ბს-1313(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 10.07.2017წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი/მ მ. კ-ას მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის: 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 12 თებერვლამდე - 191 ლარის, ხოლო 2015 წლის 12 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 320 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი/მ მ. კ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 3051 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით სადავო გარემოებას წარმოადგენს ი/მ მ. კ-ას მიერ 2017 წლის 14 ივნისის შემდგომ სახელმწიფო საკუთრებით სარგებლობის გამო თანხის დაკისრება. სააგენტო მ. კ-ას მიერ 2017 წლის ივნისის შემდგომ სახელმწიფო საკუთრებით სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად უთითებს სააპელაციო საჩივარზე თანდართულ ფოტოსურათებსა და სააგენტოს 19.05.2020წ. მოხსენებით ბარათზე. მოხსენებითი ბარათი შედგენილია სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე მოსამსახურის მიერ, ბარათში მითითებულია, რომ ქ. ...ში, ...ოს უბანში მდებარე უძრავი ქონებით (ს.კ. ...) არამართლზომიერად სარგებლობს მ. კ-ა, უძრავ ქონებაში განთავსებულია ...ო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოხსენებითი ბარათი, რომელიც შედგენილია ერთპიროვნულად შტატგარეშე მოსამსახურის მიერ და რომელშიც არ არის მითითებული ის გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც მუშაკი ადასტურებს სადავო ქონების მ. კ-ას მხრიდან სარგებლობას, ვერ გახდება სადავო გარემოებების უტყუარად დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ფოტოსურათებს, პალატამ აღნიშნა, რომ მათზე ასახულია მიწის ნაკვეთი და ხის ნაგებობა, რომელშიც შესაძლოა არსებობდეს ...ო, თუმცა ფოტოსურათებით არ დასტურდება, აღნიშნული საამქროს ი/მ მ. კ-ას მიერ ფლობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა 2017 წლის ივნისიდან დღემდე სადავო ფართის ი/მ მ. კ-ას მიერ ფლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე თანდართული მოხსენებითი ბარათითა და ფოტომასალით დგინდება ი/მ მ. კ-ას მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2017 წლის შემდგომი პერიოდიდან დღემდე. სააგენტოს მოსაზრებით მისი განმარტებები და ქმედებები უნდა ჩაითვალოს უტყუარად დადასტურებულად და მათ აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული ადგილზე დათვარიელების აქტითა და ფოტომასალით დგინდება ი/მ მ. კ-ას მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2017 წლის შემდგომ პერიოდზე დღემდე, არ არის დასაბუთებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის შტატგარეშე მოსამსახურის მიერ 19.05.2020წ. შედგენილი მოხსენებითი ბარათის თანახმად, ი/მ მ. კ-ა არამართლზომიერად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით, რომელშიც განთავსებულია ...ო. გასათვალისწინებელია, რომ მოხსენებით ბარათში მითითება არ ხდება სარგებლობის ხანგრძლივობაზე, ასევე არ არის ასახული ბარათში მითითებული დასკვნის გამოტანის საფუძვლები, გაურკვეველია, რა გარემოებებზე მითითებით იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ მ. კ-ა 2020 წლის მაისში კვლავ სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით. წარმოდგენილ ფოტოსურათებზე მართალია ჩანს ნაგებობა, რომელშიც შესაძლოა იყოს ...ო, თუმცა არ დგინდება, რომ 2017 წლის შემდგომ პერიოდში 2020 წლის მაისამდე და ასევე 2020 წლის მაისის შემდგომ მ. კ-ა აგრძელებდა ქონების სარგებლობას, ფლობასა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებას. მხოლოდ სააგენტოს განმარტებები არ ქმნის სათანადო დასაბუთებას, მით უფრო, რომ მ. კ-ა უარყოფს აღნიშნულ გარემოებას. საქმეში დაცულია მ. კ-ას 04.07.2017წ. მიმართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მიმართ, რომლის თანახმად, მ. კ-ა ვერ შეძლებს ქირის სახით თვეში 360 ლარის გადახდას, რის გამო იძულებული ხდება შეწყვიტოს საქმიანობა. ამასთანავე, სააპელაციო პალატაში წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში მ. კ-ა აღნიშნავს, რომ იგი აღარ სარგებლობს მითითებული ქონებით და არ იყენებს მას სამეწარმეო მიზნით. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებისა და შინაარსის გათვალისწინებით კონკრეტულ პერიოდში მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტის დადასტურება სწორედ სააგენტოს მტკიცების ტვირთს შეადგენს.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება, რომ მის განმარტებებსა და ქმედებებს მაღალი მტკიცებულებითი ძალა აქვთ და უტყუარ ხასიათს ატარებენ ასევე მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე,მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსკ-ის 5.1 მუხ.). ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება სააგენტოს განმარტებებისა და შედგენილი დოკუმენტაციისათვის მაღალი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესახებ, წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). მართალია მატერიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობები უმეტესწილად არათანაბარ საფეხურზე მდგომ სუბიექტებს შორის მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში სუბორდინაციულია, თუმცა ადმინისტრაციული საქმის სასამართლოში განხილვისას არათანაბარ საფეხურზე მდგომი სუბიექტები: ადმინისტრაციული ორგანო და კერძო პირი, თანასწორუფლებიანები არიან, საკუთარი ინტერესების დასაცავად მათ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები აქვთ მინიჭებული. განსახილველ შემთხვევაში სადავო პერიოდში მ. კ-ას მიერ უძრავი ქონების ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით სააგენტოს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია - შედავება (სკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, სააპელაციო პალატას კი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად აქვს მიჩნეული, რომ ი/მ მ. კ-ა სადავო ფართით არ სარგებლობდა 2017 წლის ივნისის შემდეგ, სააგენტოს საკასაციო საჩვარი კი დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი