Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-437(კ-20) 7 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

2018 წლის 7 თებერვალს ზ. მ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21.182725 წერილის ბათილად ცნობა მისი გამოცემის მომენტიდან, ამავე სამსახურის დავების საბჭოს 2018 წლის 18 იანვრის N720 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსარჩელის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმება, გადასახადის დარიცხვა, განახორციელოს 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახადო წესით, კერძოდ, აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ანი განაკვეთით დავალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ ზ. მ-ეის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშვა მოტოციკლის საბაჟო კონტროლის ზონაში მოქცევის პერიოდისათვის, კერძოდ, 2017 წლის 13 ოქტომბერს, რადგან 2017 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2017 წლის 15 აგვისტოს ზ. მ-ემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აუქციონზე, შეიძინა მოტოციკლი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის N... შეტყობინების თანახმად, ზ. მ-ეის მფლობელობაში არსებულმა მოტოციკლმა - ვინ კოდით: N... საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა 2017 წლის 13 ოქტომბერს.

მოსარჩელეს 2017 წლის 13 ოქტომბრიდან განბაჟებისათვის მიეცა 60 დღე. შესაბამისად, განბაჟებისათვის დადგენილი ბოლო ვადა 2017 წლის 12 დეკემბერი იყო.

სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოტოციკლეტის სატარიფო შეფასება უნდა მომხდარიყო საქონლის საბაზრო ღირებულების მიხედვით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

2017 წლის 7 ნოემბერს, აღნიშნული ექსპერტიზების ჩატარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და განსაზღვრულ დროში მიიღო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები.

2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ 188-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა მე-41 გრაფა, რითაც შეიცვალა მოტოციკლის დაბეგვრის წესი. 2017 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა მის მიერ შეძენილ ნივთზე დაბეგვრა მომხდარიყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, რა დროსაც მოხდა ნივთის (მოტოციკლის) საქართველოს საზღვრებში შემოტანა. 2017 წლის 4 დეკემბრის N21-10-21/182725 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადებისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ცალკეულ პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

2017 წლის 08 დეკემბერს ზ. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს და 2017 წლის 04 დეკემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის N21-10/21/182725 წერილის გაუქმება ითხოვა. 2018 წლის 18 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის N720 ბრძანებით ზ. მ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოცემულ საქმეში სადავო საკითხს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. მ-ეისათვის საბაჟო გაფორმების, გადასახადის დარიცხვის, აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ანი განაკვეთით განხორციელების უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისას(2017 წლის 13 ოქტომბერი) იგი ექცეოდა იმ დროს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში და მის მიმართ უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელდა საქონლის ზოგადი დეკლარირება, ხოლო საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად განისაზღვრა 60 დღე, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 12 დეკემბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’ 2017 წლის 15 ნოემბრის საქართველოს კანონის (1378-Iს) თანახმად, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის (სეს ესნ) 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტი მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან დაექვემდებარა აქციზის განაკვეთით დაბეგვრას, მაგრამ გათავისუფლდა დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-41 პუნქტი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დრო ემთხვევა საბაჟო კონტროლის ზონაში მოქცევის დროს - 2017 წლის 13 ოქტომბერს, რადგან მოტოციკლის ზოგადი დეკლარირება სწორედ ამ თარიღში განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს დაწყებული საგადასახადო ვალდებულების დასრულების პერიოდში (60 დღის პერიოდში) საგადასახადო რეგულაციის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების დაწყების დროს არსებული სამართლებრივი შედეგი, ცვლილების განხორციელების გამო, სხვაგვარი, სამართლებრივი შედეგით უნდა დასრულდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მოსარჩელე ზ. მ-ეის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმებისას აქციზის განაკვეთით გადასახადის დარიცხვამ გააუარესა მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტოციკლის საბაჟო გაფორმება, გადასახადის დარიცხვის განხორციელება აქციზის განაკვეთის შესაბამისად უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის მიერ იმპორტირებული მოტოციკლის საბაჟო გაფორმება, გადასახადის დარიცხვა განხორციელდეს 2017 წლის 15 ნოემბრამდე მოქმედი საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, აქციზის განაკვეთის ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადის 18% განაკვეთით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე