Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-276(კ-20) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ფ-ემ 2018 წლის 13 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ვ. ფ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №09 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №02/83 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №09 დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 19 მარტის №02/83 ბრძანება, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ვ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ვ. ფ-ემ და სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-ემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირველი კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. კასატორი განმარტავს, რომ სადავო შენობა წარმოადგენს პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წლის პირველ სექტემბერს მან განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა კომბინირებული ტიპის საცხოვრებელ სახლზე მშენებლობაზე თანხმობა, შესაბამისად, აღნიშნულით დასტურდება, რომ მან აცნობა მოპასუხეს მშენებლობის დაწყების თაობაზე და მის მიერ დაცულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა.

კასატორს ასევე მიუთითებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე და თვლის, სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა უნდა მიჩნეულიყო მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად და შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივნისის განჩინებით ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 22 მაისიდან ვ. ფ-ის საკუთრებაში ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ში, ...ის ქ. №22-ის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ((334 კვ.მ.), (საკადასტრო კოდი: ...)).

2016 წლის 1 სექტემბერს ვ. ფ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თანხმობა, ქალაქ ბათუმში, ...ში, ...ის ქ. №22-ის მიმდებარე, თავის კუთვნილ (334 კვ.მ.) მიწის ნაკვეთზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 19 სექტემბრის №25/15615 წერილით ვ. ფ-ეს ეცნობა, რომ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების თანახმად, ქალაქ ბათუმში ხის, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაუშვებელი იყო. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე გადიოდა ახალი ავტობანი და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით, მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ შეუსაბამო იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე არ გაეცა მშენებლობის ნებართვა.

საქმის მასალების მიხედვით, ვ. ფ-ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 22 ნოემბრის №2-03/10427 წერილით ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ში, ...ის ქ. №22-ის მიმდებარე, ვ. ფ-ის კუთვნილი 334 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის ...ი (...ი) - ...ი (...ი) საავტომობილო გზის ...ის ...ი საავტომობილო გზის მონაკვეთის დეტალური პროექტის განთვისების ზოლში (...ში), რომლის განახლების სამუშაოებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულის გამო, დეპარტამენტი წინააღმდეგი იყო, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელებაზე.

ამის შემდეგმ, კერძოდ, 2017 წლის 31 ივლისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლინდა უნებართვო მშენებლობის ფაქტი. კერძოდ, ბათუმში, ...ში, ...ის ქ.№22-ის მიმდებარედ, თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ვ. ფ-ე უნებართვოდ ახორციელებდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართის მშენებლობას. აღნიშნულის გამო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 31 ივლისს მოსარჩელის მიმართ გაიცა №211 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით მოსარჩელეს დაევალა სამშენებლო სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერება, 15 დღის ვადაში სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა, ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ამასთან, სამშენებლო სამუშაოების შეჩერება. დადგენილია, რომ მითითება ვ. ფ-ემ არ ჩაიბარა, აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა საჯარო შეტყობინება, კერძოდ, ზემოაღნიშნული მითითების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა.

2017 წლის 7 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ვ. ფ-ის მიერ მითითების პირობების შესრულება და იმავე დღეს შედგენილი შემოწმების აქტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო, მითითებით დაწესებულ 15-დღიან ვადაში ვ. ფ-ეს არც სამშენებლო დოკუმენტაცია წარუდგენია ზედამხედველობის სამსახურისათვის და არც დემონტაჟი განუხორციელებია.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა 2018 წლის 8 იანვარს მიიღო №09 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ვ. ფ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“, რომლის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა, ფულადი ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით, დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და შენობის დემონტაჟი. ვ. ფ-ემ 2018 წლის 8 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 8 იანვრის №09 დადგენილების ბათილად ცნობა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 23 თებერვლის №02/48 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ვ. ფ-ე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწვეული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2018 წლის 6 მარტს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ჩატარდა ზეპირი მოსმენა, თუმცა მოსარჩელე მას არ დასწრებია.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 19 მარტის №02/83 ბრძანებით ვ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის 2018 წლის 16 მაისის ამონაწერით, ვ. ფ-ის საკუთრების უფლება ირიცხება ქალაქ ბათუმში, ...ში, ...ის ქ. №22-ის მიმდებარედ 334 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 47.3 კვ.მ. შენობა- ნაგებობაზე (ს/კ ...). უდავოა, რომ 334 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 47.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობა არის სწორედ ის საცხოვრებელი დანიშნულების დამხმარე ფართი, რომლის უნებართვო მშენებლობისათვის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №09 დადგენილებით ვ. ფ-ეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ასევე ნაგებობის დემონტაჟი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ ვ. ფ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ვ. ფ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და ჯარიმის დაკისრების კანონიერების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს სადავო პერიოდში არეგულირებდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია 02.03.2020წ. №139 დადგენილებით). აღნიშნული დადგენილების მე-19 მუხლი განსაზღვრავდა შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების წესს, რომლის თანახმად, დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ვ. ფ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენდა ახალ მშენებლობას და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65- ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიეკუთვნებოდა პირველი კლასის მშენებლობას, შესაბამისად, არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის პირველ სექტემბერს ვ. ფ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა კომბინირებული ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თანხმობა, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია. სადავო შემთხვევაში, შეზღუდვა დაწესებულია „თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენებიანების წესების შესახებ“, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებით, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ყველა ზონის ტერიტორიისათვის დაუშვებელი (აკრძალული) უძრავი ქონების (ობიექტების) სახეობებია: „... ხის სხვა შენობა-ნაგებობები, მათ შორის კომბინირებული (ხის და სხვა სამშენებლო მასალის ერთობლიობა) შენობა-ნაგებობები...“ ამდენად, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მშენებლობა წარმოადგენდა პირველი კლასის მშენებლობას, მოსარჩელეს მშენებლობის განხორციელებისათვის სათანადო წესით უნდა მოიპოვებინა ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვა და არა თანხმობა.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილზე, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი შეუსაბამო იყო მშენებლობისთვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ანდა არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, თუ: „გ) მიწის ნაკვეთი საჭიროა თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ან თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.“ მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვ. ფ-ის კუთვნილი სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის ...ი (...ი) - ...ი (...ი) საავტომობილო გზის ...ის ...ი საავტომობილო გზის მონაკვეთის დეტალური პროექტის განთვისების ზოლში (...ში), რომლის განახლების სამუშაოები მიმდინარეობდა.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა მოსარჩელის მიერ უნებართვო მშენებლობის ფაქტი. აღნიშნულს მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 19 სექტემბრის №25/15615 და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 22 ნოემბრის №2-03/10427 წერილის მიღების შემდეგ, მან მაინც განახორციელა, ...ში, ...ის ქ. №22-ის მიმდებარედ, თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი დანიშნულების დამხმარე ფართის მშენებლობა, რომელზე მშენებლობის თანხმობის მიღებაზეც დამატებით ქალაქ ბათუმის მერიისათვის აღარ მიუმართავს, რამდენადაც, მას მუნიციპალიტეტის მიერ განმარტებული ჰქონდა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელი იყო. შესაბამისად, ვ. ფ-ეს ქალაქ ბათუმის მერიის არც თანხმობა და არც ნებართვა გააჩნდა მშენებლობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა, ხოლო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, ხოლო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას, 3000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელემ მშენებლობა განახორციელა უკანონოდ ზემოაღნიშნული დადგენილებების მიერ დაწესებული მოთხოვნების დაუცველად და ამდენად, ნორმატიული აქტების ზემოხსენებული რეგულაციების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო ვ. ფ-ე დაეჯარიმებინა 3000 ლარით.

რაც შეეხება დემონტაჟის საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის ფარგლებში შეფასების საგანს, რადგან ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვედა ინსტანციების სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება;

3. ვ. ფ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2020 წლის 25 მაისს №9380852574 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე