Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-134(კ-22) 14 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; მოსარჩელე - ლ. მ-ა).

2018 წლის 31 აგვისტოს ლ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ლ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 31 ივლისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 აგვისტოს №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. მ-ას სახელზე მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ამ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. მ-ას დაზუსტებული (შემცირებული) სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, უძრავ ნივთზე მდებარე ბათუმი, ...ის ქუჩა №... (ს/კ ...; მესაკუთრე-ლე. კ-ი) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ; ნაწილობრივ (ზედდების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე ბათუმი, ...ის ქუჩა №... (ს/კ ...; მესაკუთრე - ლ. კ-ი, პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ლ. მ-ას (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა №... (ზონა ბათუმი, სეტორი - ..., ს/კ ...) ამ უკანასკნელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს – ლ. კ-ის დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორს - ლ. კ-ის (პ/ნ ...) და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 10 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს - ლ. კ-ის ხარვეზის შევსებისათვის მიცემული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 11 მარტს და ამოიწურა 2022 წლის 21 მარტს, 24 საათზე (შაბათ-კვირის გათვალისწინებით), ხოლო ლ. კ-იმა 2022 წლის 25 მარტს „...-ის“ მეშვეობით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი (გადახდილი 2022 წლის 25 მარტს) და იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. 2022 წლის 11 აპრილს ლ. კ-იმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და დამატებით წარმოადგინა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის ქვითარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - ლ. კ-იმა გაუშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2022 წლის 21 მარტს, 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა, ხოლო განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ „...-ის“ მეშვებოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 25 მარტს ანუ ვადის დარღვევით წარედგინა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. კ-ის საკასაციო საჩივარზე კახაბერ ტყაბლაძის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, გადამხდელს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი;

2. კ. ტ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 25.03.2022წ. №12905195506 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და 08.04.2022წ. №13015312791 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარი, სულ - 300 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი