Facebook Twitter

ბს-620(კ-20) 13 მაისი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ ...მა 03.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ N FOI06/18-001 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს დაევალა ა(ა)იპ ...ის 29.06.2018წ. NFOI06/18-001 განცხადებით (რეგისტრაციის თარიღი: 04.07.2018წ., რეგისტრაციის ნომერი: ...) მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, სზაკ-ის 28-ე, მე-40 მუხლებზე, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებას აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის - ოფიციალური დოკუმენტის მიმართ. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისებისა. პალატამ აღნიშნა, რომ 29.06.2018წ. ა(ა)იპ ...მა NFOI06/18-001 განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე), მკვლევარების რაოდენობა, რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით); 2. 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე; 3. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე მკვლევარისთვის უარის თქმის იურიდიული საფუძველი. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს მოთხოვნილი ინფორმაცია არ გაუცია. სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მკვლევართა დარბაზში დაინტერესებული პირის დაშვება იზღუდება დროებით, ხარვეზის გამოსწორებამდე, რომელიც ხდება ზეპირი კომუნიკაციით, შესაბამისად, ა(ა)იპ ...ის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმებით განცხადებების აღრიცხვა და დიფერენცირება არ ხორციელდება, ვინაიდან ეროვნული არქივი არ მიიჩნევს, რომ ასეთ დროს უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს დარბაზში დაშვებაზე. გამონაკლის შემთვევებში, თუ განმცხადებელი ზეპირი კომუნიკაციისას ეროვნული არქივისგან მოითხოვს პასუხს წერილობითი ფორმით, მას მხოლოდ მაშინ გაეგზავნება წერილობითი პასუხი, რომელთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ისინი სრულად ვერ ასახავენ ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისათვის ყოველდღიურად გაწეული კომუნიკაციის პროცესს. პალატამ აღნიშნული განმარტება არ მიიჩნია მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად და აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური მონაცემების შესახებ რაიმე სახის მონაცემებს, ვინაიდან განმცხადებელი ითხოვს მკვლევართა რაოდენობას, თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალს და უარის თქმის იურიდიულ საფუძველს. პალატის მოსაზრებით ის გარემოება, რომ მოპასუხესთან დაცული ინფორმაცია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ შემთხვევებთან დაკავშირებით იმდენად მცირეა, რომ სრულად ვერ ასახავს ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებულ პირებთან ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესს, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნია ან რაზეც მას ხელი მიუწვდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ვალდებული გასცეს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც არ შედის მის კომპეტენციაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეროვნულ არქივში არ არის შექმნილი, დამუშავებული და დაცული, რაც გამორიცხავს მისი გაცემის შესაძლებლობას. ეროვნულ არქივს შეუძლია გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნია, ან რაზეც ხელი მიუწვდება. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაინტერესებული პირის დაშვება იზღუდება დროებით, ხარვეზის გამოსწორებამდე, რაც ხორციელდება ზეპირი კომუნიკაციით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმებით განცხადებების აღრიცხვა და დიფერენცირება არ ხდება, ვინაიდან ეროვნული არქივი არ მიიჩნევს, რომ ასეთ დროს უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს დარბაზში დაშვებაზე. მკვლევარს სატელეფონო შეტყობინებით განემარტება ხარვეზის შესახებ, რის შემდეგაც იმავე ან მომდევნო დღეს ხდება დაზუსტებული განცხადების წარდგენა და მკვლევარის დარბაზში დაშვება. მკვლევარი ავსებს ანკეტას, იქმნება პირადი საქმე, რომელიც ინახება მუდმივად. მოცემულ ინფორმაციას ეროვნული არქივი ამუშავებს და შეუძლია გასცეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას, ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, დარღვევების პრევენციისათვის და დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.03.2017წ. №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5). სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.07.2006 წ. N2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად (სზაკ-ის 37.1 მუხ.), ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამონაკლის შემთხვევებში - 10-დღიან ვადაში, თუ პასუხის გაცემა მოითხოვს: სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამდენად, სსიპ ეროვნული არქივის მოსაზრება, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის შეუძლებლობის შესახებ არ არის დასაბუთებული.

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონის მიხედვით, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალ დაშვებას (6.2 მუხ., 22.1 მუხ.), საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2010წ. N246 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დებულების“ თანახმად, ეროვნული არქივის ერთ-ერთ მიზნად სახელდება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა (2.2 მუხ. „ზ“ ქვ.პ., მე-3 მუხ. „დ.ბ“ ქვ.პ.). „სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის წესის“ (დამტკიცებულია 30.11.2017წ. N15ძს ბრძანებით) მიხედვით მკვლევარისთვის დოკუმენტის მიწოდება ხდება ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზის საშუალებით, აღნიშნული უფლებით სარგებლობა მკვლევარს შეუძლია მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე, მკვლევარის დაშვების მიზნით ამ წესით დადგენილი პირობების შემოწმება ხდება წერილობითი მიმართვიდან 5 დღის ვადაში (2.1, 2.2, 2.6 მუხ.). მკვლევართა დარბაზში იხსნება მკვლევარის პირადი საქმე და აღირიცხება სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელსაც აწარმოებს მკვლევართა დარბაზზე პასუხისმგებელი პირი (2.8, 2.9 მუხ.). ამდენად, მკვლევარის დოკუმენტებთან დაშვებამდე ხდება მის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა, ხოლო შემდგომში მისი სარეგისტრაციო ჟურნალში აღრიცხვა. ამასთანავე, ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის ორგანიზების შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, კლასიფიკაცია (დებულების 7.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება არ შედის მის კომპეტენციაში, რაც გამორიცხავს მისი გაცემის შესაძლებლობას, არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და არ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილი სარჩელის თანახმად, ა(ა)იპ ...ი ითხოვდა N FOI06/18-001 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალებას. N FOI06/18-001 განცხადების მიხედვით მოსარჩელეს სურდა შემდეგი მონაცემების მიღება: 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ- ცალკე), მკვლევარების რაოდენობა, რომლებსაც ეთქვათ უარი სამკითხველო დარბაზში დაშვებაზე ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში (არქივის მითითებით და მკვლევარის მოქალაქეობის მითითებით); 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე (წლების მიხედვით ცალ-ცალკე) თემატიკის/საარქივო ფონდების ჩამონათვალი, რომლებზეც აღნიშნულმა მკვლევარებმა გააკეთეს განაცხადი არქივში მუშაობაზე; თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე მკვლევარისთვის უარის თქმის იურიდიული საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია სსიპ ეროვნულ არქივს არ გაუცია, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შეფერხება ძირითადად დროებითია, მკვლევარის განცხადების ხარვეზი სწორდება სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად და წერილობით პასუხის მომზადება ხდება მხოლოდ მცირე შემთხვევებში. სააპელაციო პალატაში ა(ა)იპ ...ის მიერ წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში აღინიშნა, რომ ინსტიტუტი ითხოვს იმ ინფორმაციის მიღებას, რომელიც მცირე რაოდენობით, მაგრამ არის აღრიცხული სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში. ინსტიტუტი სრულად დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერონული არქივის მხრიდან აღრიცხვის სიმწირე არ უნდა იყოს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (ს.ფ. 170). სააპელაციო შესაგებელში ინსტიტუტმა მიუთითა, რომ ვინაიდან სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი აღრიცხავს საარქივო ფონდებზე დაშვების შეზღუდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემულ გადაწყვეტილებათა წერილობითი სახით გაცემას ითხოვენ თავად განმცხადებლები, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადების მიღება ხდება ელ. ფოსტის საშუალებით, ინსტიტუტის მოთხოვნას შეადგენს სწორედ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რამდენ პირს და რა მიზეზით ეთქვა უარი საარქივო ფონდებზე დაშვებაზე (ს.ფ. 174). ამდენად, ამ ეტაპზე მოსარჩელე ითხოვს სწორედ იმ ინფორმაციას, რომლის შესახებ მონაცემების არსებობას სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი თავადვე ადასტურებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საარქივო ფონდში დაცული ინფორმაციის გაცნობის საკითხები წესრიგდება არა სზაკ-ის მე-3 თავით, არამედ საარქივო კანონმდებლობით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია არა დაარქივებული დოკუმენტებისა თუ ინფორმაციის გაცემა, არამედ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დეპერსონალიზებული მონაცემები, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რამდენ პირს და რა მიზეზით ეთქვა უარი საარქივო ფონდებზე დაშვებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინება;

3.სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს (ს.კ. 211358957) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 18.02.2020წ. N00947 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი