Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-131(კ-21) 29 მარტი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს “ჯ...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - ი/მ ვ.მ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2016 წლის 10 თებერვალს შპს “ჯ...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ ი/მ ვ.მ -ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №59/7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი/მ ვ.მ -ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ჯ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ...-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ...-მა“.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის განმარტებით, აბონენტის მრიცხველი სასმელი წყლის მოცულობას კომპანიის საზიანოდ, კერძოდ, რეალურ მოხმარებასთან შედარებით 17%-ით ნაკლებს აღრიცხავდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ არასწორად არ გაიზიარა მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დასკვნა და არასწორი შეფასება მისცა მას. კასატორის მითითებით, სველი წერტილის დაზიანებისა და შესაბამისად, წყლის უწყვეტად დენის შემთხვევაში, სადავო პერიოდში, წყლის საფასური, მისი მოხმარების ინტენსივობის გათვალისწინებით, შეადგენდა 800-900 ლარს. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აბონენტს 2012-2014 წლებშიც ერიცხებოდა დიდი გადასახადი, რაც დამატებით ადასტურებს წყლის მოხმარების საფასურის სისწორეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ჯ...- ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ჯ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს “ჯ...-ის“ მიერ ი/მ ვ.მ -ისათვის 2015 წლის ივნისსა და ივლისში დარიცხული თანხის გაანგარიშებისა და აღნიშნულ საკითხზე მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 6 ნოემბრის №59/7 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ ვ.მ -ს 10 წლის ვადით იჯარით აქვს აღებული ქ. თბილისში, ... მდებარე მიწისქვეშა

გადასასვლელი, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, საცხობი და ჰიგიენის ოთახი. ასევე უდავოა, რომ ი/მ ვ.მ-ი კომპანია “ჯ...-ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად (აბ. №...). აბონენტს 2015 წლის ივნისში დაერიცხა 187 მ3 მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება 822 ლარის ოდენობით, ხოლო ივლისში - 215 მ3 მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება 945 ლარის ოდენობით, ჯამში 1767 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადი შესაბამისობაში არ იყო წინა თვეებში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულებასთან, აბონენტმა მიმართა შპს ,,ჯ...-ს“ მრიცხველის შეცვლის მოთხოვნით. კომპანიის მიერ შეცვლილი იქნა აბონენტ ვ.მ-ის მრიცხველი, რის შედეგადაც აგვისტოში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურმა შეადგინა 172 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ ინდივიდუალურმა მეწარმემ მიმართა შპს ,,ჯ...-ს“ სასმელი წყლის გაზრდილი საფასურის კორექტირების თხოვნით, რაზედაც 2015 წლის 10 აგვისტოს მიიღო უარყოფითი პასუხი. ხოლო 2015 წლის 14 აგვისტოს მომხმარებელმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა აბონენტისთვის 2015 წლის ივნისსა და ივლისში დარიცხული თანხის - 1767 ლარის კორექტირება იმ საფუძვლით, რომ მითითებული რაოდენობის სასმელი წყლის მოხმარება მის მფლობელობაში არსებულ ობიექტს ფიზიკურად არ შეეძლო, ხოლო დარიცხული თანხა არ შეესაბამებოდა რეალობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ხოლო მე-3 მუხლის შესაბამისად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.

ამავე „წესების“ მე-11 მუხლი, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებისა და დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, ითვალისწინებს საკითხის მომწესრიგებელ რეგულაციებს, კონკრეტულად კი, აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სასმელი წყლის მოხმარებას ან სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან სასმელი წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 17 აგვისტოს მიმართა შპს “ჯ...-ს“, მოითხოვა მომხმარებლის განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და მოთხოვნის დაკმაყოფილება ან კომისიაში წერილობითი განმარტებისა და სადავო საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარდგენა, რაზედაც 2015 წლის 17 აგვისტოს შპს ,,ჯ...მა“ 2015 წლის 2 სექტემბრის წერილით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ აბონენტს დავალიანება ერიცხებოდა სასმელი წყლის მრიცხველის ჩვენების მიხედვით. 2015 წლის ივნისში აბონენტს დაერიცხა 187 მ3 მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება, რაც აბონენტმა გახადა სადავოდ. მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე, მრიცხველი შემოწმდა ლაბორატორიულად სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მეტროლოგიის ინსტიტუტში, რომლის 2015 წლის 23 ივლისის №141 დამოწმების ოქმის თანახმად, მრიცხველის ფარდობითი ცდომილება აღემატება დასაშვებ ზღვრებს, კერძოდ, მომხმარებლის მიერ წყლის მინიმალური და საშუალო ხარჯვის შემთხვევაში, რეალურად მოხმარებული წყლის ხარჯთან შედარებით მრიცხველი აღრიცხავს, 17,49%-ით და 2,52%-ით ნაკლებს. შესაბამისად, მრიცხველის დასაშვები ცდომილება შეადგენს 5%-ს და 2%-ს. ე.ი. წყლის მინიმალური და საშუალო ხარჯვის შემთხვევაში, მრიცხველი აღრიცხავს დასაშვებ ზღვართან შედარებით 12,49%-ით და 0,52%-ით ნაკლებს, მომხმარებლის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიჩნია, რომ ვერ დაკმაყოფილდებოდა მომხმარებლის მოთხოვნა დარიცხული დავალიანების თანხის კორექტირების შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განიხილა ვ.მ-ის განცხადება და სადავო 2015 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. შპს “ჯ...-ის“ მიერ ი/მ ვ.მ -ისთვის სადავო პერიოდზე, 2015 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის - 1767 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. ამავე გადაწყვეტილებით შპს “ჯ...-ს“ დაევალა ი/მ ვ.მ -ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანა და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. ასევე, ი/მ ვ.მ -ისათვის სადავო პერიოდზე - 2015 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის, კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დარიცხვა. აღსანიშნავია, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

სადავო საკითხთან მიმართებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მომხმარებელი სასმელი წყლით მარაგდებოდა 16 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით, რომლის გამტარუნარიანობა ერთ საათში შეადგენდა 0,612 მ3-ს. ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიური 12 საათიანი სრული გამტარუნარიანობით მოხმარების შემთხვევაში კი, მომხმარებელს შეეძლო 0,612 მ3×12სთ×30 დღე × 4,40022 ლარი = 969,45 ლარის ღირებულების სასმელი წყლის მოხმარება. ამგვარად, მომხმარებელს სადავო პერიოდში დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობის მოხმარება შეეძლო მხოლოდ მითითებული პერიოდულობით და მილის სრული გამტარუნარიანობით სასმელი წყლის მოხმარების შემთხვევაში, რაც შეუძლებელი იყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ობიექტზე სასმელ წყალს მოიხმარდა მხოლოდ მცირე ზომის საცხობი და სველი წერტილი, რომლებიც, დადგენილია, რომ უწყვეტ რეჟიმში სასმელ წყალს არ საჭიროებდნენ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, რომელიც მოიცავს 2012 წლის მაისიდან 2016 წლის იანვრამდე პერიოდს, და აღნიშნავს, რომ სადავო ოდენობით (800-900 ლარის ღირებულების) წყლის მოხმარების სხვა ფაქტი არ დასტურდება. მოხმარებული წყლის საშუალო ღირებულების გადასახადი კი 200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ კომპანიის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების, კერძოდ, მრიცხველის შეცვლის შემდგომ მოხმარებული წყლის საფასურმა აგვისტოს თვეში შეადგინა 172 ლარი, რასთან შედარებითაც ივნისსა და ივლისში მოხმარებული წყლის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის გარკვეულ პერიოდზე განსაზღვრა შეუძლებელი იყო სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მართებულად იხელმძღვანელა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით და მართებულად გადაწყვიტა, რომ შპს “ჯ...-ის“ მიერ ი/მ ვ.მ -ისთვის სადავო პერიოდში (2015 წლის ივნისსა და ივლისში) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის - 1767 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის შედეგად, შპს “ჯ...-ს“ უნდა დავალებოდა ი/მ ვ.მ -ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილებების შეტანა და უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. ასევე, ი/მ ვ.მ -ისათვის სადავო პერიოდზე - 2015 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დარიცხვა.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 ნოემბრის №59/7 გადაწყვეტილებით ი/მ ვ.მ -ის განცხადება მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს “ჯ...-ს“ საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. №43 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს “ჯ...-ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს “ჯ...- ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება.

3. შპს “ჯ...-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. №43 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე