საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-421(2კ-21) 7 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. ც-ა
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:თ. ც-ამ 2020 წლის 29 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ „სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 დეკემბრის №MOD 5 19 00003602 ბრძანების, „სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ 2020 წლის 5 მაისის №MOD 7 20 00003251 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე თ. ც-ას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და მის სასარგებლოდ, დათხოვნიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, განაცდური ხელფასის - ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 დეკემბრის №MOD 5 19 00003602 და 2020 წლის 5 მაისის №MOD 7 20 00003251 ბრძანებები; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით თ. ც-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თ. ც-ას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №MOD 7 20 00003251 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ტოლფას თანამდებობაზე თ. ც-ას აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2020 წლის 1 მაისიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე; დანარჩენ ნაწილში თ. ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე თ. ც-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, თ. ც-ა რეორგანიზაციის საფუძვლით, კანონიერად იქნა გადაყვანილი კადრების განკარგულებაში, შემდეგ კი, თანამდებობიდან გათავისუფლებული. კასატორის მითითებით, რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილება, სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ძველი საშტატო ერთეული უქმდებოდა და მოსარჩელე უკვე გაუქმებულ თანამდებობაზე ფიზიკურად ვეღარ დარჩებოდა, აღნიშნული შტატის არარსებობის გამო.
კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამინისტრომ ყველა არსებული ღონისძიება განახორციელა მოსარჩელის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისი თანამდებობის მოძიების მიზნით, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს 2020 წლის 30 აპრილის №... პატაკი. ამასთან, თავად მხარემაც პროცესზე დაადასტურა, რომ სამინისტრომ ნამდვილად გამოითხოვა ინფორმაციები ქვედანაყოფებიდან, თუმცა სათანადო ვაკანტური თანამდებობა ვერ იქნა მოძიებული.
მართალია, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, თუმცა იგი უნდა აკმაყოფილებდეს იმ თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია კანონით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N54 ბრძანების მე-4 მუხლი მიუთითებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამსახურში მიღებამდე, ისე სამსახურის გავლისას. განსახილველ შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია- მოვალეობები წარმოადგენს გრიფით საიდუმლოს, თუმცა საქმის განხილვისას გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა ვერც ძველ და ვერც ახალ მოთხოვნებს. შესაბამისად, თ. ც-ა ვერ დაიკავებდა მერვე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, რადგან ამ თანამდებობისათვის დადგენილი მოთხოვნები და თ. ც-ას ცოდნა/გამოცდილება არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სამინისტროს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი - თ. ც-ა აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაადგინა მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, რამდენად არსებობდა რეორგანიზაციის ჩატარების ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანა, ჰქონდა თუ არა ადგილი რეორგანიზაციას შტატების შემცირებით და რამდენად გაუქმდა მის მიერ დაკავებული თანამდებობა, რაც გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. კასატორის მოსაზრებით, ზოგადად, რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადასაყვანად. აღნიშნულისთვის სავალდებულოა, რომ რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება ანუ დადგინდეს, რომ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა. მითითებული გარემოების გამოკვლევის შემდგომ კი გამოიცემა აქტი თანამშრომლის კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე. საყურადღებოა, რომ კასატორისთვის ცნობილი არ იყო სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის თაობაზე, არ გაცნობია რეორგანიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანებას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თ. ც-ა რეორგანიზაციის განხორციელებამდე იკავებდა ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ შეიქმნა ტოლფასი თანამდებობა დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის სახელწოდებით, იმავე ფუნქცია-მოვალეობებითა და იმავე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით. ამდენად, მის მიერ დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა, შეეცვალა მხოლოდ სახელწოდება, თუმცა აღნიშნული თანამდებობა მისთვის არ შეუთავაზებიათ. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად ადგილი არ ჰქონდა შტატების შემცირებას, ასევე მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოშიც, ვინაიდან დარჩა საშტატო ერთეულების იგივე რაოდენობა და იგივე ფუნქციები. კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი. ამასთან, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მისთვის არ შეუთავაზებიათ რაიმე თანამდებობა და ისე დაითხოვეს ოთხთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ, რომ არ იქნა გათვალისწინებული მისი ცოდნა-გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მისთვის დაკისრებული მოვალეობების დიდი პასუხისმგებლობით შესრულება. იგი სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი გახდა თითოეული საფეხურის გავლის შემდგომ, იერარქიულად თანდათან დაწინაურებით, მას არასოდეს დაურღვევია შინაგანაწესი, არაერთხელ იყო წახალისებული და მიღებული ჰქონდა ჯილდოები და ორდენები, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.
დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, კასატორი - თ. ც-ა ნაწილობრივ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 დეკემბრის №MOD 5 19 00003602 ბრძანების ბათილად ცნობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას 2020 წლის 1 იანვრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. ც-ას, სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძვლით, კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება (წოდებრივი ან/და თანამდებობრივი სარგო) არა უმეტეს ორი თვისა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თ. ც-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 დეკემბერის №MOD 5 19 00003602 ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში მოსალოდნელი რეორგანიზაცია, რომელიც განხორციელდა 2020 წლის 1 იანვარს. მართალია, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა არ წარმოადგენს დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანების უპირობო საფუძველს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში რეორგანიზაციის განხორციელება, რაც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები თ. ც-ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისთვის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების შეფასებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებული გარემოებების შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 დეკემბერის №MOD 5 19 00003602 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თ. ც-ას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ 2020 წლის 5 მაისის №MOD 7 20 00003251 ბრძანების კანონიერებას, ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება თავის თავში გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). ამდენად, მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2020 წლის 30 აპრილის MOD 8 20 00... პატაკი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, პოლკოვნიკ თ. ც-ასათვის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა ვერ იქნა შერჩეული, რის გამოც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-ლეიტენანტს ეთხოვა თანხმობა შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებაზე, რათა კადრების განკარგულებაში მყოფი თ. ც-ა 2020 წლის პირველი მაისიდან დათხოვნილიყო სამხედრო სამსახურიდან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სახელშეცვლილი სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციები იდენტურია გაუქმებულ ერთეულთან, რაც ვერ მიიჩნევა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმებად. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად თანამდებობის დაკავებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელის კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თანამდებობიდან განთავისუფლება მკაცრად შესაბამისობაში უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან განთავისუფლების კანონით დადგენილ პირობებთან. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამსაქმებლის მხრიდან რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, თ. ც-ას კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ მომხდარა მისთვის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების შეთავაზება, რაც შესაძლებელს გახდიდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე მოსარჩელე დასაქმებულიყო ფუნქციურად იმავე დატვირთვის მქონე თანამდებობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს იმპერატიულ ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს/მოიძიოს/შეარჩიოს კონკრეტული თანამდებობა კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ სამინისტრო დაადგენს, რომ არ არსებობს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შესაფერისი თანამდებობა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაატარა სათანადო ღონისძიებები კადრების განკარგულებაში მყოფი პირისთვის თანამდებობის შესარჩევად და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო დათხოვნის თაობაზე სადავო აქტი, რაც მისი კანდიდატურა აღარ იყო შესაფერისი ტოლფას თანამდებობაზე დასანიშნად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუშვებელია, ვინაიდან არ შეიძლება მოსარჩელის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეზღუდვის საფუძველი გახდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის შემდგომში წამოყენებულ დამატებით მოთხოვნებთან შეუსაბამობა, მით უფრო მაშინ, როდესაც თავდაპირველად თანამდებობაზე გამწესებისას მისი გამოცდილება და განათლება შეესაბამებოდა ამ თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ. ც-ა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ისეთ პირობებში, როდესაც მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა ის ძირითადი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა, ხოლო შემდგომში წამოყენებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მოტივით ვაკანტური თანამდებობის მოუძიებლობა, არ შეიძლება გამხდარიყო მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა „სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 მაისის MOD 7 20 00003251 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივ შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაზე“, რომლის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რომ სპეციალური კანონმდებლობის არსებობის პირობებში მოცემული კანონი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე, ხოლო „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“. დასახელებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი ასევე ადგენს, რომ „უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან“. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე უნდა დაევალოს თ. ც-ას სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 1 მაისიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის გაუქმების წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა თ. ც-ას სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. თ. ც-ას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე