საქმე #ბს-873(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 25 ოქტომბერს ზ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 9 აგვისტოს მან #... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 11.28 კვ.მ ფართობის სარდაფის სართულზე მდებარე სარდაფზე (ყოფილი საშხაპე) მისი საკუთრების უფლების ნ. ე-ითან და შ. შ-ასთან ერთად თანასაკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვა. 2019 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების 4.2.15 პუნქტის გათვალისწინებით. მითითებული პუნქტის მიხედვით, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... (24.07.2017წ.) გადაწყვეტილება თანამესაკუთრეთა თანხმობების განმეორებით წარდგენის მოთხოვნის ნაწილში. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... (10.09.2019წ.) გადაწყვეტილება. ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს უნდა დაევალოს #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვება მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ხმათა 100%-ით შედგენილი კრების ოქმი“.
მოსარჩელის მითითებით, გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. #... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილია 11.28 კვ.მ ფართობის სარდაფის სართულზე მდებარე სარდაფზე (ყოფილი საშხაპე) ნ. ე-იის, შ. შ-ას და ზ. კ-ეის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2. ზ. კ-ეს გადაეცა ოროთახიანი ბინა, 47 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ასევე, დამხმარე სათავსოები: სარდაფი - 10 კვ.მ, დერეფანი, სამზარეულო, ტუალეტი და საშხაპე საერთოა (პრივატიზაციის ხელშეკრულება რეგ. #6-3228). მითითებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია 48.39 კვ.მ და 10 კვ.მ ფართები (ს.კ. ... და ს.კ. ...); 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ #12 კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრები 2/3-ის თანხმობით ადასტურებენ, რომ ნ. ე-იი, შ. შ-ა და ზ. კ-ე 2007 წლამდე ფლობდნენ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 11.28 კვ.მ ფართობის მქონე სარდაფს (ყოფილ საშხაპეს). „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.); 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადმოცემული ფართი არის ინდივიდუალური საკუთრების საგანი, მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა პრივატიზაციის ხელშეკრულება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ხმათა 2/3-ით და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. აღნიშნული ინდივიდუალური საკუთრების ფართის დარეგისტრირებას იგი ითხოვს 2017 წლიდან. არაერთი განცხადების წარდგენის მიუხედავად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აჭიანურებს საქმის განხილვას, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ არის კავშირში სარეგისტრაციო მოთხოვნასთან. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს ინდივიდუალური საკუთრების საგნის თანასაკუთრებაში რეგისტრაციას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულია საერთო საკუთრებაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მოთხოვნილი ამხანაგობის წევრების ხმათა 100%-იანი კრების ოქმი.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჩივარზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 11.28 კვ.მ ფართის სარდაფის სართულზე მდებარე საშხაპის ნ. ე-იის, შ. შ-ასა და ზ. კ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ნ. ე-იი, შ. შ-ა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს #... და 2019 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის #... და 2019 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილებები, ასევე, ამავე სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილება საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ. თბილისში, ...ის ქ. #.../...ის ქ. #...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან (11.28 კვ.მ სარდაფის სართულზე მდებარე საშხაპე) დაკავშირებით ზ. კ-ეის განცხადებაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მულხის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ ურთიერთობაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობები) გათვალისწინებული რეგულაციის გასავრცელებლად, აუცილებელი იყო შეფასებულიყო, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას თუ მასზე ვრცელდებოდა ინდივიდუალური მფლობელობა, რა უფლებამოსილებაც ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ განუხორციელებია. ამ კუთხით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 1992 წლის 26 დეკემბრის #6-3228 და #6-3229 პრივატიზაციის ხელშეკრულებებზე. სწორედ პრივატიზაციის ხელშეკრულებებით გადაეცა ზ. კ-ეს ოროთახიანი ბინა - 47 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ასევე დამხმარე სათავსოები: სარდაფი - 10 კვ.მ, დერეფანი, სამზარეულო, ტუალეტი და საერთო საშხაპე, ხოლო მ. ე-ის გადაეცა ერთოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართი - 33 კვ.მ, ასევე დამხმარე სათავსოები: სარდაფი - 8 კვ.მ, საკუჭნაო - 3 კვ.მ, სამზარეულო, ტუალეტი და საერთო საშხაპე.
ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული პრივატიზაციის ხელშეკრულებების შინაარსით დადასტურებული იყო სადავო ფართის განკერძოების ფაქტი, აღნიშნული ფართი (საშხაპე) არ წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობის საერთო საკუთრებას. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მარეგისტრირებელი ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული - ამხანაგობის წევრთა მიერ გადაწყვეტილების ერთხმად მიღების მოთხოვნის პირობის წაყენება.
სააპელაციო პალატამ არ უარყო ადმინისტრაციული ორგანოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (პრივატიზაციის ხელშეკრულებები) არ შეიცავდა ზუსტ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი საშხაპე გადაეცათ მოსარჩელესა და მესამე პირს და კონკრეტულად რამდენი პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა იგი, თუმცა, სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ქონების იდენტიფიკაცია და იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად ვის თანასაკუთრებას წარმოადგენდა სადავო საშხაპე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ #12 კრების ოქმით ამხანაგობის წევრების 2/3 ხმათა თანხმობით დადასტურებულია, რომ აზომვით ნახაზზე ასახული, სარდაფის სართულზე მდებარე 11.28 კვ.მ ფართობის და პრივატიზების ხელშეკრულებით ზ. კ-ეისათვის გადაცემული საშხაპე იდენტურია, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო უპირობოდ არ გაეზიარებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ...ის წევრთა 2/3-ის მითითებული პოზიცია და სადავო საშხაპის ზუსტი მდებარეობის დადგენის მიზნით ჩაეტარებინა ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, ასევე გამოეთხოვა დოკუმენტები, შეეგროვებინა ცნობები, მოესმინა დაინტერესებული პირებისათვის, რათა დაედგინა სადავო ფართით რომელიმე სხვა სუბიექტის მიერ სარგებლობის ფაქტის ან/და ამ ფართზე მოსარჩელისა და მესამე პირების თანასაკუთრების გამომრიცხავი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ სადავო სათავსზე ან მის რომელიმე ნაწილზე რომელიმე სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არაა და ამხანაგობის დანარჩენ წევრებსაც საშხაპეზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. საქმის მასალებით დგინდება ისიც, რომ კასატორის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოს არაერთხელ წარედგინა სართულის გეგმა სარეგისტრაციო ფართის მონიშვნით და სიტუაციური აზომვითი ნახაზი. შესაბამისად, სადავო ფართის ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია სავსებით ნათელია. დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ საშხაპის ფართს წლების განმავლობაში იყენებენ კასატორი და მესამე პირები (ნ. ე-იი და შ. შ-ა).
კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად იკვეთება, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებას, გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული საკმარისად დავის განმხილველი სასამართლოსათვის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომ სასამართლოს თავად გადაეწყვიტა დავა. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების გზით სასამართლოს დაევალებინა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემა, რათა სადავო ფართის თანამესაკუთრედ აღრიცხულიყო ზ. კ-ე, თუნდაც მხოლოდ ნ. ე-ითან ერთად (საქმის განხილვის დროს გამოკვეთილ იქნა, რომ შ. შ-ა არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრს და შესაძლოა, მის ნაწილში სასამართლოს არ ჰქონოდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო ფართზე მისი თანასაკუთრების აღრიცხვის დავალების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი).
კასატორის მოსაზრებით, მის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი კრების ოქმი, რომელშიც ამხანაგობის წევრებმა 2/3-ის თანხმობით დაადასტურეს, რომ ზ. კ-ე ნამდვილად ფლობს სადავო ფართს და გამოხატეს თანხმობა ფართის კასატორის თანასაკუთრებაში აღრიცხვაზე, სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს, ასევე სასამართლოსათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ ამხანაგობის კრების ოქმმა ფაქტობრივად შეავსო პრივატიზების ხელშეკრულების ის ხარვეზი, რაზეც სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, კერძოდ, ის, რომ პრივატიზების ხელშეკრულებაში არ იქნა ზუსტად განსაზღვრული საერთო საშხაპის მდებარეობა და ფართი.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც სადავო არაა თავად ამხანაგობის კრების ოქმის ნამდვილობა, არავითარი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ დამატებით ადგილზე შეისწავლოს საშხაპის ფართის მდებარეობა, რადგანაც საშხაპის მდებარეობაც, კონფიგურაციაც და ფართის შესახებ მონაცემებიც ნათელია და არ არის სადავო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აგვისტოს #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჩივარზე უარის თქმის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 11.28 კვ.მ ფართის სარდაფის სართულზე მდებარე საშხაპის ნ. ე-იის, შ. შ-ასა და ზ. კ-ეის თანასაკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის პირველ აგვისტოს ზ. კ-ემ #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა 11.28 კვ.მ ფართობის სარდაფის სართულზე მდებარე საშხაპეზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა #...) ნ. ე-იის, შ. შ-ას და ზ. კ-ეის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განაცხადით მითითებულ იქნა 23.10.2018წ. #... განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სარეგისტრაციოდ ერთვოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2018 წლის 21 ოქტომბრის კრების #11 ოქმი, რომლის მიხედვით, ამხანაგობა ადასტურებდა, რომ ამხანაგობის წევრები - ზ. კ-ე, ნ. ე-იი და შ. შ-ა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდნენ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახულ 11.28 კვ.მ ფართის საშხაპეს. აღნიშნული სათავსი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას. ხსენებულ საშხაპეზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ იყო და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ სათავსზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ. ამხანაგობა თანახმაა, რომ ზ. კ-ემ, ნ. ე-იმა და შ. შ-ამ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირონ თანასაკუთრების უფლება, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
ამავე #... სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში წარდგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2018 წლის 21 ოქტომბრის #12 კრების ოქმი, რომლის მიხედვით, ამხანაგობის წევრები 2/3-ის თანხმობით ადასტურებენ, რომ წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე ასახულ 11.28 კვ.მ ფართობის მქონე საერთო სარგებლობის საშხაპე, 12.29 კვ.მ ფართობის მქონე საერთო შესასვლელით, წარმოადგენს ზ. კ-ეის, ნ. ე-იისა და შ. შ-ას ინდივიდუალურ თანასაკუთრებას, აღნიშნულ სათავსზე ან მის ნაწილზე საჯარო რეესტრში სხვა პირის უფლება რეგისტრირებული არ არის და ამხანაგობის სხვა წევრებს ამ საშხაპეზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ. ამხანაგობა თანახმაა, რომ ზ. კ-ემ, ნ. ე-იმა და შ. შ-ამ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დაირეგისტრირონ თანასაკუთრების უფლება, თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად. სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სართულებრივი გეგმის ნახაზი, მონიშნული ფართით და საშხაპის აზომვითი ნახაზი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... (08.08.2019წ.) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იყო 11.28 კვ.მ ფართობის სარდაფის სართულზე მდებარე საშხაპეზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა #...) ნ. ე-იის, შ. შ-ას და ზ. კ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა 100% (ყველა წევრის) მიერ. კრების ოქმში განმარტებული უნდა ყოფილიყო, რომ დაინტერსებული პირი ფლობდა უძრავ ნივთს შიდა აზომვით ნახაზზე არსებული ფართითა და კონფიგურაციით (აზომვის თარიღი უნდა ყოფილიყო მითითებული), რომ შიდა აზომვით ნახაზზე არსებული ფართი ნამდვილად მდებარეობდა სართულებრივ გეგმაზე მონიშნულ ადგილას და ამხანაგობა წინააღმდეგი არ იყო აღნიშნული კონფიგურაციით დაინტერესებულ პირს დარეგისტრირებოდა უძრავი ნივთი. ხსენებულ კრების ოქმში ასევე განმარტებული უნდა ყოფილიყო, რომ სარეგისტრაციო საშხაპე ზ. კ-ეს და ნ. ე-ის გადაეცათ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კრების ოქმით უნდა განსაზღვრულიყო, აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულებებით გადაცემული სამზარეულო და ტუალეტი შედიოდა თუ არა აზომვით ნახაზზე არსებულ 11.28 კვ.მ საშხაპის ფართში. კრების ოქმით აგრეთვე უნდა დადგენილიყო, რომ სამივე თანამესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცა სარეგისტრაციო საშხაპე, რომელიც მდებარეობდა სარდაფის სართულზე. დაინტერესებული პირის მიერ ასევე წარდგენილი უნდა ყოფილიყო ყველა თანამესაკუთრის თანხმობა 11.28 კვ.მ საშხაპის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იქნებოდა ასევე შიდა აზომვითი ნახაზის რეკვიზიტები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... (10.09.2019წ.) გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. კ-ეის 2019 წლის 9 აგვისტოს #... ადმინისტრაციული საჩივარი; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურებით, სადაც გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ და სადაც განმარტებული იქნებოდა, რომ დაინტერსებული პირი ფლობს შიდა აზომვით ნახაზზე არსებული ფართითა და კონფიგურაციით უძრავ ნივთს და რომ შიდა აზომვით ნახაზზე არსებული ფართი ნამდვილად მდებარეობს სართულებრივ გეგმაზე მონიშნულ ადგილას და წინააღმდეგი არ არის აღნიშნული კონფიგურაციით დაურეგისტრირდეს დაინტერესებულ პირს უძრავი ნივთი. კრების ოქმში ასევე განმარტებული უნდა ყოფილიყო, რომ სარეგისტრაციო საშხაპე ზ. კ-ეს გადაეცა #6-3228 პრივატიზაციის ხელშეკრულების, ნ. ე-ის კი #6-3229 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე; ოქმში ასევე განმარტებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული სამზარეულო და ტუალეტი შედის თუ არა შიდა აზომვით ნახაზზე არსებულ 11.28 კვ.მ საშხაპის ფართში; კრების ოქმით უნდა დგინდებოდეს, რომ სამივე თანამესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცა სარეგისტრაციო საშხაპე, რომელიც მდებარეობს სარდაფის სართულზე. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს მიღებული იქნა #... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ 1992 წლის 26 დეკემბრის #6-3228 და #6-3229 პრივატიზაციის ხელშეკრულებებზე. სწორედ პრივატიზაციის ხელშეკრულებებით გადაეცა ზ. კ-ეს ოროთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართი - 47 კვ.მ, ასევე, დამხმარე სათავსოები: სარდაფი - 10 კვ.მ, დერეფანი, სამზარეულო, ტუალეტი და საერთო საშხაპე, ხოლო მ. ე-ის გადაეცა ერთოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართი - 33 კვ.მ, ასევე დამხმარე სათავსოები: სარდაფი - 8 კვ.მ, საკუჭნაო - 3 კვ.მ, სამზარეულო, ტუალეტი და საერთო საშხაპე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მართალია, საკუთრების უფლების დამადასტურებელი ზემოაღნიშნული დოკუმენტები (პრივატიზაციის ხელშეკრულებები) არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რომელი საშხაპე გადაეცათ მოსარჩელესა და მესამე პირს და კონკრეტულად რამდენი პირის თანასაკუთრებას წარმოადგენდა იგი, თუმცა საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ქონების იდენტიფიკაცია და იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად ვის თანსაკუთრებას წარმოადგენდა სადავო საშხაპე.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ უფლებადამდგენი დოკუმენტების მიხედვით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობის მიუხედავად, არ დგინდება უძრავი ქონების ზუსტი კოორდინატები და ყველა თანამესაკუთრე, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს ავალდებულებდა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები და მათი ერთობლივი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.
საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების საწინააღმდეგოდ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ #12 კრების ოქმით ამხანაგობის წევრების 2/3-ის ხმათა თანხმობით დადასტურებულია, რომ აზომვით ნახაზზე ასახული, სარდაფის სართულზე მდებარე 11.28 კვ.მ ფართობის და პრივატიზების ხელშეკრულებით ზ. კ-ეისათვის გადაცემული საშხაპე იდენტურია, თუმცა მარეგისტრირებელ ორგანოს შეეძლო უპირობოდ არ გაეზიარებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრთა 2/3-ის მითითებული პოზიცია და სადავო საშხაპის ზუსტი მდებარეობის დადგენის მიზნით, ჩაეტარებინა ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება, ასევე, გამოეთხოვა დოკუმენტები, შეეგროვებინა ცნობები, მოესმინა დაინტერესებული პირებისათვის, რათა დაედგინა სადავო ფართით რომელიმე სხვა სუბიექტის მიერ სარგებლობის ფაქტის ან/და ამ ფართზე მოსარჩელისა და მესამე პირების თანასაკუთრების გამომრიცხავი გარემოებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. კ-ეს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 11.11.2021წ. #28304364 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. ზ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.11.2021წ. #28304364 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა