ბს-774 (კ-20) 14 აპრილი, 2022 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ის“ ...მა 23.04.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, პაციენტ ს. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 11.07.2018წ. N04-11/151, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.03.2019წ. N04/14699 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის პაციენტ ს. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2019წ. განჩინებით სს „...ის“ ...ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.2019წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.03.2019წ. N04/14699 გადაწყვეტილება პაციენტ ს. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 11.07.2018წ. N04-11/151 გადაწყვეტილება პაციენტ ს. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პაციენტ ს. ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსაახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.07.2019წ. გადაწყვეტილება. პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი ს. ბ-ი შპს „...ის“ ...ში შეყვანილ იქნა 16.02.2018წ. 112-ის ბრიგადის მიერ, დიაგნოზით მარჯვენა ბარძაყის ძვლის ციბრუტშორისი მოტეხილობა ცდომით S72.1 და NFXX40. შესვლისას პაციენტი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა მენჯ-ბარძაყის არეში. პაციენტს შპს „...ის“ ...ში ჩაუტარდა ჩონჩხოვანი დაჭიმვა ბელერის შინაზე და სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა 20.02.2018წ.. პაციენტს კლინიკაში მოთავსებიდან გაწერამდე რეგულარულად უტარდებოდა ანტიბიოტიკო, ანტიკოაგულაციური ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, შეხვევები ჩხირების გატარების ადგილას და მუდმივი მონიტორინგი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მომსახურების მიზანშეწონილობისა და ხარისხის საკითხი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო თვლიდა, რომ პაციენტს მისი სასიცოცხლო პარამეტრებისა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ჩატარებოდა ქირურგიული მკურნალობა (ფიქსაცია), რომელიც გაცილებით სანდო და მისაღები მეთოდია და არა ინვაზიური პროცედურა ჩონჩხოვანი (გარეგანი) დაჭიმვის სახით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის უფლებამოსილება გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 28.12.2011წ. №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ”და ,,ჰ1 ქვეპუნქტები), აპელანტის მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება ხდება ,,პროგრამის” N1 დანართის მე-14 მუხლის ფარგლებში, რაც არ გულისხმობს პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს. სააპელაციო სასამართლომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დაუშვებელია საექიმო საქმიანობის სუბიექტის დავალდებულება გამოიყენოს კონკრეტული მკურნალობის მეთოდი და საშუალება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მკურნალობის ფორმად ჩონჩხოვანი(გარეგანი) დაჭიმვის არჩევა თავად პაციენტის სურვილითაც იყო განპირობებული, რასაც ადასტურებს სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ინვაზიური ჩონჩხოვანი (გარეგანი) დაჭიმვის პროცედურა ტრავმატოლოგიაში ერთ-ერთი გავრცელებულ სამკურნალო მეთოდს წარმოადგენს, რა დროსაც ძვლების ნატეხების რეგენერაციისთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში შეკავება უზრუნველყოფილია ძვალში გატარებული სპეციალური ლითონის ჩხირის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდის დადებით მხარეს წარმოადგენს პროცედურის სიმარტივე, ეფექტურობა და ოპერაციულ ჩარევასთან შედარებით მისი ეკონომიურობა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ჩონჩხოვანი დაჭიმვის პროცედურის წარმატებით ჩატარების ფაქტი დადასტურებულ იქნა უშუალოდ გაწერის წინ გადაღებული რენტგენის დასკვნით, რომლის თანახმად, მოტეხილი ფრაგმენტების დგომა იყო დამაკმაყოფილებელი და ქმნიდა ოპერაციის გარეშე სწორად შეხორცების საშუალებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. სადავო აქტში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო და რის საფუძველზე იქნა დადგენილად მიჩნეული, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების კომპონენტების პირობებს. გაურკვეველია კონკრეტულად რაში გამოიხატებდა საანგარიშო დოკუმენტაციის (სამედიცინო, ფინანსური) წარდგენილი მომსახურების მოცულობასთან შეუსაბამობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ პაციენტი ს. ბ-ი მკურნალობდა სს "...ის" ...ში. კლინიკის მიერ გაკეთებული შეტყობინება აღნიშნულ პაციენტთან მიმართებით არ შეესაბამება სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადმოცემულ ინფორმაციას. კასატორების მითითებით, ს. ბ-ის ფორმა №IV-100/ა-ში არ არის მითითებული ავადმყოფობის, დაავადების ტრამვის სიმძიმე, აგრეთვე არ არის მითითებული ის გარემოებები, რომლებმაც განაპირობა ორთოპედ-ტრავმატოლოგის და ანასთეზეოლოგის მიერ მკურნალობის აღნიშნული მეთოდის არჩევა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში დიაგნოზი ფორმულირებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად, სავალდებულოა არამხოლოდ პროცედურების (ჩარევების) კოდების მითითება, ასევე იმ ფაქტორების მითითება, რომლებსაც შეეძლო პაციენტის მდგომარეობის გამწვავება. კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის სახელზე შევსებულ ფორმა №IV-100/ა-ში არ არის აღწერილი არცერთი შესაძლო თუ არსებული გართულება. წარმოდგენილ ფორმა №IV-100/ა-ში პაციენტის მდგომარეობა აღწერილია როგორც სტაბილური მისი ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო სტაბილური. კასატორები აღნიშნავენ, რომ სტაციონალური სამედიცინო შემთხვევა ფინანსდება დაავადების დაწყებიდან მკურნალობის დასრულებამდე, კონკრეტულ შემთხვევაში, ავადმყოფი გაწერილია ბინაზე ჩონჩხოვანი დაჭიმვით, რაც შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მკურნალობა ვერ ჩაითვლებოდა დასრულებულად. კასატორები საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. N177 დადგენილების მე-2 მუხლის "ი" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული მკურნალობის გათვალისწინებით, არ იკვეთება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების პირობები. შესაბამისად, კასატორების მითითებით სადავო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით პაციენტი ს. ბ-ი შპს ,,...ე" ...ში მოთავსებულ იქნა 16.02.2018წ. დიაგნოზით: მარჯვენა ბარძაყის ძვლის ციბრუტთაშორისი მოტეხილობა ცდომით S72.1 NFXX40. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, მენჯ-ბარძაყის რენდგენოგრაფია, გულმკერდის და მუცლის ღრუს ექოსკოპია. პაციენტის ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების შესაბამისად გადაწყდა ს. ბ-ისათვის ჩონჩხოვანი დაჭიმვის ჩატარება ბელერის შინაზე. პაციენტი 20.02.2018წ. სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. გაწერის წინ პაციენტისათვის გადაღებული რენტგენის დასკვნის თანახმად, მოტეხილი ფრაგმენტების დგომა დამაკმაყოფილებელი იყო და იძლეოდა ოპერაციის გარეშე სწორად შეხორცების საშუალებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 11.07.2018წ. N04-11/151 გადაწყვეტილებით საანგარიშგებო დიკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტ ს. ბ-ის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას" საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების N1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად. სადავო გაადწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტს ჩაუტარდა ჩონჩხოვანი დაჭიმვა ბელერის შინაზე, სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. სადავო აქტების გამომცემი ადმინისტარციული ორგანოს მითითებით, პაციენტს, მისი სასიცოცხლო პარამეტრებისა და ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ჩატარებოდა ქირურგიული მკურნალობა და არა ინვაზიური პროცედურა ჩონჩხოვანი (გარეგანი) დაჭიმვის სახით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა და მიზანშეუწონლობის საბაბით უარი უთხრა მოსარჩელეს ხარჯების ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით უზრუნველყოფილია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული დამოუკიდებლობა. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტებში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოების მითითება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია შეუსაბამოა წარდგენილი მომსახურების მოცულობასთან, ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. სადავო აქტები არ არის დასაბუთებული, არ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ჩონჩხოვანი დაჭიმვის სახით ინვაზიური პროცედურის გამოყენების მიზანშეუწონლობის საკითხი. აღნიშნული გარემოების შესწავლა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ კლინიკის მიერ გაკეთებული შეტყობინება არ შეესაბამებოდა სამედიცინო შემთხვევათა რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში გადმოცემულ ინფორმაციას, მაშინ როდესაც აღნიშნული საფუძველი სადავო აქტებში მითითებული არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკის მიერ მოთხოვნილია სტაციონალური მომსახურების ანაზღაურება, ხოლო საკასაციო საჩივარში კასატორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების პირობები არ იკვეთებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რაც ქმნის დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2020წ. N03577 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი