Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-302(კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. წ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

კ. წ-ემ 2017 წლის 18 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. წ-ეის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და კ. წ-ეის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე, ყოველთვიურად - 1 500 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით კ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანება „კ. წ-ეის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ“; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. წ-ეის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასევე დაევალა კ. წ-ეისთვის მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება, კ. წ-ეის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
კ. წ-ეის წარმომადგენელმა 2020 წლის 10 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარმოადგინა. მხარე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადები დაცულია, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტად მიჩნეულია 2014 წლის 16 მაისი, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 18 აპრილს.
მოწინააღმდეგე მხარე წერილობით პოზიციაში მიუთითებს, რომ დაუშვებელია აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს ასეთი აქტის მხარისთვის ჩაბარებამდე. მოსარჩელეს კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, სადავო აქტი მისი გასაჩივრების წესის განმარტებას არ შეიცავს. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
მოწინააღმდეგე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მართებულად გაითვალისწინეს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი გარემოებები. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოითხოვა და დაურთო საქმეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, იგი ასევე უფლებამოსილი იყო, შეეფასებინა დასახელებული მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის უნდა შეფასებულიყო, რამდენად არსებობდა დასაქმებულის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რამდენად იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესები და მიღებულ იქნა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუმცა, მოცემული გარემოებების დადგენამდე და შეფასებამდე, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმუბულიყო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ იყო დასაბუთებული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებზე, არ შეაფასა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, სადავო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუსტად არ განსაზღვრა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის მომენტი და არ გამოიკვლია ვადის შეჩერების/შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
მოცემული საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის ბრძანება გასაჩივრებულია 2017 წელს, მიუხედავად იმისა, რომ კ. წ-ეისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების ბრძანების არსებობის თაობაზე. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მხარის ინფორმირების ფაქტი, კასატორის განმარტებით, სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბერის სხდომაზე გამოიკვეთა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. თუმცა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ჯერ კიდევ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც გამოძიება დასრულებული არ არის.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, გახდება იმ პირების მიერ ახალი სასამართლო დავების დაწყების საფუძველი, რომლებიც კ. წ-ესთან ერთად იქნენ დათხოვნილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა 2021 წლის 29 დეკემბერს, 12:00 საათზე ზეპირი მოსმენით. ამავე სხდომაზე მხარეებს შეეთავაზათ მორიგება და მიეცათ დრო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს არა ერთი განცხადება, რომლებშიც მიუთითებენ თავიანთი პოზიციების მართებულობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
კ. წ-ეს სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ...ის (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...) თანამდებობა;
2014 წლის თებერვალში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სწავლების დროს, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის მესამე ასეულის ორმოცდაექვსმა სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა ბატალიონის მეთაურის ბრძანება მობილური ტელეფონების ჩაბარების თაობაზე და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს ისინი;
სპეციალური ოპერაციების ძალების მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის 2014 წლის 28 აპრილის №11 ოქმის თანახმად, კომისიაზე განხილულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დათხოვნის საკითხი. მათ შორის განხილულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ...ის, ...ს - კ. წ-ეის პირადი განცხადებაც. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნასთან დაკავშირებით განმცხადებლებს შუამდგომლობა გასწეოდათ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან;
2014 წლის 30 აპრილის პატაკის თანახმად, რეინჯერთა სკოლის კ/გ ჯგუფის ინსტრუქტორმა - კ. წ-ემ განცხადებით მიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს და სთხოვა, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან);
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ...ი (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...), ... - კ. წ-ე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად; საფუძველი - სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2014 წლის 3 მაისის შუამდგომლობა №271303;
2014 წლის 16 მაისს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, 46 სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან;
2014 წლის გაზაფხულზე, კ. წ-ეისა და მისი თანამოსამსახურეების მიერ დაწერილი - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ პატაკები ატვირთულ იქნა შიდა ელექტრონულ პროგრამაში, (ე.წ. „eflow“-ში), რის შემდეგაც პატაკების დედნები სპეციალური ოპერაციების ძალების G-1 განყოფილების უფროსმა - ი. ყ-ამ გაანადგურა;
გამოძიების პროცესში საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა წერილობითი განმარტება, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ფორმატით წარდგენილ დოკუმენტებზე (ე.წ. სკანერით გამოყენებით დამზადებულ საბუთებზე) ხელწერის ექსპერტიზა არ ტარდება, ხოლო იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწერილი პატაკების დედნები განადგურებული იყო და გამოძიებას გააჩნდა მხოლოდ მათი ასლები, ვერ მოხდა პატაკებზე ხელმოწერებისა და სხვა რეკვიზიტების იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზის ჩატარება;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 30 მაისის წერილის თანახმად, იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების G-1 განყოფილების უფროსმა - ი. ყ-ამ დადგენილი წესების უხეში უგულებელყოფით გაანადგურა 46 სამხედრო მოსამსახურის პატაკების დედნები, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით, საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ იგი 2016 წლის 5 ოქტომბერს განრიდებულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა 3 000 ლარის გადახდა. ამავე წერილით დგინდება, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება;
2015 წლის 23 თებერვალს მოწმის სახით დაკითხული ა. ბ-ის ჩვენებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 16 მაისამდე (სამსახურიდან დათხოვნამდე) მსახურობდა შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონში ...ის თანამდებობაზე, პირველი კლასის რიგითის წოდებით. მოწმემ მიუთითა, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკი თავად დაწერა და ხელი მოაწერა. აღნიშნული პატაკი დაწერა 2014 წლის მარტის შუა რიცხვებში, სამანდატო კომისიის ჩატარების შემდეგ, დაახლოებით, 2 კვირაში, ბატალიონის მეთაურის - ტ-ის, ასმეთაურის - მ-ის და სერჟანტ - ბ-ის მხრიდან იძულების, მუქარისა და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის გამო თავისუფლება შეეზღუდებოდა;
2015 წლის 29 მაისს მოწმის სახით დაკითხული - კ. წ-ეის ჩვენებაში მითითებულია, რომ შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე პატაკზე თარიღი მას არ დაუსვამს. პატაკი მისი ხელით არის დაწერილი და ხელიც პირადად მოაწერა 2014 წლის 10 მაისს, როდესაც, დაახლოებით, ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე იყო ჩატარებული სამანდატო კომისია. ამასთან, აღნიშნული პატაკი მან დაწერა ბატალიონის მეთაურის მოადგილის - გ. კ-ეის მხრიდან იძულების, მუქარისა და შანტაჟის გამო, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის გამო თავისუფლება შეეზღუდებოდა. მისი აზრით, საფრთხე, რომ ხელმძღვანელობა შეასრულებდა მუქარას და სრულიად უმიზეზოდ „გაუფუჭებდნენ საბუთებს“, რეალური იყო;
2015 წლის 30 ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხული შეიარაღებული ძალების ...ის მეთაურის - ი. ს-ას ჩვენებაში მითითებულია, რომ 50-მდე ჯარისკაცი, 2014 წლის თებერვალში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის შემადგენლობაში იმყოფებოდა სწავლებაზე გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე და ემზადებოდა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. სწავლების დროს, მითითებულმა ჯარისკაცებმა არ შეასრულეს ბატალიონის მეთაურის ბრძანება ტელეფონების ჩაბარებასთან დაკავშირებით და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს საკუთარი მობილური ტელეფონები. მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სამანდატო კომისიის სხდომაზე, თუმცა სხდომაზე ჯარისკაცების პატაკები, ახსნა-განმარტებები და რაიმე სახის დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ სხდომის პერიოდში მას ჯარისკაცების პატაკები არ უნახავს და არ იცის, რა ვითარებაში და როდის მოხდა მათი დაწერა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კ. წ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის შესაფასებელია, რამდენად არსებობდა დასაქმებულის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რამდენად იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესები და მიღებულ იქნა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუმცა, მოცემული გარემოებების დადგენამდე და შეფასებამდე, უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. იმავე მუხლის 21 პუნქტის მიხედვით, სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა აითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გაცნობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ამრიგად, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გაცნობიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობა. გამონაკლისის სახით, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მის აუცილებელ რეკვიზიტს გასაჩივრების წესის განმარტების თაობაზე, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი და ასეთი აქტის გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქმის წარმოების ყველა ეტაპზე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულების განხორციელებას, პატაკის რეალური ნების საწინააღმდეგოდ დაწერას და შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებას. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას, მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ საკითხის დადგენა, 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განახორციელა თუ არა კ. წ-ემ საკუთარი უფლებების დაცვა არა სასამართლოსთვის, არამედ სხვა სახელმწიფო, სამართალდამცავი ან საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის გზით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. წ-ემ 2014 წლიდან 2017 წლამდე არა ერთხელ მიმართა განცხადებებით სახელმწიფო, საგამოძიებო ორგანოებს, მათ შორის 2016 წლის 22 ივნისს - საქართველოს მთავარ პროკურორს, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის თაობაზე, ასევე, 2016 წლის 10 ნოემბერს - საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სადაც უთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ იძულებით დააწერინეს პატაკი და თავდაცვის მინისტრს სთხოვს აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ დაინტერესებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადასტურებული გარემოებებით ცალსახად დასტურდება 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში კ. წ-ეის მიერ საკუთარი უფლებების დაცვის განხორციელება არა სასამართლოსთვის, არამედ სხვა სახელმწიფო, სამართალდამცავი, მათ შორის, საგამოძიებო, ორგანოებისათვის მიმართვის გზით.
რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას შეფასებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებზე, რომ 2014 წლის თებერვალში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სწავლების დროს, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის ...ის 46-მა სამხედრო მოსამსახურემ არ შეასრულა ბატალიონის მეთაურის ბრძანება მობილური ტელეფონების ჩაბარების თაობაზე და პროტესტის ნიშნად დაამტვრიეს ისინი. კ. წ-ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) თანახმად. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ კ. წ-ეის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების და შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი გახდა პატაკი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული კ. წ-ე საგამოძიებო ორგანოში მიცემულ ჩვენებაში განმარტავდა, რომ პატაკი მისი ხელით არის დაწერილი და ხელიც პირადად მოაწერა 2014 წლის 10 მაისს, რა დროსაც დაახლოებით თვეზე მეტი ხნით ადრე იყო ჩატარებული სამანდატო კომისია. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ პატაკი მან დაწერა ბატალიონის მეთაურის მოადგილის - გ. კ-ეის მხრიდან იძულების, მუქარის და შანტაჟის გამო, კერძოდ, თუ ამას არ გააკეთებდა, მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობის გამო, გაუშვებდნენ ყველას მინიმუმ 5 წლით ციხეში.
დასახელებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მხრიდან პატაკის დაწერისას არ ყოფილა გამოვლენილი მისი რეალური ნება - შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა და პატაკი დაწერილი იქნა მუქარის, დაშინებისა და შანტაჟის შედეგად. პალატის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სამანდატო კომისიის მიერ მითითებული საკითხის განხილვისას მოსამსახურეებს არ ჰქონდათ დაწერილი პატაკები, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივაც დარღვეული იყო აქტის გამოცემისთვის სავალდებულო ადმინისტრაციული წარმოების პირობები, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, უტყუარად ადგენს მოსარჩელის მიმართ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულებას. იძულება კი, თავის მხრივ, არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, პალატა ყურადღებას ამხვილებს მოსარჩელის განმარტებზე, ხელმძღვანელობის მხრიდან მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ მოტივით იქნა მოსარჩელის მიერ დაწერილი პატაკი, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას.
სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამდენად, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, იმ პირობებში, როცა უდავოდ სახეზეა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - კ. წ-ეის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ 2014 წლის 16 მაისის №1659 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ასევე, ადგენს, რომ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე უნდა დაევალოს კ. წ-ეის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან, აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე