საქმე #ბს-971(2კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 7 აგვისტოს ა. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის, ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მიწის რეფორმის პერიოდში, 1992 წლის 30 დეკემბერს, ძირითად კომლს (თ. კ.-ის ასული გ-ი - კომლის უფროსი) გამოეყო ა. დ.-ის ძე ს-ე და დედამისი - ე. შ.-ის გ-ი. მოგვიანებით, ... წლის 7 დეკემბერს, ე. შ.-ის გ-ი ძველ კომლს გადაეწერა. შესაბამისად, რეფორმის დროისათვის კომლში ჩაწერილები იყვნენ ა. ს-ე და ე. გ-ი. მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია ა. გ-ის სახელზე.
მოსარჩელის მითითებით, ა. ს-ე ქ. ს-ეესთან 2000 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და მათი საერთო შვილებიც 2000 წლის შემდგომ დაიბადნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ა. ს-ეის საკომლო ქონებაზე „თანამესაკუთრეთა“ უფლებების რეგისტრაციის შესახებ არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.
ამდენად, მოსარჩელემ ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის უფლების რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის #... გადაწყვეტილება ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ს-ეემ, ს. ს-ეემ და ნ. ს-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 29.10.2018წ. #... წერილით დადგენილად მიიჩნია, რომ 1986-1995 წლებში ა. დ.-ის ძე ს-ე ცალკე კომლად არ ირიცხებოდა, ხოლო 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ე. შ.-ის გ-ი - ოჯახის უფროსი გადახაზული იყო, რამდენადაც იგი გადაეწერა დედის - თ. გ-ის კომლში 07.12....წ.-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ... წლის 7 დეკემბერს შედგენილი აქტი ე. შ.-ის გ-ის კომლიდან გამოყოფის თაობაზე, ვერ გახდებოდა კომლიდან ამორიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან საქართველოში საკოლმეურნეო კომლი არსებობდა 1993 წლამდე, ხოლო გამოყოფის აქტი შედგენილ იქნა ... წელს, მაშინ, როდესაც კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, მან არსებობა შეწყვიტა და კომლი არ სარგებლობდა საკოლმეურნეო კომლის სტატუსით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილი იყო, რომ ა. დ.-ის ძე ს-ე წარმოადგენდა თ. კ.-ის ასული (ს.-ი) გ-ის კომლის წევრს და იგი ცალკე კომლად არ გამოყოფილა, ამასთან, მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ა. ს-ე 2000 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ. ს-ეესთან და ამის შემდეგ დაიბადნენ მათი შვილები. შესაბამისად, ისინი ვერ იქნებოდნენ კომლის წევრები. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება, რომ უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ს-ეის, ნ. ს-ეისა და ს. ს-ეის თანასაკუთრებაში განხორციელდა კანონის დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი ა. ს-ეის კომლიდან გამოყოფის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკომლო წიგნიდან ამონაწერი, რომელიც სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომლის წევრთა მონაცემების დაზუსტება, განხორციელდა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (პირადობების დამადასტურებელი დოკუმენტაციის) საფუძველზე.
კასატორისათვის გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულ იქნა კანონდარღვევით, მაშინ, როდესაც თავად სასამართლო კომლის წევრთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად დოკუმენტად მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციას“, რომელსაც არ მიიჩნევს საბაზისო ნორმატიულ დოკუმენტად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებზე, რომლებითაც განსაზღვრულია კომლის წევრთა უფლებრივი მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ მხედველობის მიღმა არ უნდა დარჩეს ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები, რომლითაც დგინდება, რომ კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. ამასთან, საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული ნორმა, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და საკუთრების უფლება დაუტოვა ერთპიროვნულად მოსარჩელე მხარეს იმ პირობებში, როდესაც #... საკადასტრო კოდის დაზუსტებამდე უკვე რეგისტრირებული იყო მესამე პირთა საკუთრების უფლება. ამასთან, #... (11.07.2019წ.) გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ..., წინა საკადასტრო კოდი: ...) განხორციელდა ა. ს-ეისა და „თანამესაკუთრეების“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც სადავოდ არ გამხდარა, ხოლო სასამართლომ გააუქმა რეგისტრაცია, სადაც მხოლოდ პირთა იდენტიფიცირება მოხდა. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია სასამართლოს პოზიცია, რადგან რეგისტრაცია „თანამესაკუთრეების“ მითითებით ძალაშია, შესაბამისად, გაუგებარია ვის მოიაზრებს სასამართლო თანამესაკუთრეებში, მაშინ, როდესაც საკომლო ცნობა გაუქმებული არ არის.
კასატორის მითითებით, სასამართლო არ მსჯელობს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სააგენტომ, მაშინ, როდესაც კანონი ცალსახად და იმპერატიულად მიუთითებს, რომ საარქივო ცნობის ჩანაწერი 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს კომლზე ქონების რეგისტრაციისთვის, რომლითაც დგინდება, როგორც ქონებრივი მდგომარეობა, ასევე, კომლის წევრთა ვინაობაც.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორ შეფასებას აძლევს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებს.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მიწის რეფორმის პერიოდში 1992-1993 წლებში მიღებულ კანონმდებლობაზე, რომლითაც განხორციელდა კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთების განაწილება. თუმცა კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, ფაქტობრივად რა პერიოდის ჩათვლით ხდებოდა მიწის რეფორმის პერიოდში კომლების ფორმირება და მათთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა. კასატორის მითითებით, აღნიშნულის წარმოება პრაქტიკულად 2007 წლამდე გრძელდებოდა. ამას მოწმობს ამავე პერიოდში არსებული ამონაწერები არაერთი საკომლო წიგნიდან და 1992 წლის შემდგომ პერიოდში გაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები.
კასატორის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლამდე კვლავ გრძელდებოდა საკომლო წიგნების წარმოება, სწორედ ამიტომ ლეგალიზებულ იქნა საკომლო წიგნები და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ საფუძველზე მიჩნეულ იქნა ისინი მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად. ამდენად, აღნიშნულმა კანონმდებლობამ საკანონმდებლო საფუძველი მისცა 1992 წლიდან 2007 წლამდე წარმოებულ საკომლო წიგნებს და კომლზე რიცხულ ქონებაზე თანამესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიანიჭა 2007 წლამდე მდგომარეობით საკომლო წიგნში კომლის წევრებად მითითებულ პირებს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კომლის შემადგენლობაში 2000 წლის შემდგომ დაბადებული პირები ვერ იქნებოდნენ კომლის წევრები და მათ არ წარმოშობიათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, სათანადოდ არ არის დასაბუთებული. სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ თითქოს 1992 წლის 1 იანვარს დასრულდა რეფორმა და მის შემდგომ არ განხორციელებულა საკომლო წიგნში ცვლილებების შეტანა და შესაბამისად, მის საფუძველზე არ შეიძლებოდა შეცვლილიყო კომლის წევრების თანამესაკუთრედ ყოფნის უფლება.
კასატორი აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებამ მოახდინა მხოლოდ იმის პრევენცია, რომ არ მომხდარიყო კომლების ხელოვნურად გაყოფა უძრავი ქონების მიღების მიზნით. აღნიშნული დანაწესი წინააღმდეგობაში არ მოდის როგორც სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედ 2016 წლის 1 აგვისტოს #153 ბრძანების „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლთან, ასევე, დღეს მოქმედ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის #487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-40 მუხლის დანაწესთან. ამასთან, სასამართლოს შეფასების საგანი არ გამხდარა, ეწეოდნენ თუ არა ერთიან სამეურნეო საქმიანობას 2007 წლამდე კომლის წევრები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ს-ეემ, ს. ს-ეემ და ნ. ს-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით განუხილველი დარჩა ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ნ. ს-ეის უფლების რეგისტრაციის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივლისის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბრის #... წერილის თანახმად, გურიის რეგიონულ არქივში დაცული ოზურგეთის რაიონის ...ის საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით, თ. ს.-ის ასული გ-ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-ი თ. კ.-ის (ს.-ის) ასული - ოჯახის უფროსი, გ-ი ე. შ.-ს ასული - შვილი (გადახაზულია, აღნიშნულია: გამოიყო), ა. დ.-ის ძე ს-ე - შვილიშვილი (გამოიყო კომლად 30.12.1992წ.-ს).
1986-1995 წლებში საკომლო წიგნის მონაცემებში კომლს 1986-1990 წლებში ერიცხება 0.5 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელია 1957. ა. დ.-ის ძე ს-ე 1986-1995 წლებში ცალკე კომლად არ ირიცხება. 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ე. შ.-ის გ-ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გ-ი ე. შ.-ს ასული - ოჯახის უფროსი (გადახაზულია, გადაეწერა დედის - თ. გ-ის კომლში 07.12....წ.-ს), ს-ე ა. დ.-ს ძე, შვილიშვილი - ს-ე ნ. ა.-ს ასული, რძალი - გ-ე ქ., შვილიშვილი - ს-ე ს. ა.-ს ასული.
1996-2006 წლებში საკომლო მონაცემებში კომლს 1996 წელს ერიცხება - 0.75 ჰა, 1997 წელს - 1.0 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელი აღნიშნული არ არის.
დადგენილია, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ს-ემ წარუდგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე განცხადება. განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და თანხმობა, მასალები გადაგზავნოდა აღიარების კომისიას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის #... გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ს-ეისა (პ/ნ ...) და „თანამესაკუთრეების“ სახელზე (ს.კ. #..., წინა ს. კ. #..., საფუძველი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #74, წერილი #..., დამოწმების თარიღი: 29.10.2018წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი).
2019 წლის 22 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ა. ს-ემ და მოითხოვა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა #... და კომლის წევრების - ნ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ქ. ს-ეის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. გურიის რეგიონული ოფისის #... (25.07.19წ.) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ა. ს-ეის, ნ. ს-ეის, ს. ს-ეისა და ქ. ს-ეის თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ს. კ. #...; საფუძველი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #74 და წერილი #..., დამოწმების თარიღი: 29.10.2018წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი).
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 1986-1995 წლებში ა. დ.-ის ძე ს-ე ცალკე კომლად არ ირიცხებოდა, ხოლო 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, ე. შ.-ის გ-ი - ოჯახის უფროსი გადახაზულია, გადაეწერა დედის - თ. გ-ის კომლში 07.12....წ.-ს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის #949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და იყო იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის (22.03.1996წ.) მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, კომლი შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. მითითებული კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2000 წლის 14 ივნისის კანონით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდა სამოქალაქო კანონმდებლობის (1323-ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.) შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი მიეკუთვნა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ა. ს-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ. ს-ეესთან 2000 წლიდან და ამის შემდეგ დაიბადნენ მათი შვილები.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ა. ს-ეისა და „თანამესაკუთრეების“ სახელზე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ა. ს-ეს გამოეყო მიწის რეფორმის ფარგლებში. ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ მიღება-ჩაბარების აქტში (#74) „მიწის რეფორმამდე არსებული“ მიწის ნაკვეთების გრაფაში ინფორმაცია არ არის შეტანილი.
საყურადღებოა ისიც, რომ ა. ს-ეზე 0.5 ჰა მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 2001 წლის 18 აგვისტოს, თუმცა პირველადი რეგისტრაციის მესაკუთრეთა გრაფაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი გამოეყო და გადაეცა „ა. ს-ეის ოჯახს“. ამ დროისათვის ა. ს-ეს არ ჰყავდა შვილები, ხოლო რამდენადაც პირველადი რეგისტრაციის და შემდგომი რეგისტრაციების საფუძველი სწორედ #74 მიღება ჩაბარების აქტი იყო, „ოჯახში“ მოიაზრებოდა არა მისი მეუღლე (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი) და შვილები (დაბადებული ... და ... წწ.-ში), არამედ დედა - ე. შ.-ის გ-ი, რომელიც ... წელს გადაეწერა დედამისის - თ. გ-ის კომლში. შესაბამისად, მართალია, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის #... გადაწყვეტილების (რომლითაც უძრავი ქონება აღირიცხა ა. ს-ეისა და „თანამესაკუთრეების“ სახელზე) კანონიერებაზე, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტში მითითებული ა. ს-ეის ოჯახში შესაძლოა მოაზრებული ყოფილიყო მხოლოდ დედა, რომელიც ... წელს საკუთარი ნებითვე სხვა, კონკრეტულად, დედამისის - თ. გ-ის კომლში გადაეწერა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ უძრავი ქონების რეგისტრაცია ქ. ს-ეის, ნ. ს-ეის და ს. ს-ეის თანასაკუთრებაში განხორციელებულ იქნა კანონის დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი ხსენებული რეგისტრაციის განხორციელებისა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 17.11.2021წ. #26284 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.11.2021წ. #26284 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა