საქმე #ბს-1099(კ-21) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 31 დეკემბერს ა. ყ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის გორის რაიონიდან, კერძოდ, ...დან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც მთელი დევნილობის პერიოდის მანძილზე ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... მ/რ-ნი, პირველი კვარტალი, ყოფილი ...-ე ...ის შენობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ განცხადებით მიმართა სააგენტოს, რომელმაც მას უარი უთხრა ქ. თბილისში საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იგი 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობით ქ. თბილისში არ იყო დევნილად რეგისტრირებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეილახა მისი კანონიერი უფლება - როგორც დევნილი დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გატარებული ჰქონდა დევნილობის მთელი პერიოდი.
ამდენად, მოსარჩელემ „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის #04-2269/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა. ყ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის #04-2269/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ა. ყ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. ყ-ი არის საქართველოს მოქალაქე, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2009-2015 წლებში იგი სწავლობდა შპს „...ში“. 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე კი მსახურობდა ა(ა)იპ ქურთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, საკადრო მართვის პოზიციაზე. მისი რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, წარმოადგენდა გორის რაიონი, სოფელი .... 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ფაქტობრივად გახდა იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, საბურთალო, ...ის ქუჩის #...-ში. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი (დაბადებული ქ. თბილისში). დევნილების მონაცემთა ბაზაში იგი რეგისტრირებულია 2014 წლიდან. ამასთან, იძულებითი გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტისა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ანკეტის შევსებისა და დევნილის მოწმობის გაცემამდე, აგრეთვე, დევნილის მოწმობის გაცემის შემდგომაც მოსარჩელის დროებით საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის - ქ. თბილისი, საბურთალო, ...ის ქ. #.... ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 27 ნოემბრის სანოტარო აქტების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრები - #191438456; #191438496; #191438446) მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები ცხინვალის რაიონის სოფელი ...დან - რ. ნ-ი, კ. ტ-ე, გ. თ-ი - მცხოვრები მისამართზე ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-გ. თ-ი მ/რ-ნი, ... კვარტალი, ყოფილი ...-ე ...ის შენობა, ადასტურებენ, რომ მოსარჩელე ა. ყ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდგომ, ოჯახთან ერთად, როგორც ცხინვალის რაიონის სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებული პირი, არის მათი მეზობელი და მუდმივად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-გ. თ-ი მ/რ-ნი, ... კვარტალი, ყოფილი ...-ე ...ის შენობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არაა გამხდარი 2013 წლის 1 ივნისამდე სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მიერ მოსარჩელის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის ფაქტი. ამავდროულად, სააგენტო არ აღიარებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს მოქალაქის მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხორციელებულ რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ დევნილის რეგისტრაციის ერთადერთი განმახორციელებელი ორგანო გახლავთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია 2013 წლის 1 ივნისამდე დამისამართების არქონის გამო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმის შესახებ არის კანონშეუსაბამო. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ივნისამდე არ იყო რეგისტრირებული ქალაქ თბილისში სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივად დარეგისტრირდა 2014 წლის 20 მარტს, არ უგულებელყოფს 2013 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, დევნილთა ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი მიენიჭა 2014 წლის 20 მარტს. შესაბამისად, მისი, როგორც დევნილის, დროებით საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია ქ. თბილისში განხორციელდა 2014 წლის 20 მარტს (ქ. თბილისი, ...ის ქ. #...) და მასზე გაიცა დევნილის მოწმობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოში დაცული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის 1 ივნისამდე მოსარჩელე ქ. თბილისში არ იყო დამისამართებული. შესაბამისად, ვერ განხორციელდება ქ. თბილისში მდებარე ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობაში მოსარჩელის ოჯახის განსახლება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის #127 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 2.1. პუნქტის 2.1.5. ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. სააგენტოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, იგულისხმება სააგენტოს (სამინისტროს) დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და არა სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს (ყოფილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს) მიერ დევნილთა აღრიცხვა. კასატორი მიუთითებს, რომ ეს ორი ცნება თავისი დანიშნულებითა და ფუნქციით არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. სააგენტოს მიერ დევნილთა რეგისტრაცია დროებით საცხოვრებელ ადგილზე რეგლამენტირებული და მოწესრიგებულია დევნილთა შესახებ კანონით და ამ კანონის საფუძველზე და შესასრულებლად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ნორმათა ეს ერთობლიობა ადგენს და აწესრიგებს დევნილთა რეგისტრაციას დროებით საცხოვრებელ ადგილზე. რაც შეეხება მოსარჩელის, როგორც დევნილის 2008 წლიდან ქ. თბილისში ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ქ. თბილისში რეგისტრაციის საკითხს, კასატორის შეფასებით, ეს რეგისტრაცია ვერ გახდება ქ. თბილისში მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ამ რეგისტრაციას სხვა დანიშნულება ჰქონდა. დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის რეგისტრაცია მხოლოდ სააგენტოს კომპეტენციაა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი ასეთი რეგისტრაციის განხორციელების კომპეტენცია არ გააჩნია. მას დევნილთა აღრიცხვა დაევალა ერთჯერადად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის #4 განკარგულების ფარგლებში, რაც გულისხმობდა დევნილთა აღრიცხვას და არა დევნილთა შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეგისტრაციას. ამ აღრიცხვის მიზანი იყო, სახელმწიფოს სცოდნოდა 2008 წლის შემდეგ რეალურად არსებული დევნილების რაოდენობა (როგორც ქ. თბილისში, ცხადია, ასევე სხვა რეგიონებში). ამასთან, ამ აღრიცხვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ისიც, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა ინფორმაცია რეგიონების მიხედვით გადანაწილებულ დევნილთა ადგილმდებარეობის და სულადობის შესახებ, რათა შეუფერხებლად განხორციელებულიყო მათთვის საჭირო სოციალური და ეკონომიკური სერვისების მიწოდება.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით საქმეზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს აქვს სასამართლოს მიერ მითითებული ორგანოსაგან დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზა, რომელიც მხოლოდ დევნილთა შესახებ მონაცემებს ინახავს, ოფიციალურადაა დამტკიცებული და სხვადასხვა მონაცემთან ერთად ინახავს პირის დევნილობის დროს არჩეულ დროებითი საცხოვრებელი ადგილის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კი პირს არეგისტრირებს მხოლოდ ერთ მისამართზე და არ უთითებს ეს მისამართი დროებითია თუ მუდმივი. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლიდან ოკუპირებულია და იქიდან დევნილი მოსახლეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა განსახლებული. იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემები, აუცილებელია, რომ აღირიცხოს მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი. სწორედ ამ მიზნით არის დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილის დროებითი როგორც იურიდიული, ასევე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
კასატორის მითითებით, დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია დევნილი ოჯახის 3 რეგისტრაციის ადგილი, ესენია: 1 პირის მუდმივი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებამდე; 2. პირის რეგისტრაციის ადგილი, სადაც ის დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა (იურიდიული); 3. პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ის რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ჩამოთვლილი სამივე კომპონენტი ემსახურება ერთ მიზანს, სახელმწიფოს ჰქონდეს სრულყოფილი მონაცემები დევნილი ოჯახის მუდმივ, დროებით და ფაქტობრივ საცხოვრებელთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, მართალია, პირი ვერ ბრუნდება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და ის დევნილობის პერიოდში ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, სადაც სამინისტრო არეგისტრირებს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული დევნილი განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ცხოვრობს ფაქტობრივად რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, ამ სამი მონაცემის არსებობა აუცილებელია, მითუმეტეს, რომ დევნილი ოჯახების განსახლება ხდება მათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.
შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს. კასატორის შეფასებით, სასამართლოს განმარტებების გაზიარების პირობებში და იმ შემთხვევაში, თუკი მიჩნეულ იქნება, რომ ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანო სერვისების განვითარების სააგენტოა, მაშინ სერვისების მონაცემთა ბაზაში მის მუდმივ, ოკუპირებულ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრირებული დევნილი პირების განსახლება უნდა მოხდეს არა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის #04-2269/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ა. ყ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. ყ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ა. ყ-ი დაბადებულია ...წ.-ს, დაბადების ადგილი: საქართველო, ცხინვალი; დევნილი გახდა 2008 წლის შემდეგ; მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - ცხინვალი, გორი, ს. ...; დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - თბილისი, საბურთალო, ...ის ქ. #...; განსახლების ფორმა - კერძო, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, საბურთალო, ...ის ქ. #.... იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, ა. ყ-ის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, საბურთალო, ...ის ქ. #...; გაცემის თარიღი 20.03.2014 წელი. გამცემი ორგანო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
შპს ...ის მიერ 2019 წლის 20 ნოემბერს გაცემული #566/03 ცნობით დადგენილია, რომ ა. ყ-ი 2009 წელს ჩაირიცხა ... ...ის ფაკულტეტის მიერ რეალიზებულ ...ის საბაკალავრო პროგრამაზე და 2015 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ასევე, დადგენილია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქურთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიერ გაცემული #13 ცნობის მიხედვით, ა. ყ-ი ა(ა)იპ ქურთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში დაინიშნა 2014 წლის 1 დეკემბერს საკადრო რესურსების მართვის პოზიციაზე. 2016 წლის 1 ნოემბერს (ბრძანება #14) გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე. ა. ყ-ის ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი - ს. ყ-ი, რომელიც დაიბადა ... წლის ... ...ს, ქალაქ თბილისში.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის #04-2269/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი #39), ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე დამისამართების არქონის გამო, ა. ყ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. რ. ნ-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული განცხადების მიხედვით (სანოტარო მოქმედების ნომერი #87041206766019), კ. ტ-ეის 2019 წლის 27 ნოემბრის (სანოტარო მოქმედების ნომერი #91099276480619), ასევე, გ. თ-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირები არიან ცხინვალის რაიონის სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებული პირები, დროებით მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-... მ/რ-ნი, ... კვარტალი, ყოფილი ...-ე ...ის შენობა. ამასთან, ა. ყ-ი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ თავის ოჯახთან ერთად, როგორც ცხინვალის რაიონის სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებული პირი, არის მისი მეზობელი და მუდმივად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება მე-... მ/რ-ნი, ... კვარტალი, ყოფილი ...-ე ...ის შენობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ (ძალადაკარგულია 2021 წლის 12 აპრილიდან) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან, გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, პირის რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. ყ-ის ოჯახისათვის ქალაქ თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე დამისამართების არქონის გამო, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმებს. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ივნისამდე არ იყო რეგისტრირებული ქალაქ თბილისში, სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში ფაქტობრივად დარეგისტრირდა 2014 წლის 20 მარტს, არ უგულებელყოფს 2013 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის ქალაქ თბილისში რეგისტრაციის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ნ. სხირტლაძე