ბს-1084(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. მ-ამ 10.07.2019წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კ. მ-ას ნაწილში კომისიის 18.02.2019წ. საოქმო გადაწყვეტილების, 18.03.2019წ. N227 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის კ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.02.2019წ. N114 საოქმო გადაწყვეტილება კ. მ-ას ნაწილში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.03.2019წ. N227 განკარგულება, კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზუგდიდში, ...ის ქ. N27-ში მდებარე 347 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 64,06 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე კ. მ-ას 22.01.2019წ. განცხადებასთან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში კ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, კომისიამ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის არსებობა, ხოლო მხოლოდ ზეპირი განმარტება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას და არ ადასტურებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ვერ გამორიცხეს ასაღიარებელ ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ყოფილი ...ის კომუნალურ საცხოვრებელ შენობად მიჩნევის შესაძლებლობა. არ დგინდება კ. მ-ას მიერ აღნიშნული ნაგებობის მოწყობა, მას არ აქვს რაიმე სახის სანებართვო დოკუმენტაცია. ნორმატიულად აკრძალულია საკუთრების უფლების აღიარება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც სახელმწიფო ობიექტია განთავსებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. სადავო განკარგულების თანახმად, კ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. მართებულია სასაპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კომისიის ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა საქმეში არ არის დაცული რაიმე მტკიცებულება, რომელიც ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო ობიექტის განთავსებას დაადასტურებს. მართალია საქმეში დაცული ფოტოსურათებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მართლაც არის განლაგებული შენობა-ნაგებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ ადასტურებს ნაგებობის სახელმწიფოს ობიექტად მიჩნევის შესაძლებლობას. მოწმეების განმარტების თანახმად, ასაღიარებელი ნაკვეთი კ. მ-ას ოჯახის სარგებლობაშია დაახლოებით 20 წელია, მასზე გაშენებულია ხეხილი და ბოსტნეული, ნაკვეთზე განთავსებულია რამდენიმე არასაცხოვრებელი დანიშნულების, დამხმარე ნაგებობა, ნაკვეთზე მდგარი შენობა არ არის საცხოვრებლად ვარგისი, აშენებულია შერეული მასალით: ბეტონისა და ხის გამოყენებით, ნაკვეთს სხვა მოსარგებლე არ ჰყოლია. მოწმე კ. ს-ამ აღნიშნა, რომ ახსოვს ნაგებობის აშენების პროცესი, ნაგებობა აშენდა კ. მ-ას ოჯახის მიერ. მოწმეების მითითებით, ...ის შენობის არსებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მათთვის ცნობილი არ არის. ამდენად, კასატორის მითითება, რომ მოწმეებმა არ გამორიცხეს ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ყოფილი ...ის კომუნალურ საცხოვრებელ შენობად მიჩნევის შესაძლებლობა, არ არის დასაბუთებული.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სადავო აქტით დამდგარი შედეგი - საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ნაკვეთი დაკავებულია სახელმწიფო ობიექტით, ამდენად, სწორედ კომისიას ეკისრებოდა აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი. საქმეში დაცული მასალები აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას არ შეიცავს, არ დასტურდება აგრეთვე ამ მიმართულებით საქმის გარემოებათა გამოკვლევა. აღიარების კომისიის მიერ 12.02.2019წ. შედგენილი მიწის დათვარიელების ოქმი ასევე არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, ოქმში მითითებულია, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დაკავებულია სახელმწიფო ობიექტით, თუმცა რას ეფუძნება აღნიშნული დასკვნა გაურკვეველია. გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 13.5 მუხ.). კომისიამ არ უზრუნველყო არა მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების კანონშესაბამისი გამოკვლევა, არამედ არ შეაფასა კ. მ-ას განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციაც კი, მათ შორის ორთოფოტო და მოწმეთა განმარტებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით, საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ და სზაკ-ით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების გზით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, მათ შორის დაეკითხა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მეზობლები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაგებობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე უფლებამოსილი პირები, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ობიექტებთან დაკავშირებით გამოეთხოვა სათანადო დოკუმენტაცია და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სასამართლოს აქვს დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას.
ამასთანავე, უკეთუ კანონმდებლობაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 4.6 მუხ.) საკითხი აღარ არის კომისიის ქვემდებარე, მას შეუძლია იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლის მოწესრიგებით, რომლის თანახმად თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წერილობით უნდა ეცნობოს მხარეს (სზაკ-ის 80.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ. გოგიაშვილი