Facebook Twitter

ბს-423(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-ამ 16.10.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.2019წ. ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ბრძანების გამოცემის თაობაზე სააგენტოს დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2020წ. გადაწყვეტილებით დ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.2019წ. №04-1566/ო ბრძანება მოსარჩელე დ. კ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დ. კ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2020წ. გადაწყვეტილება, დ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.2019წ. №04-1566/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელ) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 02.09.2019წ. №27 ოქმის თანახმად, მოქ. დ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე ეთქვა უარი, რადგან მას 1984 წლიდან 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება. კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან საინფორმაციო ბარათი, განცხადება-ანკეტა (ფორმა 1), რეგისტრაციის ბარათი (ფორმა 4) და რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი (ფორმა 5). „საქართველოს მოქალაქეთა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, რის შესახებ ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს შესაბამის მოწმობას. აღნიშნულ შემთხვევაში გამოთხოვილი ფორმებიდან დადასტურდა, რომ დ. კ-ა 1984 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ქ. თბილისში სხვადასხვა მისამართზე. 26.07.2005წ. ქ. გაგრის მერიის პირადობის დამდგენი კომისიის დასკვნის შესაბამისად კომისიამ დაადასტურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის დ. კ-ას პირადობა და ფაქტი იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობდა ქ. გაგრაში ...ის ქ. №...-ში 1992 წლის 2 ოქტომბრამდე. 15.02.2016წ. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობის შესაბამისად დ. კ-ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი). 30.01.2020წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული კ. კ-ასა და ლ. ა-ეის ახსნა-განმარტებების თანახმად, მოსარჩელე დ. კ-ა 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. გაგრაში, სანატორიუმში ...ად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი იყო 26.07.2005წ. ქ. გაგრის მერიის პირადობის დამდგენი კომისიის დასკვნა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 02.04.2019წ. სხდომის ოქმი, ეს ორი დოკუმენტი თავისი შინაარსით ურთიერთგამომრიცხავია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული დ. კ-ას 1984 წლიდან ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, თუმცა სააგენტოს არ დაუდგენია მოსარჩელის მიერ ქ. გაგრაში უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, ასევე არ შეუფასებია ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით აღნიშნულ ადგილთან მოსარჩელის კავშირი, რაც შეიძლება დადასტურებულიყო შესაბამისი მტკიცებულებებით, ამდენად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა, რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 1984 წლიდან დ. კ-ას რეგისტრაციის ფაქტი ქ. თბილისში. საქმეში წარმოდგენილი 02.09.2017წ. ოქმის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რადგან 1984 წლიდან 1992 წლამდე ქ. გაგრაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-1227-1213(კ-11)) და აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგება დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა - იძულებით გადაადგილების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქ. გაგრის მერიის პირადობის დამდგენი კომისიის №408 დასკვნა გაცემულია 2005 წელს, ხოლო 2019 წელს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა.რ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ №27 ოქმით დ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე უთხრა უარი. დ. კ-ამ კომისიასთან ერთად ვერ მოიპოვა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. გაგრა, ასევე მისი შვილის - ა. კ-ას (დაბ. ...წ.) საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება ქ. თბილისი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელს აფხაზეთის ტერიტორია არ წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.2019წ. №04-1566/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 20.09.20219წ. №04-17316 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, დ. კ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ვერ დადგინდა ქ. გაგრა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე დ. კ-ა დაიბადა ...წ. ქ. გაგრაში, 1984 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ასევე 30.01.2020წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული კ. კ-ასა და ლ. ა-ეის ჩვენებების თანახმად, მოსარჩელე 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. გაგრაში, სანატორიუმში ...ად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. სადავო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ 1984 წლიდან დ. კ-ას ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტს. იმჟამად მოქმედი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. №677 დადგენილებით დამტკიცებული „სსრ კავშირში საპასპორტო სისტემის შესახებ დებულების“ 22-ე პუნქტის თანახმად მოქალაქეების ჩაწერა ხდებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქალაქის ჩაწერა არ ხდებოდა წინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ამოწერის გარეშე. საქმეში დაცული მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ქ. გაგრის მერიის პირადობის დამდგენი კომისიის 26.07.2005წ. №408 დასკვნით კომისიამ დაადასტურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის დ. კ-ას პირადობა და დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. კ-ა ნამდვილად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, ...ის ქ. №...-ში 1992 წლის 2 ოქტომბრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ა.რ. ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 02.04.2019წ. სხდომის №27 ოქმით დ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე ეთქვა უარი, რადგან მას 1984 წლიდან 1992 წლამდე ქ. გაგრაში მუდმივი მაცხოვრებლობა არ უდასტურდება. კომისიამ აღნიშნა, რომ მოძიებული დოკუმენტაციით დ. კ-ას რეგისტრაციის ადგილი 1984 წლიდან არის ქ. თბილისი. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი იქნა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე დოკუმენტები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. სააგენტო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი