საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1039(კ-19) 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - შპს „...ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „...იმ“ 2018 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თინათინ მალაციძის 2016 წლის 26 სექტემბრის №04-13/7921 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №04-9450 გადაწვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით, საქმე განსჯადობის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის საიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2016 წლის 26 სექტემბრის №04-13/7921 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №04/9450 გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მიმწოდებლისათვის თერაპიული (და არა ინტენსიური) მეთოდით ჩატარებული მკურნალობის შესაბამისი ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე, არ იყო გამყარებული შესაბამის ნორმატიულ ჩანაწერზე ან მტკიცებულებაზე მითითებით. გასაჩივრებულ აქტებში მისი გამომცემი ორგანო არ პასუხობდა ადმინისტრაციულ საჩივარში დასმულ საკითხებს, შესაბამისად გამოცემული აქტები ვერ პასუხობდა დასაბუთებულობის მაღალ სტანდარტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, ძირითად სამართლებრივ აქტს, რომლითაც სარგებლობენ მხარეები, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა". აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის მიხედვით, სარჩელში მითითებული თერთმეტივე შემთხვევა დაკორექტირდა იდენტური მიზეზის გამო - მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას მიჩნეული იქნა, რომ ჩატარებული იყო გადაუდებელი თერაპიული მომსახურება და შესაბამისი თერაპიული ნოზოლოგიური კოდის ნაცვლად, დაწესებულებას წარდგენილი ჰქონდა ამ კონკრეტულ ნოზოლოგიასთან დაკავშირებული ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდი. დადგენილების 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამული შემთხვევის ტარიფი ითვალისწინებს "პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილი ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის გაუტკივარებას, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მათვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატულ მხარდაჭერას, პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა, ხოლო სარჩელში მითითებულ შემთხვევებში პაციენტების დაყოვნება სტაციონარში გაცილებით მეტია, ამასთან თერაპიული მდგომარეობების ტარიფი გაცილებით ნაკლებია პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ტარიფზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №604/9450 და სააგენტოს 2016 წლის 26 სექტემბრის №04-13/7921 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია №36 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს №509 დადგენილებით გამოცხადდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (2.1 მუხ.), რომელიც განისაზღვრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით (2.2 მუხ.). ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა აგრეთვე „სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.08.2020წ. №01-91/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მიზანია, საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა. ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, პროგრამის ზედამხედველობაზე დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, პასუხისმგებელია პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ტარიფი უნდა შეიცავდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილი ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევათა დეტალურ აღწერას. დადგენილების მიხედვით, მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში. პირველი დონის ინტენსიური მკურნალობის ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს თავის ტვინის ინფარქტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფიზიკური პირები: ნ. მ-ე, მ. ბ-ი, ნ. თ-ი, ე. თ-ი, ნ. გ-ი, ო. მ-ი, გ. ღ-ი, გ. გ-ი, ე. ა-ი, ო. ზ-ე და მ. ა-ი მოთავსდნენ შპს „...ის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ძირითადი დიაგნოზით: თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრული არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიის ან სტენოზის გამო, არტერიული ჰიპერტენზია. აღნიშნული პირებისთვის შპს ,,...ში” გაწეულ იქნა სამედიცინო მომსახურება და შესაბამისი მომსახურების ანაზღაურების მიზნით, სამედიცინო დოკუმენტაცია, პროგრამულ კოდებთან ერთად, გადაგზავნილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შპს „...ს“ გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ კლინიკის მიერ თერაპიული მეთოდის ნაცვლად, მკურნალობა ჩატარდა ინტენსიური მეთოდით, შესაბამისად სააგენტოს მოსაზრებით, ანაზღაურებაც სწორედ თერაპიული მეთოდით ჩატარებული მკურნალობის შესაბამისად უნდა განსაზღვრულიყო, შესაბამისად შპს „...ის“ მოთხოვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს გაწეული მომსახურების მიზანშეწონილობა და ხარისხი. საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო არ გამხდარა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი, მკურნალობის აუცილებლობა, რის გამოც საქმის შესაბამისი მასალები არ გადაგზავნილა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, რომელიც წარმოადგენს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა. კასატორის მოსაზრება, მიმწოდებლისათვის თერაპიული მეთოდით ჩატარებული მკურნალობის შესაბამისი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ არ არის დასაბუთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთანავე, დადგენილებაში მოცემულია ჩანაწერი, რაც პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობას/მოვლას უკავშირდება და რომელზე მითითებითაც მოსარჩელეს გააჩნია პრეტენზია მიიღოს გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა. მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ მოცემული შემთხვევა ამ ჩანაწერთან შეუსაბამოა და ვერ უთითებს, რატომ უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით” გათვალისწინებული გადაუდებელი თერაპიული მკურნალობისათვის დადგენილი ანაზღაურების წესი, რაც გულისხმობს გაცილებით დაბალი ტარიფით ანაზღაურებას, არაუმეტეს 5 საწოლდღისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, უკეთუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საკასაციო მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 21 აგვისტოს №28034 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 21 აგვისტოს №28034 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა