Facebook Twitter

კერძო საჩივრის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ

№ბს-359(კს-22) 19 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჯ-იმა 2022 წლის 11 მარტს კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით, ლ. ჯ-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების (განჩინების) დამდგენ სასამართლოზე; ბ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) რა ნაწილია გასაჩივრებული; გ) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება (განჩინება), გასაჩივრების საფუძვლებს; დ) მითითებას ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ლ. ჯ-იმა 2022 წლის 14 აპრილსა და 15 აპრილს მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარმოადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ მეშველიანის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ლ. ჯ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415, 417, 419-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ. ჯ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა