Facebook Twitter

ბს-980(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. შ-ამ 20.08.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 07.08.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება. საქალაქო სასამართლოში 15.12.2020წ. გამართულ სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2020წ. გადაწყვეტილებით თ. შ-ას, გ. რ-ის, ბ. რ-ის, თ. რ-ის და ა. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.08.2020წ. №03-878/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. შ-ას, გ. რ-ის, ბ. რ-ის, თ. რ-ისა და ა. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ, მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, რაც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. ფაქტი, რომ მოსარჩელეები 2006 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობენ თ. შ-ას დედამთილის, ნ. რ-ის საკუთრებაში, არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას, ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედამთილს სურს გამოიყენოს მისი საკუთრება შეხედულებისამებრ, გარდა მოსარჩელის მითითებისა, არ საჭიროებს დამატებით რაიმე მტკიცებულების წარდგენას, რადგანაც აკმაყოფილებს მტკიცების ტვირთის გონივრულობის სტანდარტს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა თ. შ-ას ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (სამი არასრულწლოვანი) - 2 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. თ. შ-ასთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა მიუხედავად მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული 3.5 ქულისა, დედამთილის საკუთრებაში არსებული ფართით დროებითი სარგებლობის გამო მისი ოჯახის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების საჭიროების არარსებობა. ქულათა ფორმირების პროცესში კონკრეტული კრიტერიუმის - „ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრება“ გამორიცხავს იმავე საფუძვლით საცხოვრისით დაკმაყოფილების თაობაზე დაინტერებული პირის მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. ამგვარი მიდგომა ვერ გამართლდება დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითებით. კანონმდებელმა ქულათა სისტემის შემოღებით გადაწყვეტილების მიღება მოაქცია არა კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს ფართო შეფასების არეალში, არამედ დაუკავშირა ქულათა ოდენობას და ამ წესიდან მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში გააკეთა გამონაკლისი - პირის საფრთხის შემცვლელ პირობებში ცხოვრების მოტივით ქულათა რაოდენობის გათვალიწინების გარეშე პრიორიტეტის მინიჭება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.08.2020წ. №03-878/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს შესაძლებელი იყო 199 სამოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარდგენილი იყო 560 განცხადება, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3 და მეტი ქულა. სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განცხადებას, შესაბამისად, სააგენტომ მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება საკითხის პრიორიტეტულობის მიხედვით. სასამართლომ არასწორად განმარტა პრიორიტეტულობის პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 3,5 ქულა, ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად 2006 წლიდან ქირის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს - დედამთილის ბინაში, რის გამო მისი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა. მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ბინაში ცხოვრების შეუძლებლობა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადნენ მხარის მისამართზე, მონიტორინგის ოქმიდან დასტურდება, რომ მხარე რეალურად ფლობს და შეუზღუდავად სარგებლობს საცხოვრებელი სახლით, ასევე არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მხარე შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს. კასატორმა მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.2019წ. განჩინებაზე (საქმე №3/ბ-2274/18წ.), რომლითაც სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარე 2012 წლიდან ცხოვრობდა მეუღლის პაპა-ბებიის სახლში. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტებს გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილი და ბინით უზრუნველყოფას არ საჭიროებდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე თ. შ-ა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. №36 სხდომის ოქმის თანახმად, სამ ოთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა თ. შ-ას ოჯახს, რომელიც შეფასებულია 3,5 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის მშობლების სახლში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 07.08.2020წ. №03-878/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36) თ. შ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეზე დადგენილია, რომ თ. შ-ა ოჯახთან ერთად 2006 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში, კორ. ..., ბ. ...-ში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან 2006 წლიდან ცხოვრობს ქირის გარეშე, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ არ დასტურდება დევნილის ოჯახის თავშესაფრის გარეშე დარჩენის საშიშროება, უსაფუძვლოა, აღნიშნული მითითებები არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 3,5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახის მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ბინაში ცხოვრებას. კასატორის მოსაზრება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა მისი დისკრეციის სფეროს განეკუთვნება არ ასაბუთებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება არ ათავისუფლებს აქტის გამომცემ სუბიექტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებისაგან. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე წარადგინა 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს. საკასაციო პალატა მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა 21.04.1994წ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით თ. შ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორის მითითება მსგავს საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.05.2019წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივრის დაშვების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ ქმნის. სასკ-ის 34.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამდენად, კასაციის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძველი არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას შორის შეუსაბამობა, შესაბამისად, კასაციის დასაშვებობის ამ კრიტერიუმის გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს არა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, არამედ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რაც საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს არ ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი