Facebook Twitter

ბს-1049(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ა-იმა 13.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის მერიის 08.02.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტი გამოიცა ზ. ა-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ზედამხედველობის

საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობა, რომლითაც ზ. ა-ი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისთვის მიჩნეული იქნა სამართალდამრღვევად, დაევალა ღობის დემონტაჟი და დაეკისრა საჯარიმო სანქცია. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობისა და ზ. ა-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება. საქმის გარემოებათა სრულად გამოკვლევის შემდეგ მერიამ დადგენილად მიიჩნია ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული დადგენილებების უკანონობა. სადავო ბრძანებაში მერიამ განმარტა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოების მწარმოებელ პირს, ხოლო თუ ის დაუდგენელია - უძრავი ნივთის მესაკუთრეს, განსახილელ შემთხვევაში არ არსებობდა ზ. ა-ის მიერ სამუშაოების უნებართვოდ წარმოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთანავე იგი არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სადავო 08.02.2018წ. ბრძანებით ზ. ა-ის საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.05.2017წ. და 12.07.2017წ. დადგენილებები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებით დაკმაყოფილდა ზ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი, გასაჩივრებული აქტები ბათილად იქნა ცნობილი და მიჩნეული იქნა, რომ ზ. ა-ი არ არის სამართალდამრღვევი. ბრძანების სადავო პუნქტით ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება გამოწვეული იყო იმ გარემობით, რომ ერთი მხრივ, არასწორად განისაზღვრა სამართალდამრღვევი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, ვინაიდან სახეზე იყო უნებართვო მშენებლობა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა მოეხდინა აღნიშნულზე სათანადო რეაგირება, რაც გულისხმობს საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის აუცილებლობას. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირებება კი სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების მიხედვით, ეკისრებოდა სწორედ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესის დაცვით, განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოს წარმოება, რის გამო, სამართალდარღვევაზე პასუხისმსგებელი პირის დასადგენად ქ. თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ არსებობდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ საქმის წარმოების ხელახლა ჩატარების საჭიროება. სადავო ბრძანების მიხედვით, ახალი ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა ემსახურება სამშენებლო სამართალდარღვევის რეალურად მწარმოებელი პირის გამოვლენას, ხოლო ასეთის დაუდგენლობისას - მესაკუთრისთვის სანქციის დაკისრებას. პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანების სადავო პუნქტი გავლენას არ ახდენს მოსარჩელის ინტერესებზე და არ ემსახურება მის სამართალდამრღვევად მიჩნევას, პირიქით, გასაჩივრებული ბრძანების სრულყოფილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზ. ა-ი არ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინება ზ. ა-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ იგი არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რის გამო არსებობდა წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამასთანავე, მერიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-ის არა მარტო არ უწარმოებია სამშენებლო საქმიანობა, არამედ არ არის აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უნებართვო ნაგებობაა განთავსებული, შესაბამისად, მერიას დავა უნდა გადაეწყვიტა არსებითად, არ არსებობდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საქმის დაბრუნების საჭიროება. იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ სამართალდარღვევასთან მიმართებით ზ. ა-ის პასუხისმგებლობა გამოირიცხა, მის მიმართ მიმდინარე წარმოება უნდა დასრულებულიყო და სხვა პირის მიმართ უნდა დაწყებულიყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 08.02.2018წ. N29 სადავო ბრძანებით ზ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.05.2017წ. და 12.07.2017წ. დადგენილებები, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სადავო ბრძანების მოტივაციის მიხედვით ზ. ა-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს და არა როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ამასთანავე, ზ. ა-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა მის მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის გარეშე, ამდენად, მერიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორად განისაზღვრა სამართალდარღვევის სუბიექტი. მერიამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ უტყუარად უნდა დადგინდეს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირის ვინაობა, ხოლო თუ აღნიშნული პირი უტყუარად ვერ დადგინდება უნდა განისაზღვროს ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე ნაკვეთზე განხორციელებული სამართალდარღვევის სუბიექტი. მერიამ დადასტურებულად მიიჩნია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სადავო დადგენილებების არამართლზომიერების საკითხი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მერიის სადავო ბრძანებით უარყოფილია ზ. ა-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დგინდება უნებართვო მშენებლობის წარმოების ფაქტის არსებობა. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის დავალებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ფაქტობრივად დაავალა უკვე გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება, უნებართვო ღობის მომწყობი პირის დადგენა და ასეთის დაუდგენლობის შემთხვევაში სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის განსაზღვრა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტის გამოვლენა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენასა და მასზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. კონკრეტული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დაუდასტურებლობა, არ გამორიცხავს გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების შესაძლებლობას სამართალდამრღვევი სუბიექტის დადგენის მიზნით.

ზ. ა-ის მითითება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საჭიროებასთან დაკავშირებით, არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობას, რადგან სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 08.02.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა და არა მერიისათვის წარმოების შეწყვეტის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართალია გამოირიცხა ზ. ა-ის მიერ უნებართვო ნაგებობის მოწყობა, თუმცა უკეთუ ვერ დადგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კონკრეტული პირი, საჭირო გახდება იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დადგენა, რომელზეც უნებართვო ნაგებობაა განთავსებული. ზ. ა-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია, რომ ზ. ა-ის და ტ. მ-ის მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ, ღობე ექცევა ტ. მ-ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში (ს.ფ. 26). ამავე აბზაცის ბოლო წინადადებაში ზ. ა-ი თავადვე უთითებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, კასატორის მოსაზრება მის მიმართ წარმოების შეწყვეტის საჭიროების შესახებ, არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის მიზნით წარმოების ჩატარებისას, დადგენას საჭიროებს აგრეთვე ღობის უნებართვოდ მოწყობის პერიოდი და მისი მდებარეობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო 08.02.2018წ. ბრძანებაში მართებულად აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემის პროცედურა და ამ პროცესში მოპოვებული დოკუმენტაციის სისწორე, უნდა შეფასდეს ქმედების განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობით. ზ. ა-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში იგი უთითებდა, რომ მსუბუქი კონსტრუქციის ღობე ისტორიულად წარმოადგენდა ორი მიწის ნაკვეთის გამყოფ საზღვარს და დამონტაჟებული იყო გაცილებით ადრე, ვიდრე ზ. ა-ი მოიპოვებდა საკუთრების უფლებას ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. ამდენად, დადგენას საჭიროებს აგრეთვე ღობის მოწყობის დრო და იმ პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, მსგავსი ნაგებობის მოწყობისათვის მშენებლობის ნებართვის (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის) მიღების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2019წ. განჩინება;

3. ო. კ-ის (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.10.2020წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი