ბს-989 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრმა 17.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პაციენტ რ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.07.2018წ. N04/40483 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის პაციენტ რ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.08.2018წ. განჩინებით შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 15.10.2018წ. მთავარი სხდომის ოქმით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 26.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.07.2018წ. N04/40483 გადაწყვეტილებები პაციენტ რ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პაციენტ რ. კ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 26.10.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე დადგენილების მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.
პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ პაციენტმა რ. კ-იმა 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს მიმართა შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით: მარცხენა მტევნის 1 თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017წ. სტაბილურ მდგომარეობაში. გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913 გადაწყვეტილებით, შპს ,,..." ახალციხის სამედიცინო ცენტრს რ. კ-ისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ რ. კ-ის მიმართ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე, პროგრამის პირობებით ჩატარებული მომსახურება შეესაბამება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მოცულობას. პალატამ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება და აღნიშნა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელმა მიიჩნია, რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რის გამოც არსებულ სამედიცინო ჩარევებს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას'' „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ'' საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე'' ქვეპუნქტის საფუძველზე. პალატამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.07.2018წ. N04/40483 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა შპს „..." ახალციხის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. პალატა განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, შესაბამისად პალატის მითითებით ადგილი არ აქვს სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტმა რ. კ-იმა 2017 წლის 1-ელ ოქტომბერ მიმართა შპს „...ს“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით: მარცხენა მტევნის 1-ლი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: პირველი ძირითადი ფალაგის ღია ჩასწორება ნებ-ფალაგის სახსარში. სამცხე ჯავახეთის სამხარეო მომსახურების ცენტრის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ფორმა N 100-ში არ იყო მითითებული არცერთი შესაძლო ან არსებული გართულება, რომელიც დაადასტურებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობას.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართვლოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 151 მუხლის მე-4 ნაწილი, რამეთუ სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913 გადაწყვეტილება მიღებულია ინსპექტირების და არა კონტროლის ეტაპზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N338/ნ ბრძანებით სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც შეუძლია პაციენტის მდგომარეობის გამწვავება. აღნიშნული ჩანაწერი N338 ბრძანებაში არ ფიგურირებს, პაციენტ რ. კ-ის ფორმა 100 სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებულია სწორად. ფორმა 100-ში სავალდებულოდ მისათითებელია ძირითადი დაავადების გართულების შესახებ, ასეთი გართულება პაციენტს არ ჰქონია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინსპექტირების ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების უფლებამოსილება და ასეთი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ რეგულირების სააგენტოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია ზედამხედველობის შესაბამის ეტაპზე მიღებული/მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე მეორე სახელმწიფო დაწესებულებას, თუ იგი მიეკუთვნება ამ დაწესებულების კომპეტენციას.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ შპს "...ის" მიერ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ანაზღაურებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი არაა მითითებული სადავო გადაწყვეტილებაში, ამასთან შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი ფორმა 100-ში მითითებული დიაგნოზის იდენტურია.
კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში იშუამდგომლა ასევე შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ სს „...ის“ ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2020წ. განჩინებით სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტმა რ. კ-იმა 2017 წლის 1-ელ ოქტომბერს მიმართა შპს „...“ ახალციხის სამედიცინო ცენტრს დიაგნოზით: მარცხენა მტევნის I თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა ნებ-ფალანგის სახსრიდან უკან. პაციენტი კლინიკაში შესვლილსას უჩიოდა ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას მარცხენა მტევნის არეში. პაციენტის გადმოცემით დაეცა უნებურად, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა ოპერაცია - პირველი ძირითადი ფალანგის ღია ჩასწორება ნებ-ფალანგის სახსარში. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 03.10.2017წ. სტაბილურ მდგომარეობაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913 გადაწყვეტილებით შპს ,,..." ახალციხის სამედიცინო ცენტრის მიერ რ. კ-ის მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურეობას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას", რადგან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში, ფორმა N-100-ში (ICD 10 კოდი S63.1 მარცხენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის ამოვარდნილობა, რომელიც წარმოდგენილია SUR3589872 კოდით) არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე.
საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-10 მუხლის 21 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა NIV-100/ა), მოქმედი კანონმდებლობის (,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2007წ. №338/ნ ბრძანება) მოთხოვნათა გათვალისწინებით დიაგნოზი ფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის (ICD-10) შესაბამისად. ასევე, სავალდებულოა პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება ,,სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანების მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2007წ. №338/ნ ბრძანების 3.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა NIV-100/ა) მე–9 პუნქტში – იწერება დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ („ჯანმრთელი“, „პრაქტიკულად ჯანმრთელი“), ან სრული დიაგნოზი ძირითადი დაავადების, თანმხლები დაავადებისა და გართულებების ფორმულირებით და შესაბამისი კოდის მითითებით, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (შემდგომში - ICD–10) მიხედვით. ამდენად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესების გათვალისწინებით, კერძოდ, სავალდებულოა სრული დიაგნოზის და მისი გართულებების მითითება. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ჩატარებული სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობა არ დადასტურდა წარდგენილი ფორმა N-100-ით, კერძოდ მასში აღწერილი არ იყო არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება, რომელიც მიუთითებდა სტაციონალური მკურნალობის აუცილებლობაზე. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ურთერთსაწინააღმდეგო პოზიციას აყალიბებს, ერთ შემთხვევაში მიუთითებს, რომ N338/ნ ბრძანების მიხედვით სამედიცინო დაწესებულება არ არის ვალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც შეუძლია პაციენტის მდგომარეობის გამწვავება. მეორეს მხრივ, აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ კლინიკამ რ. კ-ის მიმართ ფორმა N-100-ის შევსებისას დაიცვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2007წ. №338/ნ ბრძანების მოთხოვნები, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ პაციენტ რ. კ-ის რაიმე გართულება არ ჰქონია, რომლის მითითების ვალდებულება №338/ნ ბრძანებით დადგენილია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის დაძლევა და მოცემულ შემთხვევაში სტაციონალური მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის დადასტურება.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა საქართვლოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 151 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც მიემართება კონტროლის და არა ინსპექტირების შემთხვევას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითებას არ მოუხდენია გავლენა დავის სამართლებრივ ბედზე, რამეთუ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქართვლოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 151 მუხლით გათვალისწინებული რაიმე ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ შპს "...ის" მიერ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვეოდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, რადგან ანაზღაურებაზე უარის თქმის ზემოაღნიშნული საფუძველი სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საფუძველსაა მოკლებული კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია, ვინაიდან სადავო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 25.04.2018წ. N04-11/913 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ანაზღაურებაზე უარის თმის საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები, ამ უკანასკნელის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც შეტყობინებაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სოციალური მომსახურების სააგენტოს სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების უფლებამოსილების არ არსებობოს შესახებ, საკასაციო საამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მოცემული შინაარსის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ ახალციხის სამედიცინო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2019წ. გადაწყვეტილება;
3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.08.2019წ. NexcNo: ... (რეფერენს ნომერი: ...) ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე