Facebook Twitter

საქმე #ბს-1015(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 13 სექტემბერს ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი დედა - ქ. კ-ა არის აფხაზეთიდან, კერძოდ, ქ. გაგრიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მოსარჩელემ, როგორც დევნილი პირის შვილმა, მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, თუმცა სააგენტომ 2019 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებიტ გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მართალია, იგი აფხაზეთში არ დაბადებულა, თუმცა მას როგორც დევნილი პირის შვილს, კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მინიჭებოდა დევნილის სტატუსი.

ამდენად, მოსარჩელემ „ი. გ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 ივნისის #04-1251/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი. გ-ეის მიმართ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ი. გ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 ივნისის #04-1251/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ი. გ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ემ 2019 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ქ. გაგრაში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ბინა იძულებით გადაადგილებამდე იყო მისი დედის მშობლების საკუთრება. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დეპარტამენტმა მოსარჩელე ი. გ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიიჩნია, ვინაიდან იგი დაბადებული იყო აფხაზეთის ომის შემდეგ და მას აფხაზეთში არ უცხოვრია. ამასთან, მის მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა 2018 წელს, როდესაც იგი უკვე სრულწლოვანი იყო. ამდენად, მასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ კანონმდებლობა იძულებით გადაადგილებული პირის შვილისთვის დევნილის სტატუსის (წარმოებული სტატუსი) მინიჭების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მშობელს (ან ორივე მშობელს) დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში მიენიჭება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილისათვის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ი. გ-ე დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და მას არასდროს უცხოვრია აფხაზეთში. მის მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა 2018 წელს. ამ პერიოდში მოსარჩელე უკვე სრულწლოვან პირს წარმოადგენდა, მის მშობლებს კი ი. გ-ეის არასრულწლოვანების პერიოდში დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება არ არის მიზანშეწონილი.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სრულწლოვან პირს დევნილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, როდესაც მის რომელიმე მშობელს დევნილის სტატუსი მისი არასრულწლოვანების პერიოდში აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის დედას სტატუსი 2018 წელს მიენიჭა, როდესაც მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, ზემოთ ხსენებული ნორმის მოქმედება მასზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან ნორმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას სრულწლოვანებას მიღწეული პირის მშობლისთვის სტატუსის მინიჭება დაედოს საფუძვლად მისთვის სტატუსის მინიჭებას.

კასატორის მითითებით, პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისთვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, სახეზე იქნება გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ ითვალისწინებს კანონის მიზნებს და არასწორად იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „ი. გ-ეისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 ივნისის #04-1251/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ი. გ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი. გ-ემ 2019 წლის 19 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ მოსარჩელე დაიბადა 1998 წლის 17 აპრილს რუსეთში, სკოლაში სწავლა დაიწყო 2008 წელს და ისწავლა 2016 წლამდე. სკოლაში სწავლობდა ქ. თბილისში და იგი არის საქართველოს მოქალაქე. ქ. გაგრაში, ...ის ქ. #...-ში მდებარე ბინა იძულებით გადაადგილებამდე იყო მისი დედის მშობლების საკუთრება. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. გ-ეის დედას - ქ. კ-ას 2018 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და წარუდგინა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ი. გ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე, რაც დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ი. გ-ე დაბადებული იყო აფხაზეთის ომის შემდეგ და მას აფხაზეთში არ უცხოვრია. ამასთან, მის მშობელს დევნილის სტატუსი მიენიჭა 2018 წელს, როდესაც იგი უკვე სრულწლოვანი იყო. ამდენად, მასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოება. მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, 2019 წლის 25 ივნისს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ი. გ-ეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილისათვის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა რომ მოსარჩელე ი. გ-ეის დედას - ქ. კ-ას 2018 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ი. გ-ე აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიმართ უნდა გამოცემულიყო დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა