Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-839(კ-20) 29 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 3 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 თებერვლის №001914 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 აგვისტოს №1-1921 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, მშენებლობის განხორციელება დაუშვებელი იყო მშენებლობის ნებართვის გარეშე. შპს ,,...ის” მიერ კი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №129/ა-ში მდებარე ნაგებობაზე ოთხი გათბობა-გაგრილების აგრეგატი და ლითონის სამაგრები უნებართვოდ განთავსდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მართლზომიერი იყო სადავო აქტების გამოცემა, რადგან შპს „...ის“ მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა შესაბამისი დასტურის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 ოქტომბრის N2875682 გადაწყვეტილების გამოცემამდე, აქედან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ამ გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესახებ და მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 თებერვლის №001914 დადგენილებით, შპს ,,...ი” დაჯარიმებული იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 06 ოქტომბრის №2875682 გადაწყვეტილების გამოცემამდე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის, ხოლო №2875682 გადაწყვეტილებით დასტური გაცემული იყო ახალ მშენებლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება შპს „...ის“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მოსაზრებით, 2017 წლის 3 თებერვალს, მაშინ, როდესაც საჯარიმო სანქცია დაწესდა, კასატორის კუთვნილი შენობის ფასადზე განთავსებული აგრეგატები იყო კანონიერი (არქიტექტურის სამსახურის ნებართვა გაუქმდა 2017 წლის 08 თებერვალს), შესაბამისად, არ არსებობდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი და გაუგებარი იყო საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველი. კასატორის განმარტებით, იგი ფლობდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (მშენებლობის ნებართვას), შესაბამისად, კანონიერი ნდობა ამ აქტის მიმართ არსებობდა და კასატორი ვარაუდობდა, რომ შესაძლებელია აღნიშნული აქტი გაბათილებულიყო და მით უფრო, ნებართვის შესაბამისად განთავსებულ აგრეგატებზე სანქცია დაკისრებოდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის N129ა-ში მდებარე ნაგებობაზე უნებართვოდ ოთხი გათბობა-გაგრილების აგრეგატისა და ლითონის სამაგრების განთავსებისთვის სამშენებლო საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 29 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,...ის” მიმართ №001914 მითითების შედგენით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 ოქტომბრის N2875682 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ კუთვნილ, №... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოსაწყობად I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა დადასტურდა, გამოიცა აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ და ბუნებრივია გაიცა ახალ მშენებლობაზე. ამდენად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შპს ,,...ის” მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობა, რომელიც შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 ოქტომბრის N2875682 გადაწყვეტილების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის მოტივით სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 ოქტომბრის №2875682 გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 თებერვლის №53 ბრძანებით ბათილადაა ცნობილი, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ჯარიმის დაკისრების შესახებ სადავო დადგენილება კი გამოიცა 2017 წლის 1 თებერვლის №53 ბრძანების ბათილად ცნობის შემდეგ (03 თებერვალს), ამდენად ბათილად ცნობილი აქტის მიმართ კანონიერ ნდობაზე, კასატორის მითითება (მიუხედავად ამ აქტის ჩაბარების თარიღისა) უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ვინაიდან შპს ,,...ის” (ს/ნ - ...) საკასაციო საჩივარზე ე. ხ-ის მიერ 24.08.2020წ. №9744822476 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,...ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. შპს ,,...ს” (ს/ნ - ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. ხ-ის მიერ 24.08.2020წ. №9744822476 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა