Facebook Twitter

ბს-794 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ომ“ 07.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 10.04.2017წ. N04/22625 გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.06.2017წ. N04/39672 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ს. ჯ-ისა და ა. ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2018წ. განჩინებით მოსარჩელე შპს „...ოს“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო სს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 10.04.2017წ. N04/22625 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.06.2017წ. N04/39672 გადაწყვეტილება ს. ჯ-ისა და ა. ქ-ის ნაწილში, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.2019წ. განჩინებით სს „...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ე...ი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები - ა. ქ-ე და ს. ჯ-ე წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს. სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო ბარათებში დასმული დიაგნოზი ,,სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი T63.4“, ასევე პაციენტთათვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების ადექვატურობა, არამედ სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო არ ეთანხმება იმას, რომ აღნიშნული პაციენტები საჭიროებდნენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-17 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. მოცემულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით (http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx) დიაგნოზი ,,T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“ მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“, რაც დასტურდება სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა, ტოქსიკოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი - „სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებას. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - ,,Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ინტოქსიკაცია (poisoning). სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ სწორედ პრიორიტეტული ნიშანი - „ინტოქსიკაცია“, რის გამოც ისინი მოთავსდნენ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს ,,...ოს’’ მიერ პაციენტების ს. ჯ-ისა და ა. ქ-ისათვის დასმული დიაგნოზი: "T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი" საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. კლინიკის მიერ ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის მითითებით სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტების მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს არ წარმოუდგენია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტები - ს. ჯ-ე და ა. ქ-ე მკურნალობდნენ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს „...ოში“, კლინიკის მიერ გაკეთებული შეტყობინება აღნიშნულ პაციენტებთან მიმართებით არ შეესაბამება სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადმოცემულ ინფორმაციას. კასატორის მითითებით, ს. ჯ-ესთან მიმართებით კლინიკის მიერ განხორციელებულია ანტიჰისტამინური პრეპარატით მკურნალობა, ხოლო პაციენტ ა. ქ-ესთან დაკავშირებით კლინიკამ განახორციელა ჰორმონოთერაპია ადგილობრივი ხსნარის საფენებით. კასატორის მითითებით, პრეპარატების მიღება და საფენების დადება არ ითვლება გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებად. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N177 დადგენილების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესებს, გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია დაზღვეულის დაუყოვნებლივი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება სტაციონალური სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით არ იკვეთება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების პირობები. შესაბამისად, სადავო შემთხვევები არ ექვემდებარება ანაზღაურებას „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტი - ს. ჯ-ე (11 თვის) შპს ,,...ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა 07.10.2016წ., პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა „T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი”. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, წინა დღეს ქვედა კიდურებზე აღმოაჩნდა ფეხსახსრიანთა ნაკბენები, აღენიშნებოდა ჰიპერემია, ბულოზური ელემენტით, ქავილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. სტაციონარში შესვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ქვედა მარცხენა კიდურზე ბარძაყის არეში აღინიშნა სავარაუდო მწერის ნაკბენის ირგვლივ ჰიპერემია, ბულოზური ელემენტი გამჭირვალე შიგთავსით. პაციენტს ჩაუტარდა ექიმისა და ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, გამოხატული იყო ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ მწერის ნაკბენზე. ადგილობრივად ჰიპერემია ინფილტრაციის გარეშე. რეკომენდებული იყო ანტიჰისტამინური თერაპია, ბულების დაინფიცირების პრევენცია. პაციენტს ჩაუტარდა ანტიჰისტამინური პრეპარატით მკურნალობა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ იგი გაეწერა ბინაზე დანიშნულებით.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ პაციენტი ა. ქ-ე (2 წლის) შპს ,,...ოში’’ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა 10.10.2016წ., პაციენტს დიაგნოზის სახით დაუდგინდა „T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“. სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, პაციენტს, მშობლის გადმოცემით, მარჯვენა მტევნისა და 4 თითის არეში აღენიშნებოდა შეშუპება, ჰიპერემია, ტკივილი, რის გამოც მიმართეს კლინიკას. პაციენტს ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია. ტოქსიკოლოგის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჩხვლეტი მარჯვენა მტევნის მე-4 თითის არეში, მტკივნეულობა, შეშუპება და ჰიპერემია თითისა და მტევნის მიდამოში. დაისვა დიაგნოზი - ფეხსახსრიანთა ტოქსიური ეფექტი - T63.4 და ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება, მტევანზე დაედო ჰიპერტონული საფენი. პაციენტი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ გაეწერა ბინაზე.

შპს ,,...ოს’’ მიერ ს. ჯ-ისათვის და ა. ქ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოთხოვნილია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით: თ63.4. ინტოქსიკაციები, ხოლო მოცემული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოვეთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე დადგენილების N1.2 დანართი „ინტოკსიკაციების“ შემთხვევაში ითვალისწინებს გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით (http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx) დიაგნოზი ,,T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - ,,Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ინტოქსიკაცია (poisoning). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმეტაციის მიხედვით პაციენტებს დაესვათ დიაგნოზი - „T63.4 სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებასა და გადაუდებელ დახმარებას. ამდენად, პაციენტები ს. ჯ-ე (11 თვის) და ა. ქ-ე (2 წლის) საჭიროებდნენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კლინიკამ ზემოაღნიშნულ პაციენტებს გაუწია გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რის შედეგადაც პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მხოლოდ სიტყვიერად მიუთითებს, რომ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება, ხოლო აღნიშნული მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.10.2020წ. N29114 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი