საქმე №ბს-1211 (კ-21) 16 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 30 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონალური ოფისის, ნ. ვ-ასა და გ. ხ-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა - ა) შპს „...ს“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც 31.12.1998 წლის №... განაცხადის საფუძველზე, შპს „...ს“ სახელზე დარეგისტრირდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე ბათილად იქნეს ცნობილი, როგორც თანმდევი შედეგი 12.07.2006 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 1750.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი - ...)); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...ს“ დამფუძნებელ ნ. ვ-ასა და ფ/პ გ. ხ-ას შორის 31.12.1998 წელს დადებული №2/866 ხელშეკრულება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 11.07.2006 წ. გ. ხ-ას №... განცხადების საფუძველზე, განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც, გ. ხ-ას საკუთრებაში აღირიცხა ქ. ფოთში, ...ის (...ს ქ.) ქუჩაზე მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; დ) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...სა“ (წარმოდგენელი დირექტორის გ. ხ-ას სახით) და ფ/პ ნ. ვ-ას შორის 21.08.2009 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ. ვ-ამ საკუთრების უფლებით მიიღო ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; ე) ბათილად იქნეს ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.2009 წლის №... გადაწყვეტილება ნ. ვ-ას სახელზე 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი მის შემდეგ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია, კერძოდ: 1. 09.10.2009 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ნ. ვ-ას განცხადების საფუძველზე მის სახელზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობები; 2. 09.10.2009 წლის №... და 19.10.2009 წლის №... გადაწყვეტილებები დაყოფის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ნ. ვ-ას საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ ...) დაიყო ორ ნაკვეთად, კერძოდ, ... და ... საკადასტრო კოდებად; 3. ბათილად იქნეს ცნობილი №... საკადასტრო კოდის დაყოფის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.09.2011 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც №... საკადასტრო კოდი დაიყო ... (891 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა განაშენიანების ფართით 471 კვ.მ) და ... (755 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა განაშენიანების ფართით 280 კვ.მ) საკადასტრო კოდებად; ვ) მოპასუხე ნ. ვ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 21 520 ლარის და 47 400 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. ჩ-ა.
3. 2017 წლის 22 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონალური ოფისის, ნ. ვ-ასა და გ. ხ-ას მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: 1) შპს „...ს“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც 31.12.1998 წლის №... განაცხადის საფუძველზე, შპს „...ს“ სახელზე დარეგისტრირდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0.35 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე, როგორც თანმდევი შედეგი 12.07.2006 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „...ს“ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 1750.00 მიწის ნაკვეთი (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი - ...); 2) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...ს“ დამფუძნებელ ნ. ვ-ასა და ფ/პ გ. ხ-ას შორის 31.12.1998 წელს დადებული №2/866 ხელშეკრულება; 3) ბათილად იქნეს ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 11.07.2006 წ. გ. ხ-ას №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის საფუძველზე გ. ხ-ას საკუთრებაში აღირიცხა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე (...ს ქ.) მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; 4) დაეკისროს გ. ხ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 46 186 ლარის გადახდა; 5) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...სა“ (წარმოდგენელი დირექტორის გ. ხ-ას სახით) და ფ/პ ნ. ვ-ას შორის 21.08.2009 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ. ვ-ამ საკუთრების უფლებით მიიღო ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; 6) ბათილად იქნეს ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.2009 წლის №... გადაწყვეტილება ნ. ვ-ას სახელზე 1750 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; 7) ბათილად იქნეს ცნობილი 09.10.2009 წლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, ნ. ვ-ას განცხადების საფუძველზე, მის სახელზე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები; 8) ბათილად იქნეს ცნობილი 09.10.2009 წლის №... და 19.10.2009 წლის №... გადაწყვეტილებები დაყოფის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ნ. ვ-ას საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ ...) დაიყო ორ ნაკვეთად, კერძოდ: №... და №... საკადასტრო კოდებად; 9) ბათილად იქნეს ცნობილი №... საკადასტრო კოდის დაყოფის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.09.2011 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც №... საკადასტრო კოდი დაიყო №... (891 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 471მ2) და №... (755 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 280 მ2) საკადასტრო კოდებად; 10) ნ. ვ-ას დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 16 220 ლარის და 52 700 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელში აღნიშულია, რომ ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილებით, ქ. ფოთში, ...ის ქ. №... და №4-ში მდებარე სამხედრო უწყების საცხოვრებელი სახლები გადაეცა შპს „...ს“, რომლის დამფუძნებელიც იყო ფოთის პრეფექტურის ეკონომიკური განყოფილების გამგე ნ. ვ-ა. ეს უკანასკნელი აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 1991 წლის 10 ივლისიდან. №0009596456 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 17.05.2017 წლის დადგენილებით, დადგენილია 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილების სიყალბე. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ქ. ფოთში ...ის ქ. №... და №4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები 1993 წლის 17 მარტს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა შპს „...ს“ სახელზე, ასევე საზოგადოების სახელზე, როგორც მოსარგებლეზე აღირიცხა 3516 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნ. ვ-ამ, როგორც შპს „...ის“ დამფუძნებელმა 31.12.1998 წელს განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მთავარ რეგისტრატორს და მოითხოვა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა: 1. ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გაყალბებული გადაწყვეტილება, სქემატური ნახაზი, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 23 ოქტომბრის №472 განკარგულება. 1998 წლის 31 დეკემბერს 0.35 ჰა მიწის ფართობი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „...ს“ საკუთრებაში, საცხოვრებელი სახლების აღნიშვნის გარეშე. ამავე დღეს ნ. ვ-ამ (როგორც შპს-ს დამფუძნებელმა) ფ/პ გ. ხ-ას მიჰყიდა შპს „...ს“ სახელზე დარეგისტრირებული 0.35 ჰა მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი.
გ. ხ-ამ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 12.07.2006 წელს (განაცხადის №...) საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მოპასუხემ 24.07.2006 წელს მიმართა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მის სახელზე უკანონოდ დარეგისტრირებული 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთის ორ ნაკვეთად გამიჯვნა მოითხოვა მის მიერ წარდგენილი ნახაზის შესაბამისად (უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ...), კერძოდ, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა №... საკადასტრო კოდით, ხოლო 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი - №... საკადასტრო კოდით. გ. ხ-ამ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 26.07.2006 წელს დადებული №1-5693 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა შპს „უ...ის“ სახელზე და სანაცვლოდ მიიღო თანხა 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს A10045251-014/003 განკარგულების საფუძველზე, იძულებითი აუქციონის შედეგად, ქონება შეიძინა შპს „პ...მ“ 26186 ლარად, იძულებითი საჯარო აუქციონი გაიმართა სს „პრ...ის“ სასარგებლოდ. შესაბამისად, ცალსახად დადგენილია, რომ შპს „...ს“ სახელზე გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე, დარეგისტრირებული ქონების ½ ნაწილი ასევე ბათილი გარიგების საფუძველზე, შეიძინა გ. ხ-ამ, რომლის დაყოფის შემდეგაც მან 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაყიდა და მიიღო თანხა 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო სს „პრ...ის“ მიმართ გ. ხ-ას დავალიანების დასაფარად ამოღებული თანხა შეადგენს 26 186 ლარს. ამდენად, ცალსახად დასტურდება, რომ გ. ხ-ამ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყენებით მიიღო ფულადი სარგებელი 46 186 ლარის ოდენობით, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
რაც შეეხება შპს „...ს“ სახელზე დარეგისტრირებული ქონების ½ ნაწილს, მისი მესაკუთრე გახდა ნ. ვ-ა, კერძოდ, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 17.05.2017 წლის დადგენილებით ირკვევა 2006 წლის 18 ივლისის ფოთის საგადასახადო ინსპექციის №3 ბრძანებით შპს „...ს“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში შევიდა ცვლილება და საზოგადოების დამფუძნებლის - ნ. ვ-ას 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორად დაინიშნა გ. ხ-ა, რომელმაც 2009 წლის 21 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ვ-ას საკუთრებაში გადასცა ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1750 კვ.მ ოდენობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნ. ვ-ას სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, 07.10.2009 წლის განცხადების საფუძველზე, 09.10.2009 წელს ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში და ამავე მიწაზე აისახა უკვე არსებული შენობა-ნაგებობები, კერძოდ №2 და №4 საცხოვრებელი სახლები, რის შემდეგაც ნ. ვ-ამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული ბინები ნაწილი ჩუქებისა და ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, თუმცა ქონების ნაწილი, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 775 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი 280 კვ.მ) დღეის მდგომარეობითაც ირიცხება ნ. ვ-ას საკუთრებაში, 21.08.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ნ. ვ-ას მიერ სხვადასხვა პერიოდში მესამე პირების სასარგებლოდ განიკარგა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით - 891 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, კერძოდ, დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელ ორგანოში მესაკუთრეებად ფიქსირდებიან სხვადასხვა პირები. ნ. ვ-ა უკანონო რეგისტრაციის შედეგად მიღებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გასხვისებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა და ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 16 220 ლარი და 52 700 დოლარი.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეზე №3/79-2017 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოიყო შემდეგი მოთხოვნები: მე-2 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...ს“ დამფუძნებელ ნ. ვ-ასა და ფ/პ გ. ხ-ას შორის 31.12.1998 წელს დადებული №2/866 ხელშეკრულება; მე-3 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი გ. ხ-ას სახელზე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 11.07.2006 წ. გ. ხ-ას №... განცხადების საფუძველზე, განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის საფუძველზე, მის საკუთრებაში აღირიცხა ქ. ფოთში, ...ის (...ს ქ.) ქუჩაზე მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; მე-4 სასარჩელო მოთხოვნა - დაეკისროს გ. ხ-ას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 46 186 ლარის გადახდა; მე-5 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...სა“ (წარმოდგენელი დირექტორის გ. ხ-ას სახით) და ფ/პ ნ. ვ-ას შორის 21.08.2009 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ. ვ-ამ საკუთრების უფლებით მიიღო ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 1750 მ2 მიწის ნაკვეთი; მე-6 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 25.08.2009 წლის №... გადაწყვეტილება ნ. ვ-ას სახელზე 1750 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ; მე-7 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი 09.10.2009 წლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ, ნ. ვ-ას განცხადების საფუძველზე, მის სახელზე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები; მე-8 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი 09.10.2009 წლის №... და 19.10.2009 წლის №... გადაწყვეტილებები დაყოფის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ნ. ვ-ას საკუთრებაში არსებული ქონება (ს/კ ...) დაიყო ორ ნაკვეთად, კერძოდ, №... და №... საკადასტრო კოდებად; მე-9 სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაყოფის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.09.2011 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი დაიყო №... (891 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 471მ2) და №... (755 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 280 მ2) საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებად; მე-10 სასარჩელო მოთხოვნა - ნ. ვ-ას დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 16 220 ლარის და 52 700 აშშ დოლარის გადახდა.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმული იქნა ნ. ვ-ა.
6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა - ა) ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ს“ სახელზე განხორციელებული ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომელიც სარეგისტრაციო მასალებისა და გადაწყვეტილების სახით მოიცავს: 1998 წლის 31 დეკემბრის №... განაცხადს, ქ. ფოთის მთავარი რეგისტრატორის გ. წ-ას სახელზე და საკადასტრო რუკას, სარეგისტრაციო ნომრით ..., დამოწმებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ, საკადასტრო № ზონა - 1, სექტორი - 5, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 0.35 ჰა; ბ) ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ს“ სახელზე 1750.00 მ2 მიწის ნაკვეთის ს/კ №..., (ნაკვეთის წინა ს/კ №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც სარეგისტრაციო მასალებისა და გადაწყვეტილების სახით მოიცავს: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათს, თარიღი: 12.07.06 წ., განაცხადის რეგისტრაციის №..., სექტორი - 1, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 1750 მ2, ამონაწერს საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, განაცხადის რეგისტრაციის №..., სექტორი - 1, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 1750 მ2; გ) აღნიშნული, ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მოქმედება შეწყდა მისი ძალაში შესვლის დღიდან.
7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...“.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელით სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია 1998 წლის 31 დეკემბერს. ამ დროისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრებოდა 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონით „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”, რომლის 3.1. მუხლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს სადავო რეგისტრაციის შესაბამისობა რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან. ამ მიზნით უნდა დადგინდეს, რამდენად გააჩნდა შპს „...ს“ მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, რომლითაც კომპანიას მიწა დადგენილი წესით გამოეყო. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის მიხედვით, კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2.2 მუხლით, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე: ა) პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; ბ) ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; გ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სახელმწიფომ დააფუძნა, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე, ისე მისი ამოქმედების შემდეგ. კანონის 2.3 მუხლი ადგენდა საგამონაკლისო შემთხვევებს, რომლებზედაც არ ვრცელდებოდა მითითებული კანონის მოქმედება (2.3 მუხლის „ა“- „ე“ ქვეპუნქტები) ამ პუნქტებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთთან მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს, თუმცა კანონის 2.3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცავდა მითითებას, რომ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა ასევე ყველა სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით არ იყო გათვალისწინებული. ანუ მიუხედავად იმისა, სახეზე იყო თუ არა 2.3 მუხლის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანონით პირდაპირ აკრძალული შემთხვევა, თუ სახეზე არ იყო 2.2 მუხლით განსაზღვრული გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში შპს „...“ არ წარმოადგენდა 2.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს. ის არ ყოფილა ასევე პრივატიზებული საწარმო და ამ წესით არ ჰქონია მიწა სარგებლობაში გადაცემული, შესაბამისად, მასზე ვერც 2.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდებოდა. ამდენად, შპს „...ს“ მიწაზე საკუთრების უფლება შეიძლებოდა წარმოშობოდა მხოლოდ ზემოთ ხსენებული კანონის 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც კომპანიის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა კანონის პირველი მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტებზე, რომელთა თანახმად, „მიწის გამოყოფის დადგენილი წესი“ გულისხმობდა მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესს {„დ“ ქ.პ), ხოლო „გამოყოფილი მიწა“ ნიშნავდა კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემულ მიწას („ე“ ქ/პ). ამავე კანონზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ „მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი“ არის ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი („ვ“ ქ/პ), ხოლო „შესაბამისი სამსახურს“ წარმოადგენდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები („ზ“ ქ/პ).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 1991 წლის 3 დეკემბერს ნ. ვ-ას მიერ დაფუძნდა შპს „...“, რომლის სახელზე, 1998 წლის 31 დეკემბრის №... განაცხადით, განხორციელებულია ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (საკადასტრო რუკას, სარეგისტრაციო ნომრით ..., დამოწმებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ, საკადასტრო № ზონა - 1, სექტორი - 5, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 0.35 ჰა (ტ. 1; ს.ფ. 41). აღნიშნული უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა: ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, სქემატური ნახაზი, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება. 0.35 ჰა მიწის ფართობი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა საცხოვრებელი სახლების აღნიშვნის გარეშე (განაცხადის №..., თარიღი - 31.12.98წ.) (ს.ფ. 78; ტ. 6). ამავე დღეს, ნ. ვ-ამ, როგორც შპს „...ს“ დამფუძნებელმა, გ. ხ-ას მიჰყიდა შპს-ს სახელზე დარეგისტრირებული 0.35 ჰა მიწის ნაკვეთიდან ½ ნაწილი. გ. ხ-ამ 12.07.2006 წელს (განაცხადის №...) საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ №..., რის შემდეგაც შპს „...ს“ საკუთრებაში დარჩა ფართობი 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი სააღრიცხვო ბარათის შემდეგი მონაცემებით: 12.07.06 წ., განაცხადის რეგისტრაციის №..., სარეგისტრაციო ზონა (კოდი) - 4, სექტორი - 1, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 1750 კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, მისამართი - ...ის ქუჩა. 2006 წლიდან შპს „...ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 1750.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ №... (ნაკვეთის წინა ს/კ - ....), რომელიც სარეგისტრაციო მასალებისა და გადაწყვეტილების სახით მოიცავს: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათს, თარიღი: 12.07.06 წ., განაცხადის რეგისტრაციის №..., სექტორი - 1, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, (განაცხადის რეგისტრაციის №...). ამდენად, შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, სქემატური ნახაზი, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება.
აღნიშნულის შემდეგ, შპს „...მა“ ნ. ვ-აზე გაასხვისა 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 25.08.2009 წლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1750.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი, ნაკვეთის წინა №...) ს/კ-ით №... მესაკუთრეა ნ. ვ-ა; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 21.08.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37; ტ.1).
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის I-ელ-მე-3 მუხლებზე დაყრდნობით სასამართლომ შეაფასა 1991 და 1997 წელს, რამდენად წარმოადგენდა ქ. ფოთის პრეფექტი და ქ. ფოთის მერი კანონით დადგენილ „შესაბამისი სამსახურს“, რომელსაც უფლება ჰქონდა განეკარგა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სარგებლობაში შპს „...ზე“ და 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება და 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება, რამდენად იყო მიწათსარგებლობის დოკუმენტი.
სასამართლომ მიუთითა ქ. ფოთის პრეფექტურის 13.12.1991წ. სხდომის №1/322 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტმა გადაწყვიტა: გადაეცეს ...ის ქუჩაზე №2 და №4 ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები შპს „...ს“; ეთხოვოს №90921 სამხედრო ნაწილის უფროსს - უზრუნველყოს შენობების შესაძლებლობისდაგვარად დროულად გამოთავისუფლება; დაევალოს შპს „...ის“ უზრუნველყოს შენობების არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესება პრეფექტის შესაბამისი სამსახურთან შეთანხმებით (ს.ფ. 38; ტ. 1).
სასამართლომ ასევე მიუთითა შპს „ა...სა“ და შპს „...ისათვის“ ...ს ქუჩასა და ...ის ქუჩაზე ადრე მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კორპუსის ერთობლივი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულებაზე, რომლის თანახმად - ნება დაერთო შპს ფირმა „ა...სა“ და შპს ფირმა „...ს“ ერთმანეთის მომიჯნავე, შპს ფირმა „ა...სთვის“ ...ს ქუჩაზე გამოყოფილ 0,89 ჰა და შპს „...ისათვის“ ...ის ქუჩაზე გამოყოფილ 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე ერთობლივად ააშენონ მრავალფუნქციური კომპლექსი კუნძულის უბნის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, არქიტექტურულ შემოქმედებითი საბჭოს მიერ რეკომენდებული და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით; ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს (მ. ჩ-ე) დაევალა შეასრულოს აღნიშნული ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები და შეადგინოს სამშენებლო პასპორტი; ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქმშენკოტროლის განყოფილებას დაევალა საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გასცეს მშენებლობის ნებართვა და დააწესოს კონტროლი მშენებლობის მიმდინარეობისადმი პროექტის შესაბამისად; შპს ფირმა „ა...სა“ და შპს ფირმა „...ს“ დაევალა უმოკლეს დროში წესრიგში მოიყვანონ არსებული სამშენებლო ტერიტორია, მშენებლობა განახორციელონ ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში... ; ცნობად იქნა მიღებული, რომ შპს ფირმა „ა...“ და შპს ფირმა „...“ ითვალისწინებენ რა ქალაქის სოციალური სფეროს დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას, იღებენ ვალდებულებას ჩაერთონ საქველმოქმედო პროგრამაში და შეფობა გაუწიონ ქალაქის №4 ბაგა-ბაღს (ს.ფ. 45-46; ტ. 1).
პალატის განმარტებით, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულების შესავალშივე მითითებულია, რომ ინდივიდუალური ადმინიატრაციულ-სამართლებრივი აქტი ეყრდნობა და შპს ფირმა „...სათვის“ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტად განიხილავს ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილებას.
პალატამ განმარტა, რომ „გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 29.01.1991 წ. კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 10/16/97 №929 კანონით) პირველი მუხლით, ადგილობრივი მმართველობა წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის შემადგენელი ნაწილს, რომლის მიზანიც იყო არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გარდამავალი პერიოდის ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ქალაქებში წარმოადგენდა - პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობდა (მუხ: 3, მუხ: 5). 5.2 მუხლით განისაზღვრა პრეფექტის ფუნქციები: თავისი ფუნქციების განხორციელებისათვის პრეფექტი: სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომი ორგანოების, შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხელმძღვანელობს სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ მშენებლობას; ხელმძღვანელობს და წარმართავს პრეფექტურის საქმიანობას; ქმნის პრეფექტის კაბინეტს, პრეფექტურის განყოფილებებს, სამმართველოებს და სამსახურებს, ნიშნავს თანამდებობის პირებს; ამტკიცებს საკრებულოების რეგლამენტებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადგილობრივი საკუთრების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობებს; აუქმებს შესაბამისი საკრებულოების მიერ მიღებულ აქტივებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას; ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას ადგილობრივი მმართველობის ქვემდგომი ორგანოებისადმი, აუქმებს მათ მიერ მიღებულ აქტივებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე არსებულ წარმომადგენლობით ფუნქციებს როგორც ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში, ისე მის გარეთ; დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული მთელი მიწების, წიაღისეული და ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებაზე, წყვეტს მიწის სარგებლობასთან, ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; შეაჩერებს შესაბამის სამუშაოებს იმ შემთხვევაში, თუ საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქე არღვევს ბუნების დაცვის, მიწათსარგებლობისა და ადგილობრივი ბუნებრივი ან შრომითი რესურსების გამოყენების, სანიტარიის, ჯანმრთელობის დაცვისა და საფინანსო კანონმდებლობას; უზრუნველყოფს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის ორგანიზაციას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ; ხელმძღვანელობს დაქვემდებარებულ შინაგან საქმეთა ორგანოებს, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მთელს ქვემდებარე ტერიტორიაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. ორგანული კანონის 7.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 8.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონზე (15.07.1993 წ. (ძალადაკარგულია 06/26/97 №786 სამოქალაქო კოდექსით)) და განმარტა, რომ დასახელებული კანონი ადგენდა საკუთრებითი ურთიერთობის წარმოშობის, განხორციელების, დაცვისა და შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. კანონის მე-2 მუხლი საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლების ობიექტებად ასახელებდა: მიწასა და მის წიაღს, წყლებს, კონტინენტური შელფის რესურსებს, ფლორას და ფაუნას, საწარმოებს, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებებს, საცხოვრებელ სახლებს, აგარაკებს, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნებს, ფულს, ფასიან ქაღალდებს, ძვირფას ლითონებსა და ქვებს, აგრეთვე სხვა მოძრავ და უძრავ ქონებას. მე-3 მუხლის პირველი აბზაცით, საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლების სუბიექტებს (მესაკუთრეებს) წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, იურიდიული პირები და სახელმწიფო. მე-5 მუხლი მიუთითებდა, რომ ცალკეულ მესაკუთრეთა მიწის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილება წესრიგდება მიწის კანონმდებლობით. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მე-11 მუხლის (იურიდიული პირების საკუთრების უფლების ობიექტები) თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში იურიდიული პირების საკუთრების უფლების ობიექტები შეიძლება იყოს ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ყველა ობიექტი, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო საკუთრების განსაკუთრებული უფლების ობიექტებს განეკუთვნება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-3 აბზაცზე, 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ 1991 წლის დეკემბრისა და 1997 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალული იყო ყოველგვარი ქმედება, რომლითაც პირდაპირი თუ ფარული ფორმით ირღვეოდა მიწის სახელმწიფო საკუთრების უფლება (კარი I, თავი I, მუხლი 4). საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 17 მაისის დადგენილების მიხედვით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, რომლითაც თითქოსდა შპს „...ს“ გადაეცა სამხედრო უწყების ბალანსზე რიცხული ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №... და №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები, არის ყალბი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 17 მაისის დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან მიღებული წერილის მიხედვით, ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №...-ში და №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანზე, მანამდე კი წარმოადგენდა სსრკ არმიის საკუთრებას და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, 1996 წლიდან სადავო ქონება ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო 1996 წლამდე ეს ქონება იყო ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფება რუსეთის კუთვნილი ქონება. საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის №793 ბრძანებულების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა თავდაცვის სამინისტრო, ანუ ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების სამართალმემკვიდრედ მათ ბალანსზე რიცხულ ქონებებთან მიმართებით და ეს ქონებები ეტაპობრივად გადმოეცემოდა ბალანსიდან ბალანსზე თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის იყო სადაო ქონება, რომელით თავდაცვის სამინისტრომ ბალანსზე აიყვანა 1996 წელს. მართალია ბალანსთმფლობელი არის თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ ქონების განმკარგველი არის სახელმწიფო, რადგან ბალანსთმფლობელობა არ ნიშნავს საკუთრების უფლებას. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით სადავო ქონება დღეის მდგომარეობითაც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისი სხდომის ოქმი 12.44.11სთ).
სააპელაციო პალატის განმარტებით, 22.06.2021 წელს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის - ქონების მართვის განყოფილების უფროსის გ. ხ-ას 22.06.2021 წლის №05-42211731 სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ №030310117001990382 ადმინისტრაციულ საქმეში მითითებული ქ. ფოთში, ...ის ქუჩა №...-ში და ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ქონება არ წარმოადგენს და არც ადრე არ წარმოადგენდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. სახელმწიფო ქონების ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (ს/კ ...) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემა და უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების (დაზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ქონება, რომელსაც მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდი) ან წერილობითი თანხმობის (საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი) საფუძველზე. ამავე ბარათით ფოთის მერიის იურიდიულ სამსახურს ეცნობა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ №030310117001990382 ადმინისტრაციულ საქმეში მითითებული უძრავი ქონების ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ქონების მართვის განყოფილებაში არ ინახება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, ერთი მხრივ, ფოთის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილების სიყალბე და მეორე მხრივ, 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულების უკანონობა, რამდენადაც აღნიშნული ეყრდნობა ყალბ დოკუმენტს - ფოთის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილებას.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ვ-ამ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სააგენტოს ერთადერთ მტკიცებულებას - ფოთის რაიონული პროკურატურის დადგენილებას მიანიჭა პრეიუდიციული ძალა, რაც ეწინააღმდეგება სსსკ 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. სააგენტოს მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულება დოკუმენტის სიყალბის შესახებ ეყრდნობა არა პირდაპირ მტკიცებულებებს (უფლებამოსილი პირების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტები, სხვა წერილობითი მტკიცებულებები) არამედ - ირიბ მტკიცებულებებს, იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც 26 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ არიან გამოკითხულები მაშინ, როცა პრეფექტის უფლებამოსილი ფოთის გამგებელი 1992 წელს გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით, საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს ფაქტს ფოთის პრეფექტურაში დეკემბერში სხდომების ჩატარების შესახებ, თავადაც იდენტური შინაარსის გადაწყვეტილებას გასცემს და ადასტურებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1991 წლის 3 დეკემბერს, იდენტურ გარემოში, სხვა მეწარმე სუბიექტსაც გადაეცა ორი დემონტაჟს დაქვემდებარებული ნაგებობა, რომელთაგან ერთი დაიწვა და მეორე დაანგრიეს.
სახელმწიფო, როგორც მესაკუთრე, უფლებრივად გათანაბრებულია სხვა მესაკუთრეებთან, შესაბამისად, სააგენტოს უნდა წარმოედგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გარდა პროკურატურის დადგენილებისა, ვინაიდან მოწმის ჩვენებაზე დამყარებული პროკურორის დადგენილება არ წარმოადგენს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა უძრავ ქონებაზე დავის უფლებას სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, პროკურორის დადგენილებაში აღნიშნული გარემოება, რომ სააგენტოს მიადგა ზიანი სასამართლოზე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ასევე სააგენტოს უნდა წარმოედგინათ ხელშეკრულება ან მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოს მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის ...ის ქ. №...-ში და №...-ში მდებარე შენობების გადაცემის შესახებ. სასამართლოს მსჯელობა, რომ ქონების გადაცემა ბალანსიდან ბალანსზე თანდათანობით ხდებოდა წერილობითი მტკიცებულებით არ დასტურდება. ნ. ვ-ას მიერ სასამართლოში წარდგენილია თავდაცვის სამინისტროს რეგიონალური ბაზის 1997 წლის საბალანსო ამონაწერი შენობა-ნაგებობების ნუსხა, სათანადო ბეჭდით და ხელმოწერით დადასტურებული, სადაც ...ის №...-ში და №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობები არ ფიქსირდება. შესაბამისად, ვერც ქალაქ ფოთის თვითმართველობას გადაეცემოდა 2003 წელს, რაც მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება. ამასთან თავდაცვის სამინისტრო აღიარებს ნ. ვ-ას საკუთრების პრეზუმფციას და დავას არ აპირებს, რაც წერილობით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 1986 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით დემონტაჟს დაქვემდებარებული, დასაშლელი შენობები გადაცემულ იყო კომუნალური მეურნეობის სამინისტროსათვის დასაშლელად, რომლის ტერიტორიული სამსახურები წარმოადგენდნენ ასევე აღმასკომის განყოფილებას, იმყოფებოდნენ ორმაგ დაქვემდებარებაში, რაც შემდგომში განკარგა უფლებამონაცვლე ფოთის პრეფექტურამ, შემდგომ - გამგეობამ, შემდგომში კი - მერიამ. ქ. ფოთის მერიის წარმომადგენელმა წერილობით წარმოადგინა, რომ ...ის №...-ში და №...-ში მდებარე ქონება მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა, რაც სრულ სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან 2003 წელს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს შპს „მ...“. არც აღმასკომს, არც პრეფექტურას და მით უფრო, არც მერიას ვერ ექნებოდა ბალანსზე დასაშლელი, დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობები, რომლებიც გადაეცათ დასაშლელად და მათი ღირებულება წარმოადგენდა ნულოვანს.
სააგენტომ სარჩელი აღძრა უსაფუძვლოდ, რადგან მას არა აქვს მოთხოვნის უფლება, იგი შექმნილია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის სამართლებლივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილების მე-3 მუხლით საკუთრებაში გადაცემისთვის უფლებამოსილ ორგანოდ მითითებულია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო. აქედან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები - სააგენტო არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს თავისი ინიციატივით სააგენტოს მტკიცებულებებიდან (პროკურატურის დადგენილება) უნდა ამოეღო პროკურატურის მიერ სსსსკ 56.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული პირის ჩვენება სააგენტოს დაზარალებულად ცნობის შესახებ, ვინაიდან სსსსკ 56.2 მუხლის მოთხოვნით იურიდიული პირის დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში მოწმე უნდა წარმოადგენდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, მითითებული მუხლის თანახმად, უნდა გამოკითხულიყო სააგენტოს უფროსი ან სერვისცენტრის უფროსი, რომელსაც სააგენტოს დებულებით ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს წარმომადგენლობითი პირის უფლებამოსილება და არა გ. ლ-ე, რომელიც გამოკითხვის დროისათვის 2016 წელს, წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს.
მოსამართლემ არასწორად განმარტა 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“. ნ. ვ-ამ ისარგებლა ამ კანონით მონიჭებული უფლებით და კანონის მოთხოვნის ფარგლებში და ვადებში, კერძოდ, 1998 წლის 30 დეკემბერს გადაიხადა მიწის საკუთრებად გამოცხადებისთვის დადგენილი საფასური. აღნიშნული ქმედებით განახორციელა მიწის საკუთრებად გამოცხადებისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება, რაც იყო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მინიჭების საფუძველი. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭება ფიზიკურ პირს, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტო არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს. აქედან გამომდინარე, დავის უფლება, ზემოაღნიშნული კანონით მინიჭებული საკუთრების უფლებაზე სააგენტოს არ გააჩნია, რაც სახელმწიფო ქონების შესახებ კანონითაც დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება, ასევე გაუქმდეს 2021 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება ფოთის რაიონული პროკურატურიდან სისხლის სამართლის მასალების გამოთხოვის შესახებ, 2021 წლის 29 ივნისის განჩინება, 2021 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინება დოკუმენტის ექსპერტიზის შესახებ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
ნ. ვ-ა 1991 წლის 10 ივლისიდან მუშაობდა ქ. ფოთის პრეფექტურის ეკონომიკური განყოფილების გამგედ. 1991 წლის 3 დეკემბერს ნ. ვ-ას მიერ დაფუძნებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...“.
საქმეში წარმოდგენილია ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტმა გადაწყვიტა: გადაეცეს ...ის ქუჩაზე №... და №... ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები შპს „...ს“; ეთხოვოს №90921 სამხედრო ნაწილის უფროსს - უზრუნველყოს შენობების შესაძლებლობისდაგვარად დროულად გამოთავისუფლება; დაევალოს შპს „...ს“ უზრუნველყოს შენობების არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესება პრეფექტის შესაბამისი სამსახურთან შეთანხმებით (ს.ფ. 38; ტ. 1).
ტექნიკური აღრიცხვის ცნობის თანახმად, ქ. ფოთში, ...ის ქ. №... და №...-ში მდებარე სამხედრო უწყების ამორტიზირებული შენობები ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილებით, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა შპს „...ს“ სახელზე, ასევე აღირიცხა მიწის ნაკვეთი ფართით 3516 კვ. მეტრი (ტ. 1; ს.ფ. 50).
შპს „ა...სა“ და შპს „...სათვის“ ...ს ქუჩასა და ...ის ქუჩაზე ადრე მათთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კორპუსის ერთობლივი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულების თანახმად - ნება დაერთო შპს ფირმა „ა...სა“ და შპს ფირმა „...ს“ ერთმანეთის მომიჯნავე, შპს ფირმა „ა...სთვის“ ...ს ქუჩაზე გამოყოფილ 0,89 ჰა და შპს „...სათვის“ ...ის ქუჩაზე გამოყოფილ 0,35 ჰა მიწის ნაკვეთზე ერთობლივად ააშენონ მრავალფუნქციური კომპლექსი კუნძულის უბნის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად, არქიტექტურულ შემოქმედებითი საბჭოს მიერ რეკომენდებული და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით; ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს (მ. ჩ-ე) დაევალა შეასრულოს აღნიშნული ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები და შეადგინოს სამშენებლო პასპორტი; ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის არქმშენკოტროლის განყოფილებას დაევალა საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გასცეს მშენებლობის ნებართვა და დააწესოს კონტროლი მშენებლობის მიმდინარეობისადმი პროექტის შესაბამისად; შპს ფირმა „ა...სა“ და შპს ფირმა „...ს“ დაევალა უმოკლეს დროში წესრიგში მოიყვანონ არსებული სამშენებლო ტერიტორია, მშენებლობა განახორციელონ ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში... ; ცნობად იქნა მიღებული, რომ შპს ფირმა „ა...“ და შპს ფირმა „...“ ითვალისწინებენ რა ქალაქის სოციალური სფეროს დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას, იღებენ ვალდებულებას ჩაერთონ საქველმოქმედო პროგრამაში და შეფობა გაუწიონ ქალაქის №4 ბაგა-ბაღს (ს.ფ. 45-46; ტ.1).
ნ. ვ-ამ, როგორც შპს „...ს“ დამფუძნებელმა, 31.12.1998 წელს განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მთავარ რეგისტრატორს და მოითხოვა „ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული უძრავი ქონების სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა: ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, სქემატური ნახაზი, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება. 1998 წლის 31 დეკემბერს 0.35 ჰა მიწის ფართობის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა შპს „...ს“ საკუთრებაში, საცხოვრებელი სახლების აღნიშვნის გარეშე (ტ.6. ს.ფ. 78).
შპს „...ს“ სახელზე განხორციელებულია ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომელიც სარეგისტრაციო მასალებისა და გადაწყვეტილების სახით მოიცავს: 1998 წლის 31 დეკემბრის №... განაცხადს, ქ. ფოთის მთავარი რეგისტრატორის გ. წ-ას სახელზე და საკადასტრო რუკას, სარეგისტრაციო ნომრით ..., დამოწმებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ, საკადასტრო № ზონა - 1, სექტორი - 5, კვარტალი - 24, ნაკვეთი - 7, ფართობი - 0.35 ჰა (ტ. 1; ს.ფ. 41).
1998 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნ. ვ-ამ, როგორც შპს „...ს“ დამფუძნებელმა, გ. ხ-ას მიჰყიდა შპს-ს სახელზე დარეგისტრირებული 0.35 ჰა მიწის ნაკვეთიდან ½ ნაწილი (ტ. 1; ს.ფ. 51-52). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 1750 მ2 მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - ..., განაცხადის რეგისტრაციის თარიღი - 2006 წლის 12 ივლისი, განაცხადის რეგისტრაციის №... (ტ. 1; ს.ფ. 64-65).
2006 წლის 12 ივლისს შპს „...ს“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 1750.00 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა, ს/კ №... (ნაკვეთის წინა საკადასტრო ნომერი - ...), უფლების დამდგენი დოკუმენტები: 1998 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება (ტ. 1; ს.ფ. 69-73).
საქმეში წარმოდგენილია ქ. ფოთის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 17 მაისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად, 2012 წლის 18 ივნისს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №045180612004 საქმეზე ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №... და №...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, საცხოვრებელი სახლების ყალბი დოკუმენტების გამოყენებით შეძენის ფაქტზე. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნ. ვ-ას მიერ ჩადენილია (სსკ-ის მე-3 მუხლის გათვალისწინებით) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, სისხლის სამართლის საქმეზე უნდა შეწყდეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს შპს „...ს“ სახელზე განხორციელებული ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მოხდა დავის გადაწყვეტა სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის სქართველოს კანონზე მითითებით. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
ამავე კანონის პირველ მუხლში მოცემულია კანონში გამოყენებული ტერმინთა მნიშვნელობა, რომლის თანახმად, (ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება ნიშნავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებას; ( გ) სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არის დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; თავის მხრივ (დ) მიწის გამოყოფის დადგენილი წესი ნიშნავდა მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესს; ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი მიწა განიმარტა, როგორც ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწა; რაც შეეხება მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთს, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეს იყო ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი; ასევე დაგინდა „შესაბამისი სამსახურის“ გამარტება და „ზ“ ქვეპუნქტში მიეთითა, რომ ეს არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოები.
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით შპს „...ს“ სახელზე ქ. ფოთში, ...ის ქუჩაზე მდებარე 0,35 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელების დროს საჭირო იყო დაცული ყოფილიყო ერთდროულად რამდენიმე პირობა, კერძოდ, გარდა იმისა, რომ მიწის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო კომპანიის სარგებლობაში, ამავდროულად იგი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი დადგენილი წესით, ანუ იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესის შესაბამისად, კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელში მოიაზრებოდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოები.
დადგენილია, რომ შპს „...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, სქემატური ნახაზი, ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება.
ამასთან დადგენილია, რომ ქ. ფოთის მერის 1997 წლის 3 ოქტომბრის №472 განკარგულება ეყრდნობოდა და შპს ფირმა „...ისათვის“ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დოკუმენტად განიხილავდა ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 29.01.1991 წ. კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ 16.10.1997წ. ორგანული კანონის და „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონიდან გამომდინარე 1991 წლის დეკემბრისა და 1997 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალული იყო ყოველგვარი ქმედება, რომლითაც პირდაპირი თუ ფარული ფორმით ირღვეოდა მიწის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დგინდება ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილების სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან მიღებული წერილით, რომლის თანახმად, ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №2-ში და №4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანზე, მანამდე კი წარმოადგენდა სსრკ არმიის საკუთრებას. ამასვე ადასტურებს თავად ქ. ფოთის პრეფექტურის კაბინეტის სხდომის 1991 წლის 13 დეკემბრის №1/322 გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება შეეხება ქ. ფოთში ...ის ქუჩაზე მდებარე №2 და №4 სამხედრო უწყების ამორტიზებული საცხოვრებელი სახლების შპს „...სათვის“ გადაცემას. ამავე გადაწყვეტილებით ეთხოვა №90921 სამხედრო ნაწილის უფროსს - უზრუნველყოს შენობების შესაძლებლობისდაგვარად დროულად გამოთავისუფლება.
საყურადღებოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დროს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების სსრკ არმიისადმი საკუთრება დაადასტურეს მოწმეებმაც, მათ შორის, მოწმე რ. გ-ას ჩვენებით, (1990-1991 წლებში მუშაობდა ქ. ფოთის პრეფექტის პირველ მოადგილედ და შესაბამისად იყო პრეფექტის კაბინეტის წევრი. პრეფექტის კაბინეტის წევრები ასევე იყვნენ პრეფექტი თ. ბ-ე, პრეფექტის მოადგილე გ. ბ-ე, ქალაქის კომუნალური სამსახურის უფროსი მ. ფ-ა, პრეფექტურის მშენებლობის განყოფილების უფროსი ე. კ-ე, არქიტექტურის განყოფილების უფროსი ლ. ნ-ა, კანცელარიის უფროსი ლ. კ-ა, მიწათსარგებლობის განყოფილების უფროსი ი. კ-ა, ეკონომიკის განყოფილების უფროსი ნ. ვ-ა და მთავარი მხატვარი გ. გ-ა. პრეფექტის კაბინეტის სხდომებს ესწრებოდნენ ქალაქის პროკურორი ა. კ-ი, მოსამართლე ბ. ბ-ა, ფოთის პოლიციის უფროსი რ. ჭ-ა, საბაჟოს უფროსი მ. ხ-ე და უშიშროების ფოთის განყოფილების უფროსი მ. წ-ე) პრეფექტის კაბინეტი ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არც მიუღია, რადგან ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლების შპს „...სათვის“ გადაცემა შეუძლებელი იყო, ვინაიდან აღნიშნული ბინები იყო საბჭოთა არმიის საკუთრება და ასევე არ მომხდარა მათი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის გადმოცემა.
ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტის წევრებმა - ლ. კ-ამ, გ. ბ-ემ, ე. კ-ემ, რ. ჭ-ამ, მ. წ-ემ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას განმარტეს, რომ ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია (1991 წლის 13 დეკემბრის სხდომის №1/322 გადაწყვეტილებით) ქ. ფოთი, ...ის ქუჩა №...-ში და №...-ში მდებარე სამხედრო უწყების ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი სახლების შპს „...“-სათვის გადაცემას და ვერც მოხდებოდა, ვინაიდან აღნიშნული სახლები იყო საბჭოთა არმიის საკუთრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვის დროს წარდგენილ იქნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის - ქონების მართვის განყოფილების უფროსის გ. ხ-ას 22.06.2021 წლის №05-42211731 სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. ფოთში, ...ის ქუჩა №...-ში და ...ის ქუჩა №...-ში მდებარე ქონება არ წარმოადგენს და არც ადრე არ წარმოადგენდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ამავე ბარათის თანახმად, ფოთის მერიის იურიდიულ სამსახურს ეცნობა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზემომითითებული უძრავი ქონების ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ქონების მართვის განყოფილებაში არ ინახება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო რეგისტრაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას, რადგან შპს „...ს“ არ გააჩნდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, რომლითაც კომპანიას მიწა დადგენილი წესით გამოეყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ფოთის რაიონული პროკურატურიდან სისხლის სამართლის მასალების გამოთხოვის შესახებ.
დადგენილია, რომ 2021 წლის 30 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ნ. ვ-ამ და მოითხოვა ფოთის რაიონული პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნეს №045180612004 სისხლის სამართლის საქმის სრული მასალის ასლები. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ვინაიდან ფოთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ დადგენილებით, შესაბამისად საჭიროა სრული საქმის გამოთხოვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებდა ესა თუ ის მტკიცებულება. ამასთან, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა მიერ მათი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში ნ. ვ-ა სააპელაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას. ამასთან დადგენილია, რომ ფოთის რაიონული პროკურორის 2017 წლის 17 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმეში აღნიშნული დადგენილება წარმოდგენილია და მასში დეტალურადაა მითითებული გამოძიების პროცესში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების როგორც სახეების, ასევე ამ მტკიცებულებათა შინაარსობრივი მხარის შესახებ. საყურადღებოა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც დამატებით საჭიროებას გააჩენდა სრულად ყოფილიყო გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ე. ჩ-ას სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის ოქმის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ნ. ვ-ამ ვერც ამ შემთხვევაში ვერ დაადასტურა, თუ რა გავლენას მოახდენდა აღნიშნული მტკიცებულება გადაწყვეტილების შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის და 29 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. განსახილველ შემთხვევაში კი, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაადასტურა რომელიმე მათგანის არსებობა. მის მიერ ვერ იქნა მითითებული ასევე ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებას (საკასაციო საჩივარში განჩინების თარიღი მითითებულია 2021 წლის 20 ივლისი, თუმცა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინებით), რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ქ. ფოთის მერის 1997 წლის 23 ოქტომბრის №472 განკარგულების შინაარსობრივი და ფორმალური სახის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს არა მხოლოდ მის მატერიალურ-სამართლებრივ, არამედ ფორმალურ-სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას (ფორმალური და მატერიალური კანონიერება), ხოლო აღნიშნულის შეფასება კი, სასამართლოს უფლებამოსილების საკითხია და არ საჭიროებს საქართველოს სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ ცოდნას. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოს მიერ დაინიშნოს ექსპერტიზა ქ. ფოთის პრეფექტის კაბინეტის 1991 წლის 13 დეკემბრის №322 გადაწყვეტილებაზე, ასევე გამოთხოვილ იქნეს სისხლის სამართლის მასალები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. შესაბამისად, შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. ვ-ას სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება.
3. ნ. ვ-ას (პ/ნ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე