში, როგორც წერილობით მტკიცებულებაზე და გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სუსგ №ბს-144-141(2კ-14), 22.01.2015წ.). ამდენად, არ არის სრულიად გამორიცხული სისხლის სამართლის საქმის შედეგის განსხვავება ადმინისტრაციული საქმის შედეგისგან და პირიქით. სხვაობა შესაძლოა ახსნილ იქნას სამართლის შესაბამისი დარგით მოწესრიგებული პასუხისმგებლობის სხვადასხვაგვარი მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობებით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2018წ. გადაწყვეტილება საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Sarishvili-Bolkvadze v Georgia), no. 58240/08, §87). სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები უკავშირდება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო ინდივიდის დასჯას, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივის - დელიქტური სამართალურთიერთობის მონაწილე ორგანოს მიერ ზიანის მიყენებით ხელყოფილი უფლების აღდგენას. პასუხისმგებლობის წინაპირობების სხვაობა შედეგად იწვევს მტკიცების სტანდარტების სხვადასხვა საფეხურის გამოყენებას სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. ამდენად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დამოუკიდებლად მოწმდება სკ-ის 1005.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
ამასთან, ოჯახის წევრების დაკარგვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, მაგ. საქმეზე „ჩელექბილექი თურქეთის წინააღმდეგ“ ; „ფინოგენოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“; „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსარჩელის სასარგებლოდ მისი შვილის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის, მოპასუხეებისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი