ბს-947(კ-20) 14 აპრილი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 14.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 2017 წლის 15 მარტიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში 3482 ლარის და 2018 წლის იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 3530 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ყოველთვიურად 27,60 ლარის გადახდა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, 70 კვ.მ. ფართით სარგებლობს და მას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, რაც დასტურდება მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების, 01.10.2018წ. იჯარის ხელშეკრულებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 02.09.2019წ. ადგილზე დათვალიერების აქტით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ნ...ას“ და შპს ,,...ს“ შორის 01.10.2018 წ. გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 25.10.2018 წ. აქტს, სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია შეთანხმების ოქმით მხარეებმა გამოხატეს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, თუმცა ხელშეკრულება მოპასუხეს არაუფლებამოსილ პირთან ჰქონდა გაფორმებული, რის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ფართით სარგებლობის შეწყვეტას არ ადასტურებს. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება შპს „...ს“ მიერ სადავო ფართით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი 2017 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სააგენტოს ეკისრებოდა, თუმცა მან სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ მიეცა დამატებითი ვადა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენისთვის, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ადგილზე დათვარიელების აქტითა და ფოტომასალით დგინდება შპს „...ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2017 წლის 15 მარტიდან. სააგენტოს მოსაზრებით მის განმარტებები და ქმედებები უნდა ჩაითვალოს უტყუარად დადასტურებულად და მათ აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა. შპს ფლობს არა მხოლოდ 70 კვ.მ. ფართს, არამედ მიწის ნაკვეთის სრულ ფართს, რომელზეც განლაგებული აქვს მოძრავი ნივთები. სასამართლომ ქონებით სარგებლობის ათვლის წერტილად მიიჩნია 01.10.2018წ. იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არაუფლებამოსილ პირთან, მარტივი წერილობითი ფორმით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება, რომ ადგილზე დათვარიელების აქტითა და ფოტომასალით დგინდება შპს „...ს“ მიერ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება 2017 წლის 15 მარტიდან, არ არის დასაბუთებული. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ 24.10.2018წ. შედგენილი აქტის თანახმად, სააგენტოს წარმომადგენელმა დაადგინა, რომ შპს „...“ სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით, თუმცა მითითება არ ხდება სარგებლობის ხანგრძლივობაზე, აქტში ასევე არ არის აღნიშნული იმ უძრავი ქონების კონრეტული მახასიათებლები, მაგ.: მიწის ნაკვეთისა თუ ნაგებობის ფართი, რომლითაც შპს „...“ არამართლზომიერად სარგებლობს. სააგენტოს აქტზე თანდართულია როგორც ნაგებობის, ასევე მიწის ნაკვეთის ფოტოები, რომლებიც გადაღებულია აგრეთვე 24.10.2018წ., შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებებით იმ გარემოების დადასტურება, რომ შპს „...“ უძრავ ქონებას ფლობდა 2017 წლის 15 მარტიდან არ არის დასაბუთებული.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ წარადგინა აგრეთვე შპს „...ს“ მიერ საოფისე ფართის გარდა 8950 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მართალია წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ჩანს მიწის ნაკვეთზე გარკვეული მოძრავი ნივთების განლაგება, თუმცა არ დგინდება აღნიშნული მოძრავი ნივთების შპს „...სადმი“ კუთვნილება. კუთვნილების დადასტურების შემთხვევაშიც კი არ დგინდება შპს-ს მიერ სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის კონკრეტული ფართობი. ამდენად, წარდგენილი ფოტოსურათებით არ დასტურდება შპს „...ს“ მიერ 70 კვ.მ. საოფისე ფართის გარდა სხვა უძრავი ქონების, მათ შორის 8950 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობა და სამეწარმეო მიზნით გამოყენება.
კასატორის მოსაზრება, რომ მის განმარტებებსა და ქმედებებს მაღალი მტკიცებულებით ძალა აქვთ და უტყუარ ხასიათს ატარებენ ასევე მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ დასაბუთებას. სასკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სსკ-ის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე (სსკ-ის 5.1 მუხ.). ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება სააგენტოს განმარტებებისა და შედგენილი დოკუმენტაციისათვის მაღალი მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შესახებ, წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, მტკიცებულებებს სასამართლოს მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.). მართალია მატერიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობები უმეტესწილად არათანაბარ საფეხურზე მდგომ სუბიექტებს შორის მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში სუბორდინაციულია, თუმცა ადმინისტრაციული საქმის სასამართლოში განხილვისას არათანაბარ საფეხურზე მდგომი სუბიექტები: ადმინისტრაციული ორგანო და კერძო პირი, თანასწორუფლებიანები არიან, საკუთარი ინტერესების დასაცავად მათ თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობები აქვთ მინიჭებული. განსახილველ შემთხვევაში კონკრეტული პერიოდიდან უძრავი ქონების დაუფლებისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ცხადია, არ ქმნის აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს არ წარმოუდგენია, ხოლო შპს „...“ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ფართის დაუფლებას ადასტურებს მხოლოდ 2018 წლის 01 ოქტომბრიდან, საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 01.10.2018წ. იჯარის ხელშეკრულება შპს „...სთვის“ 70 კვ.მ. საოფისე ფართის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. მართალია ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილ პირთან, თუმცა მას ახლავს მხარეთა ხელმოწერები და დამოწმებულია ბეჭდით, რაც შპს „...ს“ განმარტებას მეტ სარწმუნოობას სძენს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილზე დათვარიელების აქტი შედგენილია და ფოტოები გადაღებულია 24.10.2018წ., ამ პერიოდამდე შპს „...ს“ მიერ უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დამდგენი რაიმე მტკიცებულება სააგენტოს მიერ არ წარმოდგენილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია - შედავება (სკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, სააპელაციო პალატას კი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად აქვს მიჩნეული, რომ შპს „...“ ფლობს მხოლოდ 70 კვ.მ. ფართს 2018 წლის 01 ოქტომბრიდან.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ყუარდღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობის შესაბამის დასაბუთებას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი