ბს-754 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 21.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პაციენტ ს. კ-ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.02.2016წ. N04/12395 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.06.2016წ. N04/47642 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღნიშნული შემთხვევის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, პაციენტ ს. კ-ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 16.02.2016წ. N04/12395 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.06.2016წ. N04/47642 გადაწყვეტილება, აღნიშნული შემთხვევა დაექვემდებარა ანაზღაურებას, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2017წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პაციენტ ს. კ-ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა წინასწარი დიაგნოზის (შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი და უცნობი ქცევის სიმსივნე) დაუდასტურებლობა ჰისტომორფოლოგიური დასკვნით და აღნიშნული ინფორმაციის არ ასახვა სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში. სააპელაციო პალატამ ,,საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.12.2000წ. №242/ნ ბრძანების დანართი N2-ის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ბიოფსიური და ოპერაციული გზით მიღებული ყველა ქსოვილი, ორგანოს ნაწილი ან ორგანო მთლიანად, დანაწევრების გარეშე, ექვემდებარება ჰისტოპათოლოგიურ გამოკვლევას. პალატამ აღნიშნა, რომ ჰისტოლოგიური ანუ ჰისტომორფოლოგიური კვლევა გულისხმობს ადამიანის ორგანოდან აღებული ქსოვილის (ქსოვილების) მიკროსკოპულ გამოკვლევას, რისთვისაც ბიოლოგიური მასალის - ორგანოების ნაწილის (პრეპარატების) აღება ხდება ოპერაციული გზით ამოღებული ორგანოდან, ან მისი ნაწილიდან, შემდგომ ხდება ამ პრეპარატის სპეციალური მეთოდებით დამუშავება და მიკროსკოპული გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, რბილი ქსოვილის წარმონაქმნი კანისა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილთან ერთად გაგზავნილ იქნა ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგად განსაზღვრულ იქნა, რომ საკვლევი მასალა წარმოდგენილია კანით ან კანქვეშა ქსოვილით და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით ფიბროზული ჭიმებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციით, კერძოდ N430 ოპერაციის პროტოკოლით დასტურდება, რომ პაციენტ ს. კ-ასთან ინახა სიმსივნე - სტრუქტურაშეცვლილი (ფიბროზული), მუქი ყვითელი ფერის ცხიმოვანი (მოცულობამომატებული, ჭარბად (ზედმეტად) ნაზარდი) ქსოვილი უცნობი ქცევის სიმსივნური ჩანართებით. ასევე საყურადღებოა ჰისტომორფოლოგიური დასკვნა შემდეგი ფორმულირებით - საკვლევი მასალა ცხიმოვანი (მოცულობამომატებული, ჭარბად (ზედმეტად) ნაზარდი) შემაერთებელი ქსოვილით (საერთო მოცულობით 2X2 სმ) ფიბროზული (ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებული (გადაგვარებული) სეპტებით, რაც ადასტურდებს იმას, რომ პაციენტს დაუდგინდა სიმსივნე. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულ იქნა შპს "...ის" 19.09.2016წ. N02/14 წერილითაც, სადაც მითითებულია, რომ ს. კ-ას დიაგნოზი შესაძლებელია წარმოადგენდეს ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიან სიმსივნეს უჯრედული ატიპიის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული შემთხვევის სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“ არ ემყარება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ. ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პაციენტის საბოლოო დიაგნოზის დადგენისათვის საჭირო არ იყო ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგის მიღება, რადგან პაციენტის კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმის მიერ იმთავითვე დადგენილ იქნა სიმსივნის არსებობა, ხოლო „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პაციენტ ს. კ-ას სიმსივნის დიაგნოზი დადასტურებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბართით N19683, ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ცნობით N57102, პაციენტის გასინჯვის ფურცელით, ოპერაციის პროტოკოლით N430, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კლინიკის მიერ სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება არ ეწინააღდეგებოდა სადავო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ დაწესებულებამ შემთხვევა დახურა ჰისტომორფოლოგიური დასკვნის მიღებამდე. კასატორმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის "ჩ1" ქვეპუნქტზე, „საქართველოში პათოლოგანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.12.2000წ. N242/ნ ბრძანების მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ საბოლოო დიაგნოზის დადგენისათვის საჭირო იყო დამატებითი კვლევა, დაწესებულებას არ უნდა მოეხდინა შემთხვევის დახურვა. აღნიშნულმა შექმნა ის მდგომარეობა, რომ დაწესებულებას აღარ მიეცა გადმოგზავნილი წინასწარი დიაგნოზის შეცვლის შესაძლებლობა, რაც კლინიკას შეტყობინების ღიად დატოვების შემთხვევაში მისცემდა შესწორების შეტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, კლინიკის მიერ, თანხის მოთხოვნა მოხდა სხვა დაავადების მიხედვით და არა იმ შემთხვევაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგმა ასევე დაადასტურა, რომ სახეზე იყო არა გადმოცემული კოდით D48.1. განსაზღვრული შემთხვევა - „შემაერთებელი და რბილი ქსოვილების უცნობი ქცევის სიმსივნე“, არამედ ღ22.3. განსაზღვრული შემთხვევა - „ადგილობრივი შესივება, მოცულობითი წარმონაქმნი და ამობურცულობა ზედა კიდურის მიდამოში“. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დაწესებულების მიერ დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, რის გამოც კლინიკას უარი ეთქვა შემთხვევის ანაზღაურებაზე, დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი ს. კ-ა ჰოსპიტალიზებული იქნა შპს ,,...ში’’ 2015 წლის 5 ოქტომბრიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, დიაგნოზით: შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე (D48.1), პაციენტს ჩაუტარდა შემდეგი ჩარევა: ბეჭის ან ზედა კიდურის რბილი ქსოვილის სიმსივნის სრული ამოკვეთა, აღნიშნული დასტურდება N430 ოპერაციის პროტოკოლით - ,,მარჯვენა მტევნის 5 თითის ლატეროპალმარულ არეში, თითის დისტალური არიდან პროქსიმალურამდე კანქვეშა ქსოვილები გაითიშა ჩლუნგად და ბასრად. ინახა სტრუქტურაშეცვლილი მუქი ყვითელი ფერის ცხიმოვანი ქსოვილი უცნობი ქცევის სიმსივნური ჩანართები. ამოიკვეთა სიმსივნური წარმონაქმნები სრულად. გაკეთდა კანის პლასტიკა ადგილობრივი ქსოვილებით. ჰემოსტაზი სრული. ჭრილობა გაიკერა შრეობრივად’’. ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის გაიგზავნა რბილი ქსოვილის წარმონაქმნი, კანისა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილთან ერთად. ჰისტოპათოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ საკვლევი მასალა წარმოდგენილია კანით და კანქვეშა ქსოვილით და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით ფიბროზული სეპტებით. საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს "...ის" 19.09.2016წ. N02/14 წერილი, რომლის თანახმად მორფოლოგიური კვლევის დასკვნა, რომელიც ფორმულირებულია შემდეგი სახით-,,საკვლევი მასალა წარმოდგენილია კანით და კანქვეშა ქსოვილით და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით, საერთო მოცულობით 2X2 სმ-ზე ფიბროზული სეპტებით", კლინიკურ მონაცემებთან კორელაციაში შესაძლებელია წარმოადგენდეს ლიპომას, ანუ ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიან სიმსივნეს უჯრედული ატიპიის გარეშე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 16.02.2016წ. N04/12395 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,...ს’’ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად ს. კ-ას შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პაციენტ ს.კ-ას შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა წინასწარი დიაგნოზის (შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი და უცნობი ქცევის სიმსივნე) დაუდასტურებლობა ჰისტომორფოლოგიური დასკვნით და აღნიშნული ინფორმაციის არ ასახვა სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის მოდულში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი ს. კ-ა წარმოადგენს „საყოვეთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრულ მოსარგებლეს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო აქტში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ზემოაღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გატარებული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამასთანავე, სადავო აქტში განმარტებულია, რომ წინასწარი დიაგნოზი (შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე) არ შეესაბამება ჰისტოპათოლოგიურ დიაგნოზს (საკვლევი მასალა წარმოდგენილია კანით და კანქვეშა ქსოვილით და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით ფიბროზული ჭიმებით). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბართით N19683, ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ცნობით N57102, პაციენტის გასინჯვის ფურცელით და ოპერაციის პროტოკოლით N430 დგინდება, რომ პაციენტ ს. კ-ას დაესვა დიაგნოზი - შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე. საქმეში წარმოდგენილი N1127 ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით დადგენილია შემდეგი ჰისტოფატოლოგიური დიაგნოზი: საკვლევი მასალა წარმოდგენილია კანით და კანქვეშა ქსოვილით და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილით ფუბროზული სეპტებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული შპს "...ის" 19.09.2016წ. N02/14 წერილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული მორფოლოგიური კვლევის დასკვნით ს. კ-ას დიაგნოზი შესაძლებელია წარმოადგენდეს ცხიმოვანი ქსოვილის კეთილთვისებიან სიმსივნეს უჯრედული ატიპიის გარეშე. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან და ადასტურებს პაციენტ ს. კ-ას შემთხვევაში სიმსივნის დიაგნოზის არსებობას, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია. ამასთან, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ჰისტომორფოლოგიურმა კვლევის შედეგმა დაადასტურა არა სიმსივნის დიაგნოზი, არამედ სხვა შემთხვევა კერძოდ, „ადგილობრივი შესივება, მოცულობითი წარმონაქმნი და ამობურცულობა ზედა კიდურის მიდამოში“, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ზემოაღნიშნული მოსაზრების რაიმე სახის დასაბუთებას.
რაც შეეხება კლინიკის მიერ ჰისტომორფოლოგიური დასკვნის მიღებამდე შემთხვევის დახურვას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, თუ შეტყობინების სისტემაში გატარებული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. რაც შეეხება სამედიცინო შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებას და მისი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, იგი მოწესრიგებულია ამავე დადგენილების სხვა მუხლებით, რომლის თაობაზეც სადავო აქტში არ არის მითითებული. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება შემთხვევის დახურვის თარიღის შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ იმთავითვე დადგენილ იქნა სიმსივნის არსებობა და დიაგნოზის დადგენისათვის საჭირო არ იყო ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგის არსებობა, ხოლო კლინიკის მიერ არ დარღვეულა „საქართველოში პათოლოგანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.12.2000წ. N242/ნ ბრძანებით დადგენილი ვალდებულება და ჰისტომორფოლოგიური კვლევისთვის გაგზავნილ იქნა ოპერაციული გზით მიღებული შესაბამისი ქსოვილი.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.02.2018წ. განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.09.2020წ. N75040 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი