Facebook Twitter

ბს-910(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მ“ 14.02.2019წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 10.12.2014წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 10.12.2018წ. ბრძანების და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 18.12.2018წ. მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის წინაშე საკითხის დაყენების დავალება ხელშეკრულების გაგრძელების და დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების (პატიების) შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2019წ. განჩინებით შპს „...ს“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 29.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „...ს“ დაეკისროს: ხელშეკრულების 6.3 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - შესრულების ვადის ამოწურვიდან (29.11.2016წ.) 10.12.2018წ. ჩათვლით, ყოველდღიურად 500 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 371 000 ლარს; ხელშეკრულების 6.6 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების 5.2 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გასვლიდან (23.06.2017წ.) 12.12.2018წ. ჩათვლით, ყოველდღიურად 10,6 ლარის ოდენობით (გარანტიის შესავსები თანხის 0,1%), რაც ჯამში შეადგენს 5681,6 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.2019წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 18.09.2019წ. სხდომაზე შპს „...მ“ გაიხმო სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში. ამავე სხდომაზე შპს „...ს“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართოს 18.09.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო 30 058 ლარის ოდენობით, რაშიც გადახდილად ჩაითვალა საბანკო გარანტიით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 10 058 ლარი და საბოლოოდ შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად განესაზღვრა 20 000 ლარი, შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა აგრეთვე 10.12.2014წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.6 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო 5681 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2020წ. განჩინებით შპს „...ს“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ს“ მიერ არ შესრულდა და არაჯეროვნად შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ეტაპებზე, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დებულებებისა და სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების გათვალისწინებით, ქმნიდა პირგასამტეხლოს დაკისრების ზოგად საფუძველს, თუმცა შეფასებას საჭიროებს პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის გონივრულობა. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს დანიშნულებაზე, ფუნქციებზე, მიზნებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა - 25681,60 ლარი გონივრული და სამართლიანი ოდენობა იყო. პალატის მოსაზრებით, სასამართლომ შპს ,,...სთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრებული ოდენობის განსაზღვრისას მართებულად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად საქართველოს მთავრობამ 11.10.2017 წ. №2151 განკარგულებით გამოხატა ნება, რომ შპს „...ს“ საქმიანობის ხელშესაწყობად 28.11.2014წ. განკარგულებიდან მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოეღო იმ შემთხვევაში, თუ შპს „...“ უზრუნველყოფდა 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას და ამავე დროს, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში შპს „...“ გათავისუფლდებოდა 10.12.2014წ. ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული ყველა სახის პირგასამტეხლოსაგან. პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საბანკო გარანტიით პირგასამტეხლოს ჩასათვლელად უკვე გადახდილი იყო 10 058 ლარი, რაც ამცირებდა 3.1.1. მუხლით მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელ პირგასამტეხლოს ოდენობას - 30 058 ლარს 20 000 ლარამდე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად პალატამ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 11.05.2017 წ. მიმართა სს „...ს“, სს „...სა“ და შპს „...ს“ და მიუთითა, რომ შპს „...ს“ მიერ შესრულებული არ იყო ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რისთვისაც კომპანიას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2016 წლის 29 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, რაც 11.05.2017 წ. მდგომარეობით შეადგენდა 82 000 ლარს, ამის გამო გარანტორ ადრესატებს სააგენტომ მოსთხოვა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის - 10 058 ლარის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა. სწორედ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო ჩაირიცხა სს „...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა (10 058 ლარი), რითიც დაიფარა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას პალატამ გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს „...ს“ მიერ ინვესტიციის სახით გაწეულია 100 834 ლარის ხარჯი, რაც არ არის სადავო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორის მოსაზრებით, უდავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობაზე. კასატორმა ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებაზე, მის დანიშნულებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, შპს „...ს“ არ გამოუთქვამს პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, მისთვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო პირგასამტეხლოს დაკისრების წესი და ოდენობა. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ შეაფასა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ქონების განმკარგავი ორგანოს განსაკუთრებული როლი მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ის ზიანი, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა. სააგენტო არ დაეთანხმა სასამართლოს მითითებას საბანკო გარანტიის თანხით პირგასამტეხლოს ნაწილის დაფარვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსი სასამართლოს აღჭურავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებით. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობა არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას, სასამართლო აფასებს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხის თანაზომიერებასა და გონივრულობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნაა მოპასუხისათვის კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ არა მარტო ზოგადად პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას, არამედ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით დაკისრების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობასაც. კასატორის მითითება, რომ შპს „...ს“ არ გამოუთქვამს პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, არ არის დასაბუთებული, რადგან შპს „...ს“ მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ წარდგენილი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან სრულად გათავისუფლება, შესაბამისად, შპს სადავოდ ხდიდა კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლოზმიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხ.). პირგასამტეხლოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა ზემოქმედებს (მათ შორის ფსიქოლოგიურად) ვალდებულ პირზე და აიძულებს მას ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ზემოქმედების ეფექტი იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ამასთანავე, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, კრედიტორისათვის კონკრეტული მატერიალური ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელი ზიანი, ვალდებულების შესრულებისადმი კრედიტორის ინტერესი, კონკრეტული ხელშეკრულების დადების მიზანი რელევანტურია დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კუთხით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების მიხედვით, შპს „...სათვის“ გადაცემული, კასპის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთანავე, უდავოა, რომ შპს „...მ“ შეასრულა 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტირების ვალდებულება. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.01.2019წ. დასკვნის თანახმად, 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე ქონებაზე - 10 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1 შენობაზე (საერთო ფართით 1 009,66 კვ.მ.), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად შპს „...ს“ მიერ ინვესტიციის სახით გაწეული დანახარჯები დღგ-ს გარეშე შეადგენს 100 834 ლარს. 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად კი შპს „...ს“ ეკისრებოდა 100 580 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესრულება დადასტურებულია აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ზემოაღნიშნულთან ერთად პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე იმ გარემოებას, რომ „შპს „...ს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 11.10.2017წ. N2151 განკარგულებით მთავრობამ გამოხატა ნება გაეთავისულებინა შპს „...“ დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს სრული ოდენობისაგან, უკეთუ იგი 1 წლის ვადაში უზრუნველყოფდა 25 145 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, ამდენად, მთავრობამ მიიჩნია, რომ შპს „...ს“ მიერ 25 145 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა უზრუნველყოფდა პირგასამტეხლოს ფუნქციისა და დანიშნულების სათანადო რეალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა - 25 681,60 ლარი (20 000 ლ. + 5681,60 ლ.) თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ ნებასთან. გასათვალისწინებელია, რომ 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის დაიდო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.11.2014წ. N2125 განკარგულების საფუძველზე.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საბანკო გარანტიით პირგასამტეხლოს ჩასათვლელად ბიუჯეტში გადახდილია 10058 ლარი. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.11.2014წ. N2125 განკარგულების მე-3 პუნქტისა და 10.12.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით, შპს „...ს“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან/და ამავე ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.05.2017წ. მიმართვის თანახმად, საბანკო დაწესებულებისგან საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის - 10 058 ლარის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა მოთხოვნილ იქნა შპს „...ს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილის დაფარვის მიზნით. სწორედ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე 10.12.2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო ჩაირიცხა სს „...ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 10 058 ლარი, რითიც დაიფარა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ოდენობის გარდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირგასამტეხლოს ნაწილის დაფარვის მიზნით უკვე მიღებული აქვს 10 058 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო და არა ნორამტიული ხასიათის, მისი სამართლებრივი შინაარსის, ფუნქციისა და დანიშნულების, ასევე კრედიტორისთვის მოსალოდნელი სავარაუდო ზიანის, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო საჭიროებდა შემცირებას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2021წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი