ბს-806 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...მა“ 12.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 23.07.2018წ. N04/41917 გადაწყვეტილების, ანაზღაურებაზე უარისა და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა N36-3-2/3276731920-333054427 რეესტრის ბათილად ცნობა და შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება, ასევე სს „...ის“ 22.08.2018წ. ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2019წ. N04/13479 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სს „...ის“ 22.08.2018წ. ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.03.2019წ. N04/13479 გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „საყოვეთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 23.07.2018წ. N04/41917 გადაწყვეტილება და ანაზღაურებაზე უარისა და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა N36-3-2/3276731920-333054427 რეესტრი, მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „...ის“ მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პაციენტები: ლ. გ-ი, ი. ა-ი, მ. ბ-ი, ზ. ბ-ი, გ. ბ-ი, ვ. ბ-ე, ბ. ბ-ა, მ. ბ-ა, ხ. გ-ა, ზ. კ-ა, მ. მ-ე, ზ. მ-ი, რ. ქ-ა, ლ. პ-ი და კ. ხ-ი არიან "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის N1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლენი. პაციენტები სს ,,კ...ში" 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლის კოდით დიაგნოზით - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია და I50.1 გულის მწვავე უკმარისობა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო შემთხვევებს, ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
პალატამ სზაკ-ის 53.5 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ გამოუკვლევია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა სს ,,...ის’’ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. გასაჩივრებულ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 23.07.2018წ. N04/41917 გადაწყვეტილებაში ზოგადად არის აღნიშნული, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურის კომპონენტის პირობებს (გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჩატარება არ დასტურდება, ხოლო პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდით, დიაგნოზით გულის მწვავე უკმარისობა წარმოდგენილ შემთხვევებში მოწოდებული ხანგრძლოვობით და დიაგნოზით ჩატარებული ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არ დასტურდება), თუმცა რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი უცნობია. გასაჩივრებული აქტებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ დასახელებული გარემოების შესწავლა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა, საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც მნიშვნელოვანი იყო დავის გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დასადგენად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს ,,...ის’’ N36-3- 2/3276731920-333054427 ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ სულ 17 შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის სრულად მითითებული ყველა შემთხვევა, მასში აღნიშნულია მხოლოდ 15 შემთხვევა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტები: ლ. გ-ი, ი. ა-ი, მ. ბ-ი, ზ. ბ-ი, გ. ბ-ი, ვ. ბ-ე, ბ. ბ-ა, მ. ბ-ა, ხ. გ-ა, ზ. კ-ა, მ. მ-ე, ზ. მ-ი, რ. ქ-ა, ლ. პ-ი და კ. ხ-ი არიან „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებთა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების N1.1 დანართით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები.
კასატორის განმატებით, პაციენტები სს „...ში“ 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდით, დიაგნოზით I50.1-მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა (მწვავე) და გადაუდებელი თერაპია დიაგნოზით I20.0-არასტაბილური სტენოკარდია. კასატორი აღნიშნავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციით არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით წარმოდგენილ შემთხვევებში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დასტურდება. მისივე განმარტებით, პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდით წარმოდგენილ შემთხვევებში, დიაგნოზით გულის მწვავე უკმარისობა - არ დასტურდება ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ჩატარება. ამდენად, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეული იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, პაციენტები: ლ. გ-ი, ი. ა-ი, მ. ბ-ი, ზ. ბ-ი, გ. ბ-ი, ვ. ბ-ე, ბ. ბ-ა, მ. ბ-ა, ხ. გ-ა, ზ. კ-ა, მ. მ-ე, ზ. მ-ი, რ. ქ-ა, ლ. პ-ი და კ. ხ-ი სს ,,კ...ში 2018 წლის თებერვლის თვეში მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლის კოდით დიაგნოზებით - I20.0 არასტაბილური სტენოკარდია და I50.1 გულის მწვავე უკმარისობა. ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით წარმოდგენილ შემთხვევებში გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ჩატარება არ დადასტურდა, ხოლო პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ნოზოლოგიური კოდით წარმოდგენილ შემთხვევებში, დიაგნოზით გულის მწვავე უკმარისობა, არ დადასტურდა ინტენსიური მკურნალობა/მოვლის ჩატარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტები არ არის საკმარისად დასაბუთებული და მათში არ არის ნათლად განმარტებული უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადად არის აღნიშნული, რომ შემთხვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, თუმცა გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ზემოაღნიშნული გარემოება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის N36 დადგენილება გულის უკმარისობისა და არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზების შემთხვევაში ითვალისწინებს გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ჩატარებას, კლინიკის მიერ ანაზღაურება მოთხოვნილია სწორედ გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ფარგლებში, ხოლო სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებაზე უარის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება არ დადასტურდა, თუმცა გაურკვეველია რა გახდა აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი. დასაბუთებული არგუმენტაცია არ არის წარმოდგენილი არც საკასაციო საჩივარში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ფაქტებზე და სადავო აქტებზე მითითებას და არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების მოტივების უარმყოფელი სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს ,,...ის’’ N36-3- 2/3276731920-333054427 ანაზღაურებაზე უარის და სადავო სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის ჩანაწერით დგინდება, რომ სულ 17 შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ანაზღაურდება’’, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის სრულად მითითებული ყველა შემთხვევა, მასში აღნიშნულია მხოლოდ 15 შემთხვევა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. შესაბამისად, სახეზეა დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2019წ. განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.09.2020წ. N73834 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი