გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 17კოლ 6 მარტი 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
წევრები: გ. ბორჩხაძე, მ. ისაევი
განიხილა პროკურორი გ. არსოშვილის, დაზარალებული ა. ქ-იას და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. რ-შვილისა და მ. ფ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ზ. ჯ-ძე, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით ზ. ჯ-ძე გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.
ზ. ჯ-ძეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 31 აგვისტოდან.
სამოქალაქო სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნით ზ. ჯ-ძეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
ზ. ჯ-ძე მსახურობდა საქართველოს შსს “დაცვის პოლიციის დეპარტამენტის” “გაერთიანებული ქართული ბანკის” დაცვის პოლიციის განყოფილების პოლიციელად, საქართველოს შსს მინისტრის 1994 წლის 13 ივნისის ¹ 331 ბრძანების დარღვევით, დანაშაულის ჩადენის განზრახვით, არასამსახურებრივ დროს, სათანადო ნებართვის გარეშე, ატარებდა სამსახურებრივ ცეცხლასაროლ იარაღს _ “მაკაროვის” მოდელის პისტოლეტს და 5 ერთეულ საბრძოლო მასალას _ ამავე მოდელის პისტოლეტის ვაზნას. 1998 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20 საათზე, მივიდა ქ. თბილისის რკინიგზის ცენტარლური ვაგზლის “ბორჯომის” ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადასაცვლელ ¹ 1 ჯიხურთან, შეაღწია შიგნით, თავს დაესხა ამ ჯიხურში მომუშავე ვალუტის გადამცვლელ ა. ქ-იას, გაიტაცა სამუშაო მაგიდის გვერდით მოთავსებული პოლიეთილენის პარკში შენახული 14 ათასი ლარი, 12230 რუსული რუბლი და 11350 აშშ დოლარი და გაიქცა რკინიგზის საავადმყოფოს მიმართულებით. მის დასაკავებლად გამოდევნილებს _ დაზარალებულ ა. ქ-იას მეუღლის დ. მ-იას და მის ამხანაგის ი. ქ-შვილის შესაშენებლად პისტოლეტიდან მოახდინა ერთჯერადი უმისამართო გასროლა, რის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
მანვე გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა ორი ცალი საბრძოლო მასალა _ “მაკაროვის” მოდელის პისტოლეტის ვაზნები, რომლებსაც, ასევე, უნებრათვოდ ინახავდა . . . _ თავის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც 1999 წლის 1 სექტემბერს ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ა-შვილი ითხოვს ზ. ჯ-ძის მიმართ გამართლების ნაწილში დადგენილი განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ დამამტკიცებელ საბუთებს და უკანონოდ გაამართლა ზ. ჯ-ძე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდებში.
დაზარალებული ა. ქ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. ჯ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მასალები, ყოვლად დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა როგორც მისი, ასევე მოწმე მ-იას ჩვენებები, განაჩენი დაამყარა ცრუ მოწმეთა ჩვენებებზე და უკანონოდ გაამართლა ზ. ჯ-ძე მისი კუთვნილი თანხის გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნაწილში. ამასთან, სასამართლოდან მიიღო ორი განაჩენი, რომლებიც შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ორივე განაჩენი ხელმოწერილია სამივე მოსამართლის მიერ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატები: ზ. რ-შვილი და მ. ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ზ. ჯ-ძის დამნაშავედ ცნობის ნაწილში განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას, მიუთითებენ, რომ საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ზ. ჯ-ძეს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და შენახული 2 ცალი ვაზნა. ამასთან, ზ. ჯ-ძის ბინაში ჩხრეკა წარმოებულ იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით, ამიტომ სასამართლოს ამოღებული ვაზნებისათვის არ უნდა მიეცა მტკიცებულებების მნიშვნელობა.
წარმოდგენილია, ასევე, ადვოკატების ზ. რ-შვილისა და გ. ფ-ძის შესაგებელი პროკურორის და დაზარალებულის საკასციო საჩივარზე. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანოინერად გაამართლა ზ. ჯ-ძე სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნტებით და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდებში და ითხოვენ ამ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ა-შვილმა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებული მასალებს, არ გაითვალისწინა წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებები და უკანონოდ გაამართლა ზ. ჯ-ძე ყაჩაღობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ეპიზოდებში.
დაზარალებულმა ა. ქ-იამ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს, აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიამ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (რომელთა შესახებ საკასაციო საჩივარში აქვს მითითებული) და ყოვლად დაუსაბუთებლად გაამართლა ზ. ჯ-ძე მისგან თანხის გატაცებისა და იარაღის ტარების ნაწილში. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოდან მიიღო სხვადასხვა განაჩენის ორი ასლი, რომლის შინაარსი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამასთან საქმეში არსებული განაჩენი დაწერილია არა სათათბირო ოთახში, არამედ შემდგომ რადგან სასამართლო კოლეგიამ გამოაცხადა სულ სხვა განაჩენი, საქმეს კი დაერთო შემდგომ დაწერილი განაჩენი. დაზარალებულმა პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ-შვილმა მხარის დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ასევე, აღნიშნა, რომ არ არსებობს პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი, რადგან სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ყაჩაღობისა და იარაღის ტარების ბრალდების ეპიზოდებს.
სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელმა გ. ო-შვილმა აღნიშნა, რომ განაჩენი, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ნაწილში, არის კანონიერი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით დარღვევებს. ამ მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმადაც, განაჩენი ყველა შემთხვევაში გასაუქმებელია, თუ დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება.
დაზარალებულმა ა. ქ-იამ თავის საკასაციო საჩივარს დაურთო საოლქო სასამართლოდან ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული განაჩენის ორი ასლი, რომლებიც ხელმოწერილია საქმის განხილვაში მონაწილე სამივე მოსამართლის მიერ. განაჩენის ერთი ასლი წარმოადგენს საქმეში არსებულ განაჩენის ასლს, ხოლო მეორე, რომელიც, ასევე, ხელმოწერილია სამივე მოსამართლის მიერ, განსხვავდება საქმეში არსებული განაჩენისაგან. კერძოდ, განაჩენის ამ ასლის სარეზოლუციო ნაწილში არაა მითითებული სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეუპუნქტითა და 238-ე მუხლის მეორე ნაწილით ზ. ჯ-ძის გამართლების შესახებ. ასევე, არაა აღნიშნული ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტის საკითხი, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული განაჩენში ზემოაღნიშნული საკითხები გადაწყვეტილია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დარღვეულია მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება, რაც განაჩენის გაუქმების საფუძველია. ამასთან მიაჩნია, რომ პროკურორის, დაზარალებულის და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა იქნეს გარკვეული, უნდა აიხსნას საქმეში არსებული წინააღმდეგობები და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრებში მითითებულ გარემოებათა შემოწმება არ სცილდება სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებს, ამიტომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. ამასთან, უნდა გაუქმდეს ამავე საქმეზე დადგენილი კერძო განჩინებები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის დაცვით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება, უნდა შემოწმდეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, რის შემდეგ იქნეს გადაწყვეტილი ზ. ჯ-ძის ბრალეულობის საკითხი.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე,562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორისა და დაზარალებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხროვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 29 დეკემბრის გაანჩენი ზ. ჯ-ძის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ ზ. ჯ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს ამავე საქმეზე დადგენილი კერძო განჩინებები.