ბს-1143(კ-21) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჩ-მა 12.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.11.2019წ. №04-1700/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილების დ. ჩ-ისა და ა. ჩ-ისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა. 20.12.2019წ. განცხადებით გ. ჩ-მა მოსარჩელეებად ასევე დაასახელა მისი არასრულწლოვანი შვილები - დ. ჩ-ი და ა. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთი.
05.03.2020წ. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.11.2019წ. №04-1700/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა გ. ჩ-ის, დ. ჩ-ის და ა. ჩ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2020წ. გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „გ. ჩ-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.11.2019წ. №04-1700/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე გ. ჩ-ის განცხადების განხილვა, ახლად გამოვლენილი გარემოებების (მტკიცებულებების) საფუძველზე, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2020წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე გ. ჩ-ის დევნილ ოჯახს (გ. ჩ-ი, არასულწლოვანი შვილები ა. ჩ-ი და დ. ჩ-ი) დევნილის სტატუსი ჩამოერთვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 10.3. მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. გ. ჩ-მა 04.09.2019წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა მისთვის, მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა, განცხადებას თან დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობების ასლები, სტუდენტის ბილეთის ასლი, გ. ჩ-ის შრომის წიგნაკის ასლი, სამხედრო ბილეთის ასლი, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, საარქივო ცნობის ასლი, დიპლომის ასლი, საბჭოთა კავშირის პასპორტის ასლი, ჯ. ბ-ის შრომის წიგნაკის ასლი, რ. რ-ის შრომის წიგნაკის ასლი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 12.02.2019წ. №147/01 ცნობის ასლი, სააპელაციო სასამართლოს 28.06.2019წ. განჩინების ასლი, მინდობილობის ასლი, ამასთან, განცხადებაში აღინიშნა, რომ მის მიერ წარდგენილია ახლად აღმოჩენილი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება გ. ჩ-ის მიერ 1983-1991 წლებში ქ. ცხინვალში, ...ის ქ. №29-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა. განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების ფარგლებში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ზეპირი მოსმენა, მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, განხილული იქნა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, მოწმეთა განმარტებები ქ. ცხინვალში გ. ჩ-ის მუშაობის და ცხოვრების შესახებ, შრომის წიგნაკისა და სამხედრო ბილეთის ასლები, ასევე საარქივო ცნობის ასლი საკომლო ჩანაწერის შესახებ. საკითხის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია განმცხადებელს შეეძლო წარედგინა დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც, ამ მტკიცებულებების არსებობის შესახებ ინფორმაცია მოსარჩელეს იმთავითვე გააჩნდა, მაგრამ არ წარუდგენია, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული დასკვნის მიხედვით, გ. ჩ-ის მიერ ქ. ცხინვალში მუშაობის და ცხოვრების შესახებ მოწმეთა განმარტებები, შრომის წიგნაკისა და სამხედრო ბილეთის ასლები, ასევე საარქივო ცნობის ასლი საკომლო ჩანაწერის შესახებ დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა. სზაკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზემოთ ხსენებული მტკიცებულებები მათი შედგენის თარიღის გათვალისწინებით მოპოვებულია გ. ჩ-ის დევნილი ოჯახისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასტურდება დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს საკომლო ჩანაწერზე, რომელიც წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება. მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საარქივო ცნობა გაცემულია 2018 წელს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს ადრეც შეეძლო მიემართა უფლებამოსილი ორგანოსათვის და მოეთხოვა აღნიშნული მტკიცებულების გაცემა. მოწმეთა განმარტებები მოსარჩელის მუშაობის და ცხოვრების შესახებ ქ. ცხინვალში, შრომის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი, ამონაწერი საკომლო წიგნიდან - იმ სახის მტკიცებულებებია, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადასაწყვეტად და შეუძლებელია მათ შესახებ მოსარჩელისთვის არ ყოფილიყო ცნობილი დევნილის სტატუსთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, ზემოთ მითითებული დოკუმენტები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. გ. ჩ-ის მიერ განხადების ხელახლა განხილვის დროს წარდგენილი დოკუმენტები ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც შეიძლება გამხდარიყო განცხადების განხილვის საფუძველი და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის „დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე“ დასკვნის (09.04.2018წ.) თანახმად, გ. ჩ-ი დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან, მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად მითითებულია ქ. ცხინვალი, ...ის ქ. №29. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 13.04.2018წ. წერილის თანახმად, ქ. ცხინვალში, ...ის ქ. №29-ში გ. ჩ-ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წერილის და განმცხადებელთან გასაუბრების შედეგად საკითხის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ გ. ჩ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. ცხინვალი, რადგან მან საშუალო განათლება მიიღო სოფ. ...ში, ქ. ცხინვალში მას და მისი ოჯახის წევრებს საკუთრება არ ჰქონიათ, ცხინვალში იმყოფებოდა სწავლის მიზნით და ამავე პერიოდში მუშაობდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 20.04.2018წ. №1402, №1403 და №1404 ბრძანებების მიხედვით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 19.04.2018წ. მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ დ. ჩ-ს, ა. ჩ-ს და გ. ჩ-ს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 12.02.2019წ. წერილის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში შექმნილმა დროებითი კომისიის სხდომაზე განხილული იქნა გ. ჩ-ის განცხადება (ოქმი №03, 08.02.2019წ.), კომისიის გადაწყვეტილებით არ დადასტურდა ცხინვალში, ...ის ქ. №29-ში საკუთრების ფლობის და მუდმივად ცხოვრების ფაქტი. გ. ჩ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 12.02.2019წ. წერილის ბათილად ცნობა და მოსარჩელის ქ. ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 25.04.2019წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2019წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიუთითეს, რომ სადავო 12.02.2019წ. ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, იგი არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არ ადასტურებს მოსარჩელის ან სხვა პირის რაიმე უფლებას, ასევე მას არ შეიძლება მოჰყვეს რაიმე სამართლებრივი შედეგი, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, თუმცა დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი, სავალდებულო ხასიათი, შესაბამისად, აღნიშნული ცნობა უშუალოდ არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რადგან მისი არარსებობის პირობებში შესაძლებელია იგივე სამართლებრივი შედეგი დადგეს მოსარჩელის მიმართ. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 12.11.2019წ. მოხსენებით ბარათზე დართული დასკვნის მიხედვით, გ. ჩ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა განიხილა განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, გ. ჩ-ის მუშაობის და ცხოვრების შესახებ ქ. ცხინვალში მოწმეთა განმარტებები, შრომის წიგნაკის და სამხედრო ბილეთის ასლები, ასევე საარქივო ცნობის ასლი საკომლო წიგნის ჩანაწერის შესახებ, მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელს შეეძლო წარედგინა დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც, ასევე არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 13.11.2019წ. №04-1700/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 12.11.2019წ. მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, გ. ჩ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, უარის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სზაკ-ის 102-ე მუხლი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ გ. ჩ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო განცხადების ხელახლა განხილვის საფუძველი და განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ ქმნიდა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში დაცულ 06.07.1983წ. საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ გაცემულ დიპლომზე, რომლის მიხედვით, გ. ჩ-ი 01.10.1982წ. ჩაირიცხა და 06.07.1983წ. დაამთავრა ქ. ცხინვალის ...ის სრული კურსი. სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მიხედვით 23.09.1983წ. გ. ჩ-ი ამოეწერა სოფ. ...იდან და 04.10.1983წ. ჩაეწერა ქ. ცხინვალში, ...ას ქ. №29-ში. აღსანიშნავია, რომ იმჟამად მოქმედი სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 28.08.1974წ. №677 დადგენილებით დამტკიცებული „სსრ კავშირში საპასპორტო სისტემის შესახებ დებულების“ 22-ე პუნქტის თანახმად, მოქალაქეების ჩაწერა ხდებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოქალაქის ჩაწერა არ ხდებოდა წინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ამოწერის გარეშე. გ. ჩ-ის სახელზე 1983წ. გაცემულ სტუდენტის ბარათსა და ჩათვლის წიგნაკში მითითებულია ცხინვალის ...ის ფაკულტეტი, ამასთან, ჩათვლის წიგნაკი შევსებულია 1983-1990 წლებში (ს.ფ. 23-45), შრომის წიგნაკის მიხედვით დ. ჩ-ი 1983-1984 წლებში მუშაობდა ცხინვალის ...ში სხვადასხვა პოზიციებზე, 1986-1987 წლებში ცხინვალის სმს სამსახურში, 1987-1988 წლებში ცხინვალის ...აში (ს.ფ. 46-50), სამხედრო ბილეთის მიხედვით, რომელიც გაცემულია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური საოლქო სამხედრო კომისარიატის მიერ, მსახურების პერიოდად მითითებულია 1984-1986 წლები, ხოლო მისამართად - ცხინვალი, ...ას ქ. №29 (ს.ფ. 56-58). გორის არქივში დაცული ...ის თემის საკრებულოს სოფ. ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლის უფროსი არის ა. ჩ-ი, კომლის წევრად ასევე მითითებული იყო გ. ჩ-ი, რომლის სახელი გადახაზულია და გასწვრივ მიწერილია „ცხოვრობს ცხინვალში“ (ს.ფ. 64-65). 26.08.1988წ. გ. ჩ-ის მძღოლის საგამოცდო ბარათის მიხედვით, მისამართად მითითებულია ქ. ცხინვალი, ...ის ქ. №29, ასევე მითითებულია, რომ გამომცდელმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა ცხინვალის პოლიკლინიკაში. 09.06.1992წ. გაცემული დიპლომის მიხედვით, გ. ჩ-ი 1983 წელს ჩაირიცხა ...ში და 1991 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სრული კურსი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 12.11.2019წ. მოხსენებით ბარათზე დართული დასკვნიდან გამომდინარე დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა ქ. ცხინვალში გ. ჩ-ის მუშაობის და ცხოვრების შესახებ მოწმეთა განმარტებები, შრომის წიგნაკის და სამხედრო ბილეთის ასლები, საკომლო წიგნის ჩანაწერები. აღნიშნულის საპირისპირო გარემოება საქმის მასალებით არ დგინდება. საქმეში დაცული დოკუმენტების შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. ჩ-ის განცხადების განხილვის დროს წარდგენილი დოკუმენტები არ შეიძლება გამხადრიყო განცხადების ხელახლა განხილვის საფუძველი, შესაბამისად, სზაკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობდა გ. ჩ-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამარლებრივი საფუძველი, ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება განმცხადებლის ბრალეულობა დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მის მიერ მითითებულ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი