საქმე №ბს-202(კ-21) 29 მარტი, 2022 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ინდ. მეწარმე ნ. ც-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ინდ. მეწარმე ნ. ც-ემ 2018 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №04/2878 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღების მიზნით ხელშეკრულების დადების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ინდ. მეწარმე ნ. ც-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 05 აპრილის №04/2878 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ინდ.მეწარმე ნ. ც-ეის 2018 წლის 05 თებერვლის №1913/09 განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რაც სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ნ. ც-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ დანართი №1-ით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია და ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ნ. ც-ეს საკუთრებაში გააჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური დანადგარები (რომლითაც ფუნქციონირებდა ჯერ კიდევ შპს ,,...“).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც შეძენილი უნდა ყოფილიყო 2017 წლის 11 დეკემბრამდე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის 12 დეკემბერს, ხოლო მათი შეძენის მიზნით სულ ცოტა 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის სავალდებულობა დადგენილი იქნა 2018 წლის 08 იანვარს, მაშინ როცა უკვე გასული იყო საბოლოო შეძენის ვადა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი აკრედიტაციის მიღების მიზნით ხელშეკრულების დადებაზე, რომ სამინისტროს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ისეთი მნიშვნელობა მიანიჭა, რაც გონივრული განსჯის შედეგად არ გამომდინარეობს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოც და თბილისის სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა შპს „...ს“ 2004 წლის 21 სექტემბრის მდგომარებით შედგენილ საწარმოს ბალანსს, რომელშიც მითითებულია მანქანა-დანადგარების წლიური საბალანსო ღირებულება, შპს „...ს“ ლიკვიდაციის დადგენილებას და მიიჩნევს, რომ 2018 წლის მდგომარეობით ნ. ც-ეს საკუთრებაში გააჩნდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის საჭირო მოწყობილობები, თუმცა ასეთ მითითებას საწარმოს ბალანსი თუ საწარმოს ლიკვიდაციის დადგენილება არ იძლევა. მეტიც, სასამართლო სხდომაზე სწორედ ამ გარემოების გამოკვლევაზე მიეთითა სამინისტროს. შესაბამისად, გაუკვეველია, ნ. ც-ეს 2018 წლის მდგომარეობით საკუთრებაში გააჩნდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობისათვის საჭირო მოწყობილობა, თუ ეს გარემოებაა დასადგენი ხელახალი გამოკვლევის ჩატარების მიზნით. სწორედ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სამინისტროს მიაჩნია, რომ წინამდებრე საქმეში სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა 2018 წლის მდგომარეობით ნ. ც-ეის საკუთრებაში ცენტრის მოწყობისათვის საჭირო მოწყობილობების არსებობა.
სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით აღიარებული კანონიერების პრინციპი, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს (მოსარჩელეს) არ ჰქონდა წარმოდგენილი მოქმედი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, სამინისტრომ იმოქმედა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებით/ვალდებულებით და მხარეს უარი ეთქვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების ცენტრის მოწყობის/გაფართოების ხელშეკრულების დადებაზე. ამასთან, მოსარჩელე მხარეც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით შესაბამისი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.
კასატორის მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ დანართი 1-ის მე-2 მუხლი აკრედიტაციის მიღებას უკავშირებს ერთი მხრივ, შესაბამისი უძრავი ქონების საკუთრებას ან მფლობელობას და მეორე მხრივ, აღჭურვილობის სასყიდლიანად შეძენის მიზნით, სულ მცირე 10%-ის ოდენობით განხორციელებულ ანგარიშსწორებას. სასამართლო გადაწყვეტილებით დასახელებული ნორმა იმგვარად იქნა განმარტებული, რომ ახალი ნორმატიული წესრიგი იქნა შემოღებული და სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა ისეთი ქმედების განხორციელება, რაც ზემოთ დასახელებულ მოქმედ ნორმებს ეწინააღმდეგება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 05 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
ქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელის მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების’’ დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუცველობის მოტივით, რომლის თანახმად, ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას ექვემდებარებოდა 2017 წლის 11 დეკემბრისთვის მოქმედი აკრედიტაციის მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები, რომლებსაც, უშუალოდ, ან აფილირებული პირების მეშვეობით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული ჰქონდათ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ადმინისტარციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფიალდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უარყო მხარის მოთხოვნა, რომ არ შეუფასებია ინდ.მეწარმე ნ. ც-ეის მიერ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და მტკიცებულებები საჭირო მანქანა-დანადგარებისა და საზომი მოწყობილობის 2013 წლის 27 მაისიდან პირად საკუთრებაში არსებობის თაობაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ დებულებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ 2021 წლის 3 თებერვლის №1-1/27 ბრძანებით შევიდა ცვლილება და დებულების დანართი №1 ამოღებულ იქნა, ანუ გაუქმდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული მოსარჩელის მოთხოვნის შემზღუდველი საფუძველი, რა გარემოებაც წარმოადგენს დამატებით წინაპირობას მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გთვალიწინებული რეგულაციის გამოყენების საჭიროების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა