Facebook Twitter

ბს-280 (კ-19) 14 აპრილი, 2022 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ტ-ამ 12.04.2017წ. სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.04.2017წ. განჩინებით თ. ტ-ას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო დ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, ...ის ქ. N..., საკადასტრო კოდით N....

თ. ტ-ამ 21.04.2017წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დ. ბ-ას და მესამე პირების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.04.2017წ. განჩინებით დაადგენილ იქნა ხარვეზი, თ. ტ-ას დაევალა დაზუსტებული სარჩელის წარდგენა სასარჩელო მოთხოვნების, ასევე მოპასუხეთა, მოსარჩელეთა და მესამე პირთა წრის დაზუსტებით. თ. ტ-ამ და რ. ჯ-ამ 09.06.2017წ. ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 14.06.2017წ. მიღებულ იქნა განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რის შემდგომაც რ. ჯ-ამ 04.07.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების დ. ბ-ას, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ასევე მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ზედდების ნაწილში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.07.2016წ. N2000 განკარგულების, 29.07.2016წ. N612 საკუთრების უფლების მოწმობის და დ. ბ-ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 25.11.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 30.01.2018წ. განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.03.2018წ. გადაწყვეტილებით რ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.07.2016წ. N2000 განკარგულება, 29.07.2016წ. N612 საკუთრების უფლების მოწმობა და დ. ბ-ას სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 25.11.2016წ. N... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ბ-ას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2018წ. გადაწყვეტილებით დ. ბ-ასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 27.06.2016წ. №...697539 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რ. ჯ-ამ 28.07.2016წ. დაირეგისტრირა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3350 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) და 3365 კვ.მ. მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი №...). სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 19.09.17წ.), რ. ჯ-ას საკუთრებად ასევე აღირიცხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3284 კვ.მ. (ს/კ N...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობით, უფლების დამდგენი დოკუმენტია 27.06.2016წ. №...697539 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-ამ 27.06.2016წ. №...69753 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მთლიანად დაირეგისტრირა (3 ნაკვეთად) ვ. ტ-ას კომლზე რიცხული 1,0 ჰა მიწის ნაკვეთი და გახდა მისი მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლოში დამატებით მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი 01.12.2017წ.), დადგენილია, რომ რ. ჯ-ამ 3284 კვ.მ.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N...), მასზე განთავსებული შენობით, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით (დამოწმების თარიღი 28.11.2017), გადასცა თ. ტ-ას და აღირიცხა მის სახელზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გრაფიკულ მონაცემთა ბაზის (ე.წ. ელექტრონული რუკის) სიტუაციური ამონაწერით დასტურდება, რომ რ. ჯ-ას სახელზე რეგისტრირებული სამივე მიწის ნაკვეთიდან, არც ერთი არ მოდის ზედდებაში დ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და ტერიტორიულად საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული მისგან. სააპელაციო პალატამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონზე, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, ასევე სზაკ-ის 107-ე, 108-ე, 95-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მითითებულ ნორმათა დებულებები სრულად იქნა დაცული და არ არსებობდა დ. ბ-ას მოთხოვნის უარყოფის წინაპირობები. კომისიამ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, მათი შესწავლის, გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცა დასაბუთებული გადაწყვეტილება (აქტი). ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ რ. ჯ-ას მიერ რეალიზებული იქნა მისთვის გარანტირებული საკუთრების უფლება, მან სრულად დაირეგისტრირა ნაანდერძევი ქონება 3 (სამი) ნაკვეთად და დ. ბ-ასათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელია მისი საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძველი გახდეს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს ან ინტერესს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ იღიარებს დ. ბ-აზე რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთს, რადგან რ. ჯ-ამ უკვე დაირეგისტრირა ნაანდერძევი უძრავი ქონება 3 (სამ) ნაკვეთად, ჯამში 9999 კვ.მ. ოდენობით, რის შემდეგაც მან ერთი მიწის ნაკვეთი, ჩუქების ხელშეკრულებით განკარგა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია დ. ბ-აზე აღიარებული მიწის ნაკვეთზე უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იქნებოდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27.07.2016წ. N2000 განკარგულებისა და 29.07.2016წ. N612 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერად მიჩნევის პირობებში არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 25.11.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ჯ-ას მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ამოქმედდა 28.12.2007წ., რა დროისთვისაც დ. ბ-ას მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ იდგა შენობა-ნაგებობა, აღნიშნულს ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუსწავლია კომისიის მიერ დ. ბ-ას განცხადების მიღებისა და მისი განხილვის ვადების დარღვევა. კასატორის მითითებით დ. ბ-ამ კომისიაში განცხადება 2015 წელს შეიტანა, ხოლო კომისიამ იგი 29.07.2016წ. განიხილა. კასატორის მითითებით დარღვეულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი განცხადების განხილვის ვადები. კასატორი აღნიშნავს, რომ აღიარების კომისიამ დააღვია ასევე სზაკ-ის 95-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩაბმის შესახებ. კასატორის მითითებით კომისიის თავმჯდომარისათვის ცნობილი იყო, რომ დ. ბ-ას მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი იყო სადავო, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მიღებულ იქნა დ. ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. კომისიას არ შეუსწავლია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, დ. ბ-ას მიერ მოთხოვნილი იყო 3493 კვ.მ. ნაკვეთის რეგისტრაცია, თუმცა მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის რეალური ფართი 3000 კვ.მ. შეადგენდა, კომისიას არ გამოუკითხავს გვერდითი მეზობლები, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ისეთი მოწმეების ოქმი, რომლებიც 10 კმ. მანძილის დაშორებით ცხოვრობდნენ სადავო ნაკვეთიდან. კასატორის მითითებით კომისია არ დაინტერესებულა და არ გამოუკვლევია თუ რატომ წარადგინა კომისიაში დ. ბ-ამ 3803.13 კვ.მ. (ს.კ. N...) ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი, არ არის დადგენილი წარდგენილი ნახაზის და დაკავებული ფართის რელევანტურობა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. ტ-ას ანდერძში არ არის მოხსენიებული, რომ მისი უძრავი ქონება სამი მიწის ნაკვეთისაგან შედგებოდა. კასატორის მითითებით სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმ გარემოებაზე, რომ 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოთხოვნილი იყო 0,8 ჰა მიწის ნაკვეთიდან და არა 1,0 ჰა-დან. საარქივო ცნობის მიხედვით ვ. ტ-ას 1,0 ჰა-ს გარდა მფლობელობაში კიდევ ჰქონდა 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც მხედველობიდან გამორჩა სასამართლოს. რ. ჯ-ას მიერ უკვე რეგისტრირებული 9999 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის 1,0 ჰა ფართობის შემადგენელი ნაწილი და მდებარეობს სულ სხვა მისამართზე. კასატორის მითითებით 0.8 ჰა მიწის ნაკვეთზე მდებარე ხის სახლში 1997 წლამდე ცხოვრობდა ვ. ტ-ა, რომელიც შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ბ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნახაზზე დატანილია ორი შენობა-ნაგებობა, ხოლო ორთოფოტოზე არის სამი, რაც არ ასახულა ნახაზში, ასევე დ. ბ-ას არ ჰქონდა მიტაცებულ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობის უფლება, მას არ ჰქონდა არქიტექტურის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვა. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა პალატამ აქტის ბათილობის მაგივრად განიხილა რ. ჯ-ას უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების ფაქტი, მისი სისწორე, მოსამართლე ცდილობდა იმ გარემოების დადგენას თუ რამდენი მიწის ნაკვეთი მიიღო რ. ჯ-ამ და შედიოდა თუ არა ის ვ. ტ-ას მემკვიდრეობაში. ამავდროულად, სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო ისეთი დოკუმენტაცია (ამონაწერი რ. ჯ-ას მიერ საჯარო რეესტრში მესამე ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ), რომელიც საერთოდ არ განხილულა პირველ ინსტანციაში, ხოლო მოპასუხე მხარეს მისი პირველ ინსტანციაში წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა, რის ხელშემშლელ ფაქტორადაც ტექნიკური მიზეზი დასახელდა. კასატორის მითითებით საასამართლომ საქმე არ განიხილა სიღრმისეულად, მათ შორის არ გაამახვილა ყურადღება მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლომ გაიზიარა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტება, რომლის მიხედვით კომლს 1 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წამოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით 27.06.2016წ. №...697539 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რ. ჯ-ამ 28.07.2016წ. დაირეგისტრირა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3350 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) და 3365 კვ.მ. მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი №...). 10.03.2017წ. სამეგრელოს რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა რ. ჯ-ას მინდობილმა პირმა თ. ტ-ამ, რომელმაც 05.04.2016წ. გაცემული №AA2015076320-09 საარქივო ცნობისა და 27.06.2016წ. №...697539 ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ფ. (ვ.) ტ-ას სამკვიდრო ქონების - 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 16.03.2017წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, კერძოდ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, დ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან. მოსარჩელეს დაევალა 30 დღის ვადაში კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, თუმცა მოსარჩელის მიერ დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, 09.06.2017წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. რაც შეეხება დ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 27.07.2016წ. საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ბ-ას მოთხოვნა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3493 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო დ. ბ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 29.07.2016წ. №612 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 25.11.2016წ. №... გადაწყვეტილებით დ. ბ-ას სახელზე აღირიცხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3493 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზედ მდებარე შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი №...).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 05.04.2016წ. NAA2015076320-09 საარქივო ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ვ. ტ-ა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში ვ. ტ-ას კომლს 1997 წელს ერიცხება მიწის ფართობი 0,8 ჰა, ასევე კომლს ერიცხება მიწის ფართობი 1,0 ჰა (თარიღი მითითებული არ არის). სწორედ აღნიშნული საარქივო ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა რ. ჯ-ას საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3350 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...) და 3365 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი №...). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს ცნობილი გახდა რ. ჯ-ას მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში კიდევ ერთ უძრავ ნივთზე, კერძოდ 3284 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს.კ. ...) რეგისტრაციის ფაქტის შესახებ. ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების მასალებში დაცულია 09.06.2011წ. NAA2011030336-03 საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო ჩანაწერებით დასტურდება, რომ ვ. ტ-ას კომლის სარეზერვო მიწის ფართი შეადგენს 1997 წელს - 0.8 ჰექტარს, ხოლო 1999 წელს შეადგენს 1,0 ჰექტარს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საარქივო ცნობის მიხედვით მისი მამკვიდრებლის ვ. ტ-ას კომლს ერიცხებოდა როგორც 0,8 ჰა, ასევე 1,0 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს "საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. N48, აგრეთვე 06.02.92წ. N128 და 10.03.92წ. N290 დადგენილებებზე, რომლითაც განისაზღვრა მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი მიწის ზღვრული ნორმები ბარში და ზეგანზე _ სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის _ 1 ჰექტარამდე, ხოლო სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის _ 0,75 ჰექტარამდე. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ რ. ჯ-ამ ვ. ტ-ას კომლზე რიცხული 1,0 ჰა მიწის ნაკვეთი სრულად დაირეგისტრირა, რ. ჯ-ას სახელზე რეგისტრირებული სამივე მიწის ნაკვეთიდან, არც ერთი არ მოდის ზედდებაში დ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და ტერიტორიულად საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული მისგან. ამასთანავე, კასატორს არ წარმოუდგენია უფლებადამდგენი დოკუმენტი დ. ბ-ას სახელზე აღიარებულ მიწის ნაკვეთზე.

დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება აღიარების კომისიის მიერ განცხადების განხილვის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 15.1 მუხლის მიხედვით, კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან 2 თვეში, თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია, განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვისა. საქმის მასალებით მიხედვით დასტურდება, რომ დ. ბ-ას მიერ კომისიაში განცხადება წარდგენილია 07.12.2015წ., ხოლო კომისიის სადავო აქტები მიღებულია 27.07.2016წ. და 29.07.2016წ., ამდენად კომისიას გამოყენებული აქვს განცხადების დამატებით ვადაში განხილვის უფლებამოსილება, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება დ. ბ-ას მიერ კომისიაში 3803.13 კვ.მ. (ს.კ. ...) ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის წარდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ N... კოდით აღრიცხულია სხვა მიწის ნაკვეთი, რომელიც მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც არ წარდგენილა და განხილულა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლები), სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულება საქმეს დაერთო სააპელაციო სასამართლოს 16.11.2018წ. საოქმო განჩინებით, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2018წ. გადაწყვეტილება;

3.ხ. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე 15.02.2019წ. N54 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე