Facebook Twitter

საქმე #ბს-1001(2კ-21) 10 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 28 სექტემბერს ლ. პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1966 წლიდან იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ...ის ჩიხი #...-ში, ფლობს პირველ სართულზე 132.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 69.06 კვ.მ-ს, იხდის კომუნალურ გადასახედებს და არის რეგისტრირებული ზემოაღნიშნულ მისამართზე, რის თაობაზეც საქმეში წარმოდგენილია საინფორმაციო ბარათი.

2019 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ #36/01/200353512 განცხადებით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას არაპრივატიზირებული ფართის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, რაზეც 2020 წლის 4 თებერვალს მიიღო უარი, რასაც არ დაეთანხმა, რადგან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მიზნებისათვის, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს, იგი ფაქტობრივად უნდა ფლობდეს საპრივატიზაციო ბინას.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 10 თებერვალს ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. 2020 წლის 8 ივნისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა. სხდომაზე საჩივრის ავტორის მიერ დადასტურებულ იქნა უძრავი ქონების - 132.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 69.06 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი და დამატებით წარდგენილ იქნა საბინაო წიგნის დედანი, რომელზედაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც პირს კონკრეტული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით გათვალისწინებული საბინაო წიგნის დედანი, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და საინფორმაციო ბარათი არ იქნა მიჩნეული სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ 132.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 69.06 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი დასტურდება წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მასალებით, კერძოდ, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტებით: 1. საბინაო წიგნაკით; 2. საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით; 3. კომუნალური გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. ამასთან, დამატებით წარდგენილ იქნა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც მეზობლები ადასტურებენ ზემოაღნიშნულ მისამართზე ლ. პ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს და თანხმობას გამოთქვამენ 132.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 69.06 კვ.მ საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება უკანონოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2020 წლის 4 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 სექტემბრის #1170 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისათვის ქ. თბილისში, ...ის ჩიხის #...-ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის 69.06 კვ.მ-ის ლ. პ-ისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 სექტემბრის #1170 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2020 წლის 4 თებერვლის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ისნის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხე ისნის რაიონის გამგეობამ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა დოკუმენტის დედანი, ასევე, ვერ დგინდებოდა მის მიერ დაკავებული ფართის ოდენობა და მდებარეობა, მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, თუმცა არ გაუთვალისწინებია მთელი რიგი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ იყო წარდგენილი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ამასთან, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედგინა სადავო ფართის ოდენობა და მდებარეობა, არ ადასტურებდა, რომ ასეთი უფლება საერთოდ არ იყო დაცული და არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფართის ოდენობისა და მდებარეობის დადგენისას ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და განმარტავს, რომ იმისათვის, რათა პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს, იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს საპრივატიზებო ფართით.

კასატორი ასევე მიუთითებს ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც გათვალისწინებულია იმ დოკუმენტთა ნუსხა, რომელთა დართვაც სავალდებულოა კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებაზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ აუცილებლად წარსადგენი რომელიმე დოკუმენტის არარსებობა საკმარის საფუძველს ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. ერთ-ერთ ასეთ სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს სწორედ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე - მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კასატორის განმარტებით, ზემოთ მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეული კუმულაციური პირობების არსებობას, მათ შორის, საპრივატიზებო ფართით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, #189 დადგენილება არ შეიცავს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს და მათი ერთობლივად შესწავლის საფუძველზე უნდა დადგინდეს, რამდენად დასტურდება საპრივატიზებო ფართის კანონიერი სარგებლობის უფლებით განმცხადებლისთვის გადაცემის ფაქტი.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათები, ადასტურებს ლ. პ-ის მიერ პრივატიზებამოთხოვნილი ფართის მხოლოდ ფაქტობრივ ფლობას. რაც შეეხება მითითებული ფართით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, განმცხადებლის მიერ ისნის რაიონის გამგეობაში წარდგენილ იქნა ამონარიდი ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #...-ში არსებულ სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა ჩასაწერად არსებული საბინაო წიგნიდან, რომლითაც დგინდება, რომ ლ. პ-ი ჩაწერილია ქ. თბილისში, ...ის #...-ში, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას ლ. პ-ისათვის შენობა-ნაგებობის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში მდებარე და განსაზღვრული ოდენობის ფართობით კანონიერი სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ხსენებული დოკუმენტი (საბინაო წიგნი) ვერ იქნება მიჩნეული 2019 წლის 12 დეკემბრის #... განცხადებით საპრივატიზებოდ მოთხოვნილი ფართით ლ. პ-ის მიერ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. ამასთან, კასატორის შეფასებით, განმცხადებლის მიერ ზემოხსენებული საბინაო წიგნიდან ამონარიდი არ წარმოადგენს არც დოკუმენტის დედანს და არც მის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, რის გამოც ეჭვქვეშ დგას წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა. აღნიშნული კი ასევე გამორიცხავს მის მიჩნევას კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად.

კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდგენ დოკუმენტში არ არის მითითებული საპრივატიზებო ფართის ოდენობა, გაუგებარია, ახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში მოწმეთა ჩვენებებით და ადგილზე დათვალიერებით როგორ უნდა დადგინდეს მოცემული გარემოება.

ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის განმარტებით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. კასატორი მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საბინაო წიგნით არ დგინდებოდა, რა ოდენობის ფართობი გადაეცა ლ. პ-ის.

ამასთან, სადავო მისამართზე კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების არსებობა და მოწმეთა განცხადებები არ წარმოადგენენ ფართის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დადგინდება ფართით სარგებლობის უფლების წარმოშობის საფუძვლები. მოცემული დოკუმენტები შესაძლოა განხილულ იქნეს პრივატიზებამოთხოვნილი ფართით ფაქტობრივად სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

კასატორის მითითებით, წესში გათვალისწინებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის მოთხოვნა, რომლითაც უნდა დგინდებოდეს, კონკრეტულად რა ფართობი გადაეცა მოქალაქეს. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ლ. პ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასაც პრივატიზაციის განსახორციელებლად იმპერატიულად მოითხოვს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული წესი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2020 წლის 4 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 10 სექტემბრის #1170 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობისათვის ქ. თბილისში, ...ის ჩიხის #...-ში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართის 69.06 კვ.მ-ის ლ. პ-ისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

მითითებული წესის მე-4 მუხლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარადგენს წერილობით განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთვოდეს სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის #ბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ ...ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში ს. ი-ის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით მაშინ, როცა სადავო ფართზე არ არსებობს სხვის სახელზე გაცემული ბინის ორდერი და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ს. ი- ის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის #ბს-257-254(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ: „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს ლ. პ-ის წარმომადგენელმა - ვ. მ-ემ #... განცხადებით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ...ის ჩიხი #...-ში მდებარე 132 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (69.06 კვ.მ) ლ. პ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა: შიდა აზომვითი ნახაზი, საბინაო წიგნის ასლი, ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, სანოტარო წესით გაცემული მეზობლების თანხმობა, საინფორმაციო ბარათი, კომუნალური გადასახადის ქვითრები. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული საბინაო წიგნის ასლიდან ირკვევა, რომ ლ. პ-ი პ.ს ას. (დაბ. ... წ.) 1979 წლის პირველი სექტემბრიდან მუდმივად არის რეგისტრირებული ქ. თბილისში, ...ის #...-ში. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 4 დეკემბრის #0111719032349 საინფორმაციო ბარათის თანახმადაც, ლ. პ-ი (დაბ. ... წ.) ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 1979 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2020 წლის 4 თებერვლის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა ლ. პ-ის წარმომადგენლის - ვ. მ-ეის 2019 წლის 12 დეკემბრის #4... განცხადება ქ. თბილისში, ...ის ჩიხი #...-ში მდებარე 132 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (69.06 კვ.მ) ლ. პ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მოსარჩელეს მიეთითა იმ გარემოებებზე, რომ საბინაო წიგნის ამონარიდის გარდა, რაიმე სახის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარდგენილი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გადაცემული ფართის ოდენობა. ასევე არ დგინდებოდა დოკუმენტის ნამდვილობა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დადგინდა და მხარეთა მხრიდან დადასტურდა საბინაო წიგნის ასლის იდენტურობა დედანთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ უტყუარად დადგენილად იქნა მიჩნეული ლ. პ-ის მიერ საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი და საბინაო წიგნის ნამდვილობა, რასთან დაკავშირებითაც კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ამასთან, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედგინა სადავო ფართის ოდენობა და მდებარეობა, არ ადასტურებს, რომ ასეთი უფლება საერთოდ არ არის დაცული და არ არსებობს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ფართის ოდენობისა და მდებარეობის დადგენისას ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით, კერძოდ, სადავო ფართის ადგილზე შესწავლით, ამავე მისამართზე მცხოვრები პირებისაგან ინფორმაციის მიღებით, საცხოვრებელი სახლის გეგმის მიხედვით და მის ხელთ არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის საფუძველზე, უნდა დაედგინა ლ. პ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფართი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა