Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1095(2კ-20) 1 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ჭ-ე

მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. ჭ-ემ 2017 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 ოქტომბრის №47/284130 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 მარტის №1-715 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დავალებოდა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივლისის №17-66 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ი. ჭ-ეისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ი. ჭ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ი. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. ჭ-ეის სარჩელი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. ჭ-ეის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 ოქტომბრის №47/284130 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 მარტის №1-715 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ერთი თვის განმავლობაში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ჭ-ესთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას არ გაითვალისწინა და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ი. ჭ-ე ფიქსირდებოდა სტიქიის შედეგად დაზიანებული/განადგურებული ავტომანქანების მესაკუთრე ფიზიკურ პირთა სიაში, რის საფუძველზე შემფასებლის მიერ გაცემული 2016 წლის 10 ნოემბრის №006638016 დასკვნის დანართი №1-ის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს - ი. ჭ-ეს მე-2 კატეგორიის დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებისათვის (სახელმწიფო ნომერი ..., სერია ..., გამოშვების წელი - ..., საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადაეცა საბაზრო ღირებულების, 7368,8 ლარის 25% ფულადი თანხა, რამაც შეადგინა 1840,95 ლარი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ლ. ა-ის, თ. ა-ეისა და გ. შ-ის ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს, ი. ჭ-ე წარმოადგენდა ლ. ა-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (ქ. თბილისი, ...ის ქ. №...) დამქირავებელს, სტიქიის დროს ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე (ნაქირავებ ბინაში) და სტიქიის შედეგად დაუზიანდა მას პირადი ნივთები (მოძრავი ქონება). შესაბამისად სააპელაციო პალატამ გაიზიარა ი. ჭ-ეის სააპელაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნიდა მის მფლობელობაში არსებული სხვა მოძრავი ქონების/ნივთების სტიქიის შედეგად დაიზანების საფუძვლიან ვარაუდს, რა გარემოებაც ხელახალიმ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში დამატებით კვლევასა და შეფასებას საჭიროებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორმა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 ივლისის N47/190350 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომლის თანახმად მოსარჩლის ანალოგიური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ი. ჭ-ე აღნიშნულ მუხლში განხორციელებული ცვლილების შეტანის დროისათვის ანუ 2016 წლის 13 მაისისათვის გამგეობის მიერ არ ყოფილა იდენტიფიცირებული როგორც სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელი, რომელსაც სტიქიის შედეგად დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები, შესაბამისად 2016 წლის 28 სექტემბერს, ი. ჭ-ეის იგივე შინაარსის N351578/12 განცხადების შესწავლისას არ დადგენილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

კასატორის მითითებით, მართალია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ბანკების ასოციაციის 2016 წლის 19 სექტემბრის N1/16-037 წერილის მიხედვით, ი. ჭ-ეის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გაგზავნილ 2015 წლის 26 ივნისის დაუზუსტებელ სიაში, თუმცა დაზუსტებულ სიაში მისი მონაცემები არ დაფიქსირდებოდა. მართალია აღნიშნული წერილი, ასევე საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის N665 და 2015 წლის 30 ივნისის N743 ბრძანებები (ი. ჭ-ეის, როგორც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დოკუმენტების დაკარგვით დაზარალებული პირის, დუკუმენტების აღდგენისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ) არ იყო ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობაში 2016 წლის 17 ივნისის No216371/12 განცხადების წარდგენისას, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა, ასევე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები არ მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ფაქტობრივ შემადგენლობაზე.

კასატორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის" მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ფულადი დახმარება ერთჯერადად, საოჯახო ნივთების შესაძენად, 1-2 წევრიანი ოჯახისთვის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 (სამი) და მეტ წევრიანი ოჯახისთვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიეცემათ უძრავი ქონების დამქირავებლებს, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებულნი არიან შესაბამისი გამგეობის მიერ". აღნიშნული ჩანაწერი განხორციელდა 2016 წლის 13 მაისს და ამ პუნქტის მიხედვით კანონმდებელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული პირი ნდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი გამგეობის მიერ როგორც უძრავი ქონების დამქირავებელი. კასატორის განმარტებით, ის რომ ი. ჭ-ეს სტიქიის არეალში დაუზინდა ავტომანქანა, არ ნიშნავდა იმას, რომ იგი წარმოადგენდა იმ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების დამქირავებელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 5 ივლისს მირებული იქნა №17-66 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი (შემდეგში - ,,წესი'').

ამ ,,წესში'' ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 მაისის №12-36 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მე-5 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, ფულადი დახმარება ერთჯერადად, საოჯახო ნივთების შესაძენად, 1-2 წევრიანი ოჯახისთვის 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 (სამი) და მეტ წევრიანი ოჯახისთვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მიეცემათ სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებლებს, რომლებიც ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, არ ითვლებიან დაზარალებულ პირებად, თუმცა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაეკარგათ/დაუზიანდათ მათ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებულნი არიან შესაბამისი გამგეობის მიერ''.

მითითებული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საოჯახო ნივთების შეძენის მიზნით შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ კონკრეტულ პირზე ერთჯერადად გაცემულიყო ფულადი დახმარება (ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით), ის უნდა ყოფილიყო 13-14 ივნისის სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებელი, რომელსაც სტიქიის დროს დაეკარგა/დაუზიანდა მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონება/ნივთები და აღნიშნული ჩანაწერის ამოქმედების დროისთვის იდენტიფიცირებული იყო შესაბამისი გამგეობის მიერ.

კონკრეტულ შემთვევაში თავად საკასაციო საჩივრის ავტორები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის არ ყოფილა ცნობილი საქართველოს ბანკების ასოციაციის 2016 წლის 19 სექტემბრის N1/16-037 წერილისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის N665 და 2015 წლის 30 ივნისის N743 ბრძანებების, ასევე მოწმეების: ლ. ა-ის, თ. ა-ეისა და გ. შ-ის ჩვენებების შესახებ, რომლებიც უთითებდა მოსარჩელის, როგორც 13-14 ივნისის სტიქიის არეალში მდებარე უძრავი ქონების დამქირავებლის სტატუსისა და კუთვნილი საოჯახო ნივთების დაზიანების თაობაზე. შესაბამისად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის შესახებ, რადგანაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ი. ჭ-ეის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტიქიის შედეგად დაზიანების დადასტურების პირობებში წარმოადგენდა თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებს (მტკიცებულებებს), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა