Facebook Twitter

Nბს-750 (გ-21) 14 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე გ. ა-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-იმა 06.08.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.07.2021წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 03.05.2021წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ...ში მდებარე 0.10 ჰა მიწის ნაკვეთზე გ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობის 25.10.2019წ. N35-01192983501 წერილის ბათილად ცნობა და წარმოების განახლების შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურისათვის, საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წლებია ცდილობს მისთვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების, კერძოდ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას. აღნიშნული ნაკვეთი მას გადაეცა სახელმწიფოსგან N411 მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც მცხეთის რაიონის ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია 05.03.1997წ.. მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტი დაცულია საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ნამდვილი და კანონიერია. გ. ა-იმა მარეგისტრირებლ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარადგინა შპს „...ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადატრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონის გამგეობის პასუხი იყო უკანონო, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს უარის თქმის საფუძველი გახდა შესაბამისი აპარატურის არქონა და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე პიროვნების არ ყოლა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ. ა-ის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაცია გამოითხოვა ასევე სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2021წ. წერილის მიხედვით, გ. ა-ის 2002 წლის მდგომარეობით ...ში ერიცხება 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 02.04.2021 N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და გ. ა-ის დაევალა ადგილმდებარეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი ან სხვა სამართლებრივი აქტი (დასტური მიწის ნაკვეთის მდებარეობის თაობაზე)). გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იყო, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს ჰქონდა ზედდება N... განაცხადთან (დაინტერესებული პირი ვ. ა-ი). მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება და მოთხოვნა უკანონოა, ვინაიდან ასეთი ფაქტების დადგენის ვალდებულება თვით ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება. მარეგისტრირებელმა ორგანომ 03.05.2021წ. მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... გადაწვეტილება, რომელიც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს 13.07.2021წ. N... გადაწყვეტილებით გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.08.2021წ. განჩინებით გ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 18.1 მუხლის მიხედვით, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შესაძლოა სარჩელის შეტანა სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ აქტების კანონიერების საკითხს, რომელიც მიღებულია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 19.02.2021წ. N34-3421050250 წერილით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში. სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებული უნდა იქნეს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები და სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ა-ის მიერ აღძრულ სარჩელზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 17.08.2021წ. განჩინებით გ. ა-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 15.1 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე - საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსაჯდობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ასევე მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი ნაძალადევის რაიონის გამგეობის 25.10.2019წ. N35-01192983501 წერილი, რომლის გამომცემი ორგანო ასევე თბილისში მდებარეობს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსჯადობის შესახებ დავებზე საკასაციო სასამართლოს მიერ ამ დრომდე მიღებული განჩინებებით დადგენილი პრაქტიკის შეუცვლელად მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის მე-15 მუხლთან ერთად, ამავე კოდექსის 16.1, 16.3 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სსსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით (სუსგ 08.02.2018წ. N716-712(გ-17)). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობას თავდაპირველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ „ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. დადგენილების საფუძველზე, მცხეთის რაიონის ...ის თემის საკრებულო - ... და ...ის დასახლება გადაეცა ქ. თბილისს. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი, რომელზეც გ. ა-ი ითხოვს უფლების სპორადულ რეგისტრაციას, მდებარეობს არა მცხეთის მუნიციპალიტეტის, არამედ ქ. თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში. ამდენად, სადავო უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვითაც, სარჩელი ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.05.2021წ. N..., ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.07.2021წ. N... გადაწყვეტილებებს, ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის 25.10.2019წ. N35-01192983501 წერილს და ითხოვს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, დგინდება, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობით მოსარჩელეს სურს მიეცეს თავის სახელზე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის შესაძლებლობა. სარჩელის მიზანს შეადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა. მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.), სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისი და ფილიალი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხ.), რომლებიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს (დებულების 30.1, 31.1 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის შიდა ორგანიზაცია ხასიათდება მის სტრუქტურებს შორის მყარი ურთიერთკავშირით, რომელიც ქმნის სტრუქტურის ერთიანობას. საჯარო რეესტრის ორგანიზაციული სტრუქტურის ცალკეულ ერთეულებად დაყოფა, დიფერენციაცია ტერიტორიულ ორგანოებზე განპირობებულია მომსახურების ხელმისაწვდომობის, რაციონალური დატვირთვის, საქმიანობის ეფექტურობისა და სხვა მოსაზრებებით. ამდენად, წარდგენილ განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას და შემდგომში აქტის გამოცემას ახდენს არა უშუალოდ სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, სწორედ ტერიტორიულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, მეზობელთა გამოკითხვა და სხვ.. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხი არ წყდება სააგენტოს ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისში მდებარე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ მოქმედებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, სააგენტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის ფუნქციებს, რეგიონული ოფისების და ფილიალების ჩარევის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხლი, რომელიც სააგნეტოს ტერიტორიულ სამხასახურებს შორის არ ასახელებს ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელ სპეციალურ ტერიტორიულ ორგანოს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სსსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 26.12.2006წ. №4173 დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც მცხეთის რაიონის ...ის თემის საკრებულო - ... და ...ის დასახლება გადაეცა ქალაქ თბილისს, ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნული დასტურდება აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიტუაციური ნახაზით (ს.ფ. 34).

„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების 20.2 მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ როგორც უძრავი ნივთის, ასევე მოპასუხის ადგილმდებარეობა მოცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიით, რის გამოც, დავა ტერიტორიულად სწორედ მისი ქვემდებარეა. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი მდებარეობს ქ. თბილისში და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს წარმოადგენს არა სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და ამ ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს, რეგიონული ოფისების და ფილიალების დახმარების გარეშე, ასევე ქ. თბილისში მდებარეობს ნაძალადევის რაიონის გამგეობა, რომლის 25.10.2019წ. N35-01192983501 წერილიც სადავოდაა გამხდარი მოცემული დავის ფარგლებში (იხ. სუსგ 08.02.2018წ. Nბს-716-712(გ-17), 20.12.2019წ. Nბს-1(გ-19)). შესაბამისად, მოპასუხეთა და სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით დავა განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ა-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი