ბს-965(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 17.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის წინ მდებარე 65 კვ.მ. მიწის ნაკვეთის) არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2017 წლის 15 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 20 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 173,33 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. საქმის მასალების საფუძელზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით - 65 კვ.მ.-ით არამართლზომიერად სარგებლობდა და მას კომერციული მიზნით იყენებდა 2018 წლის 04 მაისიდან - 2019 წლის 20 იანვრამდე, დანარჩენ პერიოდზე კი არ დასტურდება შპს-ს მიერ ზემოაღნიშნული ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილი 24.10.2018წ. ფოტოსურათებით და სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული 12.11.2018წ. დასკვნით, რომელიც ჩატარებულია წლიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, შეუძლებელია დადგინდეს 2017 წლის 15 მარტიდან - 2018 წლის 04 მაისამდე და 2019 წლის 20 იანვრიდან - დღემდე ფლობა - სარგებლობის ფაქტი. რაიმე მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდზე უძრავი ქონების ფლობა - სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული მტკიცებულების წარდგენა სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ევალებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ შპს „...ი“ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს ქონებით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით: ადგილზე დათვარიელების აქტითა და ფოტოსურათებით. მხოლოდ მოპასუხის განმარტება, რომ 2019 წლის 20 იანვრამდე ფლობდა მიწის ნაკვეთს, არ ადასტურებს ამ პერიოდში მფლობელობის შეწყვეტას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „...ი“ მეწარმედ რეგისტირირებულია 2013 წლიდან და მის მისამართად მითითებულია სადავო ტერიტორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ ადგილზე დათვარიელების აქტითა და ფოტომასალით დგინდება შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2017 წლის 15 მარტიდან არ არის დასაბუთებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ აქტი 24.10.2018წ. არის შედგენილი. ოქმის თანახმად, დადგინდა, რომ შპს „...ი“ სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით, თუმცა მითითება არ ხდება სარგებლობის ხანგრძლივობასა და სარგებლობის დაწყების პერიოდზე. სააგენტოს აქტზე თანდართულია ფოტოები, რომლებზეც ასახულია მიწის ნაკვეთზე განთავსებული კონტეინერი წარწერით „...ი“, ფოტოებზე ჩანს აგრეთვე შპს „...ის“ საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამდენად, უდავოდ დასტურდება, რომ დროის გარკვეულ პერიოდში შპს „...ი“ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილით, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფოტოები აგრეთვე 2018 წლის ოქტომბერში არის გადაღებული. ამდენად, ადგილზე დათვარიელების აქტითა და თანდართული ფოტოებით, რომლებიც 2018 წლის ოქტომბრით თარიღდება, არ დასტურდება შპს „...ის“ მიერ ნაკვეთის დაკავება 2017 წლის მარტიდან.
მფლობელობის დაწყების პერიოდის განსაზღვრის თვალსაზრით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ 04.05.2018წ. N... ზედნადებზე, რომლის თანახმად, შპს „...მა“ 10 073,7 ლარად იყიდა კონტეინერი, რომლის ტრანსპორტირებაც მოხდა ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამდენად, დგინდება, რომ 2018 წლის 04 მაისიდან - მიწის ნაკვეთზე კონტეინერის განთავსების მომენტიდან შპს „...მა“ დაიწყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილით სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ პერიოდამდე - 2018 წლის 04 მაისამდე შპს-ს მიერ ნაკვეთით სარგებლობას დაადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არ არის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ., სასკ-ის 17.1 მუხ.). მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). შპს „...ის“ მიერ 2017 წლის მარტიდან ნაკვეთის დაუფლების და სამეწარმეო მიზნით გამოყენების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს ახსნა-განმარტება არ ქმნის აღნიშნული გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო შპს „...ი“ ფართის დაუფლებას 2017 წლის მარტიდან უარყოფს.
რაც შეეხება ფლობის დასრულების პერიოდს, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ი“ მიწის ნაკვეთის ნაწილს ფლობდა 2019 წლის 20 იანვრამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია - შედავება (სკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას. საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება 2019 წლის იანვრის შემდგომ შპს-ს მიერ სადავო ქონებით სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება. სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, სასკ-ის 17.1 მუხლის საფუძველზე სწორედ მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მფლობელობა არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება, მაგ.: შესაძლებელი იყო ადგილის ხელახლა დათვარიელება, ამჟამინდელი ვითარების ამსახველი ფოტოების წარმოდგენა და სხვ., რაც არ განხორციელებულა. სააგენტოს განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოპასუხე და ამავე დროს, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებებით, არ ქმნის სარჩელის საფუძვლად მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმეში დაცულია საქართველოს ფოსტის ჩაბარება/არ ჩაბარების შეტყობინების ბარათები, რომელთა თანახმად, თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის წინ მდებარე ტერიტორიაზე, ასევე მისამართზე: ...ის ქ. N... „გ“, გაგზავნილი კორესპონდენციები შპს „...ს“ არ ჩაბარდა. შპს „...ს“ ...ის ქუჩაზე ვერ ჩაბარდა აგრეთვე საქალაქო სასამართლოს მიერ 23.04.2019წ., 06.05.2019წ. გაგზავნილი კორესპონდენციებიც. ამდენად, სააგენტოს მოსაზრება, რომ შპს „...ი“ 2019 წლის იანვრის შემდეგაც აგრძელებდა სადავო ქონებით სარგებლობას წინააღმდეგობაშია საქმის მასალებთან.
კასატორის მითითება მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე აგრეთვე არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია შპს „...ი“ რეგისტრირებულია 2013 წელს, თუმცა ამონაწერი, რომელშიც მის მისამართად თბილისი, ...ის ქ. ... „გ“ არის მითითებული, გაცემულია 2018 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ არ იზღუდება შპს-ს შესაძლებლობა შეიცვალოს იურიდიული მისამართი, 2018 წლის ამონაწერში კონკრეტული მისამართის მითითება არ ადასტურებს 2013 წლიდანვე შპს-ს აღნიშნულ მისამართზე რეგისტრაციას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „...ის“ (ს.კ....) თავდაპირველი იურიდიული მისამართი იყო: მცხეთის რ-ნი, სოფ. ....
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი