Facebook Twitter

№ბს-354(კ-19) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შიდა ქართლის რეგიონული ოფისი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ბ-ი

მესამე პირები (სასკ 16.2) - რ. ს-ე, მ. ი-ი, ი. მ-ა, რ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 12 იანვარს ა. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შეიცვალა სათანადო მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისით.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის და 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - მ. ი-ი, რ. ს-ე, ი. მ-ა და რ. ბ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე რ. ს-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 თებერვლის № ... გადაწყვეტილება ა. ბ-ის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განცხადებით (№...) წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ა. ბ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილება ა. ბ-ის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განცხადებით (№...) წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ა. ბ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 22 აპრილის № ... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში; ქ. კასპში, ...ს ქუჩაზე, ე. წ. ...ზე მდებარე 866 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის მ. ი-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების (ა. ბ-ის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განცხადებით (№ ...) წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ა. ბ-ის, მ. ი-ისა და რ. ს-ეს უფლების დამდგენი დოკუმენტების - კასპის გამგეობის გადაწყვეტილებებისა და მიწის ნაკვეთების განაწილების სიის საფუძველზე გააჩნდათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე, თუმცა, რ. ს-ეისა და მ. ი-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა მათთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის შესახებ არასწორი საკადასტრო მონაცემები, რაც სადავოდ გამხდარი ზედდების ნაწილში მათი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (შიდა ქართლის რეგიონული ოფისი), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში ცალსახა ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ო. ა-ის მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, აღნიშნული პირი არც ყოფილა საქმეში ჩაბმული მესამე პირად და შესაბამისად, არ გამოკვლეულა მის მიერ მყარი ღობით შემოღობილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. სასამართლოს არ უმსჯელია თუ სად უნდა მდებარეობდეს გიგაურისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომლის სამხრეთით მდებარეობს რ. ს-ეის მიწის ნაკვეთი. ა. ბ-ის ნაკვეთი არ მდებარეობს იმ ადგილას, სადაც იგი წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე უთითებს.

რაც შეეხება ა. ბ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტს და მასში მითითებულ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს, მოსარჩელეზე გადაცემული უძრავი ნივთის მისაზღვრეები არიან: აღმოსავლეთით - ...ს ქუჩა, დასავლეთით - ნ. კ-ი, სამხრეთით - ნ. ჯ-ი, ჩრდილოეთით - ს-ე. აღნიშნული მოსაზღვრეები არ ემთხვევა ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს, რაც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტებით. დადგენილია, რომ ა. ბ-ის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, აღმოსავლეთით მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ბორჯომის და არა ...ს ქუჩა, სამხრეთით დ. ჯ-ის და არა ნ. ჯ-ის მიწის ნაკვეთი, დასავლეთით არ ესაზღვრება ნ. კ-ის მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილოეთით რ. ს-ეის და არა ს-ეის მიწის ნაკვეთი. ა. ბ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია 2003 წელს, ხოლო 1998 წლის დადგენილების საფუძველზე ს-ეისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უკვე გადაცემული იყო რ. ს-ეისთვის, შესაბამისად, 2003 წლის მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტში ს-ე ვერ იქნებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შიდა ქართლის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივარი.

ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, 2020 წლის 23 ივნისს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა მოსამართლე - ქეთევან ცინცაძეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შიდა ქართლის რეგიონული ოფისი) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

კასპის დეპუტატთა საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 27 აგვისტოს განკარგულებით, ომიდან დაბრუნებულ მეომართათვის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნული ერთიანობისათვის მებრძოლებზე ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ქალაქ კასპში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, „...სთან“ 0,08 - 0,08 ჰა (25X32) მიწის ნაკვეთები გაუნაწილდა და მშენებლობის ნებართვა მიეცა 3 პირს: რ. ბ-ეს, უ. ს-ესა და გ. გ-ის.

გ. გ-იის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ს ქუჩა, დასავლეთით - თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - უ. ს-ეის ნაკვეთი, ჩრდილოეთით - ო. ა-ის ნაკვეთი; უ. ს-ეის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ს ქუჩა, დასავლეთით - თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - რ. ბ-ეის ნაკვეთი, ჩრდილოეთით - გ. გ-იის ნაკვეთი.

ქალაქ კასპის გამგეობის 1998 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით რ. ს-ეს გადაუფორმდა გარდაცვლილი მეუღლის - უ. ს-ეის სახელზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ქალაქ კასპში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, „...სთან“ ზომით 25X32, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ს ქუჩა, დასავლეთით - თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - რ. ბ-ეის ნაკვეთი, ჩრდილოეთით - გ. გ-იის ნაკვეთი.

ქალაქ კასპის გამგეობის 2003 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცდა მიწათსარგებლობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმის №1 საკითხი და ა. ბ-ის ქალაქ კასპში, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,...სთან” გამოეყო საკარმიდამო 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი ზომით 25X32, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ...ს ქუჩა, დასავლეთით - ნ. კ-ის მიწის ნაკვეთი, სამხრეთით - ნ. ჯ-ის ნაკვეთი, ჩრდილოეთით - ს-ეის ნაკვეთი.

ქალაქ კასპის 1998 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მი. ზ.-ს ძე ი-ის პირად საკუთრებაში ერიცხებოდა: არსებული 1224 მ2, პრივატიზებული - 0,15 ჰა. ქალაქ კასპის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით (სია დათარიღებული არ იყო) მი. ი-ის პირად საკუთრებაში ერიცხება 0,20 ჰა.

კასპის არქივის 2012 წლის 18 იანვრის №AA2012000672-03 საარქივო ცნობით დადასტურებული ქალაქ კასპის გამგეობის 1998 წლის 6 ნოემბრის №148 დადგენილების საფუძველზე რ. ს-ეის სახელზე №... საკადასტრო კოდით 2012 წლის 3 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპში, ...ს ქუჩაზე, „...ზე“ მდებარე 800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი.

მითითებული უძრავი ქონება 2012 წლის 27 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ. ი-ის სახელზე.

კასპის არქივის 2016 წლის 7 აპრილის №AA2016030013-03 საარქივო ცნობით დადასტურებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მი. ზ.-ს ძე ი-იის სამკვიდრო ქონებაში შემავალი 866 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, 2016 წლის 22 აპრილს №... საკადასტრო კოდით აღირიცხა მ. ი-ის (შვილიშვილი) სახელზე.

მ. ი-იზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 27 ივლისს აღირიცხა ი. მ-ას სახელზე.

ა. ბ-იმა 2016 წლის 21 ივლისს განცხადებით (№ ...) მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 806,4 მ2 მიწის ნაკვეთზე და მოითხოვა რეგისტრაცია, თუმცა რეგისტრაცია ვერ მოხდა იმის გამო, რომ არსებობდა ზედდება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემებთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა მესამე პირთა საკუთრების უფლება, არამედ განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება, უძრავი ნივთების, მიწის ნაკვეთების რეალური ადგილმდებარეობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი“(საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი - 32.1.), მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის განჩინება საქმე №ბს-459-453(3კ-14)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილმდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას, სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მიხედვით, როგორც მესამე პირების, ისე მოსარჩელე ა. ბ-ის მიწის ნაკვეთებს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა - ...ს ქუჩა. ამასთან, გ. გ-იის მიწის ნაკვეთის სამხრეთით მითითებული იყო - უ. ს-ე. უ. ს-ეის სამხრეთით მითითებული იყო - რ. ბ-ე. ა. ბ-ის საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის მიხედვითაც, მის ნაკვთს ჩრდილოეთიდან ესაზღრებოდა - ს-ეის ნაკვეთი, თუმცა, რ. ბ-ეის მიწის ნაკვეთი მის მეზობლად არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, განხორციელებული სადავო რეგისტრაციის ფარგლებში, მოპასუხის მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და შეფასების ვალდებულების დარღვევის თაობაზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ა. ბ-ის მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ცალსახად არ მომხდარა, საფუძველს მოკლებულია სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების არსებითად ბათილად ცნობა (ა. ბ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში).

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ 2012 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციისას არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტებთან, ცნობებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა მიწის ნაკვეთების ნამდვილი ადგილმდებარეობისა და საკუთრების უფლებით ფაქტობრივად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის შეუსაბამობა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს(საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის №ბს-968(2კ-19) განჩინება).

განსახილველი საკითხის ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები. ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები, ხოლო დუბლირების გამოვლენის შემთხვევაში დაადგინოს საკითხი უკეთესი უფლების მქონე სუბიექტის შესახებ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ა. ბ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შიდა ქართლის რეგიონული ოფისის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 3 თებერვლის №... გადაწყვეტილება (ა. ბ-ის მიერ 2016 წლის 21 ივლისის განცხადებით (№ ...) წარდგენილ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი