ბს-810 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 05.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20.09.2018წ. N04-08/4572 გადაწყვეტილების, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.03.2019წ. N04/11219 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ ლ. ე-ეის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და შპს „...სათვის“ ლ. ე-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხეებისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.04.2019წ. განჩინებით შპს „...ს“ სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 30.12.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20.09.2018წ. N04-08/4572 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.03.2019წ. N04/11219 გადაწყვეტილება პაციენტ ლ. ე-ეის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოვეთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა“ და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...სთვის“ ლ. ე-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 30.12.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პაციენტ ლ. ე-ეის სამედიცინო დოკუმენტაციით კერძოდ ფორმა №IV-100ა-ის მიხედვით პაციენტისთვის დასმული დიაგნოზია ნაწლავთა მწვავე გაუვალობა K56.7. ანამნეზის მიხედვით, პაციენტს ჰქონდა მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკური გამოკვლები და კონსულტაციები: BL.6 სისხლის საერთო ანალიზი; “ც“ ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა (სწარაფი ტესტი); მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპია; FXF005 ელექტროკარდიოგრამა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემთხვევების რეგისტრაციის მოდულის მონაცემით ფიქსირდება შემდეგი დიაგნოზი: გაუვალობა K56.7. ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების საფუძელზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პაციენტის ფორმა №IV-100ა-ის მიხედვით, დასმული დიაგნოზი და შეტყობინების სპეციალურ ელექტრონული პროგრამის სისტემაში გადაცემული დიაგნოზი იდენტურია და წარმოდგენილია K56.7 სახით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს დიაგნოზის შემდგომ დაზუსტებას (ცვლილებას).
სააპელაციო პალატამ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 4.1 მუხლის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მითითებული დადგენილების მე-9 მუხლი ითვალისწინებს პროგრამის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს შემთხვევათა შემდეგ ეტაპებს: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი; დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი, ხოლო მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის (პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები) მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს (რევიზია) ახორციელებს რეგულირების სააგენტო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები, კერძოდ: ამ ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებათა ფარგლები. არც ერთი ნორმა არ ანიჭებს უფლებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეითავსოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქცია და პირიქით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენლის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და არ უნდა გასცდენოდა მის ფარგლებს, რადგან აღნიშნული ნორმა არ იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მასში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ანაზღაურების გაცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების ფარგლები, რაც არ არის გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას. პალატამ მიუთითა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონზე რომლის თანახმად, სამედიცინო დიაგნოზი ავადმყოფის მრავალმხრივ გამოკვლევაზე დაფუძნებული საექიმო დასკვნაა, შესაბამისად სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობივი სისწორე არ წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინსპექტირების ფარგლებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში. კასატორების მითითებით სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტ ლ. ე-ეის მიმართ ჩატარდა კონსერვატიული მკურნალობა, პაციენტისთვის დასმული გაუვალობის დიაგნოზი არ დასტურდება და ჩატარებული მომსახურების მოცულობა შეესაბამება დადგენილების დანართი N1.2-ით განსაზღვრულ გადაუდებელ თერაპიულ მომსახურებას დიაგნოზით მუცლის ტკივილი. შესაბამისად, შემთხვევა პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არ ექვემდებარება ანაზღაურებას. კასატორები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების მე-7, 8.2, მე-9, 10.21, მე-11, 13.1. 13.2, 14.1, 15.2 („ე“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები) მუხლებზე მითითებით აღნიშნავენ, რომ სადავო აქტები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების, კერძოდ საქმეში დაცული №IV-100ა-ის მიხედვით, პაციენტი ლ. ე-ეე შპს „...ს“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში 2018 წლის 06 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე მკურნალობდა, დიაგნოზით - ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, K56.7. იგი უჩიოდა მოვლითი ხასიათის ტკივილს მუცლის არეში, შებერილობას, ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. პაციენტს დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გაეწერა კლინიკიდან.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20.09.2018წ. №04-08/4572 გადაწყვეტილებით ლ. ე-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შპს ,,...ს’’ ეთქვა უარი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შეტყობინების სისტემაში გადმოცემული დიაგნოზი და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს, ამიტომ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის ფორმა №IV-100ა-ის მიხედვით, დასმული დიაგნოზი „K56.7 - გაუვალობა“ და შეტყობინების სპეციალურ ელექტრონული პროგრამის სისტემაში გადაცემული დიაგნოზი იდენტურია, კლინიკის
მიერ მოთხოვნილია გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების ანაზღაურება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 20.09.2018წ. N04-08/4572 გადაწყვეტილებაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, რომლის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. კასატორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.03.2019წ. N04/11219 გადაწყვეტილებაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის არა „ბ.ბ“, არამედ „ე“ ქვეპუნქტი და აღნიშნულია, რომ ჩატარებული მომსახურების მოცულობა შეესაბამება დიაგნოზს „მუცლის ტკივილი“. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობრივი სისწორე სცილდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინსპექტირების ფარგლებს. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს და დასმული დიაგნოზის სისწორის რევიზიაში შევიდა, სამედიცინო დიაგნოზის შინაარსობივი სისწორე არ წარმოადგენს პროგრამის განმახორციელებლი დაწესებულების ინსპექტირების ფარგლებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ნორმების ციტირებას, კასატორები ვერ ასაბუთებენ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2020წ. განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.10.2020წ. N29116 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.10.2020წ. N02327 საგადახდო მოთხოვნით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი