საქმე #ბს-923(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 17 აგვისტოს ს. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების - ვ. გ-ის, ლ. გ-ის, მ. გ-ის, მა. გ-ისა და ნ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლამდე და მას შემდეგაც - 2011 წლამდე, ს. ა-ეის მამისა და მამკვიდრებლის - 2011 წლის 19 ივლისს გარდაცვლილი გ. ა-ეის საკუთრებასა და მფლობელობაში იყო, თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - მასზე არსებული ავტოტექმომსახურეობის ობიექტებით, რომელიც იჯარით აქვთ აღებული სხვადასხვა პირებს. მითითებულ უძრავ ქონებას დღემდე ფლობს მოსარჩელე. 2018 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელემ #... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 აგვისტოს #... გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. გადაწყვეტილებაში მიეთითა: „სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი თანხმობით სარეგისტრაციო წარმოებაში ჩართვის შესახებ ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (მინდობილობა). იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე გარდაცვლილია, წარმოსადგენი იქნება უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა). აქვე გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ზედდებაშია წარმოებაში მყოფ მონაცემებთან განაცხადის რეგისტრაციის #..., დაინტერესებული პირი - ვ. გ-ი“.
მოსარჩელის მითითებით, მან საჯარო რეესტრს წარუდგინა მოთხოვნილი სამკვიდრო მოწმობა, ხოლო ზედდებაში მყოფი მონაცემების გაუქმების მოთხოვნით, სარჩელით მომართა სასამართლოს. მარეგისტრირებელ ორგანოში მოსარჩელის მიერ, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილ იქნა #... საკადასტრო კოდზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტები არ ჩათვალა რეგისტრაციისათვის საკმარის დოკუმენტებად და მიუთითა, რომ საარქივო მასალებში არ იძებნება მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც განხორციელდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია თერჯოლის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავის გადაწყვეტილებაში უკანონოდ მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ #... საკადასტრო კოდზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე და საკადასტრო რუკაზე რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი არ ფიქსირდებოდა, რაც, მისი შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებული #..., #... და #... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების საერთო ფართი, გარდა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა, შეადგენს 8513 კვ.მ-ს (2817+1678+4018=8513), რაც ნიშნავს, რომ #... საარქივო ცნობით გათვალისწინებული 8500 კვ.მ ფართი უკვე ამოწურული იყო #... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაციის მომენტისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ. მოსარჩელის შეფასებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმისა და ასევე მესამე პირების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არის უკანონო, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ვ., ნ., მ., ლ. და მა. გ-ებმა სადავო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს არა მათი ოჯახის წევრის - მ. ე.-ს ასული გ-ის მიღება-ჩაბარების აქტით, არამედ მათი მეზობლის - მ. ერ.-ს ასული გ-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, ანუ შეცდომაში შეიყვანეს მარეგისტრირებელი ორგანო.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილებისა და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე მესამე პირების - ვ., ლ., მ., ნ. და მა. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის 300 კვ.მ ფართობის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საჯარო რეესტრისადმი 2018 წლის 6 აგვისტოს #... მიმართვის გაუქმება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის #45 1826 ბრძანების ნაწილობრივ (1. პირველი მუხლის იმ ნაწილში, რომლითაც ვ. გ-ს, არსებული დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დაევალა კანონმდებლობის დარღვევით წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფა; 2. მე-3 მუხლის იმ ნაწილში, რომლითაც ვ. გ-ს, არსებული დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დაევალა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. #... მშენებლობის ნებართვის გარეშე ნაშენები შენობის სრული დემონტაჟის განხორციელება 30 კალენდარული დღის ვადაში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის #45 1826 ბრძანების გასაჩივრებულ ნაწილში (ბრძანების პირველი და მე-3 მუხლის ნაწილში) მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ს. ა-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის #45 1826 ბრძანების მოქმედება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, ბრძანების პირველი და მე-3 მუხლის ნაწილში.
2019 წლის 18 იანვარს მოსარჩელე ს. ა-ემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განხორციელების, მისი გასხვისების რეგისტრაციის აკრძალვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით ს. ა-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განხორციელება, უძრავი ქონების გასხვისების რეგისტრაცია.
2018 წლის 5 ოქტომბერს ვ. გ-მა, ლ. გ-მა, მა. გ-მა, მ. გ-მა და ნ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის - ს. ა-ეის მიმართ.
მოსარჩელეებმა ს. ა-ეის მიერ 2018 წლის 21 აგვისტოს შეტანილი #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 სექტემბრის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამავე სარჩელით მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვა მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების მიერ, რომლებმაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 6 ნოემბრის განჩინებით ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე - როგორც უსაფუძვლო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. საქმე სასამართლოში დაბრუნდა 2019 წლის 14 იანვარს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის #... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), 2018 წლის 21 სექტემბრის #... და 2018 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილებების მოქმედება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების ადმინისტრაციულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგნ.დ: „1. ვ., ლ., მა., მ. და ნ. გ-ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს: - შეჩერდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის #... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში), 2018 წლის 21 სექტემბრის #... და 2018 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილებების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ს. ა-ეისა და ვ., ლ., ნ., მ., მა. გ-ების ადმინისტრაციული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ვ., ნ., მ., მა. და ლ. გ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებული აქტის ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ (საქმე #3/101-18), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ (საქმე #3/115-2018) და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #3/101-2018).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა ვ., ნ., მ., მა. და ლ. გ-ების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ა-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა ს. ა-ეის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილება #... საკადასტრო კოდზე მესამე პირების - ვ., ლ., მ., ნ. და მა. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 300 კვ.მ ფართობის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილება; გაუქმდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 6 აგვისტოს #... მიმართვა საჯარო რეესტრისადმი; ბათილად იქნა ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის #45 1826 ბრძანება #... საკადასტრო კოდის მქონე მიწაზე აღმართული შენობის დემონტაჟის განხორციელების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ს. ა-ეის მიერ 2018 წლის 3 აგვისტოს #... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში ს. ა-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სახელდობრ, მართალია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის უფროსისადმი 2018 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული #651360/17 სამსახურებრივი ბარათით დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 20 ნოემბრის #627331/17 მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 4 დეკემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ...აში მდებარე #... საკადასტრო კოდით და #... სარეგისტრაციო განაცხადით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების მიზნით გაგზავნილ იქნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები - თ. ზ-ე და გ. ტ-ი, თუმცა დადგენილი იყო ისიც, რომ მესაკუთრე ვ. გ-ის წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე დათვალიერება. მესამე პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონია მცდელობა იმისა, რომ განმეორებით მოეხდინა განსახილველი საკითხის სრულყოფილი შესწავლა. გარდა აღნიშნულისა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მას შეეძლო განახორციელებინა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და მოეპოვებინა ექსპერტის კვალიფიციური დასკვნა, რადგან მოცემული საკითხი აუცილებლად საჭიროებდა დამატებით კვალიფიციურ კვლევას.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად გარკვეული სახის მცდელობისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე მიიღო 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილება #... საკადასტრო კოდზე მესამე პირების - ვ., ლ., მ., ნ. და მა. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 300 კვ.მ ფართობის ნაწილში, რასაც ნათლად ადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ის, რომ მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განხილვის ეტაპზე ს. ა-ეის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის პასუხად მარეგიტრირებელი ორგანოს მიერ მომზადდა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს ...ის სექტორის სარეგისტრაციო საზღვარში და, შესაბამისად, იგი არ მდებარეობს ...ის სექტორის სარეგისტრაციო საზღვრებში, რაც დადასტურებულ იქნა ასევე აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის დასადასტურებლად ადრესატზე ამავე წერილთან ერთად დანართის სახით მიწოდებული შესაბამისი სიტუაციური ნახაზით, რომლითაც თვალსაჩინოდ და ნათლად დგინდებოდა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოება.
ზემოხსენებულთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ აპელანტზე მიწოდებულ მტკიცებულებაზე უძრავი ნივთების სისტემური აღწერის ამსახველი სიტუაციური ნახაზების სახით, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ #... (გ-ების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მითითებული ნაკვეთის წინა ნომრებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. #... და ს.კ. #...) აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს არც ტერიტორიული მდებარეობით და არც კონფიგურაციით. სახელდობრ, აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ მდებარეობდა ერთმანეთის მომიჯნავედ. სიტუაციური ნახაზის თანახმად, ამ კოდებზე ფიქსირებული უძრავი ნივთები სულ სხვადასხვა ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ამასთან, მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ცხადჰყოფდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილების მიღება #... საკადასტრო კოდით უფლების რეგისტრაციის შესახებ სულ მცირე სადავო ფართის - 300 კვ.მ ნაწილში, განხორციელებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ რამდენადაც ვ. გ-მა შენობა-ნაგებობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მარეგისტრირებელ ორგანოს დაედგინა, რა უფლება გააჩნდა ამ უკანასკნელს შენობა-ნაგებობებზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი შეეხებოდა არა არაფუნქციონირებად, არამედ ისეთ შენობა-ნაგებობებს, სადაც ფუნქციონირებდა ავტოსახელოსნო. ამდენად, უნდა გარკვეულიყო, ხომ არ გააჩნდა რაიმე უფლება აღნიშნულ ნაგებობებზე სხვა პირს და რეგისტრაციის შედეგად ხომ არ შეილახებოდა ამ უკანასკნელის კანონით დაცული უფლება და ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ მითითებული საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევა და შეფასება უნდა მოახდინოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, კერძოდ, უნდა შეამოწმოს, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ატით რამდენად კანონიერად განხორციელდა მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, სათანადოდ შეაფასოს ს. ა-ეის უფლებადამდგენი დოკუმენტები, განსაზღვროს რა ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთებზე გააჩნია მას კანონიერი უფლება. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ამ მხრივ გამოკვლეული უნდა იქნეს როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ასევე განსახილველ საქმეში დაცული აქტები და ცნობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო საჯარო რეესტრს ავალებს ყოველი რეგისტრაციის განხორციელებისას, მაშინ, როდესაც აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილია შენობა-ნაგებობა, გამოიკვლიოს რა ფუნქციური დატვირთვა გააჩნია ამ შენობას და გააჩნია თუ არა ვინმეს მასზე პრეტენზია. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს.
კასატორი მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ორჯერ ჩანიშნა ადგილზე დათვალიერება, თუმცა იგი ვერ განხორციელდა მხარეთა წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია, კიდევ რა მექანიზმებით უნდა განახორციელოს საჯარო რეესტრმა სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამოკვლევა, მაშინ, როდესაც სასამართლომაც ვერ უზრუნველყო განჩინებით ჩანიშნულ ექსპერტიზაზე პასუხის მიღება.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო საკითხს მიუდგა ფორმალურად, კერძოდ, საჯარო რეესტრს მიუთითა კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ პირობებში, როდესაც სასამართლომაც ვერ უზრუნველყო განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის შედეგის მიღება. კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, თავადაც შეეძლო ჩაეტარებინა ადგილზე დათვალიერება, თუმცა მას აღნიშნული არ განუხორციელებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ს. ა-ეის მიერ წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილებისა და #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე მესამე პირების - ვ., ლ., მ., ნ. და მა. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის 300 კვ.მ ფართობის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საჯარო რეესტრისადმი 2018 წლის 6 აგვისტოს #... მიმართვის გაუქმება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის #45 1826 ბრძანების ნაწილობრივ (1. პირველი მუხლის იმ ნაწილში, რომლითაც ვ. გ-ს, არსებული დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დაევალა კანონმდებლობის დარღვევით წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟის საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფა; 2. მე-3 მუხლის იმ ნაწილში, რომლითაც ვ. გ-ს, არსებული დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დაევალა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. #... მშენებლობის ნებართვის გარეშე ნაშენები შენობის სრული დემონტაჟის განხორციელება 30 კალენდარული დღის ვადაში) ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის - ს. ა-ეის მითითებაზე, კერძოდ, მის მამკვიდრებელს - გ. ა-ეეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თერჯოლის რაიონის რეგისტრატურაში აქვს სადავო მიწაზე - (300 კვ.მ) განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული, რასაც მისი პოზიციით მოწმობს ის, რომ მას ხელთ უპყრია მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა (განაცხადის რეგისტრაციის #..., თარიღი - 22.05.2002წ., სარეგისტრაციო ზონა - თერჯოლის რაიონი, კოდი - ..., სექტორი - სოფ. ...ი, კოდი - ...; კვარტლის # - ...; ნაკვეთის # - 10; ფართობი - 300 კვ.მ; ადგილმდებარეობა, მისამართი - თერჯოლის რაიონი, სოფელი ...ი; საკუთრების ფორმა - საკუთარი; ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე - გ. ა-ეე, გაცემის თარიღი - 22.05.2002წ.), რომელზეც დატანილია ზონის რეგისტრატორის - გ. ფორჩხიძის ხელმოწერა და დაფიქსირებულია საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თერჯოლის რაიონის რეგისტრატურის ბეჭედი #33. ამასთან, ამავე სარეგისტრაციო მოწმობის უკანა გვერდზე დატანილია საკადასტრო რუკა, რომელიც ნათლად ასახავს მოცემულ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობას და თვით ამ ნაკვეთის ადგილმდებარეობას.
საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი შეიცავს ზემოხსენებულის იდენტურ მონაცემებს, გარდა სააღრიცხვო ბარათში რეგისტრატორის მიერ გაკეთებული ჩანაწერისა, სადაც მითითებული იყო „მიწა სარგებლობის უფლებით“. ასევე, მნიშვნელოვანია საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გ. ა-ეის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საკადასტრო რუკა თანხვედრაშია საჯარო რეესტრში დაცულ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათზე დართულ საკადასტრო რუკასთან.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელმაც არ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს ს. ა-ეის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ვარგის დოკუმენტს იმაზე მითითებით, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული სადავო მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათზე არ იყო დატანილი რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ასეთზე პასუხისმგებელობის ტვირთი უნდა დაეკისროს არა ფიზიკურ პირს, რომელსაც ხელთ უპყრია აბსოლუტურად კანონშესაბამისად შევსებული და გაცემული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, არამედ თავად ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც ხსენებული ხარვეზი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, უფლებამოსილი პირის დაუდევარი ქმედებით. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტის შევსებისას დაშვებულმა ხარვეზმა უარყოფითი შედეგობრივი ასახვა არ უნდა ჰპოვოს პირის კანონით დაცულ უფლებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სახელდობრ, მართალია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის უფროსისადმი 2018 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული #651360/17 სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ნოემბრის #627331/17 მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 4 დეკემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ...აში მდებარე #... საკადასტრო კოდით და #... სარეგისტრაციო განაცხადით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერების მიზნით გაგზავნილ იქნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის თანამშრომლები - თ. ზ-ე და გ. ტ-ი, თუმცა დადგენილია ისიც, რომ მესაკუთრე ვ. გ-ის წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე დათვალიერება. მესამე პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონია მცდელობა იმისა, რომ განმეორებით მოეხდინა განსახილველი საკითხის სრულყოფილი შესწავლა. გარდა აღნიშნულისა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, მას შეეძლო განახორციელებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია და მოეპოვებინა ექსპერტის კვალიფიციური დასკვნა, რადგან მოცემული საკითხი, აუცილებლად საჭიროებდა დამატებით კვალიფიციურ კვლევას.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად გარკვეული სახის მცდელობისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე მიიღო 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილება #... საკადასტრო კოდზე მესამე პირების - ვ., ლ., მ., ნ. და მა. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 300 კვ.მ ფართობის ნაწილში, რასაც ნათლად ადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ის ფაქტი, რომ მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განხილვის ეტაპზე ს. ა-ეის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის პასუხად მარეგიტრირებელი ორგანოს მიერ მომზადდა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია, რომ #.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი მდებარეობს ...ის სექტორის სარეგისტრაციო საზღვარში და, შესაბამისად, იგი არ მდებარეობს ...ის სექტორის სარეგისტრაციო საზღვრებში, რაც დადასტურებულ იქნა ასევე აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობის დასადასტურებლად ადრესატზე ამავე წერილთან ერთად დანართის სახით მიწოდებული შესაბამისი სიტუაციური ნახაზით, რომლითაც თვალსაჩინოდ და ნათლად დგინდება ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოება.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელე ს. ა-ეისათვის მიწოდებულ მტკიცებულებაზე უძრავი ნივთების სისტემური აღწერის ამსახველი სიტუაციური ნახაზების სახით, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უტყუარად დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ #... (გ-ების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მითითებული ნაკვეთის წინა ნომრებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (ს.კ. #... და ს.კ. #...) აბსოლუტურად არ შეესაბამება ერთმანეთს არც ტერიტორიული მდებარეობით და არც კონფიგურაციით. კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ. სიტუაციური ნახაზის თანახმად, ამ კოდებზე ფიქსირებული უძრავი ნივთები სულ სხვადასხვა ტერიტორიაზეა განთავსებული, ამასთან, მათ არანაირი შემხებლობა არ აქვთ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, რაც ცხადჰყოფს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს #... გადაწყვეტილების მიღება #... საკადასტრო კოდით უფლების რეგისტრაციის შესახებ სულ მცირე სადავო ფართის - 300 კვ.მ ნაწილში, განხორციელდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რამდენადაც ვ. გ-მა შენობა-ნაგებობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მარეგისტრირებელ ორგანოს დაედგინა, რა უფლება გააჩნდა ამ უკანასკნელს შენობა-ნაგებობებზე (სადაც ფუნქციონირებდა ავტოსახელოსნო). შესაბამისად, უნდა გარკვეულიყო, ხომ არ გააჩნდა რაიმე უფლება აღნიშნულ ნაგებობებზე სხვა პირს და რეგისტრაციის შედეგად ხომ არ შეილახებოდა მესამე პირის კანონით დაცული უფლება და ინტერესი. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სწორედ მითითებული საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევა და შეფასება უნდა მოახდინოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, კერძოდ, უნდა შეამოწმოს, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ატით რამდენად კანონიერად განხორციელდა მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, ამასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ სათანადოდ უნდა შეაფასოს ს. ა-ეის უფლებადამდგენი დოკუმენტები, განსაზღვროს რა ფართობის მქონე შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთებზე გააჩნია მას კანონიერი უფლება. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ამ მხრივ გამოკვლეული უნდა იქნეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მოცემულ საქმეში დაცული აქტები და ცნობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 11.11.2021წ. #26114 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2021წ. #26114 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა